კონფლიქტები ლავროვმა უკრაინაში შეჭრის საბოლოო მიზანი დაასახელა და დააანონსა ომის მორიგი ფაზა 2022, 19 აპრილი, 19:48 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი არ შეცვლის უკრაინაში რეჟიმს და არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის "სპეცოპერაციის" შემდეგი ეტაპი იწყება. ის დარწმუნებულია, რომ "ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი". ლავროვმა საკუთარი აზრი India Today-თან ინტერვიუში გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანი, რაც უკრაინაში ხდება, არის დონეცკის და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების გათავისუფლება. ამასთან, რუსეთი, მისი თქმით, არ აპირებს უკრაინაში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას; უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ „როგორ უნდათ ცხოვრება“. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ მოსკოვს სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ ეღიარებინა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ამ ტერიტორიებზე ატეხილი სროლების შემდეგ. თავად უკრაინა, მისი თქმით, გახდა „ნატოს პლაცდარმი“, თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს. "მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღი", - თქვა ლავროვმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არც კი განიხილავს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. უკრაინაში "სპეცოპერაციის" დაწყების მიზეზად ლავროვმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების თვითკმაყოფილება დაასახელა. ”ჩვენი დასავლელი კოლეგები შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საკუთარ თავს გამარჯვებულებს უწოდებდნენ და საბჭოთა და რუსეთის ხელმძღვანელობისადმი მიცემული პირობის დარღვევით, "ნატოს" აღმოსავლეთისკენ გაფართოვება დაიწყეს”, - თქვა დიპლომატმა. ლავროვმა აღნიშნა, რომ "ნატო" დაჟინებით ამტკიცებს, ეს თავის თავდაცვითი ღონისძიებააო, მაგრამ ლავროვის თქმით, ეს მხოლოდ ნატოსა და ვარშავის პაქტის არსებობის დროს იყო აქტუალური. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მოვლენა, რაც ხდება შეერთებული შტატებისა და დასავლეთის პოლიტიკასთან არის კავშირში, ასევე მათ სურვილთან, იყვნენ მსოფლიოში დომინანტები. 1554 2-ს მოსწონს
|