x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ხუნძები – კავკასიის ავარიელები
image


დაღესტნის ხალხთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი ხუნძები არიან. 2002 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში 757 ათასი ხუნძი ცხოვრობდა. დაღესტანში 612, 6 ათასი ხუნძი იყო აღრიცხული, თუმცა ამ რაოდენობაში მათი მონათესავე რამდენიმე პატარა ხალხიცაა შეყვანილი.

1926 წ. აღწერით, 177, 2 ათასი ხუნძი მკვიდრობდა, 1989 წელს მათმა რაოდენობამ 491 ათასს გადააჭარბა. ასე რომ, 80 წლის განმავლობაში ხუნძთა დემოგრაფიული ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ხუნძები, გარდა დაღესტნისა, ცხოვრობენ აგრეთვე: ჩაჩნეთში, ყალმუხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში. ხუნძების განსახლების ძირითადი არეალია დასავლეთ დაღესტნის მთიანი რაიონები. მათი 68% დაღესტნის 22 რაიონის სოფლებში მკვიდრობს. ქალაქ მაჰაჭყალაში მოსახლეობის 21% ხუნძია, ყიზილიურტში, იუჟნო-სუხოკუმსკსა და ბუინაკსკში ისინი 43-52% არიან, ხასავიურტში, ყიზლარში და კასპიისკში _ 12-22%.

აზერბაიჯანში ხუნძები საქართველოს ისტორიულ პროვინციაში _ აღმოსავლეთ კახეთში (დღევანდელ საინგილოში) ცხოვრობენ. ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში მათი რაოდენობა 45 ათასი კაცის ფარგლებშია. არიან საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზეც (ყვარლის რაიონში დაახლ. 4, 2 ათასი). ხუნძები არა მხოლოდ რაოდენობით არიან მეტნი დაღესტნის სხვადასხვა ხალხებს შორის, არამედ მათ ამ მხარის ყველაზე დიდი ტერიტორიაც უკავიათ. ხუნძური ენის გავრცელების არეალი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ 170 კმ-ზეა განფენილი, ხოლო სიგანიერე დასავლეთიდან აღმოსავლეთით _ დაახლ. 70 კმ-ია.



ისტორიულად ხუნძებს დაღესტნის სამი მდინარის აუზი უკავიათ. ესენია: ავარიის ყოისუ, ანდის ყოისუ და ყარაყოისუ. 1940-1960 წლებში მაღალმთიანი რაიონებიდან ბარის რაიონებში (ყიზილიურტის, ხასავიურტის და ყიზლარის რაიონებში) 120 ათასი ხუნძი გადაასახლეს.

ხუნძების თვითსახელწოდებაა მაარულალ, რაც მთიელს ნიშნავს. რუსები ხუნძებს ავარიელებს უწოდებენ. ეს ეთნონიმი რუსებისაგან სხვა ხალხებშიც გავრცელდა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ხუნძებით დასახლებულ ტერიტორიას ავარიას და ამ ტერიტორიაზე მოსახლეთ ავარიელებს არავინ არ უწოდებდა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიტყვა “ავარია” დაკავშირებულია სერირის მეფე ავართან, რომელიც V ს-ში მეფობდა (ამის შესახებ ცნობა მოეპოვება Xს-ის არაბ ისტორიკოსს იბნ-რუს-ტას). დადგენილია, რომ ტერმინი “ავარი” არაა დაკავშირებული VI-IXსს-ის მომთაბარე თურქულენოვან ხალხთან ავარებთან. ხუნძახის სახანოს და მისი მოსახლეობის მიმართ “ავარიისა” და “ავარების” გამოყენება ძალიან გვიან დაიწყეს. ხუნძახის (ავარიის) ყოველ საზოგადოებას საკუთარი სახელწოდება ჰქონდა.

როგორც აღვნიშნეთ, მთელი ხალხის აღმნიშვნელი ენდოეთნონიმი მაარულალი იყო. XXს-ის დასაწყისამდე ამ ხალხის არც ერთი ადამიანი არ იტყოდა, რომ ის ავარიელია. 1950-იან წლებში ბევრმა მოხუცმა არც კი იცოდა რა არის “ავარიელი”.

ხუნძთა აღმნიშვნელი ქართული ეთნონიმი “ხუნძები” ერთ-ერთი დიდი სოფლისა და საზოგადოების სახელწოდებიდან _ ხუნძახიდან მომდინარეობს. მეზობელო ხალხები დაღესტნელ ხუნძებს სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებდნენ. დარგუელებისათვის ისინი “კარახან”-ები იყვნენ, ლაკებისათვის _ “იარუსა”, ყუმუხებისათვის _ “თავლულარ”, აზერბაიჯანელებისათვის _ “ლეზგილერ”, ჩაჩნებისათვის _ “ჯაი”. რაც შეეხება ქართველებს, ისინი ხუნძებთან ერთად ეთნონიმ ლეკსაც იყენებდნენ, თუმცა ის ქართულ ენაში არა მხოლოდ ხუნძებს, არამედ დაღესტნის ყველა ხალხს აღნიშნავდა.


ხუნძები, ისევე როგორც დაღესტნელების უმეტესობა, ანთროპოლოგიურად დიდი ევროპეიდული რასის წინააზიური (ანუ ბალკანურ-კავკასიური) რასის კავკასიონურ ვარიანტს მიეკუთვნებიან. ისინი საშუალო სიმაღლისანი არიან, აქვთ ქერა ან შავგვრემანი თმა, მაღალი და განიერი სახე.

ხუნძური ენა ჩრდილოეთკავკასიურ ენათა იჯახის ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ხუნძურანდიურ-დიდოურ ანუ ხუნძურ-ანდიურ-ცეზურ ქვეჯგუფში შედის. მას ბევრი დიალექტი აქვს და ბევრი საზოგადოება და სოფელი თავის დიალექტზე ლაპარაკობს. მეზობელი სოფლების კილოთქმებიც კი ხშირად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბევრი დაღესტნელისათვის ხუნძური ურთიერთობის საშუალებაა.

ხუნძურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ერთგვარი კოინე _ “სტუმრის ენა”, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული იყო ბაზრებში, სტუმრად ურთიერთობის დროს. სპეციალურ ფილოლოგიურ ლიტერატურაში საერთო ენას “ბოლმაწს” _ “ლაშქრობის ენას”, “მოლაშქრის ენას” უწოდებენ. “ბოლმაწის” შემუშავება ერთიანმა სამართლებრივმა სისტემამ და პოლიტიკურმა კონსოლიდაციამაც განაპირობა.

