x
მეტი
  • 14.01.2025
  • სტატია:139386
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512693
ერთი ფოტო...

...შავ-თეთრ ფოტოზე მარტო დგას-ბიძაჩემი-ოდნავ დაბლა დახრილი თავით და მორიდებული ღიმილით...ასე, 6-7 წლის იქნება...მინდორზე, ფეხებთან, ხმელი ფოთლები ყრია...უკან დიდი ხეები დგანან...

ბიბლიური წინამძღოლის-მოსეს წყალობით ეგვიპტური ტყვეობიდან გამოსულ და სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებს საუკუნეების მერე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი რომ დაატყდა თავს და მეორედ გამოყარა საკუთარი მიწა-წყლიდან ეს საოცარი ხალხი, იმ დროიდან მოყოლებული, მთელ მსოფლიოში გაფანტული სემიტების ერთი ნაკადის-საქართველოში მოსული ებრაელების (სხვათა შორის, ეს ერთადერთი ხალხია დედამიწის ზურგზე, რომელიც სრულიად გულწრფელად უარყოფს საყოველთაოდ გაზიარებულ მარტივ ჭეშმარიტებას-რომ სამშობლო, დედასავით, ერთი აქვს ადამიანს. ქართველი ებრაელები ამბობენ, რომ ერთადერთი მხოლოდ დედაა, სამშობლო.კი მათ ორი აქვთ-ისრაელი და საქართველო...დევნილ ებრაელთაგან ყველაზე კარგად ქართველმა ებრაელებმა იგრძნეს თავი-საქართველომ ისინი ისე მიიღო, როგორც სამშობლომ...)შთამომავალი-კულაშელი დათიკო შემოდგომის ერთ ადრიან დილას დედაჩემის სოფელში გამოჩენილა, ფოტოაპარატით მხარზე...
იმის გამო, რომ ქალები და უფროსი შვილები- ისევე, როგორც ბებიაჩემი და ჩემი ორი დეიდა-სამუშაოდ იყვნენ წასული, დათიკოს მხოლოდ სოფლის ხანდაზმულებთან და ბავშვებთან მოუხერხებია შეხვედრა...ამ ბავშვებს ტყუპისცალებივით აერთიანებდათ სევდაჩამდგარი თვალები და უმამობა- არც ერთი მათგანის მამა დაბრუნებულა ცოცხალი მეორე მსოფლიო ომიდან...
არ ვიცი, რა კომერციული ჩანაფიქრით მივიდა დათიკო დედაჩემის სოფელში, მაგრამ ებრაული გამჭრიახობის წყალობით გამოსავალი უპოვნია-მარტივად შემდგარა სიტყვიერი კონტრაქტი დათიკოსა და ბავშვებს შორის-ოთხი კილოგრამი წაბლის სანაცვლოდ ერთი ფოტოსურათის გადაღება...ის დრო ყოფილა, წაბლის ნაყოფები ეკლებიანი ციხესიმაგრეებივით ბუდეებს რომ ტოვებენ...
ვისაც სახლში ეგულებოდა შეგროვებული წაბლი, რა უჭირდა, ვისაც არა-ნაშუადღევს ჩამოვივლიო, დათიკოს უთქვამს...დედაჩემი, სახლისა და წლინახევრით უმცროსი ძმის პატრონობა რომ ებარა, ან ფოტოსურათის გარეშე უნდა დარჩენილიყო, ან თვითონ უნდა შეეგროვებინა წაბლი...
ორგვარი შიში მჭამდაო, დედამ-ერთი- ჩვეულებრივი, ტყეში მარტო სიარულის შიში, დიდი თვალები რომ აქვს და ყველა ხის უკნიდან იყურება, მეორე-დედას რომ მოესწროო უპატრონოდ დატოვებულ სახლში...
არ ვიცი, ვერც მომიყვებოდა, რომელ ხესთან გაუსწორა პატარა დედაჩემმა იმ შიშს თვალები, ან რამდენჯერ აუჩქარდა სიხარულით გული წაბლის დანახვისას, მაგრამ ნაშუადღევს ჩაუბარებია დათიკოსთვის ის წაბლი...
...მიყვება ამ ამბავს დედა, ცხადია, მანამდე, სანამ ინსულტი ლექსიკონს შეუცვლის, დიდი სევდა უდგება ლამაზ თვალებში და მზერა ფანჯრის მიღმა, შორს აქვს მიპყრობილი...მე ხმას ვერ ვიღებ, სანამ ყელში გაჩხერილ ბურთს გადავყლაპავ და ვერც მერე, კარგა ხანს...მინდა ვკითხო, თვითონაც რატომ არ დგას ძმის გვერდით...როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გრძნობს-რა მაქვს სათქმელი და შესაკითხი და ცოტათი მასწრებს-იმის შიშით ვერ დავდექი სასურათედ, მეგონა, მეორე ოთხ კილო წაბლს მომთხოვდა დათიკო ებრაელიო...
აღარ დაეძებდა თავის თავს...
არ გვაქვს დედაჩემის ადრეული ბავშვობის ფოტო...
...ცხადია, მე ამ სურათზე ორ ადამიანს ვხედავ-ასე, 6-7 წლის ბიძაჩემს, ოდნავ დახრილი თავით და მორიდებული ღიმილით და იქვე, შორიახლოს მდგარ დედაჩემს-უკვე გამქრალი შიშით და ბედნიერი თვალებით-ერთადერთი ძმის სურათი თავისი პატარა ხელებით მოიპოვა-სამახსოვროდ...
დევს ახლა ეს შავ-თეთრი ფოტო ჩვენს საოჯახო ალბომში და ყოველი ნახვისას, ისე, რომ ჩემი ნებართვა არ სჭირდება, ერთს მაწყვეტს იმ ძაფებიდან, სოფლელები გულის ძაფებს რომ ვეძახით...
0
3
შეფასება არ არის
ავტორი:ციური ჩუბინიძე
ციური ჩუბინიძე
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0