ტენდენციები მოზარდების საშიში მოდა - ცოცხალი თოჯინები 2012, 16 სექტემბერი, 18:40 რა ხანია მოდად იქცა ბარბის როლში შესული გოგონების მიბაძვა. სულ უფრო და უფრო მეტ თინეიჯერ გოგონას სურს გამოიყურებოდეს ბარბისნაირად.
მოზარდები ამისთვის თავს არ ზოგავენ, დილაუთენია დგებიან, 5-6 საათზეც კი.
ბევრი რამ აქვთ მოსასწრები: თმები საგულდაგულოდ, იდეალურად უნდა დაივარცხნონ, რამდენიმე ფენა ტონალური კრემი დაიდონ, უზადოდ დაიხატონ თვალის კუთხეები, უშველებელი წამწამები მიიწებონ, ჩაისვან ლინზები და ცოცხალ თოჯინას დაემსგავსონ. დღის განმავლობაშიც საქმე მრავლად აქვთ, იღებენ ვიდეორგოლებს და თანატოლებს ასწავლიან, თუ როგორ გაიკეთონ თოჯინური მაკიაჟი, როგორ შეიძლება ადამიანი იქცე თოჯინად. ცოცხალი თოჯინები მოდაშია, თუმცა ამაში კარგი არაფერია. მათ უბრალო წაცეკვებასაც კი ბევრი მნახველი ეყოლება. თოჯინური მოდა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა მისი სამშობლო აზიაა - ანიმეს სტილის განვითარება. დროთა განმავლობაში, ტენდენციამ დასავლეთშიც გაიდგა ფესვები. თითქოს მსოფლიო შეიშალა, ამერიკიდან რუსეთამდე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით გოგონებს, რომლებიც იცმევენ, ლაპარაკობენ, იქცევიან როგორც გაცოცხლებული ბარბები. ამერიკის მთავარი ბარბი დაკოტა როუზია. ის სტილის დედოფლად აღიარეს. დაკოტას რომ დაემსგავსოს, ამაზე ასობით ათასობით მოზარდი გოგონა ოცნებობს. ისინი დაუსრულებლად უყურებენ დაკოტას ვიდეოებს. მეორე ცნობილი "თოჯინაა" - ვენუს პალერმო. ის ცოტა ხნით იაპონიაში ცხოვრობდა, სწორედ იქ "დაავადდა" თოჯინური სინდრომით. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თინეიჯერების თოჯინური სინდრომით გატაცება კარგს არაფერს მოიტანს. ისინი რეალური სამყაროდან წარმოსახვითში გადადიან და პიროვნულ ზრდას ანელებენ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს ხელს უწყობს მოზარდი თაობის "სექსუალიზაციას", შესაბამისად კი, პედოფილიასაც. თუმცა ჯერჯერობით ამ ტენდენციებს ვერ ებრძვიან, რადგან ინტერნეტი ყველასია და მოზარდი გოგონებიც ძლიერ მიმბაძველები არიან. წყარო: ჟურნალი "რეიტინგი" 319 4-ს მოსწონს
|