x
image
თეონა გორდეზიანი
რა უშლის ხელს ბავშვის სიმაღლეში ზრდას და რა უნდა იცოდეს მშობელმა?

როგორ იცვლება ბავშვის ზრდის ტემპი ასაკის მიხედვით, რით არის გამოწვეული ზრდის პრობლემები და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები, რამდენად არის სიმსუქნე და წონის დეფიციტი ენდოკრინული პრობლემა - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ენდოკრინოლოგი ნატა იმედაშვილი საუბრობს.

image

ბავშვის ორგანიზმი მოზრდილისგან იმით განსხვავდება, რომ იგი განუწყვეტლივ იზრდება და ვითარდება. ზრდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან იწყება და სქესობრივი მომწიფების დასასრულს მთავრდება. ბავშვის სიმაღლის ზრდის ინტენსივობა და მისი საბოლოო დონე დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია ენდოკრინულ სისტემასთან. ზრდის პროცესში მონაწილეობს ჰორმონთა მთელიგუნდი (ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო, კალციუმის მარეგულირებელი ჰორმონი). თითოეულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. გარდა გენეტიკური და ენდოკრინული ფაქტორებისა ზრდაში დიდ როლს ასრულებს გარემო პირობები: კვება, კლიმატი, წელიწადის დრო, ფიზიკური აქტივობა, სოციალური პირობები და სხვა.

ზრდის ტემპი განსაკუთრებით მაღალია მუცლადყოფნის პერიოდში. დაბადების შემდგომ ტემპი ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით მცირდება. პირველი წლის განმავლობაში ახალშობილი საშუალოდ 25 სმ-ს იმატებს. წლის პირველ მეოთხედში სიგრძის ნამატი ყოველთვიურად არის 3 სმ, მეორე მეოთხედში - 2, 5 სმ. მესამე მეოთხედში - 2 სმ. და მეოთხე მეთხედში - 1 სმ. 1 წლის მერე ზრდის ტემპი უფრო ნელდება. ახალშობილი თავდაპირველ სიგრძეს 4 წლის ასაკში აორმაგებს და 12 წლის ასაკში ასამმაგებს.


ზრდის პრობლემები, კერძოდ ტანდაბლობა შეიძლება იყოს როგორც ენდოკრინული გენეზის, ასევე არაენდოკრინული. ენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული ტანდაბლობა მხოლოდ 3-4%-ს შეადგენს. მიზეზი შეიძლება იყოს ზრდის ჰორმონის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე. გარდა ამისა, ტანდაბლობის გამომწვევი შეიძლება იყოს გენეტიკური სინდრომები, როგორიცაა: ტერნერის სინდრომი, რასელ-სილვერის სინდრომი, პრადერ-ვილის სინდრომი და სხვა. რაც შეეხება არაენდოკრინული გენეზის ტანდაბლობას, მათ მიეკუთვნება: ზრდისა და სქესობრივი მომწიფების შეფერხების კონსტიტუციური ფორმები და ოჯახური ტანდაბლობა, რომელთა გავრცელება ტანდაბალ ბავშვთა შორის 40%-მდე აღწევს. ასევე ტანდაბლობა შეიძლება განვითარდეს სომატური დაავადებებისა და ფსიქოემოციური სტრესის ფონზე.
რაც შეეხება ტანმაღლობას, ექიმთან მიმართვის გაცილებით იშვიათი მიზეზია და არ აღიქმება ისე მწვავედ, როგორც ტანდაბლობა. ტანმაღლობის მიზეზი შეიძლება იყოს: ოჯახური ტანდაბლობა (რომელიც არ შეიძლება პათოლოგიად ჩაითვალოს), სინდრომები (კლაინფელტერის, მარფანის, სოტოსის, ჰომოცისტინურია და სხვა) და ენდოკრინული დარღვევები (ზრდის ჰორმონის სიჭარბე, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, ჰიპერთირეოზი, ჰიპოგონადიზმი).


ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს ადექვატური. კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა და ასევე შვედური კედელი ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას, ხოლო ძლიერი ფიზიკური დატვირთვა პირიქით, თრგუნავს მას.
გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. აუცილებელია, კვების რაციონი მდიდარი იყოს ცოცხალი ბოსტნეულითა და ხილით, რძის პროდუქტებით, თევზით, ხორცით. სასურველია რაციონიდან გამოირიცხოს შაქრის შემცველი პროდუქტები, რომელსაც დამთრგუნველი ეფექტი გააჩნია ზრდის ჰორმონზე. აუცილებელია საკვების მიღებასა და ძილს შორის ინტერვალის გაკეთება (>3სთ). დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს, რადგან ზრდის ჰორმონი სწორედ ძილში გამომუშავდება.


0
194
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0