x
image
მადამ ფისუნია
ნი..,
image

-ელა…

-გისმენთ, ქალბატონო…

-ორი ადამიანი გყვარებია?

-რამდენიმე მიყვარდა..

-არა მაგას არ გეკითხები, ერთდროულად, ერთნაირი სიგიჟით, ორი განსხვავებული კაცი თუ გყვარებია…

-არა, ქალბატონო, მე ქმარი მიყვარდა ყველა სხვა კაცის ნაცვლად…

-შენი აზრით, ორი კაცის სიყვარული დანაშაულია? ან იქნებ გარყვნილება?

-არა, ქალბატონო სიყვარული დანაშაული არასოდესაა. არც გარყვნილება…

-არც მაშინ თუ ქმარი გყავს?

-არც მაშინ…

-მე მიყვარს ჩემი ქმარი…

-ვიცი, ქალბატონო, მასაც უყვარხართ.

-მას უბრალოდ ვეცოდები.

-ტყუილია, ქალბატონო, ძალიან უყვარხართ.

-ვუყვარდი, მაგრამ ახლა ვეცოდები. ვგრძნობ… ან შეიძლება ისევ ვუყვარვარ. იმ ძველი, ადამიანური ჩემი თავის მიმართ სიყვარულის აჩრდილი დასდევს და ვერ ელევა. ვერ იჯერებს რომ აღარც სოფია ვარ, აღარც ადამიანი, ცოცხალიც კი აღარ ვარ.

-თქვენს ქმარს უყვარხართ ქალბატონო.

-მეც მიყვარს…-არაფრის მთქმელი გულუბრყვილო, ბავშვური თვალები მიაპყრო ქალს და მთელი დამაჯერებლობით განაცხადა.

-ნიჭია სიყვარული ქალბატონო…

-ხომ შეიძლება დანაშაულიც იყოს?

-ნიჭი ვერ იქნება დანაშაული…

-ვერც მაშინ, როცა ორი გიყვარს თანაბრად?

-იცით, ჩემო ქალბატონო რას ამბობენ ორი ადამიანის სიყვარულზე?

-რას?

-ამბობენ, თუ ვიღაც გიყვარდა და მერე სხვაც შეგიყვარდა, პირველი ვინც გიყვარდა არ გიყვარდაო, ალბათ…

-სისულელეა…-აიქნია გოგონამ ხელი და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო. ღია ცისფერი პენუარი ეცვა, გრძელი, ხშირი თმა გასწეწვოდა და ასე, მოჩვენებასავით დაძრწოდა ოთახებში, -ეგ უვიცთა მოგონილია ელა, უნიჭოების.., სამყარო ხომ სავსეა ეგეთებით? აზრზე არ არიან როგორ უნდა უყვარდეთ. აზრზე არ არიან რისი ჩადენა შეუძლია შეყვარებულ ქალს… ეგენი ხალხია ელა… ხალხი არაფრის აზრზე არაა! მათთვის სამყარო სწორხაზოვანია. ხალხისთვის სამყარო ბრტყელია და არა მრგვალი. არადა მრგვალია, ბევრი სხვადასხვა ხედი აქვს, ბევრი სხვადასხვა მხარე… იცი, მათ „მრგვალის“ ზუსტი მნიშვნელობაც კი არ იციან, მათ მრგვალი მხოლოდ ბურთი ჰგონიათ… არადა, შენ ხომ გსმენია მრგვალი ქანდაკების შესახებ? ის სულაც არაა ბურთის ფორმის, ის უბრალოდ მრგვალია… და ყველა მხრიდან შესაძლოა მისი დანახვა, აღქმაც ყველა მხრიდან სულ სხვადასხვაა… ხალხი მხოლოდ ორ ფერს ხედავს, შავს და თეთრს ელა, არ იციან რამდენი სხვა, ლამაზი ფერითაა იგი გარსშემორტყმული. ხალხი სულელია ელა, ისინი ადამიანებიც კი არ არიან. არ დაუჯერო მათ, გთხოვ…