ხუნძური დამწერლობა არაბული გრაფიკის საფუძველზე (აჯამი) XV-XVI სს-ში შეიქმნა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ არაბთა დაღესტანში გამოჩენამდე ხუნძები ალბანური და ქართული დამწერლობით სარგებლობდნენ. 1928 წელს ხუნძური დამწერლობა ლათინურ გრაფიკზე გადავიდა, 1938 წლიდან _ რუსულ ანბანზე. დღეისათვის ხუნძურ ენაზე იბეჭდება წიგნები, ჟურნალები და გაზეთები. სკოლებში მეოთხე კლასამდე ხუნძები მშობლიურ ენაზე სწავლობენ, ხოლო მეოთხე კლასის ზემოთ ისინი მას როგორც ერთ-ერთ საგანს ისე გადიან.


image


ხუნძეთის ტერიტორიაზე განსახლებული სხვადასხვა ტომები ძვ.წ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ კავკასიაში წარმოქმნილი ალბანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ.

დაღესტნის ტერიტორიაზე V-VI სს-ის ადრესახელმწიფოებრივი წარმონაქმნი _ სერირის სამეფო ძირითადად ხუნძებით განსახლებულ ტერიტორიას მოიცავდა.

IX-Xსს-ის წყაროების ცნობით, სერირის სამეფოს საზღვრები გაფართოებულა და ის მთიან ხეობებთან ერთად სტეპებსაც მოიცავდა. სერირის სახელით ის სპარსულსა და არაბულ წყაროებში მოიხსენიება. XIVს-დან სერირის სამეფოს პოლიტიკური გაერთიანება დაღესტნურ ქრონიკებში ავარიად იწოდებოდა. ამ ქვეყნის მცხოვრებთ განვითარებული ჰქონდათ მეურნეობის სხვადასხვა დარგი: მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობა.

სერირის სამეფოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა არა მარტო კავკასიის მეზობელ სახელმწიფოებთან, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან.


VIIს-დან აქ თავიანთ რელიგიებს ავრცელებდნენ არაბები, სომხები და ქართველები. ქართველთა სამისიონერო მოღვაწეობა სწორედ ხუნძებით დასახლებული ტერიტორიით შემოისაზღვრებოდა. არაბთა ბატონობამ თავისი გაიტანა და თითქმის მთელი მოსახლეობა ისლამის მიმდევარი გახდა. მას შემდეგ არა მარტო ხუნძეთის, არამედ დაღესტნის მთელ ტერიტორიაზე ფართო გასაქანი მიეცა არაბული კულტურის გავრცელებას.

შუა საუკუნეების ხუნძეთში შემორჩენილი იყო წარმართობის გადმონაშთები. არაერთი აულის მოსახლეობას ქრისტიანობა ჰქონდა მიღებული. მეცნიერთა ვარაუდით, ამას ბევრი ტოპონიმიკური სახელწოდება ადასტურებს და აგრეთვე ზოგიერთი სოფლის, თუხუმისა თუ სახელის შესახებ გადმოცემა ქართული და სომხური წარმომავლობის შესახებ.

ხუნძახში, ზემო ჩირიურტში, ანწუხში ეკლესიების ნანგრევები, ჯვრები და მათი ქვაზე გამოსახულებანია შემორჩენილი. დღემდე მდ. ავარიის ყოისუს ხეობაში კარგადაა შემონახული X-XIსს-ის ქრისტიანული “დათუნას” სახელით ცნობილი ეკლესია.


image(დათუნას მონასტერი)


დღეს ხუნძები სუნიტი-მუსლიმები არიან. დაახლოებით XIIს-ის მეორე ნახევრიდან და XIIIს-ის პირველი ნახევრიდან სერირის სამეფო რიგ ფეოდალურ სამფლობელოებად დაიშალა.

ამ დროიდან მოყოლებული აღმოსავლურ წყაროებში სერირის სამეფოს მოხსენიება საერთოდ ქრება. XIVს-ის ისტორიულ თხზულებაში, რომელშიც X-XIVსს-ის დაღესტნის ისტორიაა გაშუქებული, საუბარია ავართა მიწასა და ავართა მმართველებზე. ამავე წყაროში ჩამოთვლილია ზოგიერთი დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთეული, რომელთა სახელწოდებანი შემდეგდროინდელ “თავისუფალ” საზოგადოებთა სახელებს ემთხვევა.


მეცნიერთა ვარაუდით, სწორედ ამ დროიდან (XII-XIIIსს-დან) ფეოდალურ სახელმწიფო ხუნძეთთან (ავარიასთან) ერთად ჩამოყალიბდა საზოგადოებები (სასოფლო თემთა კავშირები), რომლებიც დამოუკიდებელნი იყვნენ სხვა ფეოდალებისაგან და რომელთათვის დამახასიათებელი იყო დემოკრატიული მმართველობა.

XII-XIVსს-ში ხუნძეთში ზოგიერთი საზოგადოების დეფეოდალიზაცია მოხდა. XVI-XVIIსს-ში ანდალალის, გიდატლის, კარახის საზოგადოებები წარმატებით უწევდნენ წინააღმდეგობას ისეთ ძლიერ ფეოდალებს, როგორებიც იყვნენ ხუნძეთის (ავარიის) და ყაზიყუმუხის ხანები. შუა საუკუნეების დაღესტანში ხუნძეთის (ავარიის) სახანო ერთ-ერთ ძლიერ სამფლობელოდ ითვლებოდა, ისტორიაში მის ყველაზე ცნობილ მმართველად უმახანი (გარდაიცვალა 1634წ.) ითვლება, რომელმაც თავისი ხელისუფლება აღმოსავლეთ კახეთზე (ჭარ-ბელაქანზეც) გაავრცელა.

მის დროს თავი მოუყარეს ძველ ხუნძურ ადათ-წესებს და სახანოს მცხოვრებთათვის სამართლებრივი კოდექსი შეადგინეს.

XVII-XVIIIსს-ში ხუნძეთში და საერთოდ დაღესტანში გაბატონებისათვის ერთმანეთს თურქეთი და ირანი ეპაექრება. 1741 წელს დაღესტანში 100-ათასიანი არმიით ნადირ-შაჰი შეიჭრა. მან დაიმორჩილა ხაიტაყის უწმია, ტარკის შამხალი, დაატყვევა ყაზიყუმიხის ხანი. ნადირ-შაჰთან გადამწყვეტი ბრძოლა ანდალელთა ტერიტორიაზე გაიმართა. ამ ბრძოლაში ანდალელებთან ერთად იბრძოდნენ დარგუელები, ლაკები, ლეზგები, თაბასარანელები, ხუნძები. საისტორიო ქრონიკების მიხედვით, ანდალალიდან ნადირ-შაჰმა უკან დაიხია. ხუნძეთის მიწა-წყალზე დაახლ. 25 ათასი ირანელი დაიღუპა.

