სხვა "ფილარმონიასთან კი არა, 15 წუთში ისევ ახმეტელის მეტროსთან იქნებიო"..- სახალისო ისტორია 2021, 17 ოქტომბერი, 21:30 "- მაიტა, ერთი, უფროსო, ბილეთი ამიღეო, - ბარათი გაუწოდა შუახნის კაცმა კონტროლიორს. ამან: - ჩემს გვერდით დგახარ და სალაროც აგერაა, დაადე და აიღეო. იმან: - შენ რომ ამიღო, არ გეკადრებაო? ამან: - ეგ რა შუაშიაო, სალაროსაც წვდები და ხალხიც არ გიშლის ხელს, ხოდა მოდი და აიღეო. - შენ რაღას მიკეთებ, აქ რომ დამდგახარ იმასავითო. - ეგო, ჩემი მოვალეობა არ არისო და იმასავით შენ თვითონ დგახარო. - შენ ახლა ცოტა "ასტაროჟნად" იყავიო. - შენ თვითონ მოიქეცი "სპაკოინად" და არავინ არაფერს გეტყვისო. - შენაო, ავტობუსით რაკი ვმგზავრობ, ქაჯი ხო არა გგონივარო, კარგად გაიკითხე, ვინა ვარო. - აი, ჩემს ფეხებს, ვინც არ უნდა იყოო. - რას ქვია ქაჯიო, ვინც ავტობუსით ვმგზავრობთ, ქაჯები ვართო? - გამოენთო ნიკაპზე პირბადეჩამოწეული ქალი. - შენ პირბადე აიწიე, ქალბატონო, ის გირჩევნიაო, - კონტროლიორმა. - შენი საქმე არ არის, მე რას ავიწევ და რას ჩავიწევო, - პირბადეჩამოწეულმა. - ქალო, სიტყვებს დაუკვირდიო, - მუჯლუგუნი გაჰკრა გვერდით მჯდომმა ქმარმა. ქალი დაუკვირდა. - დაწყნარდით, რა ყაყანი ატეხეთ ამ დილაუთენიაო, - უკანა რიგებიდან გამოსძახა კაცმა. - შენ შენნაირები დააწყნარეო, - წინა რიგებიდან შეეხმიანნენ. - რა ამბავია, ხალხო, სამსახურებში მივდივართ და დილიდან ნუ მოვიშლით ნერვებსო, - უკანა რიგებმა. - სამსახურში თორემ ახლა მთავრობის სხდომას უშენოდ არ იწყებენო, - წინა რიგებმა. - ჯერ იკითხე ვის ელაპარაკები და მერე "იბლატავეო", - უკანამ. - ზედვე გეტყობა, რაცა ხარ, შე ბიძინას მონაო! - წინამ. - ვინ არის ბიძინას მონა, შე გარეწარო კაცოო, არა, ბიჭოს, მიშას დაელოდე, ჩამოვა და მოგხედავსო, - უკანა რიგებმა. - ერთი სტალინი წამოახედაო, - შუა რიგებმა. - რა გაჩხუბებთ, ხალხო, ქართველები არა ვართო? - ჩემს მარცხნივ მჯდომი კაცი ჩაერთო. - ვინც ქართველი არა ვართ, იმას რა დაგვიწუნეო? - ჩემს მარჯვნივ მჯდომი გაეპასუხა. - კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, - მარცხენამ. - რას მეშაირები, შენზე ნაკლები ანდაზები კი არ ვიციო, - მარჯვენამ. - შეაყარე კედელს ცერცვიო, - მარცხენამ. - ახტა კოჭი, დახტა კოჭი, თუ ეგრეაო, - მარჯვენამ. - ახლა ყველა გაჩუმდით, თორემ გავაჩერებ ავტობუსსო, - მძღოლს ამოასხა. - გააჩერებ რა, ბაბუაშენისგან კი არ დაგრჩენია, მიტრიალდი და "რულს" ხელი მოჰკიდე, თუ ძმა ხარო. მიტრიალდა და მოჰკიდა. სკოლისჩანთაჩამოკიდებულ გოგონას სიცილი აუტყდა, დედამისმა - ხმა გაკმინდეო და იმანაც გაკმინდა. - ზაურ, ახმეტელის მეტროსთან ვარ ახლა და 15 წუთში ფილარმონიასთან ვიქნებიო, - ქალმა ჩასძახა ტელეფონს. - ფილარმონიასთან კი არა, 15 წუთში ისევ ახმეტელის მეტროსთან იქნებიო, - კონტროლიორმა ჩაიქირქილა. - შენ გირჩევნია, ბილეთებს მიხედოო! - ქალმა. - ბილეთების აღება თქვენი მოვალეობაა და არა ჩემიო, - კონტროლიორმა და დაიწყო ისევ თავიდან. მე არ ჩავრეულვარ. მდუღარეყავაგადასხმული ხელი მეწვოდა და ჩემი გამჭირვებოდა. ავტორი უცნობია". წყარო: "მწვანე - მხოლოდ პოზიტივი" 392 შეფასება არ არის
|