x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
"ზოგჯერ მგონია ეს ორი მზეჭაბუკი ვიღაცამ მაღლიდან ჩამოსვა დედამიწაზე და ან ჩვენ ვერ დავაფასეთ, ან „იქ“ მიხვდნენ, რომ ცოტა ნაადრევად მოსვლიათ და უკან წაიყვანეს"
image

სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გავიხსენეთ გურამ რჩეულიშვილი, მისი სიცოცხლის უკანასკნელი დღე, როდესაც გაგრაში ტრაგიკულად დაიღუპა, დღეს 27 აგვისტოს გავისხენებთ კიდევ ერთ იმ თაობის ნიჭიერ ახალგაზრდას, გურამ თიკანაძეს, ფოტოგრაფს და მთასვლელს, ორი გურამი, ორი უახლოესი მეგობარი, რომლებმაც ტრაგიკულად დაასრულეს თავის ხანმოკლე სიცოცხლე, ერთმა 1960 წლის 23 აგვისტოს გაგრაში, ხოლო მეორემ 1963 წლის 27 აგვისტოს შხარას მწვერვალიდან დაშვების დროს.



სწავლობდა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში. პროფესიით გეოლოგი იყო, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი. 1956–1959 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. გატაცებული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობით, 1956 წელს კრივში პირველი თანრიგი მიენიჭა. ფოტოგრაფიას ხელი მოჰკიდა მეშვიდე კლასიდან თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ფოტოწრეში ცნობილი ფოტოგრაფების ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით.


1975 წლიდან აღნიშნული ფოტოწრე გურამ თიკანაძის სახელს ატარებს. პირველი წარმატება მოუტანა ნამუშევარმა „წყლის სიმღერამ“ 1958 წელს. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ „დროშას” ფოტოკორესპონდენტად. ამავე წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე ვენაში დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით ფოტოსთვის "ოლე", რაც პირველი საერთაშორისო ჯილდოა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. 1962 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე. იმავე წელს მიენიჭა ბრინჯაოს მედალი მოდენას საერთაშორისო ფოტოკონკურსზე ნამუშევრისთვის "თბილისის ზღვა". იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში, იტალიაში, ჰონგ-კონგში, მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში. მისი ცნობილი ფოტოებია „ტკბილი ნესვი“, „აისი მთაში“, „უტევს მესხი“, „თეთნულდი — სვანეთის პატარძალი“, „უშბა“, „თენსინგ ნორგეი“, „წვიმის პარადოქსი“, „ძველი თბილისი" და სხვა. თავის შემოქმედებაში ათავსებდა პუბლიცისტურობას პოეტურ აზროვნებასთან. მისი შემოქმედება საბჭოთა დროის ე.წ. „დათბობის“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობდნენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე და თამამად ამკვიდრებდნენ რეპორტაჟულ ფოტოს. გურამ თიკანაძემ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზეც. მან შექმნა ერთგვარი კულტურულ-გენეტიკური ტრადიცია ქართულ ფოტოგრაფიაში.




გურამ თიკნაძის ფოტოები

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

სტუდენტობისას გაიტაცა ალპინიზმმა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ორმოცამდე მწვერვალი დალაშქრა. მისი პირველი მწვერვალი იყო „სპარტაკი“ 1952 წელს. 1957 წლიდან ადიოდა მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე. პირველი ასეთი მწვერვალი იყო ღარმოს პიკი პამირზე 1957 წელს. 1958 წელს განახორციელა სარეკორდო 14 მწვერვალის ტრავერსი ფასის მთიდან თეთნულდამდე და გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერხლის პრიზიორი. 1961 წელს ხელმძღვანელობდა უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსს.

image

1963 წლის აგვისტოს სპორტულ ჯგუფთან ერთად, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, დალაშქრა თეთნულდი. 21 აგვისტოს ჯგუფი ავიდა შხარაზე. 27 აგვისტოს დაიღუპა მთიდან დაშვებისას. მან თავად ჩაარჭო კლდის ნაპრალში პალო, დაკიდა თოკი და დაიწყო დაშვება, მაგრამ პალო ნაპრალიდან ამოვარდა. მისი ცხედარი მთასვლელთა ჯგუფმა ბექნუ ხერგიანის და ჭიჭიკო ჩართოლანის მეთურობით 1 სექტემბერს ჩამოასვენა მთიდან. 1980 წელს სვანეთში, სოფელ ლატალში ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ძალისხმევით გაიხსნა გურამ თიკანაძის სახელობის სპორტული კომპლექსი და მუზეუმი.