XVIIIს-ში ხუნძები ხუნძეთისა და მეხთულინის სახანოებისა და სასოფლო თემთა კავშირების თუ თავისუფალ საზოგადოებათა შემადგენლობაში შედიოდნენ. ხუნძეთის ფეოდალური სამფლობელო ავარიის ყოისუს და ანდიის ყოისუს შორის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სხვადასხვა დროს მეზობელ საზოგადოებებზე ხანთა გავლენა სხვადასხვაგვარი იყო.

სახანოებს არ ჰქონდათ ერთიანი ადმინისტრაციული დაყოფისა და მმართველობის სისტემები. ოფიციალურად შიდა და გარე მმართველობის ყველა საკითხს ხანი ერთპიროვნულად წყვეტდა. ის განაგებდა ადათის მიხედვით, ასამართლებდა და სჯიდა საკუთარი შეხედულებისამებრ. სასულიერო, მემკვიდრეობით და საოჯახო საქმეებს ქადიები წყვეტდნენ.

მეხთულინის პატარა სახანოში ხუნძებთან ერთად ყუმუხებიც შედიოდნენ. მეხთულინის სახანო, რომელიც XVIIს-ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, შინაგანი ორგანიზაციით და მმართველობით არაფრით განსხვავდებოდა ხუნძეთის სახანოსაგან.


image


ხუნძეთში დაახლოებით ორმოცი “თავისუფალი” საზოგადოება ანუ სასოფლო თემთა კავშირიც არსებობდა (ანდალალი, ანწუხი, გიდატლი, გუმბეტი, კარახი, ტელეტლი, ტაში, ტომურალი, მუკრატალი).

“თავისუფალი თემები” ჰქონდათ აგრეთვე აღმოსავლეთ კახეთში (საინგილოში) დასახლებულ ხუნძებს (ჭარ-ბელაქანის). “თავისუფალი” საზოგადოებები ძირითადად თვითმმართველობითი საზოგადოებრივ - პოლიტიკური წარმონაქმნები იყვნენ, რომლებიც ეფუძნებოდნენ შეთანხმებასა და ურთიერთქმედებას, ურთიერთდახმარებას, ბრძოლაში ერთობლივ მოქმედებას, სადავო საკითხების მშვიდობიან დარეგულირებას და კოდიფიცირებული ადათობრივი სამართლის დაცვას.


ბევრი “თავისუფალი” საზოგადოება, ფაქტობრივად, პოლიტიკურ და ეთნოგრაფიულ ერთეულს წარმოადგენდა. მათ ახასიათებდათ კულტურულყოფითი და ენობრივი თავისებურებანი. “თავისუფალი” საზოგადოებები ერთმანეთს თავს საერთოდ არ ესხმოდნენ. ამავე დროს, “თავისუფალ” საზოგადოებაში შემავალი სოფელი (სასოფლო თემი) სისხლნათესაურ და მეზობლურ ურთიერთობებზე დაფუძნებული თვითმმართველობის სამეურნეო-პოლიტიკური ერთეული იყო.


შემორჩენილი იყო სათემო მმართველობა: ყრილობა (მამაკაცთა კრება), მოსამართლეთა ფუნქციით არჩეული უხუცესები, აღმსრულებლები, არჩევითი ქადიები. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ხუნძეთის სახანოსა და სხვადასხვა საზოგადოებების რუსეთთან კავშირი ჯერ კიდევ XVIIს-ში დაიწყო. 1813 წლის რუსეთსა და ირანს შორის დადებული გულისტანის ზავით, დაღესტნის ტერიტორია რუსეთს გადაეცა. მაგრამ, დაღესტნის ხალხები, მათ შორის ხუნძები, არ ცნობდნენ რუსეთის ქვეშევრდომობას. დაიწყო დამაუძლურებელი, ხანგრძლივი, დამანგრეველი ომი.

მთიელთა ეროვნულგანმათავისუფლებელ ბრძოლას ხანგრძლივი დროის განმავლობაში შამილი ხელმძღვანელობდა. ომმა მოშალა მეურნეობა, გამოიწვია ადამიანთა და მატერიალური დანაკარგი, ბევრი სოფელი განადგურდა. კავკასიური ომების დროს თითქმის ორი თაობა ჩვეულებრივ შეიარაღებული ძალადობის პირობებში გაიზარდა. 1859 წელს შამილი სოფელ ღუნიბში დაატყვევეს. სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლის დამთავრების შემდეგ, დაღესტანში გატარდა ადმინისტრაციულ-სასამართლო რეფორმა, გაუქმდა სახანოები, დამყარდა ერთიანი ადმინისტრაციული მმართველობა.

1860-იანი წლების ადმინისტრაციული რეფორმით, ხუნძებით დასახლებულ ტერიტორიაზე ავარიის, ანდიისა და ღუნიბის ოკრუგები ჩამოყალიბდა. ხუნძებში შეიჭრა სასაქონლო-ფულადი ურთიერთობები, გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ხუნძებს შორის წარმოიქმნა ვაჭართა ფენა, ინტელიგენცია.

1921 წელს ხუნძები დაღესტნის ასსრ-ს შემადგენლობაში შევიდნენ (1991 წლიდან _ დაღესტნის რესპუბლიკა). როდესაც ხუნძებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია იმ მოვლენის შესახებ არ აღვნიშნოთ, რომელმაც საქათველოს დიდი უბედურება მოუტანა და რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ლეკიანობის სახელითაა ცნობილი. დაღესტნელი მთიელების ეს თავდასხმები მხოლოდ საქართველოზე თავდასხმებით არ შემოიფარგლებოდა და იგი იმ მოვლენის ჩარჩოებში თავსდება, რომელიც თარეშების “ინდუსტრიის” სახელითაა ცნობილი და რასაც მათთვის დიდი შემოსავალი მოჰქონდა.

ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში თითქმის ყველა ხალხი თარეშობდა, მეკობრეობდა და მათ შორის ხუნძებს გამორჩეული ადგილი ეკავათ. საბჭოთა მეცნიერება ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა ლაშქრობებს, სხვა ხალხების ძარცვა-გლეჯას თითქმის გვერდს უვლიდა. ხუნძთა ეკონომიკასა და სოციალურ პროგრესში სამხედრო თარეშს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. სამხედრო საქმე და ომი მათთვის თავისებურ ხელობას წარმოადგენდა.

ხუნძები ადამიანების, საქონლის, ქონების და ფასეულობების დატაცების მიზნით თარეშობდნენ. ის მათი ეკონომიკის ერთ-ერთი სფერო იყო. ამ საქმით ყველა საზოგადოება იყო დაკავებული. ხუნძებში თარეშების დაწყების თარიღი მეცნიერებს დადგენილი არა აქვთ. ფიქრობენ, რომ XVIIს-მდე სალაშქროდ და სამეკობრეოდ საქონლის ჯოგის, ფარის დაკარგვის, ანდა მოუსავლიანობის შემთხვევაში მიდიოდნენ.

