საზოგადოებრივი ძვ.წ. 4200 წლის დიდი დასახლება ქვემო ქართლში 2022, 8 სექტემბერი, 22:22 საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარასა და ქვემო ახალშენს შორის მდებარე ტერიტორიაზე 2021 წელს, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთი უძველესი ნასახლარი, რომელიც არ იყო პატარა დასახლება, არამედ მით უმეტეს იმ პერიოდისთვის ითვლებოდა საკმაოდ დიდ დაბად. საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების გარდა აქ ასევე გამოვლინდა სასახლის ნაშთი, თავდაცვითი სისტემა და გალავანი მასში ჩაშენებული კოშკებით. არქეოლოგებმა დამატებით სამ ნამოსახლარს მთავარი, ცენტრალური დასახლების გალავნის გარეთ მიაკვლიეს, ხოლო მოშორებით, კიდევ რამდენიმეს. აღნიშნულ დასახლებათა სისტემა თარიღდება ძვ.წ. მე-5 ათასწლეულის მიწურულით, დაახლოებით ძვ.წ. 4200 წლით. დასახლება ჩამოყალიბდა შულავერის კულტურის (ძვ.წ. 6500-4350 წწ.) დასასრულს და მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ.წ. 4000-2200 წწ.) დასაწყის პერიოდში. ზოგადად ამ ორ კულტურას შორის გარდამავალ პერიოდს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სიონის კულტურას (ძვ.წ. 4500-4000 წწ.) უწოდებენ. აღნიშნულმა დასახლებამ უწყვეტად იარსება ახ.წ. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე. აქვე, სოფელ ქვემო ახალშენის ტერიტორიაზე გამოვლინდა ყორღანი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 2100-2000 წლებით და მიეკუთვნება თრიალეთის არქეოლოგიურ კულტურას (ძვ.წ. 2200-1300 წწ.). მიცვალებული აქ დაკრძალული იყო იმდროინდელი მიწის ზედაპირიდან 3.5 მეტრის ქვემოთ, მას ჩაყოლებული ჰქონდა ხარი. თავად მიწაში ამოჭრილი სამარხის კამერის კამერის ფორმა ეტლს მოგვაგონებს. ამ "ეტლში მჯდარი" მიცვალებულის სული კი ხარს უნდა გადაეყვანა მიცვალებულთა სამეფოში. ყორღანში ნაპოვნი იქნა კერამიკის და ოქროს მშვენიერი ნაკეთობები, რომელიც მაღალმხატვრული დამუშავებით გამოირჩევა. ოქროს ნაკეთობები ცვარის მორთვის ტექნიკითაა შესრულებული. ასევე აღმოჩენილი იქნა ფუყე მძივი, რომელიც დამზადებულია ოქროს ძალიან თხელი ფირფიტისგან. ასეთი ნივთების აღმოჩენა ამ პერიოდში ზოგადად, საკმაოდ იშვიათია. ავტორი: თორნიკე ფხალაძე454 1-ს მოსწონს
|