შოუბიზნესი მაიკლ ჯექსონი ნამდვილად ზეადამიანი იყო!.. და ამის სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს 2021, 7 დეკემბერი, 10:40 ბიომექანიკის თვალსაზრისით, ეს ფიზიკურ შესაძლებლობებს სცილდება მაიკლ ჯექსონი მსოფლიო კულტურის ისტორიაში შევიდა, არა მხოლოდ როგორც მეგაჰიტების შემსრულებელი, არამედ როგორც მოცეკვავე, რომელმაც უამრავი უნიკალური და სანახაობრივი მოძრაობა მოიფიქრა, რომელიც ფიზიკისა და ანატომიის კანონებს ეწინააღმდეგება. თუნდაც მისი ცნობილი «მთვარის სიარული» რომ ავიღოთ, ან სხეულის ანტიგრავიტაციული დახრა 45 გრადუსით სცენის მიმართ, რომელიც მან პირველად «Smooth Criminal» კლიპში შეასრულა. როგორც ამბობდნენ, კლიპში სხეულის დახრის დროს, სიმები იყო გამოყენებული, ყოველ შემთხვევაში, ეს ილეთი «საქმის ექსპერტებმა» ასე ახსნეს. თუმცა, კლიპის პრემიერიდან 5 წლის შემდეგ — 1993 წლის ოქტომბერში, მ. ჯექსონმა აშშ-ს საპატენტო ბიუროში თავისი გამოგონება – «გრავიტაციის ილუზიის შექმნის მეთოდი და საშუალება», № 5, 255, 452 დაარეგისტრირა და იგივე ნომრით, ფართო აუდიტორიის წინაშეც წარსდგა, თან არაერთხელ: როგორც აღმოჩნდა, პოპის მეფეს მიზიდულობის კანონების იგნორირება, სპეციალური ფეხსაცმლის წყალობით შეეძლო, რომელსაც ქუსლზე სამკუთხა ჭრილები ჰქონდა. ფეხსაცმელში ჩაყენებული მყარი ლილვებით კი მომღერალი იატაკში ჩამაგრებულ ლითონის ღერძებს ეჭიდებოდა, რითაც დამატებით საყრდენ წერტილს ღებულობდა. ხოლო, როგორც არქიმედე ამბობდა, «საყრდენი წერტილის არსებობის შემთხვევაში, მთელი მსოფლიოს ამობრუნება შეიძლება»... თითქოს, ეს საკითხი უნდა დახურულიყო... თუმცა, თუ «მთვარის სიარულის» შესრულება, ვარჯიშის შემდეგ შესაძლებელია, უბრალო მოკვდავისთვის, ანტიგრავიტაციული დახრის გამეორება, შესაბამისი მოწყობილობითაც კი, შეუძლებელია. «საქმე იმაშია, რომ ეს ილეთი ხერხემლის ბიომექანიკის სტანდარტის კანონს არღვევს» — ამტკიცებენ თავის კვლევაში ექიმები და ჩანდიგარჰის (ინდოეთი) უმაღლესი სამედიცინო განათლების ინსტიტუტის ნეიროქირურგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები. მათ კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალში — Journal of Neurosurgery–ში გამოაქვეყნეს. ანტიგრავიტაციული დახრა, რომლის გამეორება შეუძლებელია «დგომის დროს, ადამიანის სიმძიმის ცენტრი გავის მეორე მალის მდებარეობის დონეზეა და როდესაც წინ ვიხრებით, ჩვენს სხეულს ვარდნისგან, ხერხემლის კუნთები (erector spinae) იცავს. მაგრამ, თუ მიზიდულობის ცენტრი ბუნებრივი მდებარეობიდან, მნიშვნელოვნად ინაცვლებს, მაშინ საყრდენი წერტილი მენჯ–ბარძაყის სახსრიდან — კოჭ–წვივის სახსარზე გადადის და ძირითადი ზეწოლა, ხერხემლის კუნთებზე კი არა, აქილკევის მყესზე მოდის. ეს ორგანო კი, იმდენად ძლიერი არ არის და ანტიგრავიტაციული დახრის, მხოლოდ შეზღუდულ დიაპაზონში შეიძლება შესრულება. სამედიცინო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ჩვეულებრივი, ადამიანის ხერხემლისთვის კრიტიკულად დასაშვები დახრის კუთხე 25 გრადუსს შეადგენს. ხერხემლის ტრამვით ჩენთან არაერთი პაციენტი მოდის და როგორც გაირკვა, ნავარჯიშებ მოცეკვავეს მსგავსი ილეთის შესრულებისას, დახრა მხოლოდ 25–დან — 30 გრადუსამდე დიაპაზონში შეუძლია, რაც ბევრი პროფესიონალი სპორტსმენისთვისაც კი, შესაძლებლობის ზღვარს სცილდება. ამიტომ ვთვლით, რომ მ. ჯექსონმა, ამ ილეთის შესრულებისას, ადამიანის ზღვრული შესაძლებლობები გადალახა. ხოლო ეს, იმის წყალობით შეძლო, რომ ძალიან გამხდარი და მსუბუქი იყო, მაგრამ ამავდროულად, წარმოუდგენლად ძლიერი ხერხემლის კუნთები და ქვედა კიდურები ჰქონდა» — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი, ქირურგი ნიშანტ იაგნიკი (Nishant S. Yagnick). პოპის მეფის თაყვანისმცემლები ყოველთვის თვლიდნენ, რომ მ. ჯექსონი ისეთი არ იყო, როგორც სხვები... ახლა კი, ამის მტკიცებულებად, მეცნიერული საფუძველიც არსებობს. 933 5-ს მოსწონს
|