საზოგადოება ექვთიმე თაყაიშვილის გამონათქვამები 2022, 1 აპრილი, 12:03
იხილეთ ექვთიმე თაყაიშვილის გამონათქვამები:
1."ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე."
2."სხვა სოის და გუჯაბის ვართ გურულები, ზედმეტად გულღიები და პირდაპირები ვართ." 3."თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და ამას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიაში, საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და რაც მთავარია დაცვა." 4."ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია, ის ჩვენი ყველას მტერია და ამათ უფლებას ვერ მივსცემთ ილაშქრონ ჩვენს წინააღმდეგ...ვინც ჩვენ დამოუკიდებლობას ძირს უთხრის, უსათუოდ მის წინააღმდეგ უნდა იქნეს ზომები მიღებული." 5."ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან... ამ საქმეს ვემსახურებოდი თითქმის სრული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში და, მიუხედავად მრავალგვარი გასაჭირისა და იმოდენა ხნის უსიხარულო ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმილისა, შემიძია ვთქვა, რომ პირნათლად შევასრულე ეს ჩემი მოვალეობა მშობელი ერის წინაშე." 6."უცხოობაში ძალიან შემიფერხდა საკვლევაძიებო საქმიანობა. მე იქ მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვაქვეყნე თან წაღებული მასალისა და ჩანაწერებისა ... იმედი მაქვს, რომ ორიოდე წლის სიცოცხლეს, რომელიც დამრჩენია ... მოვახმარ ჩემზე დარჩენილი ვალის ბოლომდე მოხდას, — ვეცდები, აღარც ერთი ჩემ ხელთ მყოფი თუ ჩემ მიერ დათვალიერებული ძეგლი აღარ დამრჩეს გამოუცემელი; მით უმეტეს რომ ბევრი მათგანი უკვე იმსხვერპლა ბუნების ძალებმა, დრომა თუ არევ-დარევამ." 7."გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად, რაც შეიძლებოდა მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის. ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს საქმედ მაშინ — იმ რწმენით, რომ, როდესაც ასეთი მასალა საკმაოდ დაგროვდებოდა, გამოჩნდებოდნენ ჩვენში მეცნიერები, რომლებიც ჯეროვნად შეგვიდგენდნენ საქართველოს ისტორიას, გაგვიშუქებდნენ იმ მართლაც და, გადაუჭარბებლივ, დიად კულტურას, რომელსაც ქართველმა ერმა მიაღწია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში." 135 1-ს მოსწონს
|