ტყის ინვენტარიზაცია აქტიურად გრძელდება. დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნებზე გასულ წელს 19 326.0 ჰა ტყის მასივზე ტყის მართვის გეგმები მომზადდა, რომლებიც მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. დედოფლისწყარო იმ მუნიციპალიტეტებს შორისაა, სადაც ტყეების აღწერა პირველივე ეტაპზე მოხდა. ასეთი სულ რამდენიმე რაიონია. დანარჩენ ტერიტორიებზე პროცესი გრძელდება. სამინისტროს ცნობით, დღეისათვის განახლებულია ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია; მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები, სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, ჯამში, 232 316.0 ჰა ფართობისთვის.
საქართველოში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის მასალები 1997 წლით თარიღდებოდა. ინვენტარიზაციის სამუშაოები ქვეყანაში 2013 წლიდან აღდგა. 2013 წლამდე, ტყის ინვენტარიზაცია მართვის გეგმების შედგენისა და სატყეო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით არ განხორციელებულა.
ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების უწყვეტად განხორციელების და სატყეო სექტორში ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ახალგაზრდა მეტყევეებისთვის 3 თვიანი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა. 2019 წელს გადამზადდა და ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდა 16 ახალგაზრდა, 2020 წელს - 21, ხოლო 2021 წელს - 8. როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, ახალგაზრდა კადრების მოძიება, გადამზადება და დასაქმება ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება.
დეოფლისწყაროში მცხოვრები გოდერძი აბულაშვილი იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებიც სამინისტრომ გადაამზადა, ეროვნულ სატყეო სააგენტოში დაასაქმა და ინვენტარიზაციის პროცესში ჩართო. აბულაშვილი ამბობს, რომ ეს მისთვის სასიამოვნო და იმავდროულად ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეა.
გოდერძი აბულაშვილი: „ტექნიკურ უნივერსიტეტში სატყეო პროფესია დავამთავრე. 2019 წლიდან უშუალოდ სატყეო დეპარტამენტში გადამზადება გავიარე და 3 წელია ინვენტარიზაციაში ვარ ჩართული. მეტყევე ტაქსატორი ვარ. ანუ, ვაწარმოებ ტყის ტაქსაციური მაჩვენებლების მიხედვით აღწერას სხვადასხვა რეგიონში, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, მინდა კონკრეტულად დედოფლისწყაროში ვმუშაობდე. ინვენტარიზაციაზე რა თქმა უნდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მე ვიმუშავე. მას მეზობელი ტერიტორიებიც შეუერთდა და ისიც მე აღვწერე. საველე სამუშაოები შარშან დასრულდა.
- რატომ მეტყევის პროფესია?
- ზოგადად, ბუნება ძალიან მიყვარს, ამიტომაც, გადავწყვიტე პროფესიად ეს სფერო ამერჩია. მიმაჩნია, რომ პერსპექტიული საქმეა. ამ პროფესიას ბევრი მსურველი არ ჰყავს, არადა ეს ძალიან საჭირო საქმეა ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან სუფთა საქმეა, ბუნებასთან ყოველდღიური ურთიერთობა სასიამოვნოა, ტყეზე ზრუნვა ეროვნული საქმეა. როდესაც ტყეში ყოველდღიურად 15 კილომეტრს გადიხარ და სათითაო კუთხეს აღწერ, უდაოდ დიდ გამოცდილებას იძენ.
- რა სურათს აჩვენებს ინვენტარიზაციის შედეგები?
- საშინელი მდომარეობაა ტყეში!! ბრაკონიერებს ვერაფრით აჩერებენ. მოქალაქეებს ე.წ. „დრუჟბა“ სინდისზე წინ აქვთ გაშვებული. ტყეს ისეთი სისასტიკით ანადგურებენ, შეიძლება იტირო!... განსაკუთრებით სოციალური ჭრები. აღდგენითი და მოვლის სამუშაოები რა თქმა უნდა ხორციელდება, ნერგების შერგვა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ტყე არის რესურსი, რომელიც უნდა ავითვისოთ შესაბამისი წესების დაცვით. ამას ემსახურება ტყეთმოწყობა, ანუ ტყის რესურსის ათვისება ტყის ფართობის შემცირების გარეშე. სწორედ ამას ემსასურება ჩვენი პროფესია. სწორად ჭრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
- ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს საკუთარი ტყეკაფი არ აქვს, ათეულობით წელია ჩვენთან აღარც ტყის მასშტაბური გაშენება მომხდარა...
