x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რას ეძღვნება ნაირა გელაშვილის რომანი და რა არის მისი მთავარი მიზანი...

image

ნაირა გელაშვილის „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“ წარმოადგენს დაახლოებით რვაასგვერდიან ფუნდამენტურ ნაშრომს. პროფესორ გიორგი ლობჟანიძის აზრით, ადვილად ვერ ვიტყვით, რა სახის, რა ჟანრის ნაწარმოებია ჩვენს წინაშე. თუმცა, აშკარაა, რომ წიგნი დოკუმენტურ-პუბლიცისტური პროზის მკვეთრი მახასიათებლებით არის აღბეჭდილი.

ერთი უმთავრესი პრობლემა, რაც ნაწარმოების პერსონაჟების მოაზროვნე ნაწილს სტანჯავს, ვფიქრობ, სრულყოფილად ვლინდება ერთ-ერთი მათგანის, ახალგაზრდა კაცის სიტყვებში:

ჩვენი წარსული ჩვენი ურჩხულია. ვიდრე თავისი სახელით არ მიმართავ, ვერ დაამარცხებ. ვიდრე მართლა არ მოგინდება მისგან გაქცევა, ვერ გაექცევი. მჯერა, რომ წარსულის შეცვლაც შეიძლება, არათუ აწმყოსი. მსხვერპლი, რომლის ჯალათიც არ მხილებულა, სხვანაირი მკვდარია. და მსხვერპლი, რომლის ჯალათიც დაისაჯა, – სხვანაირი: უფრო ცოცხალი. მკვდარი, რომლის ბედისწერა ერთმა მაინც გაიაზრასუნთქვას იწყებს. მკვდარი, რომლის ცხოვრებაზეც სერიოზულად არავინ დაფიქრებულა, ჩაკარგულია სადღაცამ სამყაროს რომელიღაც წყლიან ორმოში.“

რომანი სახელს არქმევს ჩვენი უახლოესი წარსულის ურჩხულს – ლიბერალურ ავტორიტარიზმს: ძალიან ახლოდან გვიჩვენებს მას, კერძოდ, ადამიანის ტანჯვის დეტალებსა და ნიუანსებში. ავტორი ცდილობს, „სამყაროს წყლიან ორმოებში“ ჩაკარგულ მკვდრებს, კერძოდ: „ნაციონალური“ რეჟიმის ათასობით მსხვერპლს ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცეს: წიგნის ფურცლებზე მაინც უნდა აღსდგეს სამართალი და მათი ღირსება.

საუბედუროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი მიზეზის გამო ვერ მოახერხა სამართლიანობის განცდის დამკვიდრება, სისასტიკის მხილება. ასეთ დროს რიგით მოქალაქეებს მხოლოდ გულადი და მოაზროვნე მწერლების იმედიღა გვრჩება, მხოლოდ მათ შეუძლიათ შესაბამისად შეაფასონ საზოგადოების მიერ განვლილი გზა, რაც ნამდვილად გაუძნელებს ყველა ჯურის ავანტიურისტებს, ისევ და ისევ პროგრესად გაასაღონ ძალადობა.

ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე უამრავი მოქმედი პირითა და ლაიტმოტივით დახუნძლული ნაწარმოებია. მასში თქვენ შეხვდებით თანაბარი მნიშვნელობისა და გავლენის მქონე ათობით პერსონაჟს. წიგნის ფურცლებზე გადააწყდებით სიღრმისეულად განხილულ არაერთ საკითხს – ნიკოლა ტესლას სამეცნიერო მიღწევებიდან დაწყებული, სვანეთის მითოსით დასრულებული. ცხადია, ჩვენ ვერ მოვახერხებთ რომანის განხილვას მის მთლიანობაში. ამას, სხვა თუ არაფერი, ამ რომანზე ბევრად დიდი მოცულობის წიგნის, ან წიგნების დაწერა დასჭირდებოდა. ამიტომ შევეცდებით, ძირითად ყურადღება მხოლოდ სამ გარემოებაზე გავამახვილოთ. ჩვენ ავტორიტარიზმზე, ქრისტიანობასა და ეკოლოგიაზე ვილაპარაკებთ.

