მსოფლიო თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის 2022, 25 იანვარი, 11:40 დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგში მწვავედ დგას მშვიდობის შენარჩუნების საკითხი. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ყბადაღებული და ერთობ სახიფათო მესამე მსოფლიო ომის სუნი დატრიალდა ბოლო რამოდენიმე კვირის მოვლენების გათვალისწინებით. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ გამოთქვა უკმაყოფილება ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის გამო, რაზედაც მიიღო მკაფიო პასუხი, რომ ნატო თავის ღია კარის პოლიტიკას არ შეცვლის, სიტუაცია დაიძაბა. საპასუხოდ რფ-ის მხრიდან სამხედრო ძალების გადასროლა უკრაინის საზღვართან, ნათლად მიუთითებს მისი საკითხის გადაწყვეტისადმი ძალადობრივ, მილიტარისტულ მიდგომაზე. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების გამო, შეშფოთება მათი შესაძლო შემოჭრის შესახებ დღითიდღე იზრდება, როგორც უკრაინაში, ასევე მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში. ამ შეშფოთებას სახელმწიფოები ხელისუფლებების და ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებით გამოხატავენ. რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა მწვავდება, რადგან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან არის განლაგებული და თანდათან იზრდება კონტინგენტის და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა. ამის მიუხედავად, რუსეთი უარყოფს, რომ აპირებს შეჭრას უკრაინაში. ის გააფრთხილეს, როგორც შეერთებული შტატების, ასევე დიდი ბრიტანეთის და სხვა დასავლელი მოკავშირეების მხრიდან, რომ შეჭრის შემთხვევაში, მას ძვირი დაუჯდება აგრესია. ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პუტინთან „აბსოლუტურად მკაფიო“ იყო მისი მესიჯი, რომ ჯარების გადაადგილება უკრაინის საზღვრებში შეჭრის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდებოდა რუსეთს“, ხოლო ბორის ჯონსონმა თქვა, რომ შეჭრა „კატასტროფა იქნება არა მხოლოდ რუსეთისთვის, ეს იქნება კატასტროფა. სამყაროსთვის”. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ „დიდი ბრიტანეთი უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის მხარდასაჭერად მტკიცედ დგას“. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრუსის განცხადებაში ნათქვამია: ”ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, როგორც G7-ში, ასევე ნატოში, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რომ თუკი მოხდება რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა, ამას დიდი ფასი ექნება. ჩვენ მზად ვართ დავაწესოთ ძალიან მკაცრი სანქციები.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გასულ პარასკევს ჟენევაში მოლაპარაკებებზე შეხვდნენ ერთმანეთს. დაძაბულობის მთავარი წყაროა უკრაინის განზრახვა შეუერთდეს ნატოს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის საზღვრებისთვის საფრთხედ მიიჩნევს. თუმცა, დასავლეთი მკაფიოდ აფიქსირებს მის პოზიციას, რომ ის არ აპირებს არავისზე თავდასხმას და რომ ნატო არის თავდაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. რამდენი ქვეყანაა მსოფლიოში? კონტინენტები დედამიწის ძირითადი სახმელეთო დანაყოფებია. თუმცა, დედამიწაზე კონტინენტების ზუსტი რაოდენობა საყოველთაოდ შეთანხმებული არ არის. ბევრი იყენებს სისტემას, რომელიც სამყაროს ყოფს შვიდ კონტინენტად. ესენია (მიწის ფართობის მიხედვით უდიდესიდან უმცირესამდე): აზია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ანტარქტიდა, ევროპა და ავსტრალია/ოკეანია. მაგრამ ზოგიერთი იყენებს სხვა სისტემას, რომელიც მსოფლიოს ყოფს ნაკლებ კონტინენტებად. მაგალითად, ბევრი აერთიანებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას ერთ კონტინენტად, რომელსაც უბრალოდ "ამერიკა"-ს ("The Americas") უწოდებენ, ან ევროპასა და აზიას აერთიანებენ და უწოდებენ "ევრაზია".