შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა. საგანგებო განცხადება შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულები არიან: გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 000 აშშ დოლარი.
`აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ერთ-ერთ მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან დაკავშირებულ მასალას შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას, `- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, პოლიციელებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა კოალიცია `ქართული ოცნების`ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი. ვიდეომასალაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ასახულია თანხის გადაცემის პროცესიც.