ელა დაბალი და ჩაფსკვნილი ქალი იყო. ხანში შესული. თმაში ჭაღარაც ბლომად ჰქონდა გამორეული, იღებავდა ხოლმე, ებრძოდა შეძლებისდაგვარად ასაკს, მაგრამ ყოველთვის არ გამოსდიოდა. განსხვავებით სოფიასგან, რომელიც უკვე ოცდაათ წელს მიუკაკუნებდა, თუმცა, თინეიჯერივით გამოიყურებოდა. სოფიას რაღაც სჭირდა. ის ფიქრობდა ვამპირი ვარო. სხვები კი ფიქრობდნენ რომ ის უბრალოდ გაგიჟდა. ელაც სხვებივით ფიქრობდა, თუმცა, სოფიასთვის ეს არასდროს უთქვამს. უკვე რამდენიმე წელი იყო რაც მის სახლში ცხოვრობდა და „უვლიდა“. არასდროს უგრძნობინებია მისთვის, ავად ხარ და შენი მომვლელი ვარო. პირიქით, როდესაც სოფიას ისტერიკის შეტევა დაეწყებოდა და „სისულელეების“ ლაპარაკს იწყებდა, ელა მას მზრუნველი დედასავით აიწებებდა გაფუშფუშებულ გულ-მკერდზე და ამშვიდებდა. ერთხელ, როდესაც გოგონამ ყვავილების ქოთანი ესროლა და დასჩხავლა მომვლელი არ მჭირდება ავად არ ვარო, ქალმა გაუღიმა და უთხრა:

-მე თქვენი მომვლელი არ ვარ ქალბატონო…

-ცრუობ! ვიცი, ჩემი ქმარი ავადმყოფად მთვლის და შენ ფულს გიხდის რომ „მომიარო“…

-არა, ქალბატონო თქვენი ქმარი ფულს თქვენი მოვლისთვის არ მიხდის, მას სურს რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი, მაშინ როცა თვითონ სამსახურშია და დამხმარედ მე დამიქირავა, რომ საჭმელი მოვამზადო, სახლი დავალაგო…

-მე საჭმელი არ მჭირდება!

-ვიცი, ქალბატონო, მაგრამ სუფთა ტანსაცმელი ხომ გჭირდებათ?

-არ ვიცი, რისთვის? ოთხ კედელში ვარ გამოკეტილი…

-დალაგებული სახლი?

გოგონა ატირდა. ელა ჩაეხუტა. მას კი ჩაეძინა.

ასეთი დიალოგები და სოფიას ისტერიკის შეტევები ამ სახლში ხშირი იყო. ელა კი – ალბათ, საუკეთესოდ არჩეული დამამშვიდებელი ამ უსუსური გოგოსთვის, რომელიც გიჟად შერაცხეს და კლინიკაში განთავსებაც კი „მიუსაჯეს“. თუმცა, ამ სასჯელის სანაცვლოდ ხარკს მისი ქმარი იხდიდა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ცოლი, რომლისთვისაც ეს „არანორმალური გოგო“ პირველი და ერთადერთი სიყვარული იყო. რომელსაც ვერ წარმოედგინა სიცოცხლე მის გარეშე ან მისგან შორს.

სოფია და მისი ქმარი საბავშვო ბაღში დამეგობრდნენ და თექვსმეტი წლის ასაკში დაქორწინდნენ. ნახევარი სიცოცხლეც არ გაუტარებიათ უერთმანეთოდ და ახლა, როცა გოგონა „დაავადდა“, ეს არ იყო ყმაწვილი კაცისთვის საკმარისი მიზეზი მასთან განსაშორებლად. ბიჭი მას ვერ მიატოვებდა. არც კი უფიქრია. როდესაც სოფიას მკურნალი ექიმი მის დარწმუნებას ცდილობდა, გოგონა კლინიკაში განათავსეო, ჩვეული, მშვიდი სახე მოეღრიცა და დემონური სიცხარე დედამიწაზე გადმოანარცხა, არც მანამდე და არც მას შემდეგ ის ასეთი არ ყოფილა:

-იცი, მეგობარო, შენს ცოლს დახმარება სჭირდება.-გაუკიდა სიგარეტს ექიმმა და სერიოზული სახე მიიღო.

