"მეგონა, ვიცნობდი... ესენი ვინ ყოფილან!" - რას წერს ირინა სარიშვილი
პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი უკრაინელი ხალხის გმირობითა და სიმამაცით აღფრთოვანებული პოსტს ავრცელებს და უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსნებს:
"ჩემ ძმას და რძალს ველაპარაკები პერიოდულად. კიევის გარეუბანში ცხოვრობენ. კატა ყავთ. პირველი დაბომბვის დროს სააბაზანოში დაიმალა და მის გარეშე მოუწია ოჯახს ევაკუაცია. მერე ძმისშვილი შეიპარა სახლში შუაგულ სროლაში, კატა იპოვა და თან ჰყავდა. 1 თვე იყო მარტო აბაზანაში და გაძლო.
დღეს ყველა ერთად სახლში არიან, მათი დასახლება სრულიად დაუცველია, არც სარდაფი აქვთ და არავინ არსად წასვლას მაინც არ აპირებს. ყველა ერთადაა. მეტროს სადგურები სავსეა უკვე ხალხითო. ეს ჩვენი კატა კი სირენამდე გრძნობს თუ დაბომბვა იწყება და წრიალს იწყებს, გრუხუნის ხმაზე კი ისევ აბაზანაში გარბის. აი ამას მიყვება ჩემი ძმა, როცა მე სრულ ისტერიკაში ვუკივი რომ სადმე უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. იქით მაწყნარებს ნუ გეშინიაო.
მეგონა ვიცნობდი ამ ხალხს.
ესენი ვინ ყოფილან!"- წერს ირინა სარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს, კიევისა და რეგიონების დაბომბვას, რასაც მშვიდობიანი ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა "სარაკეტო ტერორი" უკვე უწოდეს. კრემლის მხარდამჭერთა იმედი, რომ შეტევა როგორც უკრაინას, ასევე მის საერთაშორისო პარტნიორებს დააშინებდა, არ მართლდება. კიევი დარწმუნებულია, რომ უკრაინა კიდევ უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს.
ოფიციალური მონაცემებით, 10 ოქტომბერს დილით რუსეთმა კიევსა და უკრაინის რეგიონებში 87-მდე რაკეტა ისროლა, რასაც 14 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, 60-ზე მეტი მოქალაქე კი დაშავდა, დაიბომბა კიდევის ცენტრი და სხვა ხალხმრავალი ადგილები.