„ვაქცინირებულები „ომიკრონთან“ უფრო დაცულები არიან, ვიდრე აუცრელები“ - მაია ბუწაშვილი
„ახალ შტამს უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობა და მაღალი ლეტალობა არ აქვს“, - ამის შესახებ კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
ინფექციონისტის თქმით, ომიკრონის უფრო რთულ მიმდინარეობაზე და გაზრდილ სიკვდილიანობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ახალ შტამს, „ომიკრონს“ გავრცელების სისწრაფე და ხარისხი მეტად მაღალი აქვს და ეს ყველა ახალ მუტაციას ახასიათებს მის წინამორბედზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ექიმები ვისაც უკვე გამოცდილება აქვს ამ პაციენტებთან გვამშვიდებენ, რომ ამ ახალ შტამს უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობა და მაღალი ლეტალობა არ აქვს. გაჩნდა ის ვერსიაც, რომ ვინაიდან ეს შტამი ბევრად ეფექტურად ვრცელდება და მოსახლეობის დიდ ნაწილს მოიცავს, ჰოსპიტალიზაციის პროცესი არის დაბალი. მთელ რიგ ქვეყნებში ახალი შტამით ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და საბედნიეროდ ჯერჯერობით რაღაც ისეთი ინფორმაცია მის უფრო რთულ მიმდინარეობაზე და გაზრდილ სიკვდილიანობაზე არ ვრცელდება“, - აღნიშნავს ინფექციონისტი.
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა აღნიშნა, რომ კორონავირუსული ინფექცია მყარ იმუნიტეტს არ იძლევა.
„კოვიდის გადატანის შემდეგ ყალიბდება იმუნიტეტი და გარკვეულწილად გვიცავს, თუმცა არსებობს რეინფექციის რისკი. კორონავირუსი არ არის ის ინფექცია, რომელიც იძლევა მყარ იმუნიტეტს. გარანტია იმისა რომ კოვიდგადატანილს ისევ არ დაემართება ვირუსი არ არსებობს. ვაქცინირებულები „ომიკრონის“ შემთხვევაში უფრო დაცულები არიან, ვიდრე აუცრელები. ვაქცინირებულს შესაძლოა შეხვდეთ ნებისმიერი შტამი, თუმცა ინფიცირების რისკი დაბალია. ვაქცინის მთავარი ამოცანა არის დაგვიცვას: გართულებებისგან, ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობისგან და ამ როლს ის შესანიშნავად ასრულებს“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი.
ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს.
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ვირუსში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა.
„ისრაელმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკვე გამოაცხადეს რომ აკრძალეს მგზავრების მიღება სამხრეთ აფრიკიდან და მიმდებარე ქვეყნებიდან (South Africa, Namibia, Lesotho, Eswatini, Zimbabwe and Botswana) მას შემდეგ რაც დღეს სამხრეთ აფრიკამ გამოაცხადა კოვიდ ვირუსის ახალი B.1.1.529 შტამის აღმოჩენა.
ყველას ვინც ამ ქვეყნებიდან ჩამოვიდა ბოლო 10 დღის განმავლობაში მოეთხოვა აუცილებლად გაიკეთოს პისიარ ტესტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური ჯგუფი ხვალ უკვე იკრიბება, რომ განიხილოს ეს ახალი ვარიანტი, რომელშიც ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა, რამაც ასეთი შეკრების აუცილებლობა გამოიწვია“, - აცხადებს წერეთელი.