x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
მამა გაბრიელის სასწაულებრივი ზეთი
imageდღეს 26 აგვისტოს დაიბადა გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც მამა გაბრიელი სალოსი, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებული.ამბობენ, რომ არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად — დღემდე უხრწნელია. მორწმუნეთა გადმოცემით კი მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.სწორედ მადლიერი პაციენტების რამდენიმე წერილს გაგაცნობთ დღეს.




მქონდა დიაგნოზი: ავთვისებიანი სიმსივნე მარცხენა გულმკერდის არეში. გამიკეთეს ოპერაცია და მომკვეთეს მარცხენა ძუძუ. ოპერაციის შემდეგ გულმკერდის პირველ მალაში ისახებოდა დიდი ზომის და არასწორი ფორმის ქსოვილოვანი ჩანართი, რომელიც იწვევდა მალის სხეულის მარცხენა განივი მორჩის და წვეტიანი მორჩის გამოხატულ დესტრუქციას და ვრცელდებოდა ხერხემლის არხში. ხერხემლის არხი მთლიანად ამოვსებული იყო წარმონაქმნით. ზურგის ტვინი არ ისახებოდა. გაკეთდა დასკვნა: კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებით გულმკერდის მალების და ნეკნის დესტრუქციული მეტასტაზური დაზიანება. ოპერაციის შემდეგ 4 თვე მიჯაჭვული ვიყავი ლოგინზე. არასწორმა ოპერაციამ და მკურნალობამ უარყოფითი შედეგი გამოიღო. მკურნალობის გაგრძელება კი არ მიხერხდებოდა, რადგანაც ყოველივე დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ექიმების მიმართ ხელაქნეულებმა გადავწყვიტეთ, მთელი იმედით მიგვემართა ეკლესიისათვის. მამა გაბრიელის საფლავიდან ამოტანილმა ზეთმა და ლოცვებმა თავისი შედეგი გამოიღო. დღეს-დღეობით ფეხზე ვდგავარ და ჩვეული ენერგიით ვემსახურები ოჯახს.

ნანული ბანძელაძე
რუსთავი



1999 წ. 15 ივნისს მოვყევი ავტოავარიაში, ღვთის მადლით ცოცხალი გადავრჩი, მაგრამ ორი წელი მივეჯაჭვე ლოგინს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, არავის ეგონა, თუ ფეხზე დავდგებოდი, მაგრამ მოხდა სასწაული - მამა გაბრიელის ზეთის წყალობით შევძელი სიარული და მადლობას ვწირავ უფალს, რომელმაც მამა გაბრიელი მოგვივლინა. ჩემი განკურნების ამბავი ამგვარად იყო: ჩვენი სახლის მახლობლად ჟურნალ-გაზეთებს ყიდიან. ყავარჯნებით მივდიოდი და ვყიდულობდი ახალ პრესას. რამოდენიმე ჟურნალში მამა გაბრიელზე ეწერა, რამაც ძალიან დამაინტერესა. მე და დედაჩემმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით მამა გაბრიელის საფლავზე. ღვთის ნებით, რკინიგზის სადგურზე გავედით თუ არა, მატარებლი მაშინვე ჩამოდგა. მცხეთაში ვარ ნამყოფი ავტომობილით, მაგრამ, არც მე და არც დედაჩემმა სადგურიდან გზა არ ვიცოდით. ჩამოვედით თუ არა მატარებლიდან, ბაქანზე დავინახეთ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სვეტიცხოველში მიდიოდა ჯვრის საკურთხებლად. რომ გაიგო ჩვენი ამბავი, გვითხრა: მეც იქით მოვდივარ, გეტყობათ პირველად ხართ და გამომყევითო. ამგვარად, აღმოვჩნდით მამა გაბრიელის საფლავზე. წამოვიღეთ ზეთი, დედა პარასკევამ როგორც დაგვარიგა, დავიწყეთ ამ ზეთის წასმა ფეხზე. მესამე კვირას ყავარჯნებიც გადავაგდე და ცოტა ხანში - ჯოხიც. ამგვარად, აღმოვჩნდი განკურნებული მამა გაბრიელის ზეთის წყალობით. სანამ ავარიაში მოვყვებოდი, ერთ ხანს ჩამოშორებული ვიყავი დედა-ეკლესიას. აყოლილი ვიყავი ბიჭებს, ეს ჩემი ავარიაც და განკურნებაც, ალბათ, იმიტომ დაუშვა უფალმა, რომ რწმენისაკენ შემოვტრიალებულიყავი. უფალი ხომ იმდენ სატანჯველს არ დაუშვებს, რამდენის ტარებასაც ვერ შეძლებს ადამიანი. ღვთის წყალობით, შემოვტრიალდი მეც რწმენისკენ. ვარ გორის მგალობელთა გუნდის წევრი.