კავკასიური ომების დროს რუსების მხარეზე გადასული ხაჯიალი ჩოხსკი თავისი თანამემამულეების შესახებ სიმწრით წერდა: “მთიელები ისეთივე ველურები არიან, როგორც გარემომცველი ბუნება და მტაცებლები, როგორც მხეცები”. თარეშებთან იყო დაკავშირებული მეომარი მამაკაცის აღზრდის მთელი სისტემა. ვაჟიშვილის მთავარი აღმზრდელი მამა იყო. ის თავის შვილს უყურებდა როგორც მომავალ მეომარს, რაც უპირველეს ყოვლისა, ქცევის მკაცრ წესებში გამოიხატებოდა. არ მიმართავდა სახელით, არ მოეფერებოდა და არასდროს შეაქებდა. შვილი უსიტყვოდ ემორჩილებოდა მამას. დედას ვაჟის აღზრდაში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა. მკაცრი მეომრული რეგლამენტაციის პირობებში აღზრდილი ახალგაზრდა მძიმე და საშიშ ცხოვრებას ადვილად ეგუებოდა.

ხუნძეთში ჭაბუკები ზამთარსა და ადრე გაზაფხულს დიდ “საერთო სახლ-სიმაგრეში” ატარებდნენ. ისინი ძირითადად სამხედრო ხელოვნებას ეუფლებოდნენ, ხანდახან კი ილხენდნენ ხოლმე. ასეთი სახლ-სიმაგრეები, ჩვეულებრივ, ცალკეულ თუხუმებს ეკუთვნოდათ და ზოგიერთ ადგილას ისინი შემორჩენილიცაა.

ახალგაზრდების აღსაზრდელი ნაგებობანი ხშირად ერთი დარბაზისაგან შედგებოდა. ისინი მნახველს ანცვიფრებენ სიდიდით (100 კვ.მ. მეტი, სიმაღლე 4-4, 5მ.). წარსულში ხუნძები ასეთ სახლებს არა მხოლოდ ახალგაზრდების შესაკრებად, არამედ საქორწილო დარბაზად და საზოგადოებრივი და სათემო დღესასწაულების მოსაწყობადაც იყენებდნენ.


image


მოთარეშე რაზმებს სათავეში არჩევითი წინამძღოლები ედგნენ. ხშირად ლაშქრობის ხელმძღვანელები დიდი პატივით სარგებლობდნენ. ისეთი შემთხვევებიცაა დადასტურებული, როდესაც მოთარეშე რაზმების ხელმძღვანელები მთელ სასოფლო თემს იქვემდებარებდნენ და მემკვიდრეობით მმართველებადაც იქცეოდნენ.

თარეშებს განსაკუთრებული ადგილი აქვთ დათმობილი ხუნძთა ფოლკლორში. სიმღერებში დაწვრილებითაა გადმოცეული თარეშისათვის მზადება, აღწერენ იმ იარაღს, რომელიც ლაშქრობისას თან მიჰქონდათ. ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი კი ასე ჟღერს: “სადაც ჩვენი ხელი შეეხო, იქ ტირილი გაისმა, სადაც მივიდა ფეხი ჩვენი, იქ ალი აგიზგიზდა. ტყვედ ჩაგდებულ იქნენ ლამაზხელებიანი და ლამაზთვალებიანი ქალიშვილები; შევიპყარით ჯანმრთელობით აღსავსე ბიჭები...”


როგორც წესი, XVIII-XIXსს-ში თარეშების შესახებ შექმნილი სიმღერები მთავრდებოდა სურვილით: “დე, დაებადოს ყველა დედას მსგავსი შვილები”.

XIXს-ის მეორე ნახევარში თარეშები შეწყდა, მაგრამ მამაკაცთა კავშირებმა არსებობა არ შეწყვიტეს. ისინი მხოლოდ უმნიშვნელოვანესი ფუნქციისაგან განთავისუფლდნენ. კავშირებში აღარც ყველა ახალგაზრდა მამაკაცი მონაწილეობდა. მასში ახლა უფრო დიდი რაოდენობით 40-50 წლის ცოლიანი მამაკაცები შედიოდნენ.

XXს. პირველი ათწლეულისათვის სამხედრო რაზმები უკვე აღარ არსებობდა; ისინი მხოლოდ მამაკაცთა თავისებურ კლუბებად იქცნენ. აქ ხუნძები ზამთარს ატარებდნენ, სპორტულ შეჯიბრებებს აწყობდნენ. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ხუნძთა თარეშებს აღმოსავლეთ საქართველოში ლეკიანობას უწოდებდნენ. ლეკიანობა დაღესტნელ ფეოდალთა და “თავისუფალ” საზოგადოებათა წვრილ-წვრილი ლაშქრობები იყო ქართლისა და კახეთის მოსახლეობაზე.

ქართველებს სტაცებდნენ ქონებას, საქონელს, ჭირნახულს, იტაცებდნენ ადამიანებს. მოგვიანებით მოთარეშეებმა დაიწყეს დასახლებული ტერიტორიების დაპყრობა და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვა.


კახეთში ხუნძთა (და სხვა დაღესტნელთა) შემოსევები XVIს-დან დაიწყო. შაჰ-აბას I-ის ლაშქრობათა შემდეგ, მათ აღმოსავლეთ კახეთის დაცარიელებულ მიწებზე იწყეს ჩასახლება. ჭარის, ბელაქანისა და თალის რაიონებში ხუნძებმა და წახურებმა შექნეს ე.წ. “უბატონო თემები”, რომლებიც თავისებურ პლაცდარმად იქცნენ შემდგომი თავდასხმებისათვის. ლეკიანობა განსაკუთრებით XVIIIს-ში გაძლიერდა.


ოსმალეთი თავის ტერიტორიაზე ხშირად აძლევდა ლეკებს თავშესაფარს. ამიტომ ისინი საქართველოს ახალციხის მხრიდანაც ესხმოდნენ თავს. ოსმალეთის ტყვეთა ბაზარი გზას უხსნიდა ტყვეებით ვაჭრობას. ფეოდალური ექსპლუატაციით შევიწროებული გლეხი გაურბოდა მებატონეს და თავს აფარებდა “უბატონო” ლეკებს.

ქართველი გლეხი ლეკდებოდა, რადგან “გალეკება” მისთვის უბატონობას ნიშნავდა. ხუნძთა და წახურთა თარეშების ასალაგმავად შეიქმნა “მორიგე ჯარი” (რეგულარული ლაშქარი). ლეკიანობამ აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა საქართველოს: მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა, ზოგიერთი მხარე მოსახლეობისაგან სრულიად დაიცალა, კულტურული მეურნეობა დაეცა. რაც ყველაზე მთავარია, საქართველომ დაკარგა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი _ აღმოსავლეთ კახეთი, რომელსაც ახლა საინგილოს ვუწოდებთ.