  • ავტორიტარიზმი
ნაწარმოებში საქართველოს რევოლუციური ხელისუფლების ძირითადი მისწრაფებები დაწვრილებით არის გადმოცემული. მთავრობის წარმომადგენელთა პროტოტიპები (თავიანთ დახურულ სხდომებზე) ერთაზროვნად განსაზღვრავენ საქართველოს მთავარ ფუნქციას. ეს გახლავთ: რუსეთთან განუხრელი, ისტერიული კონფრონტაცია, ქვეყნის ნარკოტიკებითა თუ იარაღით ვაჭრობის დერეფნად გადაქცევა, მოსახლეობის მიზანდასახული გაღატაკება და შემცირება, ქართული სოფლის, როგორც ასეთის, მოსპობა.

წიგნში აღწერილია რეალობა, სადაც ბატონობს სიმდიდრისა და უსასრულო, მხოლოდ ერთი ფენისთვის სასარგებლო ეკონომიკური ზრდის კულტი . ეს კი ბუნებასა და ადამიანზე უსასრულო ძალმომრეობას გულისხმობს. სახელმწიფოში მეფობენ არსებები, რომელთაც ფულის კეთების გარდა სხვა არაფერი ესმით და არც უნდათ, გაიგონ. საქართველოში ნელ-ნელა საბოლოოდ კვდება საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა რეალური დარგი, პროფესიონალები უფუნქციო, გარიყულ და უიმედო მოქალაქეებად გადაქცეულან. თითქმის ყველა „ყოფილია“: ყოფილი ეკონომისტი, ყოფილი ინჟინერი, ყოფილი რედაქტორი, ყოფილი რეჟისორი… ხელისუფლების სათავეში მოქცეული პირები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხალხი მხოლოდ ტურიზმის სფეროში იყოს


დასაქმებული და სხვა საქმიანობისთვის დრო და ენერგია აღარ რჩებოდეს.

ბუნებრივია, ამგვარ რეჟიმს შენარჩუნება და განმტკიცება სჭირდებოდა. რომანი გვიჩვენებს, რომ ნეოლიბერალური ავტორიტარიზმის ერთერთ მთავარ კულტურულ ნორმა გამოსარჩლებისთვის მოქალაქეთა დასჯა. ხევის ქუჩის გარდა, სადაც რომანის მოქმედება ვითარდება, სხვა სივრცეებში, განსაკუთრებით ციხეებში, ყველას ეშინია თანადგომის, თანაგანცდის გამოხატვა. სოლიდარობის გამო საზოგადოების წარმომადგენლებს ტანჯვა და დევნა მოელით.

დღეს ხშირად გვიჩიჩინებენ, რომ ე.წ. „ციხის კადრები“ დადგმულია. უსინდისოდ გვიხსნიან ცოცხის ტარსა და ადამიანის ანატომიასთან დაკავშირებულ მეასეხარისხოვან დეტალებს. „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“ უზუსტესად გადმოსცემს 2003-2013 წლების საქართველოში მოქმედ შევიწროვებისა და ჩაგვრის მექანიზმებს. ავტორი მრავალი ადამიანის უბედურების საფუძველზე ასაბუთებს, რომ ტანჯვა-წამება ჩანაწერების გარეშეც ყველასთვის თვალსაჩინო გახლდათ (რომანში გამოყენებულია დოკუმენტური მასალაც, პატიმრების მონათხრობი). წიგნის გვერდებზე თქვენ შეხვდებით შვილმკვდარ, სასოწარკვეთილ დედებს, რომელთაც „ზამთრის ბაღეში“ გულისგამგმირავი წყევლა-კრულვისა და გლოვის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენიათ. აქვე წაიკითხავთ ყოფილი პატიმრების შესახებაც, რომლებიც მეგობრების დახმარების მიუხედავად მაინც ვერ ახერხებენ წარსულის თავზარდამცემი ლანდებისაგან თავის დახსნას და სამუდამო დეპრესიისათვის არიან განწირულები. ტექსტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჯალათი მხოლოდ უშუალო მსხვერპლს არ აყენებს ზიანს. უშუალოდ დაზარალებულებთან ერთად კოშმარში ცხოვრება მათ ახლობლებსა და ნათესავებსაც უწევთ. საქართველოში ერთ პატიმარს, ერთ შვილმკვდარ დედას სულ მცირე ერთიორი ათეული ჭირისუფალი ხომ მაინც ჰყავს.

