საზოგადოება აი, რატომ მოკლეს სინამდვილეში ილია 2022, 22 თებერვალი, 13:05 1907 წლის 30 აგვისტო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა. წიწამური-საგურამოს გზაზე მოკლეს ადამიანი, ვისი ძალისხმევის გარეშე საქართველო ვერც დამოუკიდებლობას მოიპოვებდა და ვერც თანამედროვე ერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. მკვლელობა 1907 წლის 30 აგვისტოს მოხდა. მკვლელობის მიზანი არ ყოფილა არც ძარცვა და არც უკმაყოფილო გლეხობის შურისძიება. მკვლელობა განხორციელდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის დაკვეთით, მკვლელობის ორგანიზება კი სერგო ორჯონიკიძესა და ფილიპე მახარაძეს დაევალათ. სწორედ მათ გადაიბირეს ყაჩაღობასა და ტერორში შემჩნეული გლეხების ჯგუფი, თუმცა ვახტანგ გურული ამტკიცებს, რომ მკვლელობა არა ამ ჯგუფმა, არამედ მახარაძე-ორჯონიკის მიერ დაქირავებულმა ტერორისტმა განახორციელა. სოციალ-დემოკრატებს უნდოდათ 100 პროცენტიანი გარანტია, რომ ილია მოკვდებოდა. ხშირად ხდებოდა, რომ ფულს აიღებდნენ მკვლელები, მაგრამ ბოლოს გარბოდნენ. ილიას სიკვდილი დააფიქსირა დუშეთის მაზრის ექიმმა იაშვილმა, რომელმაც გვამის გაკვეთის შედეგად დაადგინა: „ მკერდზე მარჯვენა ძუძუსთან შიგნით მოხვედრილი ტყვია გასულა უკან მარცხენა ხელის იღლიასთან. ამ ტყვიას დაუფლეთია გული და მარცხენა ფილტვი. შუბლზე ოვალური ფორმის ჭრილობა ძვლამდე, სიღრმით 4 სანტიმეტრი. აქ ძვალი გამტვრეულია 1, 5 ვერშოკზე. მარჯვენა წარბზედაც ასეთივე ჭრილობა. პირველი ორი ჭრილობა სასიკვდილოა, მესამე - არა.“ თუმცა მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ილია ჭავჭავაძის სხეულში ტყვია არა მკერდიდან, არამედ ზურგის მხრიდან შევიდა. ვახტანგ გურული ნატყვიარის ანალიზის საფუძველზე ასკვნის: „შესვლის ადგილას ტყვიამ დატოვა წვრილი ხვრელი, დაახლოებით ნეკა თითის სიმსხო, ხოლო გამოსვლის ადგილს მკერდზე - ორი გოჯის სიდიდისა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გასროლა მოხდა ზურგის მხრიდან. ტყვია ვიწრო ხვრელს ტოვებს შესვლის ადგილზე, ხოლო სხეულიდან გამოსვლის ადგილს გამოგლეჯს.“ ვახტანგ გურულის თქმით, ტყეში დამალულმა მკვლელმა ილიას ზურგში მაშინ ესროლა, როცა ბერბიჭაშვილი და სხვა ყაჩაღები ილიას ერთგული ლაქიის იაკობ ბითარაშვილის დევნით იყვნენ დაკავებული. ამიტომ იყო, რომ ბერბიჭაშვილი სასამართლო პროცესზე ბოლომდე უარყოფდა ილიას მკვლელობას. გიგლა ბერბიჭაშვილთან ერთად თავდასხმაში ხუთი კაცი მონაწილეობდა. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გარდა, ილია ჭავჭავაძე ასევე მიუღებელი იყო რუსეთის იმპერიისთვისაც. სწორედ ილია ჭავჭავაძის იდეებითა და ძალისხმევით ერთიანდება საქართველო, რომელიც რუსეთის იმპერიაში თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად იყო დაშლილი. პროფესორ ლევან გიგინეიშვილის თქმით, ილიას მეცადინეობას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ აღმოიფხვრა კუთხური და სოციალური დაქუცმაცებულობა, გავრცელდა განათლება და შეიქმნა ახალი იდენტობა. ილიას ძალისხმევითვე მოხერხდა მონარქის ჩანაცვლება მამულით, ანუ მამულის ერთგულებით, შეიქმნა სამოქალაქო სივრცე გაზეთებისა და თეატრის სახით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ილია ჭავჭავაძის უმთავრეს დამსახურებად თანამედროვე სახელმწიფოს იდეის შემოტანასა და დამკვიდრებას მიიჩნევს. სწორედ ილია ჭავაჭავაძის საქმიანობა გახდა მისი მკვლელობის ძირითადი მიზეზი. 477 2-ს მოსწონს 1-ს არა
|