x
აღდგომის კუნძული და მოაის ქანდაკებები
image

აღდგომის კუნძული, იგივე რაპანუი ვულკანური წარმოშობის კუნძული წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღდგომის კუნძული ცნობილია ქვის ვეებერთელა ქანდაკებებითა და იეროგლიფური დამწერლობით. ამ კულტურის ნაშთებს სწავლობდნენ ინგლისური (1914-1915), ფრანგული, ბელგიური (1934-1935) ექსპედიციები. 1955-1956 წლებში გათხრებს აწარმოებდა ნორვეგიულ-ამერიკული ექსპედიცია თურ ჰეიერდალის ხელმძღვანელობით. აღდგომის კუნძულის დასახლების ისტორია სავსებით ნათელი არაა.აღდგომის კუნძული მსოფლიოში ყველაზე შორეულ დასახლებულ კუნძულად მიიჩნევა. კუნძულზე შექმნილი რაპა-ნუის ეროვნული პარკი 1983 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. კულტურის ყველაზე თვალსაჩინო ელემენტი იყო სტატუეტების მასივების — მოაის წარმოება, რომლებიც გაღმერთებულ წინაპრებს წარმოადგენდნენ. სჯეროდათ, რომ ცოცხლებს ჰქონდათ სიმბიოზური ურთიერთობა მკვდრებთან, სადაც მკვდრები უზრუნველყოფდნენ ყველაფერს, რაც კი ცოცხლებს სჭირდებოდათ (ჯანმრთელობა, მიწისა და ცხოველთა ნაყოფიერება, იღბალი და ა. შ.). ამიტომ, ცოცხლები ქვაში უკვდავყოფდნენ გარდაცვლილებს, რაც სულთა სამყაროში მათ უკეთეს ადგილას დამკვიდრებას უზრუნველყოფდა. ვინაიდან დასახლებები სანაპიროზე იყო განლაგებული, მოაის ქანდაკებები სანაპირო ხაზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული ისე, რომ დასახლებასა და თავიანთ შთამომავლობას გაჰყურებდნენ, ზურგი კი ზღვისკენ, სულთა სამყაროსკენ ჰქონდათ მიქცეული.

image

მოაი (ქანდაკებები)


ქვის დიდი ქანდაკებები, იგივე მოაი, რომლებითაც აღდგომის კუნძული მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ახ. წ. 1100-1680 წლებში ააგეს. სულ არსებული 887 მონოლითური ქვის ქანდაკება ამჟამად განლაგებულია როგორც კუნძულზე, ისე მისგან საკმაოდ დაშორებულ მუზეუმებში. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკებებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „აღდგომის კუნძულის თავები“, ისინი მთლიან სხეულებს წარმოადგენენ, უმრავლესი მათგანი გამოქანდაკებულია თეძოებიდან თავის ჩათვლით. ზოგიერთი ქანდაკება მუხლებითა მინდორზეა დაჩოქილი, ხელები კი მუცელზე უწყვია. მცოცავი ნიადაგების გამო, ზოგიერთი ქანდაკება კისრამდე მიწაშია ჩარჭობილი.

ეს კი ტუკუტურია — იშვიათი, მუხლებზე დაჩოქილი წვეროსანი მოაი

image

თითქმის ყველა მოაი (95%) გამოკვეთილია ერთმანეთისგან განსხვავებულად, დაპრესილი, ადვილად დამუშავებადი გამკვრივებული ვულკანური ფერფლის ან ტუფისგან, რომლებსაც ერთადერთ ადგილას, ჩამქრალ ვულკან რანო-რარაკუში მოიპოვებდნენ. ადგილობრივები, რომლებიც მათ აქანდაკებდნენ, იყენებდნენ მხოლოდ ქვის იარაღებს, ძირითადად ბაზალტისას, რომელიც კუნძულზე მრავლადაა. როდესაც ქვის იარაღები დაბლაგვდებოდა, მათ ახალ პირს ულესავდნენ. გამოკვეთის დაწყების წინ, ვულკანურ ქვას წყალში ალბობდნენ, რასაც სამუშაოს პროცესში პერიოდულად კვლავ იმეორებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე დროს განსხვავებულ ქანდაკებებზე ბევრი ჯგუფი მუშაობდა, 5-6 კაციან ჯგუფს ერთი მოაის დასამზადებლად დაახლოებით ერთი წელი სჭირდებოდა. თითოეული ქანდაკება საგვარეულოს მიცვალებულ მმართველს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ქანდაკებების მხოლოდ მეოთხედი იქნა აღმართული, მაშინ როდესაც დაახლოებით ნახევარი დარჩა რანო-რარაკუს სამტეხლოსა და სხვადასხვა ადგილებში, სავარაუდოდ მათი საბოლოო ადგილისკენ მიმავალ გზაზე. უდიდესი ქანდაკება დადგმულია პლატფორმაზე, რომელსაც „პაროს“ უწოდებდნენ. იგი 82 ტონას იწონის და სიგრძეში 9, 8 მეტრია. იგივე წონის სხვა რამდენიმე ქანდაკება დადგმულია ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროზე. დღემდე უცნობია თუ რა მეთოდით გადაჰქონდათ ქანდაკებები. შესაძლებელ ვარიანტებს შორის ერთ-ერთად მიიჩნევენ ე. წ. მირო მანგა ერუას, Y-ს ფორმის მარხილს გადაჯვარედინებული ნაწილებით, რომელზეც ქანდაკებებს ჰაუ-ჰაუს ხის დრეკადი და მტკიცე ქერქის თოკების კისერზე შემოხვევით აბამდნენ. მოაის ზომებიდან გამომდინარე, მის გაწევაში მონაწილეობა უნდა მიეღო 180-250 ადამიანს. დაახლოებით 50 ქანდაკება ჩვენს დროში ხელახლა იქნა აღმართული თავიანთ თავდაპირველ ადგილებზე. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო აჰუ ატურე ჰუკე ანაკენას პლაჟზე 1958 წელს. მისი აღმართვა ჰეიერდალის ექსპედიციის დროს მოხდა და გამოყენებულ იქნა ტრადიციული მეთოდები.

imageimage

0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დევნოზაშვილი5
ნინო დევნოზაშვილი5
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0