x
image
არჩილ ვერულიძე
შუა საუკუნეების ევროპის ტრაგედია: ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობები

image
ეს ლაშქრობა, რომელიც ჩატარდა 1212 წელს სირცხვილის გრძნობას იწვევდა შუა საუკუნეების ისტორიკოსებში, ისინი ცდილობდნენ თავიადან აერიდებინათ მასზე საუბარი და სწორედ ამიტომ ამ მოვლენას მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი მიუძღვნეს დოკუმენტებში. ეს არც არის საკვირველი! მასში ხომ თითქმის 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და თითქმის არცერთი მათგანი არ დაბრუნებულა სახლში.

ფაქტობრივად, იმ საშინელ წელს ერთდროულად ორი ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო: ერთი საფრანგეთიდან, მეორე კი გერმანიიდან, უბრალოდ, მოგვიანებით ისტორიკოსებმა ისინი ერთში გააერთიანეს. თუმცა, პატარა ჯვაროსნების ბედი ერთნაირად საშინელი იყო: სიკვდილი ან, საუკეთესო შემთხვევაში, მონობა.

ბერი, სახელად ქრისტე


ბიჭი სახელად სტეფანი (ზოგიერთ წყაროში - ეტიენი) დაიბადა ღარიბი მწყემსის ოჯახში და იმ დროისთვის არაფრით განსხვავდებოდა გლეხის დანარჩენი ბავშვებისგან. უბრალოდ სხვებისგან განსხვავებით უფრო მორწმუნე იყო. მას განსაკუთრებით უყვარდა „შავი ჯვრების მსვლელობა" - ცერემონია, რომელიც იმ წლებში მთელ კათოლიკურ სამყაროში იმართებოდა.

ბერები ყოველწლიურად, აპრილში, ირჩევდნენ მზიან დღეს, დადიოდნენ ტაძრებში, ხელში ეჭირათ ხის ჯვრები შავი ქსოვილით მორთული და ლოცულობდნენ წმინდა მიწაზე ლაშქრობის დროს დაღუპული და დამონებული მომლოცველებისთვის.

image
მორიგი „შავი ჯვრების სვლის“ შემდეგ სტეფანი, რომელიც იმ დროს 12 წლის იყო, როგორც ყოველთვის, ძროხებს უვლიდა. უეცრად მის წინაშე პალესტინიდან დაბრუნებული ბერი გამოჩნდა. ბიჭმა ბერს პურის ნაჭერი მისცა. დანაყრების შემდეგ ბერმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ის იყო იესო ქრისტე და სტეფანს უბრძანა ბავშვებისგან ჯვაროსანთა ჯარი შეეკრიბა.

ბერმა სტეფანს განუცხადა, რომ ბავშვებს არ სჭირდებოდათ არც იარაღი და არც აბჯარი, რადგან მათი სულები უცოდველი გახლდათ, მათი ძალა მათდამი იესოს სიყვარულში იყო. მუსლიმური სიმაგრეები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ზრდასრულ მეომრებს, დაეცემოდნენ ბავშვთა ლაშქრის წინაშე და წმიდა საფლავი განთავისუფლდებოდა ურწმუნოთა ხელიდან. ამ სიტყვების შემდეგ ბერმა შეძრწუნებულ სტეფანს გრაგნილი გადასცა - სავარაუდოდ მეფისთვის განკუთვნილი წერილი, რომელიც მწყემსმა ბავშვმა გაუნათლებლობის გამო ვერ წაიკითხა - და გაუჩინარდა.

ბიჭი სახლში გაიქცა, მაგრამ მის მონაყოლს დაცინვა და შეურაცხყოფა მოჰყვა. სოფელში არც ერთი წერა-კითხვის მცოდნე არ აღმოჩნდა, გრაგნილის ტექსტი ყველასთვის საიდუმლოდ დარჩა. მაგრამ სტეფანმა, რომელსაც სჯეროდა საკუთარი რჩეულობის, შეაგროვა უბრალო ნივთები და, მამის პროტესტის მიუხედავად, გაემგზავრა სენ-დენის სააბატოში, კათოლიკური საფრანგეთის გულში. სად უნდა ეპოვა ნორჩი ჯვაროსნები, თუ არა იქ?