-გაგიკვირდება და შევამჩნიე, შენ ფულს ზუსტად მაგაში გიხდი…

-სახლის პირობებში რთული იქნება, მას მუდმივი დაკვირვება და მოვლა სჭირდება…

-შენი აზრით, ელა აქ რატომ ცხოვრობს…

-ელა საკმარისი არაა, კომპეტენტური „დამკვირვებელი“ სჭირდება…

-ყოველი წამის სიზუსტით შეუძლია ელას აღწეროს ჩემი ცოლის ყოველდღიური ქმედებები.

-მაგრამ, მას არ შეუძლია დიაგნოზი დასვას…

-შენ ხომ შეგიძლია?

-ასე მარტივად ასეთი სიმძაფრის შიზოფრენია არ იკურნება.

-რთულად განკურნე…

-არაფერი გესმის… კლინიკაში ეს ყველაფერი უფრო მარტივი იქნება…

-მარტივი ვისთვის, შენთვის თუ სოფიასთვის?

-ორივესთვის…

-ფეხებზე მკიდია, შენთვის რა იქნება მარტივი ჩემს ცოლს გიჟებით გატენილ შენობაში ვერ შევაგდებ…

-არც ის არის „დალაგებული“, ეს ხომ კარგად გესმის?-ირონიულად ჩაიღიმა ფსიქიატრს და ცალი წარბიც ნიშნის მოგებით ასწია.

-არა-მეთქი… ის აქ დარჩება, თავის სახლში, ოჯახში… ჩემთან! და ელასთან გაიგე?

-შენი გადასაწყვეტია… -თქვა ექიმმა და ოთახში ნელი, გამაღიზიანებელი ნაბიჯებით აბოდიალდა, - ისე კი, ვინ იცის, იქნებ მისთვის უკეთესიც იყოს თავისნაირებთან ურთიერთობა. აზერკინების შესახებ გსმენია რამე? ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თუმცა, თავად ასე არ ფიქრობენ… ერთგვარი სუბკულტურაა. იცი, ჩვენთან კლინიკაში თორმეტი ვამპირი, რამდენიმე მაქცია და დოღის ცხენიც კი გვყავს… იქნებ მისთვისვე ჯობდეს…

ექიმი ათასი სისულელის თქმას არ შეწყვეტდა, რომ არა მფრინავი სკამი, რომელიც მისკენ საკვირველი სისწრაფით მიჰქროდა და საბოლოოდ მასთან ახლოს იატაკზე მრავალ ნაწილად დაიმსხვრა და გაიფანტა.

-სოფიას არ გაგატან! ვერ გაიგე? სახლში დარჩება-მეთქი! ჩემი ცოლია და არ მოგცემ უფლებას წამართვა…

-ჰმმ… ფერი ფერსაო… ორივე ერთ პალატაში ხართ გამოსამწყვდევი. -თქვა ექიმმა, გაფითრებული და „წაშლილი“ სახე სწრაფად დაილაგა მერე კი ნელი, მაგრამ აკანკალებული ნაბიჯებით დატოვა სახლი. ის ყოველთვის ცდილობდა მშვიდი ყოფილიყო. არც ერთი ნერვი ასტოკებოდა და მითუმეტეს ვინმეს შეემჩნია მისი რომელიმე ემოცია. ყველაზე რთული მისთვის ემოციების დამალვა მაშინ იყო როდესაც სოფიამ მისი პირადი სივრცე გაარღვია და სუნთქვა შეუკრა:

-ჩემგან რა გინდა, გიჟი გგონივარ და უნდა „განმკურნო“?-ჩაეკითხა გოგონა ირონიული ღიმილით.

-არა სოფია, მე უბრალოდ ფსიქოლოგი ვარ, ფსიქოლოგი კი ყველას სჭირდება, რომ თავისი გულის ნადები გაუზიაროს, ამისთვის სიგიჟე სულაც არაა სავალდებულო…