თარეშების შედეგად საქართველოს მიწა-წყალზე არა მხოლოდ ხუნძები და წახურები, არამედ სხვა ჩრდილოეთკავკასიელი მთიელებიც დასახლდნენ. დღევანდელ აფხაზთა და ოსთა მიგრაციას საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ ჩრდილოეთკავკასიელი აბაზ-ადიღეველების და ოსების ლაშქრობები უძღოდა წინ. ასე რომ, ჩრდილოეთ კავკასიელი მთიელები და მათ შორის, ხუნძები, თარეშებით მიწაზე საკუთრების საკითხსაც წყვეტდნენ, რათა ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველეყოთ მომავალი.


XVIIს-ის პირველი ნახევრიდან აღმოსავლეთ კახეთში დასახლებული წახურული და ხუნძური მოსახლეობა როგორც მ. კოვალევსკი აღნიშნავდა, ერთმანეთში მიწას იყოფდა და სხვის მიწას საკუთრად ითვისებდა. თავდაპირველად, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ადგილზე დარჩენილი ქართველი მოსახლეობა მთიელთა მიერ მოტანილ საზოგადოებრივი ცხოვრებით, თემობრივი ორგანიზაციით რაიმე დისკომფორტს არ განიცდიდა. ახალმოსულს ადგილობრივი მკვიდრებისათვის სოციალური ტვირთი არ მოჰქონდა, პირიქით, მოსულნი ქართველ გლეხებს ფეოდალთა შევიწროვებისაგან იცავდნენ.

სურათი XVIIIს-ში შეიცვალა, როდესაც ე.წ. “თავისუფალმა” საზოგადოებებმა ადგილობრივ მოსახლეობაზე ბატონობა დაიწყეს. 1706-1709 წლებში ჭარელმა მთიელებმა ელისენის უკანასკნელი ნაწილი დაიპყრეს. თარეშების “ინდუსტრია” არა მხოლოდ ხუნძთა მთიდან გასვლისა და სხვათა ტერიტორიაზე დასახლების პრობლემას წყვეტდა, არამედ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამხედრო ნადავლის მოპოვება (საქონლის მოტაცება, ადამიანების დატყვევება) იყო.


საისტორიო დოკუმენტებით ხუნძებმა (წახურელებთან ერთად) კახეთსა და ქართლში 1754 წლის ივლისიდან ნოემბრამდე ორმოცდასამ თარეშზე მეტი მოაწყვეს. დროის ამ მონაკვეთში დიდი რაოდენობით საქონელთან და ქონებასთან ერთად, მათ 350 ადამიანი გაიტაცეს. ლაშქრობების შედეგად ყოველწლიურად ასობით სახლი ნადგურდებოდა.

ამრიგად, სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ XVIIIს-სა და XIXს-ის პირველ ნახევარში ხუნძებისა და სხვა დაღესტნელთა ტრადიციულ საქმიანობას მესაქონლეობასა, მიწათმოქმედებასთან და ხელოსნობასთან ერთად, თარეშების “ინდუსტრია” წარმოადგენდა, რომელიც შემოსავლით სხვა სამეურნეო ფორმებს აჭარბებდა. მოლაშქრეობა ფაქტობრივად პროფესია იყო. ახალგაზრდებს ლაშქრობისათვის დიდი ხნით ამზადებდნენ, რომელთა პროფესიული დახვეწა თარეშის დროს ხდებოდა.


image


ხუნძების ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა იყო როგორც მესაქონლეობა, ისე სახვნელი მიწათმოქმედება. არქეოლოგიური მასალები და წერილობითი წყაროები ხუნძებში მიწათმოქმედების ფორმების სიძველესა და განვითარებულ ფორმებზე მიუთითებენ.

მთისა და მთისწინა რაიონებში მიწათმოქმედება მესაქონლეობასთან იყო შეთანწყობილი. მესაქონლეობას წამყვანი ადგილი მხოლოდ მაღალმთაში ეკავა. ხუნძეთში განვითარებული იყო ტერასული მიწათმოქმედება. ტერასებს ქვის კედლებით აშენებდნენ. ტერასების საშუალებით მიწის ყოველი გოჯი მიწათმოქმედებისათვის იყო გამოყენებული.

ცნობილი მეცნიერი ნ. ვავილოვი აღნიშნავდა, რომ აქ შეიძლება ნახოთ განსაცვიფრებელი, ტერასული მიწათმოქმედება, რომელიც რამდენიმე ათეული სართულისაგან შედგება. ბევრი კი ხშირად დიდ ამფითეატრს მოგვაგონებს. მაღალი ტერასული კულტურა ხუნძეთში XV-XVIსს-მდე არსებობდა.

სამეცნიერო ლიტერატურაში ეს შრომის გეოგრაფიული განაწილებითაა ახსნილი. ამ პერიოდიდან მოყოლებული მთიელები უპირატესობას ანიჭებდნენ მარცვლეულის ბარსა და მთისწინეთში შეძენასო. თუმცა იმავე სამეცნიერო ლიტერატურაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ხუნძების მიერ მიწათმოქმედებაზე ნაწილობრივ უარის თქმა და მარცვლეულის ბარში შეძენა მათმა თარეშების “ინდუსტრიამ” განაპირობა.

ხუნძები თესავდნენ ხორბალს, ქერს, შვრიას, პარკოსნებს, ოსპს, ლობიოს, სელს, კანაფს. მინდვრებს ანოყიერებდნენ ნაკელით, ნაცრით. განვითარებული იყო მორწყვის სისტემა. შრომის იარაღებიდან შეიძლება დავასახელოთ რკინის სახნისიანი ხის გუთანი, თოხი, ცელი, ნამგალი, სალეწი.

ხუნძებში მიწის ნაკვეთის გამოყენების სამიარუსიანი პრაქტიკა არსებობდა: ხეხილის ქვეშ თესავდნენ სიმინდს, სიმინდის რიგებს შორის კი _ პარკოსნებს, გოგრას, ბოსტნეულს. მარცვლეულს ფქვავდნენ წყლის წისქვილში. მთისწინეთსა და ბარში ხუნძები მეხილეობასა და მევენახეობასაც მისდევდნენ.

XIXს-ის ბოლოდან ხილს ყიდდნენ ან ცვლიდნენ მარცვლეულზე. ყურძნის საუკეთესო ჯიშებიდან გასაყიდად ამზადებდნენ ღვინოს. XIXს-ის ბოლოდან დაიწყეს ხახვის, ნივრის, საბჭოთა პერიოდში კი კომბოსტოს, კიტრის, პომიდვრის მოყვანა. ხუნძებმა იცოდნენ ჩირის დამზადებაც.