მწყემსის დროშის ქვეშ

გზად ბიჭი სოფლებსა და ქალაქებში ქადაგებდა. ნელ-ნელა შესძინა საკუთარ თავს ორატორის უნარი, მისი სიტყვები დამაჯერებლად ჟღერდა გლეხთათვის და პოულობდა გზას მათი გულებისკენ.

მაგრამ თუ ზრდასრულებში ნორჩი მქადაგებელი მხოლოდ აღტაცებას იწვევდა, ბავშვების რეაქცია სულ სხვა იყო. ისინი, რომლებსაც სჯეროდათ, რომ სტეფანი ქრისტეს მაცნე იყო, გაიქცნენ სახლიდან, შეიკრიბნენ რაზმებად და ელოდნენ თავიანთი კერპის ნიშანს ლაშქრობაში წასასვლელად. მანამდე სოფელ-სოფელ დახეტიალობდნენ და მოწყალებას ითხოვდნენ.

სტეფანმა სენ-დენში დიდ წარმატებას მიაღწია. სააბატოში მისულმა ბევრმა მომლოცველმა შვილებიც თან მიიყვანა. სახლში დაბრუნებული ბავშვები მოუთხრობდნენ თანატოლებს „წმინდა“ მწყემს ბიჭზე.

წმინდა მიწაზე წასასვლელად მზად მყოფი ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. მეტიც, უმეცარი მოსახლეობა მტკიცედ უჭერდა მხარს ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობის იდეას. ხოლო საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს იდეა სიგიჟე იყო, იდევნებოდნენ.

უკვე მაისის ბოლოს სტეფანმა ვენდომი შეკრების ადგილად გამოაცხადა. მისი დროშის ქვეშ შეიკრიბა 30-დან 50 ათასამდე ბავშვი და მოზარდი (ყველაზე უმცროსი ექვსი წლის იყო, მათ შორის გოგონები). მათ, რა თქმა უნდა, მოზარდებიც შეუერთდნენ - მოხეტიალე ბერები, კრიმინალები, კურტიზანი ქალები.

ჯვაროსნები ყოველთვის გარშემორტყმული იყვნენ ასეთი პიროვნებებით. ხშირად, ზრდასრულ მომლოცველებს მიჰყავდათ ბავშვები ლაშქრობაში, მაგრამ ადრე იერუსალიმის ასაღებად მომზადებული არმიის საფუძველს მებრძოლი, კარგად გაწვრთნილი რაინდები წარმოადგენდნენ. ახლა კი არმიის ბირთვი მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ, რომელთა ერთადერთი იარაღი ღვთის სიტყვა იყო.

image
დაე გაიპოს ზღვა

მეფე ფილიპე II ავგუსტუსმა თავიდან მოიწონა ბავშვების ინიციატივა, მაგრამ შემდეგ შეეშინდა. რჩევისთვის მან ახლადშექმნილ პრაღის უნივერსიტეტის მეცნიერებს მიმართა. ისინი ერთსულოვანი იყვნენ: ბავშვების შეჩერება უნდა მოხდეს, რადგან ეს კამპანია თვით სატანის დაგეგმილია. თუმცა სტეფანმა უარი თქვა დამორჩილებოდა მეფის ბრძანებას ბავშვთა ლაშქრის დაშლის შესახებ. მეფემ ვერ გაბედა ბავშვების ძალით შეჩერება, სახალხო არეულობის შიშით.

ნორჩი ჯვაროსნები მარსელისკენ გაემართნენ. სტეფანი ირწმუნებოდა, რომ ზღვა გაიპობოდა მათ წინაშე და ისინი ყოველგვარი სირთულის გარეშე მიაღწევდნენ წმინდა მიწას. იმ დროისთვის სტეფანი მხოლოდ ურმით გადაადგილდებოდა, რომელსაც თან ახლდა დაცვა და მორთული იყო ხალიჩებით. მარსელში კი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა - ზღვა არ გაიპო!

