სხვა ზღაპარია თუ არა "ჩიტი და მელა" 2022, 30 იანვარი, 13:43 წინასიტყვაობა ხშირად ისმის კითხვები: - არის თუ არა "ჩიტი და მელია" ზღაპარი, რომელიც ბავშვებს უნდა წავუკითხოთ? პასუხი არის - ცალსახად - არა. - მაშ, უნდა დავივიწყოთ ეს ხალხური შემოქმედების ნიმუში? რასაკვირველია არა. "ჩიტი და მელია" არის იგავ-არაკი მოზრდილთათვის და მისი ფაბულა ჭკუისდამრიგებლურია. ბავშვებისთვის კი მისი სიუჟეტი ზედმეტად სტრესულია და ცხადია, არ შეესაბამება მოზარდების აღზრდის მიზნებს. ზღაპარი, რომელმაც შესაძლოა ბავშვში მშობლისადმი უნდობლობა გააღვიძოს, ეჭვი გააჩინოს ყველაზე წმინდა და უპირობო სიყვარულის - დედაშვილური სიყვარულის მიმართ და აქედან გამომდინარე ადამიანების მიმართ, არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც საკითხავი და მოსათხრობი ლიტერატურა მცირეწლოვანთათვის. ვერანაირ დიდაქტიკურ მოტივებს ამ არაკში ბავშვი ვერ დაინახავს და შესაბამისად, არ არის უპრიანი მისი ამ მიზნით გამოყენება. თუმცა, მისი ფაბულა ერთობ საინტერესო და დამრიგებლურია მოზრდილთათვის. ქვემოთ იხ. ფაბულა და მისი მორალი. ჩიტი და მელიაქართული იგავ-არაკიიყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ჩიტი-ჩიორა. გაზაფხული რომ დადგა, სხვა ჩიტების მსგავსად, ჩიორამ ერთი გატოტვილი ხე იპოვა, მოხერხებულ ალაგას ბუდე დაიდო, ჩაჯდა შიგ და სამი კვერცხი დადო. სამ კვირაში სამი პატარა ჩიორა გამოჩეკა. როგორც ყველა დედა, ჩიორაც თავს ევლებოდა თავის ბარტყებს, დაჰხაროდა, დასჭიკჭიკებდა, უზიდავდა ნაირგვარ მწერებს და ჭია-ღუას, კვებავდა და ზრდიდა შვილებს. მალე ბარტყები წამოიჩიტნენ, შიშველი ტანი ფაფუკი ბუმბულით შეემოსათ. დედა-ჩიორა კიდევ უფრო გახალისდა, მალე დავაფრთიანებ ჩემს პაწიებს და ბედნიერად დავაფრენო, ფიქრობდა გულში და ღმერთს მადლობას სწირავდა. მაგრამ, სად იყო და სად არა, ერთმა წყეულმა მელამ ბუდეს მიაგნო. ჩაუსაფრდა ჩიორას და ხის ძირას მოკალათებულმა ასძახა: - ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო! - რაო, ბატონო მელაო? - ჩამოსძახა დამფრთხალმა ჩიორამ. - ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებ; ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა, ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა, შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა! შეეშინდა საცოდავ ჩიორას და ერთი ბარტყი გადმოუგდო. მელამ დასტაცა ბარტყს პირი და ბუჩქებისკენ გაცუნცულა. გადასანსლა ჩიორას ბარტყი მელამ და ისევ უკან დაბრუნდა, ჩაუსაფრდა ხის ძირას ჩიორას ბუდეს და ასძახა: - ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო! - რაო, ბატონო მელაო? - ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებ; ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა, ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა, შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა! ისევ შეეშინდა საცოდავ ჩიორას, იფიქრა, იქნებ ჩამომეხსნასო და მეორე ბარტყიც გადაუგდო. წუწკმა მელამ ჰაერშივე დასტაცა პირი ბარტყს, ისევ ბუჩქებში გააცუნცულა და გადასანსლა. გაუმაძღარე მელას რა დააკმაყოფილებდა, ისევ უკან მოცუნცულდა, დასკუპდა ხის ძირას და ჩიორას ისევ ასძახა: - ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო! - რაო, ბატონო მელაო? -უპასუხა შეშინებულმა ჩიორამ. - ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებ; ცულს მოვიტან ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა, ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა, შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა! მწარედ დაღონებულმა ჩიორამ მესამე ბარტყიც მელიას გადაუგდო. შესანსლა წუწკმა მელიამ მესამე ბარტყიც და ახლა ჩიორას მოადგა და თავის მოკეცილ კუდზე დასკუპდა, ხის ძირში. აფრინდა საცოდავი ჩიორა ბუდიდან, წავიდა შორს, შემოჯდა ერთი ხის ტოტზე და მწარედ აქვითინდა. უეცრად მონადირე გამოჩნდა. გაიგონა ჩიორას მოთქმა, შეეცოდა და ჰკითხა: - რა იყო, ჩიორავ, ასე მწარედ რამ აგატირაო? - რაღა რამ ამატირა ბატონო, სამი ბარტყი მყავდა, ერთმა წუწკმა მელამ სამივე შემიჭამა და ახლა მე ჩამისაფრდაო. - ვერ მაჩვენებ იმ წყეულსაო? - ჰკითხა მონადირემ. - გაჩვენებ ბატონო, ალბათ ახლაც იქვე ზის და ჩემს დაბრუნებას ელოდებაო. - გამიძეხ, მაჩვენე და იმის ჯავრს მე ამოგყრიო, - უთხრა მონადირემ. გაუძღვა ჩიორა მონადირეს და მიიყვანა თავის ბუდესთან. ხარბი მელა მართლაც იქვე იყო, კუდზე დაყუნცული შესცქეროდა მაღლა ბუდეს და ჩიორას დაბრუნებას ელოდა. დაუმიზნა მონადირემ თოფი, ესროლა წუწკ მელიას და სული გააფრთხობინა. გაუფატრა დანით მუცელი, ბარტყები ამოიყვანა და ბუდეშივე ჩაუსვა გახარებულ ჩიორას. ასე მიეზღო მისაგებელი წუწკსა და მტაცებელ მელიას. ჩიორა კი თავის ბუდეს დაუბრუნდა, თავისი ბარტყებიანად. მორალი: "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა".
103 შეფასება არ არის
|