-ს ზოგიერთი ასევე გამორიცხავს ანტარქტიდას, რადგან მის შემადგენლობაში არ შედის ქვეყნები და არც მუდმივი მაცხოვრებლები ჰყავს. ამდენად, გეოგრაფია, რომელიც ზოგიერთს მეცნიერებადაც კი არ მიაჩნია, საკმაოდ მწვავე საკამათო და საჭირბოროტო თემებს მოიცავს. მსოფლიოს ქვეყნების ზუსტი რაოდენობა ასევე მწვავე კამათის თემაა. სიტყვა „ქვეყანა“ განიმარტება, როგორც ერი, ან სუვერენული სახელმწიფო, თავისი დამოუკიდებელი მთავრობით, ან როგორც მიწის ფართობი, რომელიც აყალიბებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს, საკუთარ მთავრობასთან ერთად. 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) აღიარებს მსოფლიოს 195 ქვეყანას. ამ ქვეყნებიდან 193 არის გაეროს წევრი, ხოლო ორი ქვეყანა არ არის წევრი: ვატიკანი და პალესტინა, ორივე კლასიფიცირებულია როგორც დამკვირვებელი სახელმწიფო. თუმცა, გაეროს წევრობა არ არის საბოლოო სიტყვა ამ თემაზე. ასევე არსებობს ათობით "ტერიტორია", რომლებიც ტექნიკურად არ არიან ქვეყნები, რადგან მათ სხვა ერი მართავს. ამ ტერიტორიებიდან ზოგიერთი ძირითადად დამოუკიდებელია, მაგრამ მაინც სხვა ქვეყნის ნაწილია - მაგალითად, გრენლანდია რეალურად დანიის ნაწილია, ხოლო პუერტო რიკო ოფიციალურად შეერთებული შტატების ნაწილია (თუმცა არა სახელმწიფო). ამას გარდა, ზოგიერთმა ე.წ. ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ არ არის ოფიციალურად აღიარებული გაეროს საკმარისი წევრების მიერ და, შესაბამისად, ტექნიკურად კვლავ განიხილება ტერიტორიებად და არა ქვეყნებად. მაგალითად, გაეროს ზოგიერთი წევრი კოსოვოს განიხილავს როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, მაგრამ სხვების მიერ მაინც განიხილება როგორც სერბეთის ნაწილი. კიდევ ერთი მაგალითია ტაივანი (ასევე ცნობილი როგორც ჩინეთის რესპუბლიკა), რომელიც იყო სუვერენული სახელმწიფო მანამ, სანამ მატერიკული ჩინეთი არ დაიმორჩილებდა, რაც ხელს უშლის გაეროს ნებისმიერ მცდელობას აღადგინოს ტაივანის სრული ქვეყნის სტატუსი. სამხრეთ ოსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთმა, რომელიც სინამნდვილეში ცხინვალის რეგიონი, ანუ ისტორიული სამაჩაბლოა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ (გაეროს წევრი ქვეყნები) აღიარებენ მას ქვეყნად. მას ასევე აღიარებენ აფხაზეთი, მთიანი ყარაბაღი, საჰრავის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკა და დნესტრისპირეთი (არაწევრი ქვეყნები). ოფიციალურად ის კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია. იმართება მარიონეტული, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ). საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ შეასრულოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით დადებული 6 პუნქტიანი გეგმა და მისმა ჯარებმა დატოვონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი უგულვებელყოფს ამ შეთანხმებას და განაგრძობს ე.წ. მცოცავ ოკუპაციას, რასაც ადამიანების სიცოცხლის განადგურება, მათი უძრავ-მოძრავი ქონების მიტაცება და საარსებო წყაროს მოსპობა მოსდევს, რაც შედეგად იწვევს ჰუმანურ კატასტროფას. აფხაზეთი დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1999 წელს, რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ (გაეროს წევრი ქვეყნები) აღიარებენ მას ქვეყნად. (სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი და მთიანი ყარაბაღი (არაწევრი ქვეყნები) ასევე აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ოფიციალურად ის კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია. ოკუპირებულია რუსეტის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება მარიონეტული, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. რატომ ევროკავშირი და ვართ თუ არა ჩვენ ევროპა? ხშირად ისმის კითხვა, არის კი საქართველო ევროპა? დიახ, საქართველო, როგორც გეოგრაფიული, ისე ეთნო-კულტურული თვალსაზრისით ევროპაა. ამდენად, ჩვენი გაცხადებული მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, სრულიად ლეგიტიმური და ლოგიკურია. ბევრს ებადება კითხვა - რატომ ვართ ევროპა და რატომ ითვლება ამიერკავკასიის რეგიონი - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ევროპის ნაწილად? ძირითადად, კავკასიის