"ამისი შვილიშვილები ხომ წაიკითხავენ რომ ასეთი მხდალი, უზნეო და ჩა@მული ბაბუა ყავდათ?"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ენგურის ხიდთან, მათი ორანიზებით გამართული აქციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აქციის მისეულ შეფასებას "სამარცხვინო სიგიჟეს" უწოდებს.
"გუშინ საჭესთან ვიყავი ეს არარაობა რომ ამ სამარცხვინო სიგიჟეს იძახდა.
სიგიჟე სიგიჟედ, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები რა მასშტაბის არარაობა უნდა იყო, რომ პროვოკაციად შეაფასო ახალდაბის ტყვე ქალების მოსმენა საქართველოს პოლიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მე არ ვიცი რას უნდა გიხდიდნენ ასეთ უთავმოყვარეობაში - რა ღირს ასეთი უთავმოყვარეობა თქვენი აზრით? აი რას იღებს სანაცვლოდ, რაც ასეთ თავის მოჭრად უღირს?
დრო ხომ გავა, 20 წლის შემდეგ ეს ბოდვა ხომ დარჩება? ამისი შვილიშვილები ხომ წაიკითხავენ რომ ასეთი მხდალი, უზნეო და ჩა@მული ბაბუა ყავდათ?"- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს, 21:00 საათზე, სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა, სადაც ნაჩვენები იქნა ფილმი, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს ასახავდა. აღნიშნული აქციის ორგანიზატორები იყვნენ: "ტაბულა", "ევროპული საქართველო", "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება", "თავისუფლების ინსტიტუტი" და "აფხაზთა კრება".
სწორედ აღნიშნული ფილმის ჩვენებას მოჰყვა მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ნეგატიური შეფასებებიც. მისი თქმით, ენგურის ხიდთან ფილმის ჩვენება "მეორე ფრონტის გახსნას" ისახავდა მიზნად. "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა ამერიკის საელჩოს მოუწოდა, გაემიჯნოს აფხაზეთში რუსეთის ჩადენილ გენოციდზე "დაგეგმილ პროვოკაციად" შეფასებულ ზემოჩამოთვლილი ორგანიზატორების მიერ წარმოებულ კამპანიას:
"დღეს ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი ფავორიტი პარტია - "ევროპული საქართველო", ამ პარტიის კუთვნილი მედიასაშუალება - "ტაბულა" და ამავე პარტიის კუთვნილი ენჯეო - "თავისუფლების ინსტიტუტი" მართავენ აქციას ენგურის ხიდთან.
ამ აქციას უკვე გამოეხმაურა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება და ის შეაფასა "ამერიკის საელჩოს და USAID-ის მიერ სტიმულირებულ პროვოკაციად, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში უკიდურესად უარყოფით რეაქციას იწვევს".
გაუგებარია, რა მიზანი აქვს დღეს ენგურის ხიდთან აქციის ორგანიზებას, რომელიც საქართველოსთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის და აფხაზურ საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას რეალურად იწვევს.
აშკარაა, რომ აქციის ორგანიზატორებს ამ შემთხვევაშიც ამოძრავებთ ერთადერთი ინტერესი - მეორე ფრონტის გახსნა. როდესაც ამ მიზანს საქართველოს ხელისუფლებასთან ვერ მიაღწიეს, ახლა ისინი უკვე ენგურის ხიდიდან აფხაზების პროვოცირებას ცდილობენ.
მოვუწოდებთ ამერიკის საელჩოს, ამჯერად მაინც გაემიჯნოს მისი ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გამყარდება ქართულ საზოგადოებაში ისედაც ფართოდ გავრცელებული ვარაუდი, რომ მეორე ფრონტის გახსნის სურვილის უკან, რომელსაც პერიოდულად საჯაროდ ახმოვანებენ საელჩოს ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ქართველი პოლიტიკოსები, ენჯეოების ლიდერები, უცხოელი ლობისტები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სინამდვილეში სწორედ საელჩო დგას.
ჩვენ განვახორციელებთ მეორე ფრონტისკენ მიმართული ქმედებებისა და პროვოკაციების მუდმივ მონიტორინგს, რათა საზოგადოება იყოს ფხიზლად ომის საფრთხის მიმართ და არ დაუშვას საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება, " - დაწერა ყაველაშვილმა.