x
image
ოტი
სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
image

რუსეთში ანეკდოტადაა ცნობილი ის ამბავი, რომ პეტერბურგის ძიუდოს აკადემიამ, მხოლოდ 1976 წლის გამოშვებით, მსოფლიოს უფრო მეტი მილიარდერი აჩუქა, ვიდრე ჰარვარდის ბიზნესსკოლამ მთელი მისი არსებობის განმავლობაში. სწორედ ამ სკოლაში ეწაფებოდა საბრძოლო ხელოვნებას მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ უცნობი ვლადიმირ პუტინი იქამდე, სანამ, ძალაუფლებით მოხიბლული, რუსული პოლიტიკის ფულით მოფენილ ეკლიან გზაზე თავის სისხლიან კვალს სამუდამოდ დატოვებდა.

პრეზიდენტ ბორის ელცინის ავამდყოფობამ კრემლში დაახლოებით ისეთივე ამბავი დაატრიალა, როგორიც უკვდავი სტალინის უეცარმა სიკვდილმა 1953 წელს, მაგრამ ელცინმა საბოლოო სიტყვა მაინც თქვა და თავისი საქმის გამგრძელებლად ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დანიშნა, რომელიც დიდ პოლიტიკაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სახელით შემოვიდა. თუმცა, პირადი სიმპათიების მიუხედავად, პუტინის არჩევის რეალური, პოლიტიკური მიზეზები მაინც ბურუსითაა მოცული.

ცხრამეტწლიანი მმართველობის განმავლობაში, ჯერჯერობით, მსოფლიომ სამი განსხვავებული ვლადიმირ პუტინი იხილა. ჯერჯერობით იმიტომ, რომ უცნობია, თუ კიდევ რა ვადით დარჩება პუტინი რუსეთის ხელისუფლად. ამის შესახებ „ეხო მასკვის“ მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე რუს ჟურნალისტ იური დუდთან ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ პუტინს პრეზიდენტობა სიცოცხლის ბოლომდე ორი გარემოების გამო გადაუწყვეტია: პირველი მისი პირადი და თავისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაა; ანუ პუტინს არ აქვს გარანტია იმისა, რომ მათ უსაფრთხოებას ვინმე დაიცავს, თუკი ის თანამდებობას დატოვებს. მეორე მიზეზი კი ჯერ კიდევ შეუსრულებელი მისიაა - რუსული სამყაროს გაერთიანებისა და ფეხზე დაყენებისა. არადა, წასასვლელის მეტი რა აქვს პუტინს: თევზაობა ციმბირში, ჯირითობა საუკეთესო ცხენებით, მოგზაურობა წყალქვეშა ნავით - პენსიაზე მას გართობა ნამდვილად არ მოაკლდებოდა.

იქვე, ვენედიქტოვი ახასიათებს „პირველი პუტინის“, 2000-2003 წლების მმართველობას, როგორც ბორის ელცინის პოლიტიკის ინერციულ გაგრძელებას - ანუ დროს, როცა ვლადიმირ პუტინი ჯერ კიდევ ცდილობდა მსოფლიოსთან მისი წინამორბედის პირობებით ელაპარაკა(1). თუმცა ამაზე მან მალევე თქვა უარი. ეკონომისტი პოლ გრეგორი პუტინის რეიტინგებისა და მისი აგრესიული პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულებას უსვამს ხაზს: ლევადას კვლევითი ცენტრის (სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი, რომელსაც 2016 წელს „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი ) მიხედვით, 1999 წლის აგვისტოსთვის პუტინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მოსახლეობის 31% უჭერდა მხარს, ხოლო 37%-მა საერთოდ არაფერი იცოდა მის შესახებ. სადარბაზოების იმიტირებული ტერაქტებისა და ჩეჩნეთთან მეორე ომის შემდეგ, პუტინის რეიტინგი 84%-მდე გაიზარდა. რეიტინგის ასეთმა მკვეთრმა და სწრაფმა ცვლილებამ ვლადიმირ პუტინი კიდევ უფრო დაარწმუნა ახლად გამოცდილ ძალადობრივ და ექსპანსიურ პოლიტიკაში, რამაც საბოლოოდ განაპირობა კიდეც მისი პოლიტიკური მომავალი.

შესაბამისად, პუტინის გადაწყვეტილებას ელცინის შედარებით ლიბერალური პოლიტიკური ვექტორიდან გადახვევის შესახებ რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში, ეს ამერიკის შეერთებული შტატების პოსტსაბჭოთა სივრცეზე იდეოლოგიურმა ექსპანსიამ განაპირობა. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინის სიტყვა იყო, რომელშიც მან გარკვეულწილად დააანონსა რუსეთის მომავალი ჰეგემონიური, აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკა ბიპოლარული მსოფლიოს ჩამოსაყალიბებლად. მან დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატები სხვა სახელმწიფოებისთვის საკუთარი პოლიტიკის თავს მოხვევაში და ერთგვარად ნატოს არალეგიტიმურობაზე მიუთითა, როცა გაეროს უშიშროების საბჭო ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოდ მოიხსენია.

ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო ძლიერ დაუმორჩილებლობას საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების მიმართ. ამას გარდა, ცალკეული სამართლებრივი ნორმები ლამის ერთი ცალკეული სახელმწიფოს მთელმა სისტემამ მოირგო, პირველ რიგში, რასაკვირველია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც ყველა სფეროში გადააბიჯა საკუთარ ეროვნულ საზღვრებს: ის სხვა ერებს თავის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ პოლიტიკას უწესებს. განა ეს ვინმეს მოეწონება

აქვე გავიხსენოთ პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი ე.წ. ფერადი რევოლუციები, როცა საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში პრორუსული მთავრობები დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებით შეიცვალა. რასაკვირველია, ჰეგემონიური ძალაუფლების მოყვარულ რუსეთს და მის პრეზიდენტ პუტინს შეუძლებლად მიაჩნდა ამ მოვლენათა ვექტორის ლიბერალური პოლიტიკით შეცვლა. საჭირო იყო იმ საბჭოური ძალადობრივი მანქანის ამუშავება, რომელსაც წლებით ადრე, ძალითა და დაშინებით, კლანჭებით ეჭირა საბჭოთა კავშირის თხუთმეტი რესპუბლიკა. შესაბამისად, ამ მოვლენებმა პუტინი აიძულა იმპერატორობაზე ფიქრი დაეწყო.

სულ მალე, 2008 წლის აგვისტოში, მსოფლიომ ნახა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი არ ხუმრობდა, როცა ბიპოლარული მსოფლიოს შექმნის შესახებ საუბრობდა. არალეგიტიმური საომარი მოქმედების შედეგად, რუსეთის ჯარებმა

დაიკავეს საქართველოს კუთვნილი ტერიტორია - სამაჩაბლო - რის მერეც, რუსეთის მთავრობამ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

საქართველოსთან ომის შედეგად, ვლადიმირ პუტინის რეიტინგი იმ დროისთვის არნახულ ისტორიულ მაქსიმუმამდე - 88%-მდე გაიზარდა და 2009 წელს, GNP-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მაჩვენებლის მკვეთრი შემცირების დროსაც კი სერიოზულად არ შერყეულა.

საქართველოსთან ომის შემდეგ უკან დასახევი გზები უკვე ჩახერგილიყო. ვლადიმირ პუტინის მმართველობის ამ ეპიზოდს ალექსეი ბენედიქტოვი ახასიათებს როგორც დროს, როცა პუტინი მიხვდა, რომ ყველაფერი, რაც კი აქამდე გაუკეთებია, მცდარი იყო და რომ ერთადერთი სწორი გზა იმპერიის შენებაა. პუტინის აზრით, იმპერია კარგია რუსეთისთვის, ისევე როგორც მსოფლიოსთვის, რომელსაც სტაბილურობისთვის მეორე სუპერსახელმწიფო სჭირდება.

ვლადიმირ პუტინის იმპერიული ზრახვები ყველაზე ნათლად ყირიმის ანექსიამ დაგვანახვა. ირონიულია, რომ ყირიმის ანექსია სწორედ იმ დროს დაემთხვა, როცა დასავლეთის გზაზე მდგომი უკრაინა ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლას ცდილობდა. პუტინი გეოპოლიტიკური მოთამაშეა, გეოგრაფიის მაკიაველი, ვისთვისაც მიზანი ნამდვილად ამართლებს საშუალებას. ყირიმის ანექსიას წინ უძღვოდა პუტინის შიდა რეიტინგის სწრაფი და საფუძვლიანი კლება ისტორიულ მინიმუმამდე. აღსანიშნავია, რომ პუტინს სჩვევია საშინაო პრობლემების საგარეო კონფლიქტებით გადაფარვა: ასე იყო უკრაინის მოვლენების დროს, ასე იყო საქართველოში.

ყირიმის შემოერთებით ვლადიმირ პუტინმა მოსიყვარულე მამის როლი მოირგო, რომელმაც საკუთარ შვილს - რუს ხალხს, ოდინდელი ნატვრა აუსრულა და უძღები შვილი - ყირიმის ნახევარკუნძული დაუბრუნა. რუს ხალხს სისხლში აქვს გამჯდარი კომპლექსი დაცემული იმპერიისა. მათ ჯერ კიევის რუსეთი დათმეს, შემდგომ რუსეთის იმპერია დაკარგეს, ხოლო შემდეგ - საბჭოთა კავშირი. აქედან გამომდინარე, ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინის რეიტინგი ცას სწვდა.


არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთის ფედერაციის თითოეულ საერთაშორისო გამარჯვებას ყოველთვის წინ უძღვის ქვეყნის შიგნით არსებული გადაუჭრელი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები, რომელთა კოლოსალური ნეგატიური შედეგების გადაფარვა პუტინს მხოლოდ საგარეო ინტერვენციების შედეგად ესახება.

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0