პოეზია "ამ ვიწრო ქუჩაში კომუნიზმი ვერ შემოეტევა!" - მუხრან მაჭავარიანი 2022, 12 აპრილი, 15:19
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტის, მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება უხვადაა გაჯერებელი პატრიოტული ლირიკით, ქართული ენის თუ წინაპართა დიდებით, თუმცა არის კიდევ ერთი არა ნაკლებ მნიშვნელოვანი შტრიხი მის შემოქმედებაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარე. დღეს 12 აპრილს, დიდი პოეტის დაბადების დღეს, სწორედ ან კუთხით წარმოგიდგენთ მის საუკეთესო ნიმუშებს:
კაცი ხარ მაშინ, თავზე ქუდის მაშინ ხარ ღირსი, როდესაც იცი, ზედმიწევნით როდესაც იცი: რა არ უნდა თქვა, რა უნდა თქვა, როგორ უნდა თქვა, სად არ უნდა თქვა, სად უნდა თქვა, რატომ უნდა თქვა. ცხრა თვალი გმართებს, ცხრა ყური გმართებს, – ნათქვამი შენი, ვითარცა სხვათა, – არ გახდეს, რათა სხვების და სხვების “გულისხმიერი” განხილვის მსხვერპლი. დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი, ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი და ხანაც კევრი, ვხედავ - რეგვენი ლაპარაკობს ამაყად, მძიმედ და მე შენ გეტყვი - უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე. კაცი თუ ქალი, ეჯიბრება იმაში ურთერთს სიტყვის და საქმის დაცილებას ვინ შესძლებს უკეთ; გზადაგზა მხვდება კმაყოფილი სიფათი რეგვნის, ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს ამაოდ ლეღვნი... დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი: ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი! ვაი, ჩვენს პატრონს! ჩვენი ყოფის თავი და ბოლო ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ თავმჯდომარე ორატორებს უხმობს სიით და... გარეშე ყოველგვარი ხათრის, - განსწავლულის (ეს რა ვნახე) პრეტენზიით, - ტრიბუნაზე უწიგნური ადის. თავმჯდომარე ორატორებს უხმობს სიით და... გარეშე ცეროდენა ხათრის, - პატრიოტის (ვიღუპებით!) პრეტენზიით, - ტრიბუნაზე უცხო თესლი ადის. თავმჯდომარე ორატორებს უხმობს სიით და... ტყუილში ქურციკივით მარდი, - ქველმოქმედის (დავიღუპეთ!) პრეტენზიით, - ტრიბუნაზე მატრაბაზი ადის. და... გექნებათ შენიშნული, ალბათ, - ჩაწყობანი როცა ხდება კარტის, - ზოგიერთი, ვინც ვერ უძლებს ამას, - დარბაზიდან ფეხაკრეფით გადის. კაცი რომ კაცად არ გვსურდა გვეცნო, რომ გავურბოდით ქვეყნის შენებას, რომ გვაბრმავებდა მიზნები კერძო, თავი რომ ყველას მეფედ გვენება, - ოტიავ ჩემო და ჩემო რეზოვ, - ამან რაც გვიყო, - მოგეხსენებათ. ღირსებას სხვისას კვლავაც რომ ვერ ვგრძნობთ, ძმას ცოცხალს საფლავს რომ ვუთხრით ახლაც, სამშობლოს ჩვენი რომ გვიჯობს ეზო, რეგვენი თუა, - ის რომ გვსურს მაღლა, - ოტიავ ჩემო და ჩემო რეზოვ, - ეს გზა რას გვიზამს, - იმასაც ნახავთ პროვინციელნი კამათობენ ბრუსონეციასთან;
აკაკი წერეთელს ადრიან ჭავჭავაძე ილიას.
კამათია:
ამ ორში ვინ იყო ძლიერი!
- აკაკი წერეთელი მოწოდებით იყო პოეტი! -
ირწმუნება
ხორბლისფერი პროვინციელი.
ქალაქელი სტუდენტები
ლანზღანდარობენ მწვანე ჭერამთან:
ხვავდება ჭორები...
ახსენებენ ბოდლერს,
არტურ რემბოს,
სწამებენ გალაკტიონ ტაბიძეს
ფრანგული პოეზიის გადმოქართულებას.
ფილოსოფიური ფაკულტეტის სტუდენტი -
გრძელი თმებით, -
ირონიულად შეჰყურებს მოკამათე ამხანაგებს -
გაწიწმარიტებულთ.
- კანტი,
სპინოზა,
პლატონი,
სოკრატე -
ისმის,
მოკამათენი სცემენ ბოლთას.
ფეხებს ტალახს არიდებენ.
გადაღმა ვარაზის ხევის -
ფერდობზე საქმიანობს ღორი.
საბრალოდ გამოიყურება ნანგრევი ციხის, -
ბარათაანთი,
ან ამილახორის.
ქალიშვილები - მაღალი შლაპებით,
დიდრონი რედიკულებით -
მწვანედ შეღებილ მერხებზე სხედან.
ცხადია:
„დასავლეთ ევროპის ფაკულტეტიდან“ - ყველა.
ქერა, ხორციანი,
თაფლოვანი თვალებით - მეტყველით,
ხარბად უსმენს შავგვრემანს.
- მარიკა როკი,
დინა დურბინა,
მერი პიკფორდი -
ლაპარაკობს შავგვრემანი.
გადაღმა ვარაზის ხევის -
ფერდობზე საქმიანობს ღორი.
საბრალოდ გამოიყურება ნანგრევი ციხის, -
ბარათაანთი,
ან ამილახორის.
და ბოლოს ერთადერთი ლექსი მუხრანის შემოქმედებაში, რომელმაც სისტემას "მიუძღვნა", აშკარად, შეფარულად ორაზროვანი და დამცინავი: ამ ვიწრო ქუჩაში კომუნიზმი ვერ შემოეტევა! - სახლებმაც იფიქრეს და სახლის პატრონებმაც. ქუჩის დასაწყისთან მოდგა კომუნიზმი, - ელვის უსწრაფესად ქუჩები ფართოვდება.. 661 3-ს მოსწონს
|