x
image
ქეთეონე
"ვიმოქმედებთ გეგმის მიხედვით" - პუტინი
image


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინასთან მიმართებაში "რუსეთი გეგმის მიხედვით იმოქმედებს".


გერმანიის კანცლერთან, ოლეფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა, რა მოხდება მომდევნო კვირებში, გააგრძელებს რუსეთი ჯარების უკან გაყვანას, თუ შეიჭრება ის უკრაინაში.


"პირველ რიგში, როგორ იმოქმედებს რუსეთი - გეგმის მიხედვით. რა იქნება ეს გეგმა? დამოკიდებულია ადგილზე არსებულ სიტუაციაზე. ვინ შეძლებს ამაზე პასუხის გაცემას, ვერავინ. ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული, თუმცა ვეცდებით ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებას მივაღწიოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ დიპლომატიური გზით გადასაჭრელად წამოვაყენეთ", - თქვა პუტინმა.



გარდა ამისა, პუტინის თქმით, 30 წელზე მეტია ამბობდნენ, რომ NATO არ გაფართოვდებოდა, თუმცა ბოლო დღეებში მან ნატოს ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვართან დაინახა.


"ჩვენ კვლავ გვესმის, რომ უკრაინა NATO-ში შესასვლელად მზად არ არის, ეს ჩვენ ვიცით და ამბობენ, რომ მას ხვალ არ მიიღებენ, მიიღებენ მას შემდეგ რაც მას ამისთვის მოამზადებენ? მაგრამ ეს ჩვენთვის შესაძლოა დაგვიანებული იყოს. საჭიროა, რომ ეს საკითხები ახლა გადაწყდეს, მოლაპარაკებების გზით", - თქვა მან.


რუსეთში აცხადებენ, რომ ბელარუსში წვრთნების შემდეგ, სამხედროების ნაწილის გაყვანას იწყებენ, თუმცა NATO-ს გენმდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის საზღვართან რუსული სამხედროების შემცირების ნიშანი არ ჩანს.


14 თებერვალს გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა. მისი ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 16 თებერვალს შეიჭრას.


მანამდე, 11 თებერვალს აშშ-მა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, "ნებისმიერ დღეს" შეიჭრას. რამდენიმე ქვეყანამ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და საელჩოებში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა.


რა ხდება უკრაინაში?


უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.


რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.


2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.


მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.


იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.


0
388
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0