ბავშვების ლაშქარი ყოველდღე წელამდე შედიოდა წყალში და ლოცულობდა, ლოცულობდა, ლოცულობდა... უშედეგოდ. მარსელის მცხოვრებლებმა წუწუნი დაიწყეს: სულაც არ სურდათ, რომ ამხელა ბრბო უსასყიდლოდ ეკვებათ. ჯვაროსნები სულით ეცემოდნენ, ბევრმა მათგანმა დატოვა ლაშქარი და ბანდებში გაერთიანდა, რომლებიც ძარცვავდნენ სოფლებს. გლეხები მათ უმოწყალოდ ხოცავდნენ.

საბოლოოდ, ორმა ადგილობრივმა ვაჭარმა, უგო ფერეუსმა და გიომ პორკუსმა, შეიბრალა ლაშქარი, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა. მათ მისცეს სტეფანს შვიდი ხომალდი და საჭირო რაოდენობის საკვები. იმ დროისთვის უზარმაზარი არმიიდან ხუთი ათასი ბავშვიღა დარჩა. როგორღაც 400 ბერის თანხლებით განლაგდნენ გემებზე.

სამწუხაროდ, მათ ვერ მოახერხეს წმიდა საფლავის გათავისუფლება. 18 წლის განმავლობაში არაფერი იცოდნენ გამგზავრებულთა ბედის შესახებ. მხოლოდ 1230 წელს გამოჩნდა მარსელში ბერი - ერთ-ერთი მათგანი, ვინც თან ახლდა ბავშვებს. გაირკვა, რომ სარდინიის სანაპიროსთან ორი გემი დაიმსხვრა. .დარჩენილმა ხუთმა მიაღწია აფრიკის სანაპიროს და ... მაშინვე შეიპყრეს მუსლიმებმა.

აღმოჩნდა, რომ ვაჭრები ფერეუსი და პორკუსი უბრალოდ შეთანხმდნენ ალჟირელებთან და ბავშვები მონებად გაყიდეს. ბავშვების ნაწილი ალჟირის ბაზარში გაიყიდა, ნაწილი კი ალექსანდრიაში. ზოგი მართლაც წმინდა მიწაზე აღმოჩნდა - მონის სტატუსით. არცერთი მათგანი სახლში არ დაბრუნებულა. უცნობია ასევე ამ კამპანიის ლიდერის, სტეფანის ბედი.

სხვათა შორის, ბერები, რომლებიც ბავშვებს ახლდნენ, სულთანმა გამოისყიდა. ეს მოხუცებული მმართველი დაინტერესებული იყო მეცნიერებებით და ამიტომ ქრისტიანებს დაავალა ლათინურიდან არაბულზე ეთარგმნათ ტექსტები. სულთანს ერთი მათგანი ისე მოეწონა, რომ 18 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა. განთავისუფლებულმა მარსელებს უთხრა, რომ იმ დროს, მისი ინფორმაციით, ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობის 700-მდე მონაწილე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მაგრამ მათი ბედი არავის ანაღვლებდა და ისინი უცხო მიწაზე დაიღუპნენ.

რაინის ნაპირებზე

მაგრამ არა მხოლოდ საფრანგეთში მოაწყვეს ბავშვებმა ჯვაროსნული ლაშქრობა. მწყემსი სტეფანის შესახებ ჭორები ძალიან სწრაფად გავრცელდა და გერმანიაში მათ იპოვეს საკუთარი წმინდა მოზარდი ბიჭი - ვიღაც ნიკოლასი. ზოგიერთი ცნობით, ის ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა და მამამისი იღებდა ყველა გადაწყვეტილებას მის ნაცვლად. 10 წლის ბიჭი მხოლოდ პაიკი იყო მისი ხარბი მშობლის ხელში.

