აფხაზეთი ქალაქი მოჩვენება - როგორ გამოიყურებოდა ტყვარჩელი და აკარმარა წარსულში და როგორ გამოიყურება დღეს 2022, 16 სექტემბერი, 16:30 ბევრ ქვეყანას აქვს საკუთარი ქალაქი-მოჩვენება.მაგალითად საბერძნეთში - მისტრა, ამერიკაში - სილენტ ჰილი, კვიპროსში - ფამაგუსტა. საქართველოშიც, კერძოდ აფხაზეთშიც არის ასეთი მოჩვენებათა ქალაქები, ეს არის ტყვარჩელი და აკარმარა, სადაც ოდესღაც სიცოცხლე სჩქეფდა. ქალაქის წარმოშობა განაპირობა მის მიდამოებში ქვანახშირის საბადოს არსებობამ. ქვანახშირის მოპოვება ამ ადგილას იგეგმებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, რა მიზნითაც შეიქმნა ტყვარჩელის იტალიურ-ქართული კონცენსია, რომელსაც ტყვარჩელის საბადოები 45-წლიანი ვადით გადაეცა. 1935 წლიდან დაიწყო ქვანახშირის მოპოვება და გაჩნდა დასახლება. 1938 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით სოფელი აკარმარა გამოეყო ტყვარჩელის სადაბო საბჭოს, გარდაიქმნა დაბად და შეიქმნა აკარმარის სადაბო საბჭო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დონბასის გერმანიის ხელში ჩაგდების გამო ტყვარჩელმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქალაქად გამოცხადდა 1942 წელს და მოიცვა დასახლებები კვეზანი, აკარმარა და ჯანტუხა. ქვანახშირის მოპოვება ქალაქის მთავარი ინდუსტრია იყო დაარსებიდან. მოქმედებდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომლის პროდუქცია მთლიანად ეგზავნებოდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას. მოქმედებდა ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგური, რომელიც ქალაქსა და ოჩამჩირის რაიონს ელექტროენერგიით ამარაგებდა. 1980-იანი წლების ბოლოს ქვანახშირის მარაგის შემცირების გამო ის ბუნებრივ აირზე გადაიყვანეს. 1978 წლიდან მუშაობდა დოლომიტის მომპოვებელი საწარმო. ქალაქში მოქმედებდა ცემენტისა და აგურის ქარხნები. ამჟამად საბჭოთა პერიოდის მაღაროები დახურულია და ქვანახშირს მოიპოვებს თურქული კომპანია „თამსაშ“ (Tamsaş) ღია მეთოდით. ამ კომპანიის გადასახადები ქალაქის ხაზინის შემოსავლების 75% შეადგენს, თუმცა მას ეკოლოგიის უგულვებელყოფას აბრალებენ. ამის გარდა ტყვარჩელი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი იყო. ამ ქალაქში ერთ დროს დუღდა ცხოვრება, იგი სოხუმის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი იყო, ქალაქში ერთბაშად რამდენიმე კამპანია მუშაობდა, სამუშაო იმდენი იყო, რომ ხალხი სხვა რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოდიოდა ქალაქში სამუშაოდ და რჩებოდა. ჩვენს დროში ტყვარჩელზე და აკარმარაზე საუბრობენ, როგორც მკვდარ ქალაქზე, რომელიც ყოფილის სახით შემორჩენილია მხოლოდ ხალხის მეხსიერებაში. დღეს აქ მხოლოდ 5 ათასი მოსახლეღა ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ხანდაზმული ხალხია, რომლებსაც თავიანთი მშობლიური ქალაქის აყვავებული პერიოდი ახსოვთ. 1780 5-ს მოსწონს
|