x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"არ მეძებოთ..." - ადამიანები, რომლებიც საკუთარი ნებით "ქრებიან"

image

არასოდეს გდომებიათ საკუთარი ცხოვრებისგან გაქცევა? არა, სიკვდილი არა, უბრალოდ - გაქრობა, ყველაფრის წარსულში დატოვება, ახლობლებთან და ნაცნობებთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა და სხვაგან, ახალი ცხოვრების დაწყება.

იაპონიაში ზოგიერთი ადამიანი სწორედ ასე იქცევა. მათ "ძუჰაცუს" ეძახიან, რაც "გაქრობას" ნიშნავს. ყოველდღიურად, მსგავს გადაწყვეტილებას უამრავი ადამიანი იღებს მსოფლიოში: ვიღაც სახლს ტოვებს, სამსახურს, ცდილობს ფინანსურ–ეკონომიკური პრობლემებისგან "გაქცევას", ვიღაც კი, უბრალოდ, გადაიღალა…

ეს ადამიანები მზად არიან ყველაფრით გარისკონ, მიატოვონ ყველა და ყველაფერი და ცხოვრება ახალ ადგილზე, "ცარიელი ფურცლიდან" დაიწყონ. 30 წელზე მეტია, იაპონიაში არსებობენ კომპანიები, რომლებიც ადგილობრივ «გაქცეულებს» ძუჰაცუდ გახდომაში ეხმარებიან.

პირველი სტატია იაპონელი «გამქრალების შესახებ», "New York Post"–ში 2016 წელს დაიწერა. მასში მოთხრობილი იყო ადამიანებზე, რომლებმაც სამსახური, ოჯახი ან საზოგადოების პატივისცემა დაკარგეს და სირცხვილის თავიდან ასაცილებლად, სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

ითვლება, რომ ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება მოხდეს იაპონელის ცხოვრებაში, საზოგადოების პატივისცემის დაკარგვა არის. როგორც წესი, რთული სიტუაციიდან გამოსავალს, ბევრი თვითმკვლელობაში პოულობს და ეს სტატისტიკითაც მტკიცდება: ყოველწლიურად, სიცოცხლეზე უარს, საკუთარი ნებით, 25–27 ადამიანი ამბობს. მათ შორის, უმრავლესობა მამაკაცები არიან, რომლებმაც ოჯახის წინაშე ფინანსური ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს.

ასეთი რადიკალური ქმედებისკენ იაპონელებს, მხოლოდ ფსიქო–ემოციური მდგომარეობა კი არა, უფრო მეტად, იაპონური აღზრდის მემკვიდრეობა უბიძგებს — სამურაის კოდექსის შვიდი პრინციპიდან ერთ-ერთში, სადაც პატივის და ღირსების შესახებ არის საუბარი, პირდაპირ არის ნათქვამი:

სამურაის ღირსების მხოლოდ ერთი მსაჯული არსებობს — თავად ის. ხოლო, გადაწყვეტილების მიღება და ქმედების განხორციელება — იმის ანარეკლია, ვინც არის სინამდვილეში ადამიანი.

მაგრამ, ყველა სულიერად იმდენად ძლიერი არ არის, რომ სიცოცხლეზე თქვას უარი. ამიტომ, ისინი სხვა გზას ირჩევენ — უბრალოდ, გაურკვეველი მიმართულებით მიემგზავრებიან და "ქრებიან"...

იაპონიაში პოლიციას არ აქვს უფლება ჩაერიოს მოქალაქის პირად ცხოვრებაში, თუ საქმე დანაშაულს არ ეხება. ქვეყანაში, ასევე არ არსებობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ერთიანი მონაცემთა ბაზა და მხოლოდ პოლიციის სავარაუდო მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ყოველწლიურად, 80 – 100 ათასი ადამიანი "ქრება".

"დაკარგულის" ოჯახის წევრები კი, დახმარებისთვის პოლიციას იშვიათად მიმართავენ. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ის ცოცხალი აღარ არის, ზოგი კი, თავის ახლობელს წლწბის მანძილზე, დამოუკიდებლად ეძებს, ინფორმაციას აგროვებს და განცხადებებს აქვეყნებს... და მხოლოდ ერთეულები ქირაობენ კერძო დეტექტივებს, რომელთა მომსახურება, იაფი ნამდვილად არ არის. ჟურნალისტური გამოძიების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, "გამქრალების" უმრავლესობა სანიაში, ტოკიოს უღარიბეს უბანში ცხოვრობს. ეს ადგილი ყველა ტოკიელისთვისაც კი არ არის ცნობილი. გარდა ამისა, მისი პოვნა რუკაზეც კი არ შეიძლება, რადგან ეს რაიონი ქალაქის გეგმიდან, ჯერ კიდევ, 40 წლის წინ ამოიღეს.

ასე, რომ, გაქცეულების ერთი ნაწილი საკუთარ ქალაქში რჩება, ცხოვრობენ არალეგალი ემიგრანტებივით, თუმცა, იაპონიის მოქალაქეებად რჩებიან. ისინი არანაირ სამუშაოს არ თაკილობენ და ცდილობენ, რომ ოჯახის წევრებს და მეგობრებს თვალში არ მოხვდნენ.

და ბოლოს, ადამიანების უმრავლესობა, ვისაც გაქრობა უნდა, "ღამის გადასვლის" სააგენტოს მომსახურებით სარგებლობს.

— ათობით სევდიანი გადასვლა მინახავს, — ამბობს სე ჰოტორი, რომელმაც "ღამის გადასვლის" ერთ–ერთი კომპანია, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 90-იან წლებში დაარსა, როდესაც იაპონიაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისი იყო — ვიღაც უნივერსიტეტიდან გამოაგდეს, ვიღაცას განქორწინება არ შეეძლო, ისეთებიც იყვნენ, ვისაც დევნისგან უნდოდა თავის დაღწევა… ეს ადამიანები დახმარებისთვის მე მომმართავდნენ და ამ მომსახურების ოპერაციას, ღონისძიების იდუმალობიდან გამომდინარე, "ღამის გადასვლა" დავარქვი. ასეთი ორგანიზაციები ადამიანებს საიდუმლო ადგილებზე ახალი საცხოვრებლის მონახვაში ეხმარებიან და მათი ცხოვრების მეტად რთულ პერიოდში, ყველანაირად მხარს უჭერენ.


image


imageimageimageimage




0
183
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0