მთაში ხუნძეთის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი დარგი იყო მესაქონლეობა. არქეოლოგების აზრით, უკვე ბრინჯაოს პერიოდში ხუნძეთის ტერიტორიაზე მესაქონლეობას ბინადარი ხასიათი ჰქონდა.

მისდევდნენ როგორც წვრილფეხა (ცხვარი, თხა), ისე მსხვილფეხარქოსან მესაქონლეობას, მეცხენეობას, ჰყავდათ სახედრები და ჯორები. XVIს-დან მაღალმთიან რაიონებში მეცხვარეობა იყო დაწინაურებული. მაღალმთაში უპირატესობა გადარეკვით (მომთაბარულ) მეცხოველეობას ეკუთვნოდა, მთიანეთში _ მომთაბარული (გადარეკვითი) მეცხოველეობა შეთანწყობილი იყო ბაგურ მეცხოველეობასთან.

დამხმარე ხასიათი ჰქონდა ნადირობასა და მეფუტკრეობას. ეკონომიკის განვითარებაში მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის შეზღუდულობა ხუნძებს აიძულებდა შემოსავლის სხვა წყარო ეძებნათ. ამით იყო განპირობებული თარეშების ინდუსტრია. მაგრამ ხუნძებს დიდ დამატებით შემოსავალს აძლევდა აგრეთვე გარე სამუშაოზე სიარული, შინამრეწველობა და ხელოსნობა.


XIXს-ის ბოლოს ხუნძეთის ოკრუგში ათას მცხოვრებზე 87 გარე სამუშაოზე გამსვლელი მოდიოდა, ღუნიბის ოკრუგში _ 228. შინამრეწველობიდან შეიძლება დავასახელოთ მატყლის, მეტალის, ხის, ქვის ტყავის დამუშავება, მჭედლობა, ჭედურობა, იარაღის კეთება, საიუველირო საქმიანობა. უძველესი დროიდან ხის იარაღ-ჭურჭელსა და მაუდს ამზადებდნენ. ხუნძური მაუდი დაღესტანში საუკეთესოდ ითვლებოდა. ის გაჰქონდათ დაღესტნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, თბილისშიც. მაუდი ფაბრიკული ქსოვილით მხოლოდ XXს-ის დასაწყისში იქნა გამოდევნილი.

არსებობს არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი VIII-Xსს-ის ნივთები, განსაკუთრებით, ბრინჯაოს აჟურული სარტყლები. ხუნძეთი გამორჩეული იყო ვერცხლის დამუშავებით. ვერცხლის ნაწარმს ხელოსნები ქმნიდნენ გასაყიდად და შეკვეთით. ხელოსნობის დიდი ცენტრები იყო: გოცატლი, ჩოხი, გამსუტლი, კელები, სალტა, უნცუკული, რუგუჯა. აკეთებდნენ ხანჯლებს, ცხენის აღკაზმულობას, ქალისა და მამაკაცის სარტყლებს, ქალის სამკაულებს.

XIXს-ის ნაკეთობანი ხშირად ძველ ნიმუშებს იმეორებდა. ესა თუ ის სოფელი ცნობილი იყო რომელიმე ნაკეთობის დამუშავებით. საბჭოთა პერიოდში შეიქმნა სამხატვრო კომბინატები. ამზადებდნენ ხალიჩებს, ფარდაგებს; ხის კვეთაზე თითქმის ყველა სოფელში მუშაობდნენ; საცხოვრებელი სახლები, მეჩეთები, საფლავის ქვები ქვაზე კვეთილი ფასადებით იყო მორთული.

ხუნძური ორნამენტის ტრადიციული მოტივებია ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებანი, ასტრალური სიმბოლოები, გეომეტრიული და მცენარეული სახეები. მაღალმთიანეთში დასახლებები პატარა (30-50 კომლიანი) იყო. ისინი განლაგებული იყო მდინარეთა ნაპირებზე.


image


მთებში დიდი სოფლები (300-500 კომლი) მთის ფერდობებზე იყო შეფენილი. ყველა ისინი ორიენტირებული არიან სამხრეთისაკენ. დასახლებები შეჯგუფულია და სახლები ერთმანეთთან მჭიდროდაა მიდგმული; ისინი იარუსისებურად არიან განლაგებული; ქვედა საცხოვრებელი სახლის სახურავი მის ზემოთ აშენებული სახლისათვის ეზოდ გამოიყენებოდა.

ფერდობზე შეფენილი ასეთი სოფლები 10-15-20 ისარუსიანი (საფეხურიანი) იყო. ბევრი სოფელი გარშემორტყული იყო კოშკებით. გზაჯვარედინებზე კი იდგა სასიგნალო და სათვალთვალო (სადარაჯო) კოშკები.


ხუნძეთის და საერთოდ, დაღესტნის სოფლები, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქვეყნების სოფლებთან შედარებით საკმაოდ დიდი იყო. მაგალითად, 1886 წელს სოფელ ხუნძახში 2576 მცხოვრები იყო, უნცუკულში _ 2228, ირიბეში _ 562, რუგუჯაში _ 2005.

არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალებით, დიდი სოფლების წარმოქმნა ხუნძეთში X-XIIსს-ში მოხდა. ხუნძეთის სოფლებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები მეჩეთები და მოედნები იყო. დიდი სოფლები თავდაპირველად უბნებად იყოფოდა, რომლებშიც სხვადასხვა თოხუმები ცხოვრობდნენ. ტრადიციული საცხოვრებელი სახლები ქვისაგან შენდებოდა. აშენებდნენ ბრტყელსახურავიან, ერთსართულიან, ორსართულიან, სამსართულიან სახლებს. სამეურნეო სათავსები ქვედა, პირველ სართულზე ჰქონდათ მოთავსებული.

მთისწინა ზოლში საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები პატარა კარმიდამოს შიგნით იყო განლაგებული. ოჯახი ერთ დიდ ოთახში ცხოვრობდა, რომლის ფართობი ცენტრალურ ხუნძეთში 80-100 კვ.მ. შეადგენდა. საცხოვრებელი ოთახის ყველა კედელზე ხის სათავსები იყო მოწყობილი. სახლის ცენტრში კერა ჰქონდათ. სათავსის კონსტრუქციაში შედიოდა ორნამენტირებული დედაბოძი. კერა და დედაბოძი ოჯახის, მისი ნათესაური ჯგუფების იდეოლოგიურ ერთობას ანსახიერებდა. კოლექტიურ საკუთრებაში მყოფი პურის საცხობი სპეციალურ ნაგებობაში იყო მოთავსებული. XIXს-ის ბოლოს ტრადიციული საცხოვრებელი ნაგებობანი ნელ-ნელა ახლით შეიცვალა.