ორი გურამი


ორი უნიჭიერეს და გამორჩეულ გურამს ლელა ანჯაფარიძემ არაჩვეულებრივი წერილი მიუძღვნა:



“ორი გურამი ერთი საქართველოდან…
“ორი მთა… ორი ზღვა… ორი ცუნამი…
გურამი, ხოდა მეორე გურამი…
ნუ იტყვის მთელ პლანეტაზე ნურავინ,
რომ ჰყავდა ორი ასეთი გურამი…”

მართლა, რა საოცრებაა, ორი ასეთი გამორჩეული კაცი… ვინც იცნობდა, ყველა ბოლომდე იყო მათში შეყვარებული და თანაც პირველივე შეხვედრიდან…

ორივე გურამი… საოცრად ლამაზები, ნიჭიერები, ვაჟკაცები, სპორტულები, რისკიანები…
უახლოესი მეგობრები და ორივე ახალგაზრდობაში ტრაგიკულად დაღუპულები…

imageფოტოზე: გურამ რჩეულიშვილი(მარცხნივ განაპირა) და გურამ თიკანაძე(მარჯვნივ განაპირა) მთაში




გურამ თიკანაძე – 30 წლის ასაკში, შხარადან დაშვების დროს…
გურამ რეულიშვილი – 26 წლის ასაკში, გაგრაში ადამიანების ზღვიდან გადარჩენისას…

გურამ თიკანაძე პროფესიით იყო გეოლოგი, ამავე დროს შესანიშნავი ფოტოგრაფი და ალპინისტი… მან ცხოვრებაში ორმოცამდე მწვერვალი დალაშქარა, გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი… მკაცრი შხარაც დალაშქრა, ხოდა, ეტყობა, მწვერვალმა ვერ აპატია…

გურამ თიკანაძე წერდა: “მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან, რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველ ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული… მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან.“
ამ დროს შესანიშნავად ცურავდა და წყლის თხილამურებზეც იდგა… (ფოტოზე)

გურამ რჩეულიშვილისთვის კი ზღვა იყო მთავარი სტიქია: „ცურვის დროს თითქმის არასოდეს არა ფიქრობენ, განსაკუთრებით, როცა მკლაურით მიდიან. ალბათ, ამიტომ მიყვარს ცურვა და ყველაზე მეტად მკლაური“.
ამ დროს, მთებშიც დადიოდა… (ფოტოზე)

საერთოდ ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ამ ორ ადამიანს ყველაფრის დაუფლება შეეძლო და უბრალოდ გადაინაწილეს ერთმანეთში ზღვა და მთა… ერთმანეთისთვის ხელი რომ არ შეეშალათ… ბარში კი ერთმანეთს ხვდებოდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარი სტიქიების ულამაზეს ისტორიებს….

გურამ რჩეულიშვილი წერდა: „მთებში დავდივარ ალპინისტი არ ვარ. უნივერსიტეტში ვსწავლობ და როგორც დედა იტყვის, „სტუდენტის სახე არ მაქვს“. ღვინოს ვსვამ – ლოთი არა ვარ. გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს. ცარიელა გული ვის რათ უნდა?“

გურამ რჩეულიშვილი პროფესიით ისტორიკოსი იყო, მაგრამ მოწოდებით მწერალი…
არ დაიზაროთ და გადაიკითხეთ ამ სულ ახალგაზრდა კაცის პროზა… გაიხსენეთ… მეც მეგონა, რომ მახსოვდა, მაგრამ… რამდენი სიღრმეა და გულისტკივილი…

მე კი გული იმაზე მტკივა, რომ წარმოვიდგენ, იმ დროს ასე თუ წერდა, რომ გაიზრდებოდა და დამწიფდებოდა, რა მწერალი ეყოლებოდა საქართველოს… მსოფლიო დონის!

მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ რუსი გოგონა გადაურჩენია… მერე აღმოჩნდა – ის გოგოც და კიდევ სამი კაცი – ორი რუსი და ერთი ქართველი… თანაც, ვერტმფრენი რომ მისულა, ჯერ ისინი აუშვია წინ და მერე ვეღარ მოახერხა ასვლა…

ახლა ცოტა უცნაურ რაღაცას ვიტყვი… ზოგჯერ მგონია, რომ ეს ორი მართლა მზეჭაბუკივით კაცი ვიღაცამ მაღლიდან ჩამოსვა დედამიწაზე და ან ჩვენ ვერ დავაფასეთ, ან „იქ“ მიხვდნენ, რომ ცოტა ნაადრევად მოსვლიათ და უკან წაიყვანეს…



გურამ რჩეულიშვილს გურამ თიკანაძის და შეუყვარდა:



უიღბლო სიყვარულთან გამოთხოვების სამი წლის თავზე (მზია ჩაჩავა უნივერსიტეტიდან სხვას გაჰყვა ცოლად)ახალგაზრდა მწერალს მეგობრის და მასავით ტრაგიკულად დაღუპული გურამ თიკანაძის და რუსუდანი შეუყვარდა. როგორც ჩანს, ამის გამო, ძალიან ნერვიულობდა და დანაშაულის გრძნობა სტანჯავდა, რადგან მეგობრის დასთან სასიყვარულო ურთიერთობა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ რჩეულიშვილმა თიკანაძესთან შეხვედრა და ამ თემაზე დალაპარაკება გადაწყვიტა.
image


მწერლის მეგობარი ნუგზარ წერეთელი იხსენებს:



„გურამი სახლში დაგვხვდა, თავის ოთახში მიგვიპატიჟა. სასმელიც შემოიტანა. ცოტა ხანს ვისხედით, ვსაუბრობდით, საუბარი მაინც თითქოს დაძაბული და არაბუნებრივი გამოგვდიოდა. ამასობაში გურამმა დაძლია თავისი შინაგანი მღელვარება და დინჯად, ვაჟკაცურად უთხრა, რაშიც იყოს საქმე. გურამი ცოტა დაიბნა, ერთხანს ჩაფიქრებული და გაჩუმებული იჯდა – საერთოდ, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. როგორც ჩანს, გურამის უშუალობამ და პირდაპირობამ მოინადირა მისი გული. მერე გურამმა გვთხოვა, სადმე ერთად ვივახშმოთო. რესტორან „თბილისში“ შევედით. ეს რესტორანი იმ შორეულ წლებში თითქოს ყველაზე სახელგანთქმული იყო. შემოვუსხედით ყველა ჩვენგანისთვის, ალბათ, უჩვეულო სუფრას. თამადაც ავირჩიეთ. გურამ თიკანაძემ თქვა: ვნახოთ, რა იქნება, მომავალი გვიჩვენებსო... გვიან ღამით დავიშალეთ. გურამის გატაცება გრძელდებოდა... ორი წლის შემდეგ ნელ-ნელა დაშორდნენ. იმის გამო კი არა, რომ არ უყვარდა, იმდენი სამუშაო ჰქონდა, გრძნობდა, რომ ოჯახი ხელს შეუშლიდა წერაში. დღე და ღამ წერდა“.

მთავარი ფოტო: გურამ რჩეულიშვილი და გურამ თიკანაძე


ასევე იხილეთ


26 წლის დაიღუპა, თუმცა ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მაინც მოასწრო მნიშვნელოვანი კვალი დაეტოვებინა ქართული მწერლობაში.თითქოს გული უგრძნობდო, აკი თავად ჰქონდა ნათქვამი სიკვდილამდე ერთი წლით ადრე:": ოცდაათ წლამდე თუ ვიცოცხლე, რამდენი რამის გაკეთებას შევძლებო" 1960 წლის 23 აგვისტოს გაგრაში დასვენების ...

0
638
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
638
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0