პოლიტიკა 29 წლის ასაკიდან ელისაბედი I სახეზე მძიმე მაკიაჟს შრამების გამო ატარებდა: რა მოხდა? 2022, 15 ივნისი, 11:24
მართალია, ელისაბედ I დაახლოებით 500 წლის წინ ცხოვრობდა, თუმცა მის ბიოგრაფიას დღესაც სიამოვნებით ვსწავლობთ. დღევანდელ სტატიაში მოგიმზადეთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ინგლისისა და ირლანდიის ე.წ. "ქალწული-დედოფლის" შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდით.
ელისაბედ I ინგლისსა და ირლანდიას მთელი 45 წლის განმავლობაში - 1558 წლიდან 1603 წლამდე მართავდა. დედოფალმა შესანიშნავი განათლება მიიღო: მაგალითად, ის 7-ზე მეტ ენას ფლობდა, ხოლო მისი ჰობი ცნობილი ადამიანების ნაშრომების სხვადასხვა ენაზე თარგმნა იყო. ის ინგლისსა და ირლანდიას ძალიან გონივრულად მართავდა: ელისაბედ ტიუდორი საიდუმლო საბჭოს ყოველთვის უსმენდა და გადაწყვეტილებებსაც მხოლოდ მათთან თათბრის შემდეგ იღებდა. აბა, ზოგიერთი ისტორიკოსი უმიზეზოდ ხომ არ უწოდებდა ელისაბედის მმართველობის წლებს "ინგლისის ოქროს ხანას". (ასეთი შეფასება განპირობებული იყო 1533 — 1603 წწ კულტურის აყვავებასთან (შექსპირი, მარლოუ, ბეკონი და სხვ.) და მსოფლიო არენაზე ინგლისის როლის ზრდასთან (უძლეველი არმადის განადგურება, დრეიკი, რეილი, ოსტ-ინდოეთის კამპანია).
ფილმებიდან (განსაკუთრებული მადლობა მარგო რობის) თუ ნახატებიდან ბევრმა იცის, რომ ელისაბედ I-ი საკმაოდ მძიმე მაკიაჟს ატარებდა და სახეზე დიდი რაოდენობით პუდრსაც იყენებდა. ამგვარად, ცდილობდა დედოფალი ჯერ კიდევ 29 წლის ასაკში მიღებული ნაწიბურების დამალვას. საქმე იმაში გახლავთ რომ ახალგაზრდობისას ელისაბედ I-ს ჩუტყვავილა შეეყარა, და სწორედ ამ მწვავე ვირუსულმა დაავადებამ დაუტოვა მას კანზე არსებული ნაკვალევი. "გლორიანად" წოდებული ახალგაზრდა მმართველი, რომელსაც საკუთარ მშვენიერებასთან დამშვიდობება არ სურდა, გულმოდგინედ ცდილობდა ნაწიბურების დამალვას.
სამწუხაროდ, გარეგნობით ასეთი გატაცება მის ჯანმრთელობას მხოლოდ ზიანს აყენებდა. პუდრი ტყვიას შეიცავდა, რაც ელისაბედის ორგანიზმს ფაქტიურად წამლავდა. ამრიგად, ასაკთან ერთად დედოფალი სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვაზე უარს ამბობდა და მოსასვენებელი ოთახებიდან ყველა სარკის გატანას ითხოვდა. ელისაბედის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ ტიუდორების დინასტია შეწყდა.
კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ელისაბედ I-ის ბიოგრაფიიდან:
1. მიუხედავად იმისა, რომ ელისაბედს ბევრი თაყვანისმცემელი და ფავორიტიც კი ჰყავდა, ის არასდროს გათხოვილა და არც შვილები ჰყოლია. ამბობენ, რომ ბავშვობაში მომავალი დედოფალი მამინაცვლის გამო იტანჯებოდა, რამაც შესაძლოა მას აღთქმის დადებისკენ უბიძგა, რომ ის ცხოვრებაში არასდროს გათხოვდებოდა.
2. მიუხედავად ამისა, ჭორები მაინც დადიოდა, რომ მან შვილი მართლაც გააჩინა. 1561 წელს დედოფალი თითქოს ავად გახდა და საწოლს მიეჯაჭვა. ზოგიერთი ისტორიკოსი დარწმუნებულია, რომ ამ გზით ის თავის ორსულობას მალავდა.
3. დედოფლის ტკბილეულისადმი ძლიერი გატაცებისა და ასევე პირადი ჰიგიენის დაუცველობის გამო (ნუ გაგიკვირდებათ: იმ წლებში მთელი ევროპა სწორედ ასე ცხოვრობდა), მისი კბილები ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო. ელისაბედ I-ს კბილების უმეტესობა უბრალოდ დაულპა.
|