ზაზა ალავერდაშვილი
გორი




ჩემს მეგობარს შვილი საზღვარგარეთ ჰყავდა. ის ქალი ეკლესიაში დადიოდა. იყიდა მამა გაბრიელის სურათი და თავის სახლის შემოსასვლელში დაკიდა. ლოცულობდა და ხშირად ავედრებდა თავის შვილს მამა გაბრიელს. როდესაც მისი შვილის საკუთარი მანქანით საქართველოში ჩამოვიდა, სახლში შესვლისთანავე მამა გაბრიელის სურათი დაინახა და გაკვირვებულმა, დედამისს შეეკითხა: ეს ვისი სურათია? ეს კაცი მთელი გზა, ძილი რომ მომერეოდა, მაფხიზლებდა და მამხნევებდა, რომ არ დამძინებოდაო.

მე და ჩემს ამერიკელ მეუღლეს ქრისტინეს არაფერი გვსმენოდა მამა გაბრიელის შესახებ. 2-3 წლის წინ, შემთხვევით ვიყავით მის საფლავზე. ქრისტინე ახალი მონათლული იყო მართლმადიდებლურად. მან საფლავთან დიდი სიწმინდე და დიდი მადლი იგრძნო. დაიჩოქა, ილოცა და სთხოვა მამა გაბრიელს შემწეობა. ერთი წლის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა ამერიკაში ჩამოიტანა მამა გაბრიელის ზეთი და ყველაფერი მოგვითხრო მის შესახებ. წელს, ამერიკაში, სულ რაღაც სამი კვირის წინ, ჩემს მეუღლეს ძალიან ძლიერი ტკივილები დაეწყო წელის არეში. აღმოჩნდა, რომ ჰქონდა თირკმელში კენჭის გავლა. ექიმთან აღმოაჩინეს საკმაოდ დიდი, 7 მმ. ზომის ქვა. ექიმებს ეეჭვებოდათ ოპერაციის გარეშე მკურნალობით კენჭის დაშლა ან დაბადება და გვითხრეს, რომ ქირურგიული ჩარევა იყო აუცილებელი. სახლში რომ მივედით, გაგვახსენდა მამა გაბრიელის ზეთი. ვილოცეთ, მამა გაბრიელს ვთხოვეთ შემწეობა, რომ საკურნებელი ყოფილიყო ეს ზეთი. ქრისტინეს ზეთი დავალევინე და წავუსვი იმ ადგილზე, სადაც ვივარაუდეთ, რომ ქვა იქნებოდა. იმავე დღეს კენჭი უმტკივნეულოდ დაბადა. ამერიკელი ექიმები ძალიან გაოცდნენ. ეს იყო ჩვენთვის მამა გაბრიელის დიდი სასწაული.

ნიკო ჩოჩელი
ა.შ.შ.





ჩემს ბავშვს თვალის ფსკერის დაზიანება ჰქონდა. მხედველობა -5 იყო და თანდათან უარედებოდა მდგომარეობა. პროცესს ვერ აჩერებდნენ. უნდა ჩატარებულიყო ურთულესი მიკროქირურგიული ოპერაცია, რათა შეეჩერებინათ დაავადების პროცესი. მხედველობის სრულად აღდგენაზე ლაპარაკიც არ იყო. ეს უკვე მე-4 ოპერაცია უნდა ყოფილიყო ჩვენი ბავშვისთვის, რომელიც 13 წლისაა. ბავშვი თვითონ უარს ამბობდა ოპერაციაზე. ჩვენ გვირჩიეს და მივედით მამა გაბრიელის საფლავზე. იქ ქუთუთოზე წავუსვით ზეთი, რასაც ორი კვირის განმავლობაში სახლშიც ვაგრძელებდით. ექიმთან როცა მივედით და გავასინჯეთ, გაოცებულმა გვითხრა: საოპერაციო აღარ არის, დაავადების პროცესი შეჩერებულია და განკურნებისკენ მიდისო.