რატომ ხარბი? ფაქტია, რომ ნიკოლასი ქადაგებდა, მოუწოდებდა ბავშვთა ჯვაროსნულ ლაშქრობის ჩატარებისკენ და ამავდროულად აგროვებდა შემოწირულობებს. ღვთისმოსავი გერმანელები ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდნენ ბიჭს, რომლებსაც მამამისი ითვისებდა.

კიოლნში - გერმანიის რელიგიურ ცენტრში ნიკოლასმა თავი ღვთის მაცნედ გამოაცხადა და ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება გამოაცხადა. შემდეგ კი ყველაფერი ფრანგული სცენარის მიხედვით განვითარდა. ათასობით ბავშვი და მოზარდი იყრიდა თავს მასთან; გოგონების ჩათვლით (ნიკოლასი სტეფანისგან განსხვავებით ყველას იღებდა). გამონაკლისი არც კეთილშობილი გერმანული ოჯახების შთამომავლები იყვნენ.

ივნისის ბოლოს კიოლნიდან 40000-მდე ბავშვი გაემგზავრა. ისინი მიემართებოდნენ იტალიისკენ, სადაც ელოდნენ, რომ ზღვა გაიპობოდა და მათ წმინდა მიწაზე გადასვლის საშუალებას მისცემდა. ალპების გადალახვა ნამდვილ კოშმარად იქცა. ბევრი ბავშვი ფეხშიშველი დადიოდა თოვლში. ბევრი მათგანი თოვლში დაიღუპა, არც კი დაუკრძალავთ.

იტალია კი გერმანელ ბავშვებს, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილგანწყობილად შეხვდა. ეს ხომ მათი შთამომავლები იყვნენ, ვინც ქვეყანას მუდმივი შემოსევებით ტანჯავდა. მომლოცველებს არ აძლევდნენ მოწყალებას, არ უშვებდნენ ქალაქებში. ისინი, ვინც ჯარს ჩამორჩნენ, იტალიელებმა შეიპყრეს და მონებად აქციეს. გოგონებს კი უმოწყალოდ აუპატიურებდნენ.

გენუამდე მხოლოდ ოთხი ათასამდე მომლოცველმა მიაღწია. მაგრამ, მიუხედავად ლოცვისა, ზღვა არ გაიპო... მათ განაგრძეს გზა სანაპიროს გასწვრივ. პიზაში, მოწყალების გამო, მაცხოვრებლებმა ბავშვებისთვის ორი ხომალდი აღჭურვეს და რამდენიმე ასეული მათგანი ზღვის გადაღმა გაემგზავრა. მათი ბედი უცნობია, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი მუსლიმების მონობაში აღმოჩდნენ.

როგორღაც, რამდენიმე ასეულმა მოზარდმა რომში ჩააღწია. და აქ - ახალი საშინელი დარტყმა. პაპმა ინოკენტი III-მ გაკიცხა ისინი და უბრძანა სახლში დაბრუნება. იმ საშინელი ალპების გავლით? შედეგად, ბავშვებმა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, იტალიაში დარჩენა არჩიეს. მხოლოდ რამდენიმე ბავშვი დაბრუნდა გერმანიაში წლების შემდეგ.

დარჩენილების ბედი საკმაოდ სამწუხარო აღმოჩნდა. იმ წელს იტალიაში ცუდი მოსავალი იყო, ამიტომ მათ მათხოვრობით უწევდათ თავის გატანა. გოგონები კი მეზღვაურთა ბუნაგში გადაიყვანეს. ნიკოლასის ბედი, სტეფანის მსგავსად, უცნობია.უკანასკნელად იგი გენუაში ნახეს. იქ დარჩა თუ პიზის გზაზე მოკლეს, არავინ იცის.

არა, ტყუილად არ უთხრეს პრაღის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საფრანგეთის მეფეს, რომ სატანამ თავად აკურთხა ეს კამპანია. ამაზე დიდი სისულელე, თითქოს და ღვთის სხელით, ისტორიას არ ასოვს.


1
519
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
519
  
2022, 26 სექტემბერი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1