რომანი გვიჩვენებს კავშირს ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და ოჯახურ კონფლიქტებს შორის. ჩვენს თვალწინ ტრიალებენ უდიდესი განსაცდელის წინაშე მარტო დარჩენილი ქალები, საკუთარი სახლიდან გაძევებული და აბუჩად აგდებული მოხუცები, თაობებს შორის გაღვივებული კონფლიქტები, შრომითი მიგრანტების მიერ მიტოვებული მშობლები, დასაქმებული დედების მიერ მიტოვებული შვილები. ტექსტის მიხედვით, გაბატონებული რეჟიმისთვის ოჯახი ღირებულებას არ წარმოადგენს. მისი იდეოლოგია და პრაქტიკა ირიბად თავს ესხმის ოჯახების შენარჩუნების შესაძლებლობას.

არ მახსენდება 2008 წლის ომის შესახებ შექმნილი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნიმუში. ომის ყოველ წლისთავზე ჟურნალისტები დაუსრულებლად მსჯელობენ პოლიტიკოსთა მოქმედების მართებულობაზე, ომის დაწყების პერიპეტიებზე, თავგანწირულ ჯარისკაცებზე. ყველას ავიწყდება ომის შედეგად გაუბედურებული ადამიანები. საუკეთესო შემთხვევაში მიმომხილველები მშრალ სტატისტიკას მოგვაშველებენ ხოლმე: დაღუპულთა თუ დევნილთა რაოდენობას გაგვახსენებენ. რიცხვებს შორის არ ჩანს ადამიანთა ტრაგიკული თავგადასავალი, რომელიც ომის დასრულებასთან ერთად არ სრულდება. რომანში თქვენ შეხვდებით პერსონაჟებს, რომლებსაც ჯოჯოხეთის გამოვლის შემდეგ საათის წიკწიკისაც კი ეშინიათ; რომლებმაც წლების შემდეგაც კი ვერ მოახერხეს ტკივილის დავიწყება; რომლებსაც ომის ტრამვები სულიერ დაავადებად დაუჯდათ; რომლებიც დღემდე ჩუმად არიან, რადგან ყველასგან მიტოვებულებს ლაპარაკი აღარ უნდათ.

სანამ ომით დაზარალებულები ყველასგან დავიწყებულნი და მიგდებულნი აგრძელებენ ტანჯვას, მანამდე ომს დასრულებულად ვერ მივიჩნევთ.

სიღარიბე, ომი, ოჯახების დეგრადაცია, დასჯადი სოლიდარობა, საკუთარ ხალხზე მოძალადე ხელისუფლება, რომელსაც სახელმწიფო ინტერესების გაცნობიერება არ შეუძლია, მოქალაქეებს შორის დამატებითი შიშების გაღვივებას უწყობს ხელს. რომანის ერთ-ერთ გმირს დიდი ქვეყნების ეშინია, დაზაფრული მასწავლებელი საკუთარ სამუშაო ოთახში ჩამოკიდებულ რუკებსაც კი ანადგურებს. შეშინებულ ქალს ლიბერალური კონიუნქტურა დაუფიქრებლად შერაცხავდა ქსენოფობად და შოვინისტად. არადა, მის შიშს სხვების ზიზღი არ განაპირობებს. მისი შფოთი საკუთარი სახელმწიფოს უშინაარსობაზე, სისუსტესა და მისი ხელმძღვანელების ქვეშევრდომულ ბუნებაზეა დაფუძნებული.