მამაკაცის ტრადიციული ტანსაცმელი იყო: ტუნიკას მსგავსი პერანგი, ვიწროტოტიანი შარვალი, ბეშმეტი, ცხვრის ტყავის ფაფახი, მოქნილი ტყავისაგან შეკერილი წუღები. ტლიარატის და წუმადის რაიონებში გავრცელებული იყო ნაქსოვი ფეხსაცმელი. ზამთარში ცხვრის ტყავის ქურქებს (საზოგადოებების მიხედვით სხვადასხვა ფორმის), ქეჩის ჩექმებს ქეჩისავე სქელი ლანჩით, მატყლის წინდებს იცვამდნენ.


image


ქალის ტანსაცმელი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და ამ თვალსაზრისით ყველა საზოგადოება სპეციფიურობით ხასიათდებოდა. ჩაცმულობის მიხედვით არკვევდნენ ხუნძეთის რომელ საზოგადოებიდან იყო ესა თუ ის ქალი.

ქალის ტანსაცმელი იცვლებოდა ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან მეორეში გადასვლის დროს. თავსაბურავსაც მრავალი ვარიანტი ჰქონდა. ნაქსოვ და თექის ჩექმებს ქალებიც იცმევდნენ. ნაქსოვი ფეხსაცმელი მაღალი მხატვრული ღირებულებით გამოირჩეოდა (ფერთა გამა, ორნამენტი, ვერცხლის აპლიკაციები, ფორმა).


ხუნძების ტრადიციული საკვები ფქვილეულისა და ხორცეულისაგან კეთდებოდა. ძალიან გავრცელებული იყო ხინკალი (ხორცის, ყველის, ნივრის შიგთავსით). ხორცს ხმარობდნენ როგორც ახალს, ისე გამომშრალს.

კვების რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რძეს, კარაქს, ხაჭოს. მცირეალკოჰოლურ სასმელს ქერის ალაოსაგან და შვრიის ღერღილისაგან ამზადებდნენ. ხუნძთა ტრადიციულ სოციალურ ორგანიზაციას სოფელი (სასოფლო თემი) წარმოადგენდა, რომელშიც შედიოდა პატრიარქალური სისხლით ნათესაური გაერთიანებები _ თუხუმები.

სასოფლო თემები და თუხუმები სხვადასხვა სიდიდის იყო. ზოგიერთ თუხუმში თუ 5-6 კომლი შედიოდა, ზოგიერთში მათი რაოდენობა 70-80-ს აღწევდა. XIXს-ის შუა ხანებამდე თუხუმის წევრები ერთ უბანში კომპაქტურად ცხოვრობდნენ. თუხუმს თავისი სახელწოდებაც ჰქონდა. თუხუმის სათავეში უხუცესი იდგა, ის შიდა ურთიერთობებს აწესრიგებდა, თვალყურს ადევნებდა ტრადიციების, წეს-ჩვეულებების და ქცევის ნორმების დაცვას.

თუხუმი, როგორც ერთიანი საზოგადოებრივი კოლექტივი, თავისი წევრების ინტერესებს იცავდა, მხარს უჭერდა მათ მორალურად და მატერიალურად და საჭიროების შემთხვევაში, იარაღითაც კი იცავდა. თუხუმური სოლიდარობა ყველაფერში ვლინდებოდა: ურთიერთდახმარების წეს-ჩვეულებაში, სისხლის აღებასა და შურისძიებაში და რაც მთავრია, მის შიგნით ქორწინებისათვის უპირატესობის მიცემაში.

XIXს-ში თუხუმის სამეურნეო ერთიანობა მოიშალა. სასოფლო თემის საზოგადოებრივი ცხოვრება ადათებით რეგულირდებოდა. მართვა არჩევითი პირებისა და სასოფლო კრების, ყრილობის (ჯამაათი) საშუალებით ხორციელდებოდა, რომელშიც ყველა სრულწლოვანი მამაკაცი მონაწილეობდა. არჩევნებისას თუხუმთა წარმომადგენლობით პრინციპს იცავდნენ. სამართავი ორგანოს შემადგენლობაში შედიოდნენ: მამასახლისი, სოფლის მოსამართლე (ჩუხბი), ადილბაზი (ერთიდან ხუთ კაცამდე. ჩვეულებრივ, ირჩევდნენ ერთი წლით). მამასახლისებს ეხმარებოდნენ არჩევითი მქადაგებლები (ელი) და აღმასრულებლები (ტულგაკი).

ჯამაათი წყვეტდა გზების მშენებლობისა და რემონტის, წყლითსარგებლობის საკითხებს, მოლების და საზოგადოებრივი მწყემსის არჩევას, საზოგადოებრივი მიწის ნაკვეთებზე იცავდნენ თიბვის ვადებს, მოსავლის აღებას.

ხუნძებში ძველი დროიდანვე გაბატონებული იყო პატარა (ნუკლეარული) ოჯახი. XIXს-ის შუა ხანებში ერთ კომლში საშუალოდ 4, 2 ადამიანი ცხოვრობდა. ხუნძებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო ურთიერთდახმარების წეს-ჩვეულება: მინდვრებში ნაკელის შეტანისას, მარცვლეულის დათესვისას, მოსავლის აღებისას და გადატანისას, გალეწვისას, თიბვისას, ცხვრის გაპარსვისას, მატყლის გადამუშავებისას, სამშენებლო მასალების დამუშავებისას, სახლის აშენებისას, იცოდნენ მატერიალური დახმარებაც.

ურთიერთეხმარებოდნენ არა მხოლოდ თუხუმის წევრები, არამედ მთელი სასოფლო თემის წარმომადგენლებიც. ურთიერთდახმარება, ჩვეულებრივ, დღესასწაულით მიმდინარეობდა. მუშაობის შემდეგ კი ყველას უმასპინძლდებოდნენ. ურთიერთდახმარება ხუნძთა სულიერი მოთხოვნილება იყო.


ხუნძების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სტუმართმოყვარეობას. სტუმრის მიღებაზე უარის თქმის უფლება არავის არ ჰქონდა. შემთხვევით სტუმარს სოფლის მცხოვრებნი მორიგეობით იღებდნენ. საქორწინო ნორმებში უპირატესობა ენდოგამიურ ქორწინებას ენიჭებოდა. ქორწინდებოდნენ ნათესავებზე, მათ შორის, ალალ ბიძაშვილებზე, მამიდაშვილებზე, დეიდაშვილებზე, თუხუმის შიგნით. საქორწინო პარტნიორის მოსაძებნად სოფლის გარეთ ფაქტობრივად არასდროს არ გადიოდნენ; ასეთ შემთხვევას გმობდნენ. მამაკაცებისათვის საქორწინო აკასი 18-20 წელი იყო, ქალებისათვის _ 16-18 წელი. ურვადი არ იცოდნენ. ნათესაობის ათვლა პატრილინეური იყო.

