x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138968
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
თუ წაბლი გიყვარს, ყველაფერი გვერდზე გადადე და წაიკითხე ეს სტატია!
წაბლი უნიკალური მცენარეა. თუ რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, დასაწყისში კი მის შესახებ ზოგად ცნობებს მოგაწვდით. ეს მცენარე საქართველოში უძველესი დროიდან ფართოდ არის გავრცელებული. ის სიმაღლით ხშირად 35-37 მეტრამდეც კი აღწევს. მისი დიამეტრი საშუალოდ 1 მეტრია, თუმცა არცთუ იშვიათია 1, 5 მეტრის დიამეტრის მქონე წაბლის ხეებიც. მას ტყავისებური, ბოლოში წაწვეტებული ფოთლები აქვს. ნაყოფზეც ტყავის მსგავსი გარსი აქვს გადაკრული, რომელიც ეკლებით დაფარულ შალითაშია გახვეული, რითაც ის ზღარბს მოგაგონებთ. თითო ასეთ “ზღარბ” შალითაში საშუალოდ 3-4 ნაყოფია მოთავსებული. შემოდგომობით მწიფე წაბლის შალითა სკდება და ნაყოფი მიწაზე ცვივა.


წაბლი ივნისსა და ივლისში ყვავის და მისი ყვავილი ფუტკრებს ანდამატივით იზიდავს. ხშირად ფუტკრები კილომეტრებსაც კი გადიან, რათა წაბლის ყვავილზე შეაგროვონ ღალა. წაბლის თაფლი არაჩვეულებრივია და მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. მას მუქი შეფერილობა დაჰკრავს და ადვილად გამოარჩევთ სხვა ხეების ყვავილების თაფლისგან.


წაბლს მეწლეულობა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ის ძალიან უხვად იძლევა ნაყოფს, სხვა წლებში კი საშუალოდ ან - მცირედ. საქართველოში წაბლი ყველგან არის გავრცელებული. ის ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე გვხვდება. წაბლს არ უყვარს ძალიან დიდი სიმაღლეები.


რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, წაბლის ნაყოფი კარტოფილს ჩამოჰგავს იმით, რომ კარტოფილივით ისიც დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს. დიახ, წაბლის ნაყოფის 60% სახამებელია. ის ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს (15%) და ცილას (6-7%). თქვენ წარმოიდგინეთ, წაბლის შემადგენლობაში 2%-მდე ცხიმებსაც კი იპოვით.



წაბლს არაჩვეულებრივი გემო აქვს, როგორც უმს, ასევე მოხარშულს და შემწვარს. ძველ დროში, როცა საქართველოს ტერიტორია წაბლის ხეებით უფრო ხშირად იყო დაფარული, ჩვენი წინაპრები მის ნაყოფს ახმობდნენ და შემდეგ ფქვავდნენ. ურევდნენ ხორბლის ფქვილში და არაჩვეულებრივი გემოსა და არომატის მქონე კვერებს აცხობდნენ. ომიანობის დროს ტყეში გახიზნული მოსახლეობისთვის წაბლი იყო ყუათიანი საკვები, რაც ქართველებს გადარჩენაში ეხმარებოდა. ტყეში გახიზნული მოსახლეობა აგროვებდა წაბლს და ღრმულებში ინახავდა. შემდეგ თითოეულ გახიზნულ ადამიანს მთელი წლის მანძილზე განსაზღვრული ულუფა ეძლეოდა.


წაბლი მდიდარია ბოჭკოთი, ამიტომ მისი ჭამა ჰემოროის დროს რეკომენდებულია. შეიცავს დიდი რაოდენობით A, B და C ვიტამინებს. ის გამოიყენება ასევე დიარეის დროს და ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდაც.


სამწუხაროდ საქართველოში სულ უფრო ნაკლები წაბლის ხე რჩება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ წაბლს საუკეთესო მერქანი აქვს და 90-იან წლებში წაბლის ხეები დიდი რაოდენობით გაიჩეხა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, გავუფრთხილდეთ წაბლს. ვინ იცის, მის ნაყოფს რამდენჯერ გადაურჩენია ჩვენი წინაპრების სიცოცხლე.


წაბლი

3
917
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
917
  
2022, 26 სექტემბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 26 სექტემბერი, 13:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 25 სექტემბერი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3