ბერლინში ყოფნის დროს სპეციალურად მოვინახულე ადელბერტ ფონ შამისოს, მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი პროზაიკოსის სახელობის ბაღი და იქვე მდგარი მისი ბიუსტი. შამისო თავის ერთ-ერთ მოთხრობაში მრავალი ხალხის ფოლკლორში არსებულ ჩრდილის იდეას აცოცხლებს. შამისოსთანაც და ევროპის ხალხების ფოლკლორშიც ჩრდილი სინდისის, პატიოსნების, შინაგანი კულტურისა და ადამიანური ღირსების სიმბოლოა. ჩრდილის გაყიდვის სანაცვლოდ მოხვეჭილი სიმდიდრე და სახელი ეშმაკთან გარიგების ტოლფასია. ნაირა გელაშვილის რომანში ელიტის წევრთა ჩრდილებს ურჩხულის ფორმები აქვთ, რაც მათ მორალურ სახეს ყველაზე უკეთ წარმოაჩენს.

ტექსტში ქართული ავტორიტარიზმის კიდევ ერთ, შემზარავ მახასიათებლად რეჟიმის მოწინააღმდეგეთა საქმიანობის გაუფასურებაა დასახელებული. მახსენდება ჩემი ნაკლებად ბეჯითი სტუდენტის მიერ ბრწყინვალედ ნათარგმნი პასაჟი დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, ჰერბერტ მარკუზეს სტატიიდან: „ (ანტისახელისუფლებო) მოქმედება არ

იქნება კონფრონტაციული ხასიათის მანამ, სანამ ის მკაცრ ლეგალურ ჩარჩოში დარჩებათუ რეალური დაპირისპირება არ შედგება, მაშინ ოპოზიცია გადაიქცევა უვნებელ რიტუალად, ცნობიერების საწოვარად და მოწმედ უფლებებისა და თავისუფლებების მოპოვებისთვის ბრძოლის პროცესში, ხოლო ეს ვითარება ხელს შეუწყობს სტატუსკვოს შენარჩუნებას.“ საუბედუროდ, საქართველოში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც დიდ რევოლუციონერებად მიიჩნევიან, სინამდვილეში კი საკუთარი უუნარობითა და ბუტაფორიულობით ნეოლიბერალიზმის განმტკიცებას უწყობენ ხელს. სისტემას ლეგიტიმაციისთვის აუცილებლად სჭირდება ეფემერული წინააღმდეგობის რიტუალი, რომლის ჩატარებაც საქართველოში ბევრს ამბიციების დაკმაყოფილებასა და შეუმცდარი მორალური ინსტანციის სახელის დამკვიდრებაში ეხმარება.

  • ქრისტიანობა
„ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“ უპირობოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ პირველ რიგში ქრისტიანულ ტექსტად. რომანის ცენტრალური პერსონაჟი

მღვდელია. ივლიანე გიგანი ჩვეულებრივი ღვთისმსახური არ არის. ის არ ცხოვრობს ფუფუნებაში, არ არის ხელისუფლებასთან დაახლოებული, არ ეშინია სხვა კონფესიების წარმომადგენლების, მრევლის წევრებს არ უმალავს ღვთის სიტყვას, მზად არის ბრძოლისთვის, წინააღმდეგობისთვის, ჩაგრულთა ქომაგის ფუნქციის შეთავსებისთვის.

