სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.
მსჯავრდებული მაგდა პაპიძის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილ სარჩელში საუბარი იყო მისი დაკავებისას, წინასწარი მოთავსების იზოლატორში განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე, რამაც მისი მტკიცებით ორსულობის შეწყვეტა გამოიწვია.
მაგდა პაპიძეს სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში მისი დანაშაულის სწორად გამოძიების საკითხი არ გაუსაჩივრებია.
მაგდა პაპიძის დედა „რუსთავი 2-თან“ საუბარში განმარტავს, რომ ძალადობას ადგილი ჰქონდა, თუმცა საქმის მასალების დაგვიანების გამო სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი არ განიხილა.
„ჩვენ ექსპერტიზის დასკვნაც კი გვაქვს ცემის ფაქტებთან დაკავშირებით. დაგვიანებით მოხდა ამ მასალების გადაგზავნა 6 თვე იყო განსაზღვრული ვადა, რომელ ვადაშიც უნდა გადაგზავნილიყო. სპეციალურად დააგვიანა პროკურატურამ მასალების გადმოგზავნა, მაგრამ სხვა ადვოკატმა დაგვიანების მიუხედავად მაინც გაგზავნა. თუმცა დაგვიანების გამო უარი მოგვივიდა.
ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის საბუთები, რომ მაგდა ნაცემი იყო, თანაც ამ პერიოდში ორსულად იყო და არსებობს ექსპერტიზის დასკვნა ექიმის ხელმოწერით“, - განაცხადა მაგდა პაპიძის დედამ.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2016 წლის 04 ივლისს მაგდა პაპიძე ერთხმად სცნო დამნაშავედ ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ თავის არეში უროს რამდენიმე ჩარტყმით განზრახ მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა არასრულწლოვანი შვილი, 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც ცხედრები ეზოში გაიტანა და შეეცადა წაეშალა დანაშაულის კვალი.
2016 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სასჯელის დანიშვნის სხდომა და მოსამართლემ მაგდა პაპიძეს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ზემოაღნიშნული განაჩენი გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც დაცვის მხარე ითხოვდა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმებას, საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის და დანიშნული სასჯელის გაუქმებას.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრის შესაგებელში მიუთითებდა, რომ მაგდა პაპიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი ემყარებოდა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და იყო დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი იყო კანონიერი, შესაბამისად არ არსებობდა ვერდიქტის გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.