-სისულელეა, ჩვენს ქვეყანაში ფსიქოლოგები არავის სჭირდება, გულის ნადების გასაზიარებლად მეგობრები და ნათესავები გვყავს, ისინი სიამოვნებით მოგვისმენენ და გაიზიარებენ ჩვენს ყველა ტკივილს, აი, შენნაირებს კი ფეხებზე ჰკიდიათ, უბრალოდ მოსმენაში ფულს იღებენ, ეს ხომ მარტივია? ადამიანების მოსმენა ნიჭი არაა… აი, ის კი რასაც ფსიქოლოგები აკეთებენ ნამდვილად ნიჭია, გაჩვენებენ თავს თითქოს გისმენენ და ამისთვის გასამრჯელოსაც იღებენ… სასაცილოა… -გოგონა გაჩუმდა, მერე შემოტრიალდა, ექიმისაკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა და მისი პირადი სივრცე ბოლომდე გაარღვია. თითის წვერებზე აიწია, სახე მის სახეს გაუსწორა და პირდაპირ თვალებში ჩახედა. არაფრის მთქმელი, გაყინული მზერით, თუმცა, ექიმი მაინც დაიბნა, სურდა უკან დაეხია, მაგრამ გაქვავებულიყო და ერთადერთი აირი რომელსაც მაშინ სუნთქავდა ქალის პირიდან ამოსუნთქული თბილი ორთქლი იყო. პირველად იგრძნო თავი ასე უსუსურად პაციენტის წინაშე, -და ჰო, – დაამატა გოგონამ, – ნი დამიძახე, სოფია მკვდარია… შენ კი ფსიქოლოგი არ ხარ, ფსიქიატრი ხარ! ვგრძნობ… – მერე თავისი ტუჩები ექიმის ტუჩებს მიადო, მალევე უკან დაიხია. წარბები შეჭმუხნა. თითქოს რაღაც არ მოეწონაო.

-მე მინდოდა რაღაც კარგი გამეკეთებინა ცხოვრებაში…-ინსტიქტურად ამოსთქვა ექიმმა რომელმაც გოგონასა და მას შორის გაზრდილი მანძილისთანავე, თითქოს შვებით ამოისუნთქა და ენერგია დაუბრუნდა.

-რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები სიკეთის სახელით, რაღაც კარგის გაკეთების სურვილით შეპყრობილნი ვიწყებთ განადგურებას? ამ დროს ვკარგავთ ადამიანობას და ვხდებით ჩვეულებრივი “ხალხის” ნაწილი, ერთი უჯრედი რომელსაც არ გააჩნია საკუთარი აზრი და ძალა სხვა თავისივე მსგავსი უჯრედებისგან დამოუკიდებლად. შეუძლებელია, განადგურებას მოჰყვეს დადებითი შედეგი, მაშინაც კი, თუ ჩვენ ვცდილობთ რაღაც ცუდი მოვსპოთ ჩვენი სივრციდან… (ყველას გვსურს მოვგლიჯოთ სარეველა ბალახი ჩვენს ბაღჩაში, მოვიკვეთოთ სიმსივნე სხეულიდან ან უბრალოდ გემრიელი მწვადის ნაჭერი მივირთვათ). სამყარო სწორედ კარგ სამწვადე ხორცის ნაჭერს მაგონებს, რომელსაც ხორცი და ცხიმი ფენა-ფენად აქვს ჩალაგებული. ვის უყვარს “ქონი” ხორცის გარეშე? მაგრამ თუ ცხიმის დაწვის სურვილით შეპყრობილი მზარეული ამ ხორცის ნაჭერს დიდხანს დატოვებს ცეცხლში ის უნებლიედ დაწვავს ხორცსაც ცხიმთან ერთად… და რა ხდება როდესაც მებაღე ცდილობს საკუთარი ორანჟერიიდან ამოძირკვოს სარეველა ბალახი? ზოგჯერ შეპყრობილი განადგურების სურვილით შემთხვევით ძვირფას მცენარეს გლეჯს… მაშ ექიმზე რაღას ფიქრობ? ექიმზე რომელიც ცდილობს საკუთარი პაციენტის დაავადებული სხეულიდან მოჰკვეთოს სიმსივნე? ხომ შეუძლებელია ამ მავნე უჯრედების მოკვეთა ისე, რომ თან არ გაჰყვეს სხეულის საჭირო და ძვირფასი ნაწილებიც?

-მაშ რა უნდა გააკეთონ შენმა მზარეულმა, მებაღემ და ექიმმა მშვდად გაჰყვნენ დინებას თუ სინანულში ჩავარდნენ?