ტექსტის პროტაგონისტი მღვდლად არ დაბადებულა. გიგანმა შესანიშნავი და წარმატებული ფიზიკოსის სახელის მოხვეჭაც მოახერხა, შესანიშნავად იცნობს კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურისა თუ მუსიკის შედევრებს, უკრავს ვიოლინოზე. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ღვთისმსახური სვანეთიდან არის. სვანეთთან კავშირი მას უძველეს ხალხურ, საკრალურ სიბრძნესთან თანაზიარობის შესაძლებლობას აძლევს („სვანეთში ქრისტიანობამ წარმართული სიბრძნე ისე მიიღო, როგორც ბეთლემის ბაგამ აღმოსავლელი მოგვების ძღვენი…“). ვფიქრობ, ივლიანე გიგანის პერსონაჟი საუკეთესოდ წარმოაჩენს იმას, თუ როგორი უნდა იყოს ოცდამეერთე საუკუნის სასულიერო მოღვაწე. თანამედროვე ეპოქაში ქრისტიანული იდეა ხალხთან მისასველ გზას მეცნიერებით,

ხელოვნებით, ლიტრატურითა და ხალხურ სიბრძნესთან სიახლოვით უნდა იკაფავდეს. მღვდლის პერსონაჟის განუმეორებლობას მისი გულწრფელობა, თავმდაბლობა, სიყვარულისა და ტანჯვის უნარი განაპირობებს. ივლიანე გიგანი მხოლოდ აღსარებებს არ ისმენს, ის მზად არის სრულიად უცნობ, გზა-კვალარეულ ახალგაზრდებს თავადვე ჩააბაროს აღსარება და საკუთარ მძიმე ცოდვებსა და გამოცდილებაზე საუბრით შინაგანი გამოსავლისაკენ მიანიშნოს მათ.

რომანში შეხვდებით ისეთ სახარებისეულ ჭეშმარიტებებს, რომლებსაც თანამედროვე სასულიერო პირები ან განზრახ არ ახმოვანებენ, ან თვითონაც აღარ ახსოვთ.

ივლიანე გიგანი ქრისტიანობის ყველაზე ღრმა იდეებს ატარებს შინაგანად და არა დეკლარაციულად: ღმერთი იმიტომ იქცა ადამიანად, რომ ადამიანი იქცეს ღმერთად. ყველა ნამდვილი ქრისტიანი ქრისტეს უნდა იმეორებდეს.

ყველაფერი ის უნდა შეეძლოს და იმაზე მეტიც, რასაც თავად ძე კაცისა აკეთებდა ტანჯული ადამიანებისთვის. თანამედროვე ეკლესიაში კი მხოლოდ წესი, დისციპლინა და ტრადიციაა დარჩენილი, ამიტომ მასში კოლექტიური მოწყენილობა სუფევს. გიგანს სასიცოცხლოდ აუცილებლად მიაჩნია, რომ ქრისტიანული ეკლესია სამუზეუმო სივრციდან გამოვიდეს და მაცხოვრის მსგავსად, ტანჯულებთან და გარიყულებთან ერთად ცხოვრების შუაგულში ჩადგეს; რომ ადამიანი ღმერთს იმ ენაზე ელაპარაკ, რა ენაზეც დედას, შვილს, ახლობელს ელაპარაკება და არა იმ სარკოფაგების ენით, რომელზეც აღარავინ ლაპარაკობს. ეკლესიას არც შენობაა და არც სამღვდელოება, ეკლესია ქრისტეს გულითად მეგობართა, თანამებრძოლთა ერთობაა. გამოღვიძება ეს არის არა ადამიანებით სავსე ეკლესიები, არამედ ღმერთით სავსე ადამიანი.

ნაწარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავის სახელწოდებაა –

ივლიანე გიგანი „ახალგაზრდულ ცენტრში“. ახალგაზრდებთან გულწრფელი საუბრის დროს ღვთისმსახური ჩემი ბევრი თანატოლისთვის უმნიშვნელოვანეს არაერთ კითხვას ამომწურავ პასუხს სცემს.