იცოდნენ მცირეწლოვანების გათხოვებაც, აკვანში დანიშვნაც. ქორწილი რამდენიმე დღეს გრძელდებოდა და მასში მთელი სოფელი მონაწილეობდა. პატარძლისა და ნეფის მხარე ქორწილში ცალ-ცალკე სხდებოდა; მათთვის სუფრებს სხვადასხვა ადგილას შლიდნენ. პატარძალი საქმროს სახლში სახედაბურული გადაჰყავდათ. სოფლის ახალგაზრდობა მას გზას უღობავდა. ისინი გამოსასყიდს თხოულობდნენ. ამ დროს ახალგაზრდებმა იცოდნენ წყაროზე გასვლა, რის შემდეგაც პატარძალს შეეძლო ოჯახში სამეურნეო საქმიანობას შედგომოდა.

განსაკუთრებული დღესასწაულით აღნიშნავდნენ პირველი ვაჟის დაბადებას, იშლებოდა სადღესასწაულო სუფრა, აუცილებლად კლავდნენ ცხვარს. ხუნძებმა იცოდნენ სისხლის აღება. იყო შემთხვევები სისხლის აღების დროს მთელი ოჯახების, თუხუმების და სოფლების გაწყვეტისა. არსებული მონაცემებით მარტო 1861 წლიდან 1866 წლამდე ხუნძეთისა და ღუნიბის ოკრუგებში მოკლეს 69 და დაჭრეს 222 ადამიანი, რომელთაგანაც სისხლის აღების ნიადაგზე შესაბამისად _ შვიდი და ერთი.


1865 წელს ხუნძეთის ოკრუგში სისხლიერი მტრობა ჰქონდა 8 ოჯახს, ღუნიბასაში _ 23-ს. შურს იძიებდნენ მამა, ძმა, შვილი, ალალი ბიძაშვილი, ბიძა, ზოგჯერ _ დედა და დაც კი. მკვლელი შეიძლება დიდი ხნის შემდეგაც მოეკლათ, მეორე თაობის წარმოამდგენელსაც კი. მაგრამ იცავდნენ გარკვეულ წესებს. სირცხვილად ითვლებოდა თავდასხმა (მოკვლა) ლოცვის დროს, მეჩეთში, ზურგიდან, ავადმყოფობის ან ძილის დროს.

დაღესტნის ბევრ სოფელში არსებობენ თუხუმები, რომლებსაც საფუძველი მკვლელებმა ჩაუყარეს. მათი წინაპარი თავისი სოფლიდან გაქცეული და სხვაგან თავშეფარებული ადამიანი იყო. თავისუფალ დროს ხუნძები ერთმანეთთან ურთიერთობისათვის, ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის იყენებდნენ: თამაშობდნენ შაშს, ჭადრაკს, ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ჭიდაობაში, სირბილში, ქვის სროლაში, აწყობდნენ დოღს.

არსებობდა მამაკაცთა კავშირები (სახლები), სადაც ახალგაზრდა მამაკაცები, ჭაბუკები თავისუფალ დროს ატარებდნენ. “სახლები” რამდენიმე საზოგადოებრივ ფუნქციას ასრულებდნენ: სოციალურს, სამხედროპატრიოტულს, გამაჯანსაღებელს, შრომითს, გასართობს, ესთეტიკურს, ინტელექტუალურს. ბავშვთა ფიზიკური განვითარებისათვის ბევრი მოძრავი თამაშები ჰქონდათ. ქალები საღამოობით სხვადასხვა სახლებში იყრიდნენ თავს, სადაც აწყობდნენ სხვადასხვა თამაშობებს, ცეკვებს, ყვებოდნენ ზღაპრებს, მღეროდნენ.


ხუნძეთში ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული იყო პირველი ხნულის გავლება, რის შემდეგაც საგაზაფხულო-სამინდვრო სამუშაოებს იწყებდნენ. მას თან ახლდა რიტუალური ხვნა, მაგიური ქმედებები. ამ დროს აწყობდნენ დიდ ნადიმს, დოღს, სხვადასხვა თამაშობებს. ქცევის ნორმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მოხუცებულთა პატივისცემა, ადათების მკაცრად დაცვა, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეტიკეტი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საზოგადოებრივ აზრს.


ხუნძებმა XI-XIIსს-ში მიიღეს არაბულ-მუსლიმური კულტურა, თუმცა ის აქ ადგილობრივს დაეყრდნო. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ხუნძეთში XI-XII საუკუნეებში უნივერსიტეტის ტიპის მედრესი არსებობდა. XIII-XIVსს-ში გავრცელებული იყო სამეცნიერო ღვთისმეტყველებითი და ფილოსოფიური შინაარსის წიგნები.

შემორჩენილია XI-XIIIსს-ის ეპიგრაფიკული დამწერლობის ძეგლები. ფოლკლორიდან განვითარებული იყო ისტორიული გადმოცემები, ზღაპრები, ანდაზები, გამოცანები, აკვნის, ლირიული, საგმირო სიმღერები. XVIIს-ში ფოლკორული კულტურის ბაზაზე ჩაისახა ეროვნული ლიტერატურა, რომლის საფუძველჩამყრელნი იყვნენ შაბანყად ობოდაელი და მუსალავ კუდუტლი.

XVIIIს-სა და XIXსში არაერთი პოეტი მოღვაწეობდა. ნაციონალური კულტურის ტრადიციების ჭეშმარიტ გამგრძელებლად ითვლება ჰამზატ ცადასი. განსაკუთრებით ცნობილია მწერალი რასულ ჰამზატოვი. ხუნძებში სხვადასხვაგვარი ცეკვები იყო გავრცელებული: სწრაფი (გლოდობ), ნელი (ხლერენ), მამაკაცთა, ქალთა, კოლექტიური.

განვითარებული იყო ხალხური მედიცინა. შემორჩენილი იყო მუსლიმამდელი პერიოდის გადმონაშთები: ბუნებრივი მოვლენების, ციური მნათობების, წმინდა ადგილების თაყვანისცემა: იცოდნენ წვიმის გამოწვევის რიტუალის შესრულება. დღეს ხუნძთა 43% ქალაქებში ცხოვრობს, ხუნძურ ენაზე მიმდინარეობს რადიო და ტელეგადაცემები, აქვთ ხუნძთა მუსიკალურ-დრამატული თეატრი, მეცნიერების სხვადასხვა დარგში ჰყავთ არაერთი მეცნიერებათა დოქტორი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები, მხატვრები.

ხუნძია თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ალი ალიევი, ოლიმპიური ჩემპიონი ზაგალავ აბდულბეკოვი, თურქეთის მარშალი ფაზილი (სოფ. ჩოხიდან).


როლანდ თოფჩიშვილის წიგნიდან – კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია - ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა.

0
321
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0