მთები აღნიშნავს ევროპის კონტინენტის ზღვრებს და ამიტომაც, ევროპის უმაღლესი მთა სწორედ ამ მთიანეთშია. ასე რომ, ყველაფერი კავკასიის ქედის შიგნით ითვლება ევროპად, ევროპული ტექტონიკური ფილაქნების თვალსაზრისით. ამდენად, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ევროპის ნაწილად ითვლება. აქედან გამომდინარე, საქართველოს მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მისი იდენტობის დაცვის და სამართლიანობის აღდგენის პირუთვნელი გამოხატულებაა. რას წარმოადგენს ნატო, ვინ არიან წევრი ქვეყნები და რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის ნატოს წევრობა? ნატო ნიშნავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას და ასევე ცნობილია როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. მისი მიზანია უზრუნველყოს თავისი წევრების თავისუფლება და უსაფრთხოება პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით. ის მოწოდებულია დაიცვას დემოკრატიული სახელმწიფოების სუვერენიტეტი. ნატო დაარსდა 1949 წლის აპრილში, ვაშინგტონში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ბრიუსელში, ბელგიაში. პოლიტიკურად, ის მიზნად ისახავს დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციას და აძლევს წევრებს შესაძლებლობას, გაიარონ კონსულტაცია და ითანამშრომლონ თავდაცვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრობლემების გადასაჭრელად, ნდობის გასამყარებლად და გრძელვადიან პერსპექტივაში კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით ნატო აცხადებს, რომ იგი „მოწოდებულია დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის“. თუ დიპლომატიური ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა, მას აქვს სამხედრო ძალა, განახორციელოს კრიზისის მართვის ოპერაციები. იგი იყენებს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემას, რომლის მიხედვითაც მისი დამოუკიდებელი წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან ურთიერთდაცვაზე, ნებისმიერი გარე მხარის თავდასხმის საპასუხოდ. მას ასევე შეუძლია მოკავშირეობა გარე ძალებთან. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) არის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი, მძლავრი საერთაშორისო ინსტიტუტი. ეს არის პოლიტიკური და სამხედრო ალიანსი, შემდგარი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის წევრი ქვეყნისგან. ამჟამად ნატოში მსოფლიოს 30 სახელმწიფოა; 27 ევროპაში, ორი ჩრდილოეთ ამერიკაში და ერთი ევრაზიაში. ესენია: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები. ალიანსთან აქტიურად თანამშრომლობენ მისი არაწევრი ქვეყნებიც - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ორგანიზაციის შექმნის მიზანი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებული სიტუაცია, როდესაც ევროპის ერთიანობას საფრთე დაემუქრა. ნატო-ს ძირითადი მიზანი არ არის სამხედრო ოპერაციების წარმოება, თუმცა მას აქვს ამის შესაძლებლობები, რომელსაც იყენებს მხოლოდ თავდაცვითი მიზნით. ეს ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოში არსებულ სამშვიდობო გაერთიანებებთან და მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. ნატო პატივს სცემს პიროვნების თავისუფლებას, დემოკრატიულ განვითარებას და მიესალმება კონფლიქტების მოგვარებას მოლაპარაკებებების მშვიდობიანი გზით. ქვემოთ მოყვანილია ქვეყნების ჩამონათვალი, მათი ნატოში გაწევრიანების თარიღის მიხედვით: 1949 - ბელგია, კანადა, დანია, საფრანგეთი, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები. 1952 – საბერძნეთი, თურქეთი 1955 – გერმანია 1982 – ესპანეთი 1999 – ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი 2004 – ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია 2009 – ალბანეთი, ხორვატია 2017 – მონტენეგრო 2020 – ჩრდილოეთ მაკედონია ნატო აცხადებს, რომ მასში გასაწევრიანებლად კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ხელშეკრულების პრინციპები და შეიტანოს წვლილი ჩრდილო ატლანტიკური ზონის უსაფრთხოებაში. მისი მთავარი