გიგანი ამბობს, რომ ღმერთი „ბუნდოვანი“ და უცხო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ არ სჩანს. მთელს ამხელა წიგნში, ბიბლიაში, იგი თავისი თავის შესახებ გვესაუბრება. მან მთავარი სათქმელი იესო ქრისტეს სახით გვითხრა. ყოფილი ფიზიკოსი შესანიშნავად ხსნის ღვთის შიშის ფენომენს. ჩვენ ხომ ძალიან გვეშინია უძვირფასეს ადამიანებთან ურთიერთობების დროს? გვეშინია არ ვაწყენინოთ, არ გავაბრაზოთ, გული არ ვატკინოთ. ვუფრთხილდებით შეყვარებულს, რათა მან არ მიგვატოვოს. ღვთის შიშსაც ამგვარი საფუძვლები აქვს.

შთამბეჭდავია ზოგადად შიშის გიგანისეული ინტერპრეტაციაც: „შიშიც რწმენაა, მაგრამ ბოროტი ძალისა და მისი ყოვლისშემძლეობის“. ამგვარი შიშს კი ის არსებას ანადგურებს, რომელიც მიწაზე ბოროტი ძალის „საქმეთა

ჩასაშლელად ჩამოვიდა“. მაგრამ ის ადმიანებს აღარ უნდათ: ის (ღმერთი) ისეთი მარტოა, სახლი არ აქვს, სურს ჩვენთან მეგობრობა და საუბარი …“; ის ამბობს: „მეგობარი არ მყავს და მეგობრად მინდიხარ, სარკე არ მაქვს და სარკედ მინდიხარ, სახლი არ მაქვს და სახლად მინდიხარ და გჩუქნი ყველაფერს, რომ გაიხარო.“

ჩვენთვის ახლობელია რომანის მთავარი გმირის დამოკიდებულება არაქრისტიანი ქადაგებისა და წინასწარმეტყველების მიმართ. იგი ახალგაზრდებს არწმუნებს: „ყველას პატივი უნდა ვცეთ, ვისაცისკენ მიჰყავდა ადამიანთა სულები, რომ ისინი მიწიერებაში არ ჩაკარგულიყვნენ.“ ქრისტიანი მღვდელი პატივისცემით საუბრობს მუჰამედის, ბუდასა თუ კრიშნას შესახებ და ახალგაზრდებსაც აქეთკენ მოუწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ქრისტე ყველასა და ყველაფერზე აღმატებული ფენომენი, ღმერთის თვითგამოვლენის კულმინაციაა.

ნაირა გელაშვილის რომანი დაიწერა 2012 -2013 წლებში. საბოლოო რედაქცია გაუკეთდა 2016 წელს. გამოიცა 2017 წელს. შედგება 740 გვერდისაგან.
ნაწარმოებს დართული აქვს მიძღვნა: „ეძღვნება ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლების ყველა მსხვერპლს, მათ შორის მდინარე ვერესა და მის მთას“ .
რომანში ნაწინასწარმეტყველებია ხელისუფლების მიერ დაბეტონებული მდინარე ვერეს ადიდება და დიდი მსხვერპლი, რაც 2015 წლის ზაფხულში მოხდა.
„ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“მრავალპლასტიანი და კომპოზიციურად ურთულესი ნაწარმოებია.
პირველ რიგში ეს არის დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გადმოცემულ-გააზრებული ჩვენი უახლოესი წარსული – მ. სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი სინამდვილე: ურიცხვი ადამიანის დამსხვრეული სული და ცხოვრება. ასევე: განადგურებული ძველი ქალაქი და ბუნება.
ამ თვალსაზრისით ეს რომანი ჯერჯერებით პირველი მცდელობაა ჩვენი მწარე, უახლესი ისტორიული გამოცდილების მხატვრული გააზრებისა.
ამავე დროს, რომანი მხოლოდ მ. სააკაშვილის რეჟიმის შედეგების ჩვენებით არ შემოიფარგლება და იმ მანკიერებებსაც გვიმხელს, რაც ჩვენს დღევანდელ ყოფასაც საბედისწერო წრეში აქცევს.
მაგრამ მთავარი ის არის, რომ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისი რომანში წარმოადგენს ლოკალურ ფონს, რომელზედაც გაშლილია მთელი მსოფლიოს, სამყაროს, ბუნების ტრაგედია.









0
186
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0