x
image
თეონა გორდეზიანი
გრძნობები... ემოციები, რომელიც ყველას ერთ ადამიანთან გვაკავშირებს.
image
და როცა სიზმრებს შუაზე ვკეცავ
როდესაც ფიქრებს სუნი აქვთ დილის,
ოთახში ჩუმად შემოდის დედა
თავზე ხელს მადებს და უცებ მიდის...
თვალწინ ჩაირბენს ჩემი ბავშვობა,
არ ვიცი რატომ მერევა ცრემლი
მე ხომ ყოველდღე მასთან ახლოს ვარ
იქნებ დღითიდღე ნაბიჯით ვცდები.
ვდგები, ვლოცულობ, დიდება უფალს
და თვალს ვაპარებ დედა ღვთისმშობელს,
ვაი თუ მანაც ჩამთვალოს ურჩად
ვამბობ და წარსულ დღეებს ვიმოწმებ...
სდუმან დღეები, მორცხვად არიან
ანკი აწუხებთ სევდის სიმრავლე,
სალოცავიდან ისე გავდივარ
ყოველი მხრიდან დარდი მიმათრევს.
მისმინე დედა, ვიცი გული ბევრჯერ გატკინე,
რაც გავიზარდე, რაც აღარ ვარ შენი დათუნა,
თუმცა ხომ იცი, რამდენჯერაც წვიმას აპირებს
სულ შენ დაგეძებ როგორც ადრე,
რა დრო გასულა...
ყველაზე მეტად მენატრება შენი ზღაპრები
შენი რჩევები,
წაკითხული შენი ბიბლია,
შენი დუმილი და ის მზერა, მე რომ ვარჩევდი
მე ისევ იმ გზას ვუბრუნდები რითაც მივლია..
თუმცაღა ახლა სხვა ვალი მაქვს,
ნუ დაღონდები
ამ გზაზე ბევრი გაუგლიჯავთ დროის პირუტყვებს,
არავინ რჩება ბრძოლის ველზე და თუ მოვკვდებით
დაე იცოდე დედაჩემო, ბრძოლას ვაპირებ.
არ მინდა მცნობდნენ უსამშობლო კაცის იერით,
იქ ჩემი ლექსი მიერთგულებს, ვიცი მესიზმრა,
ვერ ავიტანე ვიღაც უცხო გადამთიელი
ძილი გაუტყდა საქართველოს დაღამებიდან.
ნუ გეშინია არავარ მარტო
მადლიან გზაზე ძმებიც მოდიან,
სიცოცხლეს ეძებს დღეს შენი დათო
თუ საჭიროა ფრთებსაც მოისხამს..
და სადღაც სიზმრებს შუაზე ვკეცავ
გაზაფხულია
დილაა მშვიდი,
უხმოდ შემოდის ოთახში დედა,
მე თითქოს მძინავს, მლოცავს და მიდის...
თვალწინს ჩამირბენს მთელი ბავშვობა
და იმთავითვე მერევა ცრემლი,
მე ხომ ყოველდღე მასთან ახლოს ვარ
ვიტყვი და წამსვე ცერებზე ვდგები.
ვდგები, ვლოცულობ, დიდება უფალს
კედელზე ვხედავ დედა ღვთისმშობელს,
სალოცავიდან გავდივარ მუნჯად
დანაშაულად წარსულს ვიმოწმებ.
ჩემო დედიკო, ვიცი გული ბევრჯერ გატკინე
სხვადასხვაგვარად აგირიე ნერვის ძაფები,
თუმცა ხომ ამჩნევ
რამდენჯერაც წვიმას აპირებს,
მე მხოლოდ შენთან, შენს კალთებთან მოვემართები
მგონი აკვანშიც უბედურის ერთი ვიყავი
დღეს დავითი ვარ, მხოლოდ შენთვის დავრჩი დათუნა,
თქვენ თავის დროზე გამომეცით ერთი ტირაჟით
ხედავ მას შემდეგ მეთვრამეტე წელი გასულა...
ყველაზე მეტად მენატრება შენი ზღაპრები,
შენი რჩევები,
წაკითხული შენი ბიბლია,
შენი ღიმილი, შენი მზერა, კიდევ რამდენი
მე ისევ იმ გზას ვუბრუნდები რითაც მივლია...
თუმცაღა ახლა სხვა ვალი მაქვს
დედა იცოდე
ამ გზაზე ბევრი გაუგლიჯავთ დროის პატიმრებს,
არავის ინდობს ბრძოლის ველი, და თუ მოვკვდებით
დაე იცოდე ჩემო კარგო, ბრძოლას ვაპირებ.
არ მინდა მცნობდნენ უსამშობლო კაცის იერით
მე ჩემი ლექსი მიერთგულებს, ვიცი მესიზმრა,
შემოგვეპარა ვიღაც უცხო გადამთიელი
ძილი გაუტყდა საქართველოს დაღამებიდან.
ჰოდა იცოდე დედაჩემო
ბრძოლას ვაპირებ,
რადგან არავინ საბოლოოდ აქ არ ბრუნდება,
და ვინც გაცდება წუთისოფლის მოკლე ნაპირებს
დაეუფლება უსასრულო თავისუფლებას!
დავით ფიფია
0
20
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0