პრინციპია დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა, სუვერენიტეტის და დემოკრატიული მმართველობის დაცვა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან. ამ დრომდე დადებულია რამოდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება და საქართველო ელოდება მიღწეული პროგრესის აღიარებას. ჩვენი გეო-პოლიტიკური მდგომარეობდიან გამომდინარე, ამ გზაზე საქართველოს და ქართველი ხალხის მიზანია ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები და რათქმაუნდა ალიანსის სრულუფლებიანი წევრობა. საქართველოს ჰყავს ნატოს სწრაფი რეაგირების სამსახურის ასეული, რომელიც დაკომპლექტებულია ქართველი ჯარისკაცებით. ნატოსთან ასევე აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენი მეგობარი უკრაინა და მოლდოვაც, რომელთა ტერიტორიების ნაწილი, საქართველოს მსგავსად, მიტაცებული აქვს რუსეთის ფედერაციას. რა უშლის საქართველოს ხელს ნატოში გაწევრიანებაში? ხშირად ისმის სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში და მოლდოვაში - რატომ არ მიგვიღეს ამდენ ხანს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, თუკი სურთ ჩვენი მიღება? ნატოს წევრობის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად ითვლება დემოკრატიული განვითარების პრინციპები. იქ, სადაც ხშირად ხდება დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევა, ასეთ სახელმწიფოებს ნატოში გაწევრიანების პრესპექტივა სრულიად ლეგიტიმურად უჭიანურდებათ. ამდენად, როდესაც ვსაუბრობთ პოლარიზაციის დაძლევაზე და ვგმობთ დაპირისპირების, ძალადობრივი მეთოდების გამოყენების და არადემოკრატიული მმართველობის შემთხვევებს, ალბათ ყველა, ბოლომდე ვიაზრებთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის ეს პერსპექტივა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, რომელიც სწორედ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადის, დემოკრატიული პრინციპების დაცვის წითელ ხაზს ითვალისწინებს. უკრაინის საზღვართან დაძაბული ვითარების გამო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანის, ლიზ ტრუსის განცხადებაში ვკითხულობთ: ”ისინი ცდილობენ დიქტატურის, როგორც სერვისის ექსპორტს მთელს მსოფლიოში. ამიტომ რეჟიმები, როგორიცაა ბელორუსია, ჩრდილოეთ კორეა და მიანმარი, პოულობენ უახლოეს მოკავშირეებს მოსკოვსა და პეკინში. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პარტნიორებთან, როგორიცაა ავსტრალია, ისრაელი, ინდოეთი, იაპონია, ინდონეზია და სხვა. ჩვენს მეგობრებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებით და დაახლოვებით თავისუფალი ბაზრის დემოკრატიების ორბიტასთან, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველას უფრო უსაფრთხოს და თავისუფლებს გავხდით მომავალ წლებში.” დასავლეთი, რომელიც დემოკრატიულ განვითარებაზე და მშვიდობიან პროგრესზეა ორიენტირებული, აშკარად იაზრებს, რომ რუსეთი არც უკრაინაზე და არც საქართველოზე გაჩერდება. დღევანდელ რუსეთს სურს მსოფლიოზე გაბატონება. თუმცა, იბადება კითხვა, როდის არ სურდა? დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრა ომის გახანგრძლივებულ „ჭაობში“ ჩაგვითრევს და ეს ძვირად დაუჯდება რუსეთს. ერთის მხრივ, თუ რუსეთს „გაუვიდა“ უკრაინაში, არც საქართველოს ელის კარგი დღე. ამის დემონსტრირებას რუსეთი მცირე მასშტაბებით ყოველდღიურად ახდენს, ჩვენი ტერიტორიული საზღვრების უგულვებელყოფით და მცოცავი ოკუპაციით, ხალხისთვის საძოვრების და ბაღების, მათი სასაფლაოების და კარ-მიდამოს მიტაცებით, ადამიანების თავიანთი სახლ-კარიდან, სალოცავებიდან თუ ველ-მინდვრებიდან გატაცებით და წამებით. სამწუხაროდ, დღეს რუსეთი პროგრესული მსოფლიოს განვითარების სტრატეგიას არ ცნობს, ის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებს ვერ თმობს, ამიტომ ძალადობრივ და მილიტარისტულ პოზიციონერობას ირჩევს. რუსეთი ყოველდღიურად გვახსენებს ჩვენ და მთელს მსოფლიოს ცნობილი ლათინური ფრაზას, რომელიც სამწუხაროდ აქტუალობას არ კარგავს - „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“. 198 შეფასება არ არის
|