-არ ვიცი…

-რაღაც კარგისთვის და დიადი მიზნისთვის მცირეოდენი მსხვერპლი არ ღირს შენი აზრით?

-არ ვიცი… ზედმეტად პირობითი ნათქვამია, რაღაცების გასაზომად, ყველას თავისი შკალა აქვს, ის რაც შენთვის უმნიშვნელოდ ცოტაა, შესაძლოა ჩემთვის სრულიად სამყაროზე ძვირფასი იყოს…

-და მაინც, რას მთავაზობ?

-უკვდავებას, მაგრამ ყოველგვარი განადგურების გარეშე!

-გინდა მეც ვამპირად მაქციო?

გოგონა ექიმს აღარ უსმენდა საკუთარ ფიქრებში გაერთო და აშკარად შფოთავდა, მის შიგნით რაღაც ხდებოდა და ის რაღაც ცდილობდა სოფიას სხეულზე კარის, ან თუნდაც პატარა სარკმლის პოვნას რომ გარეთ გამოეღწია. ამ დროს კედლებს ეჯახებოდა და გოგონას ტკივილს აყენებდა. ეს მის სახეზე იხატებოდა, არაფერს ამბობდა, მხოლოდ დადიოდა ოთახებში, ფეხშიშველი, ძველებური, ღია ცისფერი პენუარით და სახეზე ათასობით ემოცია ენაცვლებოდა, თანაც წამის მეასედებში. ექიმმა მშვიდი სახით ამოიღო შპრიცში რაღაც სითხე და ზურგს უკან დამალა.

-ნი, რას განიცდი?- გოგონა თავის სამყაროდან ჩვენსაში დაბრუნდა, თითქოს ელოდებოდა კიდეც, რომ ვიღაცას იქიდან გამოეთრია, ემოციები ისევ უსწრაფესად იცვლებოდნენ მის სახეზე, თუმცა ოთახებში აღარ დაბოდიალობდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა მუხლზე იდაყვი დაიდო, ქვედა ტუჩი ხელით დაიჭირა და მისი შიგნიდან ჭამა დაიწყო…

-მწვადის გემო მომენატრა…

-იქნებ გაგესინჯა?

-არ მინდა იმედები გამიცრუვდეს…

-მე შენს ადგილზე ვცდიდი…

-მე შენს ადგილზე ჩემს თავს ვაკოცებდი…

ექიმი გაწითლდა.

-მეგონა რაღაც არ მოგეწონა…

-ჰო, გემო…

-რისი გემო ჰქონდა…

-არაფრის, საერთოდ ვერ ვიგრძენი გემო და ზედმეტად „მეთბილა“…

-თუ გინდა, კიდევ ვცადოთ…-თქვა ექიმმა თითქმის ჩურჩულით, თითქოს საკუთარი თავის სცხვენოდა, მთლიანად სამყაროსი სცხვენოდა, თითქოს ენა მის და უნებლიედ ამბობდა იმას, რისი თქმაც თავად სურდა, მაგრამ არასოდეს იტყოდა. ვერ გაბედავდა, თავს არ დაიმცირებდა, ასე ვერასოდეს დაეცემოდა. ის ექიმი იყო! ფსიქიატრი! ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოც კი… მას ემოციების და უძვლო ენის კონტროლი შეეძლო, იცოდა სად რა უნდა ეთქვა. ყოველთვის, ყველგან იმას ამბობდა რაც საჭირო იყო. სულ ერთია რამდენად სიმართლე. ძირითადად საერთოდ არ იყო სიმართლე. ის ხომ ფსიქიატრი იყო? გიჟებს სიმართლე არ სჭირდებოდათ… მათ სჭირდებოდათ საკუთარი სიმართლე და ექიმი აძლევდა მათ მას. მაგრამ ნი? ნი სხვა იყო… ნისთან ვერც აზრებს, ვერც ფიქრებს, ვერც ემოციებს და საკუთარ ენასაც კი ვერ აკონტროლებდა… ხანდახან ფიქრობდა, რომ ეს გოგო მის გონებაში დაძვრებოდა და მის მიერ ასე ხშირად გამოყენებული სიტყვა „ვგრძნობ“, ხანდახან სიმართლეს ძალიან ჰგავდა, თითქოს ის მართლა გრძნობდა ყველაფერს, ისეთ რამეებს რასაც ჩვეულებრივი მოკვდავები არ ვგრძნობთ ხოლმე.