- დედოფლისწყაროში ისედაც ცოტა ტყე იყო. 90-იანი წლების შემდეგ ტყე გაჩეხილია უფროსი თაობის მიერ და რეალურად ახლა რაც სახეზე გვაქვს, არის ძველი ტყის ნარჩენი, რომელიც ნელი ტემპით, ისევ თავის პირვანდელ სახეს უბრუნდება. მაგრამ, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არ აცლიან რაიონის ბრაკონიერები აღდგენას, ხე-მცენარეებს ხელახლა ჩეხავენ. კლიმატიდან, ექსპოზიციიდან და ზღვის დონიდან გამომდინარე საკმაოდ მრავალფეროვანი ტყე გვქონდა, რომელს დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ მუხა და იფანი ახლა კი უდიერად, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე მიდის ჩეხვა. გაჩეხილ ნატყევარზე ჯაგრცხილა ბატონობს, “ - ამბობს გოდერძი აბულაშვილი.
.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის აუცილებელი პირობაა. ინვენტარიზაციის საფუძველზე ხდება ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება. აღსანიშნავია, რომ ტყის ინვენტარიზაციის სარევიზიო პერიოდი 10 წელია.
.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის პროცესის დიდი ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა, ამდენად მისთვის წინასწარ რთულია იმის თქმა, რა სურათს მივიღებთ აღწერის პროცესის დასრულების შემდეგ და ჯამში რა გავლენა ექნება მრავალწლიან ჩეხვას საქართველოს ტყეებზე.
.
„ინვენტარიზაცია არ დასრულებულა სრულად და ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიის 30%-მდეა აღრიცხული. ეს კი საერთო შთაბეჭდილების შექმნის, ან შეფასების საშუალებას არ გვაძლევს. თანაც, მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ტყის ინვენტარიზაციის ამოცანა უკაკონო ჭრის დადგენაა არაა, მაგრამ ცხადია სურათს ტყის მდგომარეობაზე ნამდვილად იძლევა. ინვენტარიზაცია გაჩეხვასთან ერთად დაადგენს იმასაც, რამდენად ჯანსაღია ის ხეები, რომელიც არ მოჭრილა. ამიტომ გირჩევთ, სამომავლოდ იმ მუნიციპალიტეტების მაგალითზე მოითხოვოთ მონაცემები, სადაც ბოლო წლებში ჩატარდა ინვენტარიზაცია, “ - აღნიშნავს ამირგულაშვილი.
.
„კლიმატის ცვლილება მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა; შესაბამისად, აუცილებელია, ყველა სექტორში არსებობდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისაკენ მიმართული ღონისძიებები, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ განხილვის დროს ქ. თელავში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
.
აღნიშნულ 7 წლიან პროექტს საქართველოს მთავრობა დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განახორციელებს. ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება პროექტის მნიშვნელობასა და 7 წლის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებზე გაამახვილა.
.
„საქართველო გაერთიანებულია თითქმის ყველა იმ საერთაშორისო შეთანხმებასა თუ კონვენციაში, რომლებიც მიმართულია კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციისაკენ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ სრულყოფილად უზრუნველვყოთ აღებული ვალდებულებების შესრულება და განვახორციელოთ იმგვარი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას არამარტო ეროვნულ, არამედ გლობალურ დონეზეც“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
.
პროექტის უპრეცედენტო მოცულობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა ქვეყანას დაეხმარება ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაში, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას, გაძლიერდება და გაუმჯობესდება ტყისა და ტყის რესურსების კონტროლი და გაიზრდება ზედამხედველობის შესაძლებლობები, ასევე, გაუმჯობესდება ტყის ეკოსისტემების დაცვა და მდგრადი სარგებლობა, ტყეების მონიტორინგი და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. პროექტის განხორციელების ფარგლებში, დასაქმდება ათეულობით ადამიანი.
.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ გამოყოფილია 33 მლნ ევროს ოდენობის გრანტი; პროექტის განხორციელებისთვის 10 მილიონი ევროს კონტრიბუციას განახორციელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო შვეიცარიის კონფედერაციის დახმარება 4 მილიონი ევროა; ჯამში, გრანტის სახით გამოყოფილი თანხა 47 მილიონ ევროს შეადგენს.
.
პროექტის განხილვაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, GCF-ის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოების, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრები, ეტაპობრივად, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.