განათლება მსოფლიო წესრიგისა და ჭეშმარიტების ქალღმერთი - მაატი (ეგვიპტური მითოლოგია) 2022, 19 ოქტომბერი, 14:21 მაატი - მსოფლიო წესრიგისა და ჭეშმარიტების ქალღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში. მაატს გამოსახავდნენ ბუმბულით თავზე, რაც მისი როგორც ქალღმერთის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რადგან ბუმბული ეგვიპტურ სიმბოლიკაში სიმართლისა და უცოდველობის სიმბოლოდ აღინიშნება. მაატი იმ ეგვიპტური ღმერთების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც მთელ ეგვიპტეში ერთნაირად ეთაყვანებოდნენ და რაიმე კონკრეტულ ადგილთან არ არიან დაკავშირებულნი. მაატი ეგვიპტელების წარმოდგენით იყო ღვთაების მიერ შექმნილი კოსმოსური ჰარმონიის პერსონიფიცირება. დემიურგის (ანუ სამყაროს შემოქმედის) მიერ სამყაროს შექმნა აღიქმებოდა, როგორც წესრიგის დამყარება და პირველყოფილი ქაოსის გაუქმება, ანუ „მაატის დამყარება“. მაატი ერთადერთი ქალღმერთია, რომელიც ტურინის სამეფო პაპირუსშია აღნიშნული ეგვიპტის პირველ 10 მმართველ ღმერთს შორის, რაც მის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. მანუსკრიპტების მიხედვით, ეგვიპტეშისამეფო წესრიგი განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო, ფარაონებს მაატთან განსაკუთრებული კავშირი და მისი დაცვა ევალებოდათ. ამდენად, მაატის კონცეფცია ეგვიპტის ეთიკის ძირითად რგოლს წარმოადგენდა. ქვეყნის მთავარი ვეზირიც V დინასტიიდან მაატის ქურუმად ითვლებოდა, მოსამართლეები ყელზე მაატის გამოსახულებას ატარებდნენ. ყოველი ღვთისმსახურების შემდეგ ქურუმები ღვთაებას მაატის ფიგურას „უწვდიდნენ“ იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ღვთაების მიერ დედამიწაზე დამყარებულ წესრიგს. მითოლოგიის მიხედვით, დარბაზს, სადაც მიცვალებული ოსირისის სამსჯვაროზე წარსდგებოდა „ორი მაატიის“ დარბაზი ერქვა. ასევე მნიშვნელოვანია მაატის სიმბოლო - ბუმბული, რომლითაც მიცვალებულის უცოდველობას ამოწმებდნენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანი კავშირი იყო მაატსა და ოსირისს შორის, რომელსაც მაატის ბატონს ეძახდნენ. ოსირისის გარდა მაატი დაკავშირებულია მზის ღვთაება რასთან, XVIII დინასტიიდან კი მაატი რას ქალიშვილად მოიხსენიებოდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მაატი იყო თოტის ცოლი, თუმცა აღნიშნულზე ორაზროვანი დამოკიდებულებაა და ყველა სპეციალისტი არ იზიარებს ამ მოსაზრებას. Სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<< რომელ დაავადებებს ებრძოდნენ მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ადამიანები? როგორი წარმოგიდგენიათ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სასახლეები? - წარმოგიდგენთ ტოპ ხუთეულს უცნაური ისტორიით და ცხოვრების სტილით - 21 საინტერესო ფაქტი ზიმბაბვეს შესახებ სამოთხე ჩრდილოეთ ევროპაში - გაიცანით ნორვეგიის ულამაზესი ქალაქი კლიმატის სამიტზე გამარჯვებული 7 ფოტო, რომელიც თქვენს ემოციებზე ძლიერად იმოქმედებს
175 3-ს მოსწონს
|