x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ ცდილობდა "ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო" კატების გამოყენებით სსრკ-ს თვალთვალს

image


"Acoustic Kitty" (აკუსტიკური კნუტი)-ი წარმოადგენს "ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო" ( CIA)-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დირექტორატის სპეციალურ პროექტს, რომელიც 1960-იან წლებში შეიქმნა და რომლის მიზანიც აშშ-ში საბჭოთა კავშირის საელჩოს თანამშრომლების ჯაშუშურ მისიებში, დაზვერვის მიზნით კატების გამოყენება იყო.


image


პროექტზე მუშაობა 1960-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. იმ დროს "ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო" -ს აგენტებს სურდათ გაეგოთ, რა საუბრები მიმდინარეობდა ვაშინგტონში მდებარე "საბჭოთა" საელჩოში. მსგავსი ოპერაციის ჩატარების მიზანი ერთ - ერთი თეორიის მიხედვით იყო ის რომ თითქოს სსრკ-ს მაღალი თანამდებობის პირები და აგენტები მოლაპარაკებებს ისეთ ადგილებში აწარმოებდნენ, სადაც კატები მოძრაობდნენ. დაცვა ხომ ცხოველებს არ ამჩნევდა. დისკუსიის შემდეგ იქნა საიდუმლო პროექტი, კოდური სახელწოდებით - "Acoustic Kitty"-ი გაშვებული.


image


პროექტზე მუშაობა 5 წელს გაგრძლდა. ერთსაათიანი ოპერაციის დროს ვეტერინარმა მიკროფონი კატის ყურის არხში მოათავსა, პატარა რადიო გადამცემი - თავის ქალას ძირში, თხელი მავთულის ანტენა კი - კუდში, მოწყობილობები ერთმანეთს ძლივს შესამჩნევი მავთულით უერთდებოდა, რომელიც ბეწვში იყო დაფარული, რაც ხმის ჩაწერისა და გადაცემის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენდა.


image


მრავალსაათიანმა წვრთნებმა ცხადყო, რომ სპეციალურ საგამოცდო ოთახში კატა მცირე ხნით კონცენტრაციასაც ინარჩუნებდა და დავალებასაც ასრულებდა, თუმცა საგამოცდო ოთახის გარეთ, მას ყურადღება ეფანტებოდა, შიმშილის გრძნობა უმძაფრდებოდა და მისიის შესრულების დროს სადღაც მიდოდა. დამატებითი ტრენინგის ხარჯების შემდეგ "Acoustic Kitty"-ი მზად იყო თავისი პირველი ჯაშუშური დავალების შესასრულებლად. მთლიანობაში, ქირურგიული ოპერაციისა და ტრენინგის ღირებულება ზოგიერთი მონაცემის მიხედვით 15 მილიონი ამერიკული დოლარიდან 25 მილიონ დოლარამდე შეფასდა.


image


კატის პირველი მისია ორი მამაკაცის მოსმენა იყო, რომლებიც ვაშინგტონში, ვისკონსინის გამზირზე მდებარე საბჭოთა კავშირის საელჩოს გარეთ, პარკში, სკამზე ისხდნენ. კატა - ჯაშუში იქვე მდგარი ფურგონიდან გაუშვეს, თუმცა მან მიზნამდე მიახლოვება ვერ მოახერხა, მას გამვლელი ტაქსი დაეჯახა, რამაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ტექნიკური სერვისების ყოფილმა დირექტორმა რობერტ უოლესმა დოკუმენტური სერიალის "The World's Weirdest Weapons"-ის "Weapons Of The Superspies"-ის ეპიზოდში განაცხადა რომ "ტექნიკა კატადან ამოღებულ იქნა და მან კიდევ დიდხანს იცოცხლა".


image


შემდგომი ტესტებიც წარუმატებელი აღმოჩნდა. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ კატა ასოციალური ცხოველი გახლავთ, რომელიც წვრთნას არ ექვემდებარება, ამავდროულად, არც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით არის დიდად დაინტერესებული. შესაბამისად, "ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს" ხელმძღვანელობამ ჩათვალა რომ ასეთ არასანდო "აგენტებზე" კიდევ უფრო მეტი ფულის დახარჯვა არ ღირდა, საბოლოოდ, პროექტი წარუმატებლად ჩათვალეს და 1967 წელს ის მთლიანად დახურეს.





0
139
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
139