-კარგი…

ექიმი მის წინ ჩაიმუხლა, სახე მის სახეს გაუსწორა, მერე აკანკალებული ხელით თმა ყურზე გადაუწია:

-თვალები დახუჭე…

-რატომ?

-გთხოვ…

გოგონამ თვალები დახუჭა, ექიმმა მისი ტუჩები შეისრუტა, ცალი ხელი მის თმაში ჰქონდა შეცურებული, მეორე ხელში კი რაღაც სითხით სავსე ნემსს მალავდა, უკანკალებდა, მაგრამ როგორღაც მაინც შეურჭო გოგონას სხეულს და სითხეც შეუშხაპუნა. ჩხვლეტა უსიამოვნო გამოდგა და გოგონამ თვალები სწრაფად გაახილა, ფეხზე წამოიჭრა, ახლა მხოლოდ ერთი ემოცია იყო მის სახეზე – ბრაზი, რომელიც ნელ-ნელა გამკრთალდა და სიცარიელე დარჩა, თვალები ეხუჭებოდა, წინ გადმოქანდა, მაგრამ ექიმმა დაიჭირა და უკან, საწოლზე დააწვინა. გოგონას მბჟუტავ თვალებში მათ საბოლოო ჩაქრობამდე, იმედგაცრუება აღიბეჭდა. გონების დაკარგვამდე, ბოლო გრძნობა რაც მის შუბლს წაეწერა სწორედ ის იყო. იმედგაცრუება – ყველაზე მტანჯველი და ყველაზე მტკივნეული ემოცია, რაც კი კაცობრიობას განუცდია ოდესმე. თავი მოტყუებულად იგრძნო და ეტკინა. ნემსის ჩხვლეტაზე მეტად იმედგაცრუება ეტკინა. ხვდებოდა ექიმი, რომ ეს სხეული მასში რაღაც უცნაურ გრძნობებს აღძრავდა. რომ ეს სხეული არ იყო სხვა სხეულების მსგავსი და რომ ძალიან, თითქმის სასიცოცხლოდ სჭირდებოდა მასთან სიახლოვე. საწოლზე რომ დააწვინა იქვეე ჩამოჯდა, სიგარეტს გაუკიდა და თავი ხელებში ჩარგო. მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მერე შებრუნდა, გოგონას პლედი გადააფარა და როდესაც მის წითელ, ცივ ტუჩებს კიდევ ერთხელ მოჰკრა თვალი სხეულზე ჭიანჭველები ააცოცდნენ. ცდუნებას ვერ გაუძლო და კიდევ ერთხელ აკოცა. ამჯერად, მისი ნების გარეშე, მძინარს, თითქოს გაუანალიზებლად და ინსტიქტურად…

ოთახში ახლადშემოსულმა ელამ ყველაფერი დაინახა.