თამთა გუგუშვილი
თბილისი




ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. გადავიღე ექოსკოპია. გამოჩნდა, რომ ბავშვს მუცლის არეში ჰქონდა კისტური წარმონაქმნი. ისეთ რთულ ფორმებში ჰქონდა, რომ ექიმის რჩევით აუცილებელი იყო აბორტის გაკეთება. უარი ვთქვი აბორტზე.

დავიწყე მამა გაბრიელის საფლავზე სიარული და ზეთის ხმარება. გაჩნდა უჯანმრთელესი ბავშვი. მედპერსონალი გაოცებული დარჩა.

მარინა (მარიამ) კვიციანი
ქ. თბილისი. ვარკეთილი, ჯავახეთის 11




წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მრევლი ვარ, მიძღვარი - მამა ბესარიონი. მთელი წლის განმავლობაში ვიყავი ალერგიით შეწუხებული, მქონდა გამონაყარიც. ჩავიტარე მკურნალობა, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა. მეგობრის დახმარებით, თავსხმა წვიმაში, წავედი მამა გაბრიელის საფლავზე, გამოვიდა დედა პარასკევა, მოგვაწოდა ზეთი და ამიხსნა, თუ როგორ უნდა გამომეყენებინა. წავისვი და დავლიე კიდევაც. ორი კვირის შემდეგ ისევ წავედი მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად. ისევ წამოვიღე ზეთი და ერთ კვირაში შევნიშნე, რომ საერთოდ გამიქრა გამონაყარი და განვიკურნე ალერგიისგან.

ნინო ფიროსმანაშვილი
თბილისი




1994-95 წწ. ცემისაგან, მარცხენა ყურის ბარაბანი გამისკდა, რომლიდანაც დღემდე მდიოდა სისხლი და ჩირქი, თან სმენაც დავკარგე. გავიგე, რომ მამა გაბრიელის საფლავის კანდელიდან აღებული ზეთი, სასწაულებრივად კურნავდა ავადმყოფებს. სულ 2-ჯერ ჩავიწვეთე ყურში ზეთი და მოხდა საოცრება. ყველანაირმა ტკივილმა გამიარა და სმენაც აღმიდგა 80-90%-ით. ამტკივდა ყელი. ვღეჭავდი სტრეპტოციდს, რომელიც ვერ მშველოდა. როგორც კი ზეთი დავლიე, ტკივილმა ხუთ წუთში გამიარა. დიდი მადლობა უფალს და მამა გაბრიელს.

პატიმარი - გურამ მანაგაძე
ქსნის #7 საპყრობილე





ჩემს შვილიშვილს პატარა გიორგის ჰქონდა მინინგიტი. ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო. ღამე, სიზმარში მქონდა გამოცხადება: ვიყავი სამთავროს მონასტერში, მამა გაბრიელის საფლავზე. გარშემო მრავალი ადამიანი იყო დაჩოქილი, მაგრამ მამა გაბრიელს ვერავინ უახლოვდებოდა. დავინახე, რომ მამა გაბრიელი წამოდგა წელზემოდ საფლავიდან და მანიშნა მივახლოებოდი, თავზე ხელი დამადო და მითხრა ”ნეტარ არიან ვისაც სწამთ უფლის და სასუფეველს დაიმკვიდრებენ”. აქამდე ეკლესიური არ ვიყავი, მაგრამ მეორე დღესვე წამოვედი სამთავროს მონასტერში და დედა პარასკევას დავალოცინე ბავშვი. მოხდა სასწაული - სამ დღეში ბავშვი სრულიად განიკურნა. ექიმები გაოცებულნი დარჩნენ. მადლობა უფალს და მამა გაბრიელს.

მერი მაქაძე
თბილისი, 2010 წ.

1
257
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
257
  
2022, 16 სექტემბერი, 22:43
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1