x
image
თუთიკო ბერძენა
რუსეთი არის განწირული, ცივილიზაციისაგან გარიყული და საბოლოოდ ავტორიტეტდაკარგული "დერჟავა"
საქართველოს არცთუ შორეულ წარსულში ახსოვს რუსეთ-საქართველოს ომი, სისხლი, უთავო ცხედრები, კიდურებმოგლეჯილი ახალგაზრდები, აკივლებული შვილები და მშობლები, ქაოსი და შიმშილი.
image
ახლა კი ევროპის შუაგულში დატრიალდა გენოციდი, მაგრამ მოვლენებმა უკრაინის მაგალითზე დაგვანახა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს ბედკრულ სამშობლოს გახრწნილი რუსეთისაგან საბოლოოდ მოგლეჯდა.
გმირი ერია უკრაინელები – ზეგმირიც, მაგრამ ქეთევან წამებულის, დიმიტრი თავდადებულის, ბერი თევდორეს, არაგველების, ხერხეულიძეების, ასი ათასი მოწამის, ექვთიმე ღვთისკაცის, ანწუხელიძისა და შინდისის ბიჭების ქვეყანა რამ უნდა გააოცოს..
მაგრამ დადგა დრო, როცა ქართველმა საკუთარ თავში უნდა დააძინოს ლომი და გავაღვიძოთ მელა.
საბჭოთა კავშირი ამერიკამ სწორედ ასეთი მელაკუდობით დააგნგრია - ეს მონსტრი "სვერხდეჟავა".
რატომ არ დაკეტა ნატომ ცა უკრაინის თავზე, არ გადადგა ეს სასიცოცხლო ნაბიჯი?რატომაა გატრუნული გაიძვერა გიგანტი ჩინეთი, რამ დაადუმა? ცხადია, იცდის. ვერავინ დაეტოლება მას დღეს ტექნოსამყაროში. აი, ტერიტორია კი უჭირს და უარს ნამდვილად არ იტყვის მიკნავებული რუსეთის ეკონომიკურად, ომის გარეშე შთანთქმაზე. ამას ითხოვს ახლანდელი მსოფლიო წესრიგი.
მცირე ერებმა კი ამ დროს ჯიშის გადარჩენაზე უნდა იფიქრონ. ეს არაა სილაჩრე. უკრაინას, ამ 45 მილიონიან ერს ფიზიკური განადგურება არ ემუქრება, ჩვენ - კი.
ევროკავშირი გვინდა, დიდებულია. დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრაციას რა სჯობს, მაგრამ მასში შესვლა ომის დროს არაა გარანტი ერის ფიზიკური გადარჩენის, მხოლოდ ეკონომიური დახმარება თუ იქნება.
სინდისს გვილახავს ისიც, რომ უკრაინის გმირი ხალხი უკვე მერამდენე დღეა, უძლებს ბოროტ ვეშაპს, ჩვენ კი "მონებად ვქცეულვართ". თუმცა ომი მიმდინარეობს ევროპის უდიდეს ტერიტორიაზე, რომლის ადვილად დაპყრობაც თითქმის შეუძლებელია. უკრაინის გმირებს სამშობლოს ტერიტორიული სიდიდეც ეხმარება. ამასთან, რომ გადავხედოთ, რა ქვეყნები ესაზღვრება მას, აღმოჩნდება, რომ მთელი ნატო-ს ქვეყნები ჰყავს სამეზობლო. ჩვენ კი რა ტერიტორია დაგვრჩა დღეს, ვინ გვესაზღვრება, ვის გარემოცვაში ვიმყოფებით, რომელ ზღვაში გადავხტეთ – პონტოს აქსინოსში თუ პონტოს ევქსინოსში?
ყველა ის ქართველი, ვინც დღეს უკრაინაშია და იბრძვის იარაღით თუ საქმით, ღირსეული მამულიშვილია და გვეამაყება.
თუმცა ცხრაასი წელია მივტირით მსოფლიო მნიშვნელობის დიდგორს, თუმცა ჩვენი პირადი და შიდა ეროვნული დიდგორი ვერ მოგვიგია.

იმედი რაშია? ალბათ იმაში, რომ იმპერიას უკვე დაწყებული აქვს შიგნიდან ლპობა და ეს ლპობა შეუქცევადია. რუსეთი არის განწირული, ცივილიზაციისაგან გარიყული და საბოლოოდ ავტორიტეტდაკარგული "დერჟავა". იგი ჩინეთის ლუკმა გახდება ბოლოს. რუსეთი თიხისფეხებიანი მამონტია, რომელსაც ფეხები ეტაპობრივად მოემსხვრევა. ძალიან მძლავრი იქნება მისი დანარცხებით გამოწვეული ტალღა, განსაკუთრებით მცირე ქვეყნებისათვის – მისი მეზობლებისათვის.

ალბათ, ჩვენც შემოგვესევიან რუსები თავიანთი ქვეყნიდან გადმოხვეწილები, აქართველოში ცხოვრების მსურველები, მაგრამ რითი უნდა შეჩერდეს ეს პროცესი? ალბათ, გამოჩნდება ამის წამალიც.
0
351
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0