***

ელას გონებაში ექიმი მახინჯ, გარყვნილ არსებად გარდაიქმნა, დაახლოებით ისეთ კაცად, აყროლებულ ბაზრობებთან რომ დგანან, შეფქვილული სამოსით და უცნაური მზერით გიყურებენ, მერე რაღაცას მოგაძახებენ და თუ გახედავ უცოდველი, ხბოს თვალებით შემოგხედავენ, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს ერთადერთი რამ რაც მათ გააჩნდეთ ის სისაწყლე იყოს რაც სახეზე ესახებათ, თითქოს ერთადერთი მათი ტკივილი შრომისაგან გადაღლილი, დაკოჟრილი თითები ყოფილიყოს. წამის რაღაც მეასედში მათი მსგავსი მზერა საკუთარ თავს რომ გაძულებს, როგორ იფიქრე რომ მის წმინდა, გულუბრყვილო ბაგეს შენდამი ნატყორცნი ესოდენ ბინძური ფიქრი, თუ სიტყვა, ანაც გრძნობა შეიძლებოდა გადმოენთხია? ის ხომ… ის ხომ უბრალოდ ერთი, ოჯახისთვის თავგანწირული, ათი ან იქნებ ოცი შვილის ან შვილიშვილის მამა და ბაბუაა, რომელიც „წელებზე ფეხს იდგამს“, რომ ბავშვებს საღამოს საღეჭი რეზინი, ან იაფფასიანი ლოლიპოპი მიუტანოს… ის რასაც შენ „შეჭამე და მოკვდის“ უწოდებ, მისი ბავშვებისთვის ხომ ღმერთების კანფეტია? და შენ ამ დროს მას ცილს სწამებ… ჰმმმ… არ სწამებ! მართალი ხარ… სამყარო კი შენს გარშემო – მატყუარა! არასწორ წარმოდგენებს გიქმნის ხალხზე. ნი მართალია. ხალხი… ეს ხომ უბრალოდ ხალხია და ადამიანებიც კი არ არიან? ელას ეს კაცები სძულდა. ის ფიქრობდა, რომ ამ ხალხისთვის სულერთი იყო ქალი ლამაზი იქნებოდა, მახინჯი, მსუქანი ახალგაზრდა თუ მოხუცი… მთავარი იყო ქალი ყოფილიყო. ყოველთვის ამაზრზენი მზერით და ბინძური სიტყვებით ამკობდნენ და გულს ურევდნენ. ექიმის სუფთა გახამებული პერანგები, ნაკეცებში დაუთოვებული შარვლები და ლამაზად გადავარცხნილი თმაც კი (რომელიც წამში დაუბანლობით გაზეთილად გარდაიქმნა) აღარ ჩანდა ძველებურად კოხტა. ახლა ის ჩვეულებრივი, ბინძური მუშა იყო, ბინძური სამოსით და აზრებით, შეფქვილული თმით. ბაზრობის გამოსასვლელთან იაფფასიან, კუსტარულად დამზადებულ ურიკაზე ჩამოყრდნობილი რომ აცეცებს თვალებს. მის სიგარეტსაც სულ სხვა, ბევრად უფრო მყრალი სუნი უდიოდა, ვიდრე ადრე… ულვაში რომ ჰქონოდა ალბათ ისევე გაუყვითლდებოდა, როგორც სოფლის, მუშტუკიდან მწეველ პაპაკაცებს აქვთ ხოლმე.

ასე ხდება.

ყოველთვის ასე ხდება.

ყველაფერი საჩუქარი არაა რასაც ბაფთას გამოაბამ.

საკმარისია ერთი მცდარი ნაბიჯი და სამყარო მახინჯდება. ერთ ნაბიჯში მახინჯდება. ერთ წამში და წამზე უფრო ნაკლებ დროშიც კი.

იმედგაცრუება.

იმედგაცრუება ამახინჯებს ადამიანებს, იმედგაცრუება ამახინჯებს გრძნობებს, სამყაროსაც…

-სამუდამოდ ამ სახით აპირებ მიყურო?

-დიახ…

-იქნებ, მისი ქმრისთვის გეთქვა და ბოღმა მაინც არ დაგახრჩობდა…

-გადავიტან…

-შენ არაფერი გესმის, ის ავადაა…

-ვიცი…

-დახმარება სჭირდება…

-ვცდილობთ…-პასუხობდა ქალი, თან საოჯახო საქმეს აგრძელებდა და ცდილობდა საკუთარ გონებაში უკვე დამახინჯებული კაცისთვის თვალებში არ შეეხედა.

-ასე არა…

-კლინიკაში არავინ გაგატანს!

-აქ იტანჯება…

-აქ უყვართ…

-კლინიკაშიც შეიყვარებენ…

-არასწორად ექცევი, ხვდები ხომ?-თვალი თვალში გაუყარა და შეწყვიტა საქმე. ჩამოეყრდნო მაგიდას და თითქოს ცდილობდა კაცის აზრების წაკითხვას, შიგადაშიგ თვალებს ჭუტავდა. ახლა ექიმმა დაიწყო ელას მზერისგან თავის დაღწევის მცდელობა. არ მოსწონდა. უცნაურ დისკომფორტს განიცდიდა. ბოლო დროს ხშირად იყო ყველაფერი სხვანაირად მისთვის.

-შენ არაფერი გესმის, მას მკურნალობა სჭირდება!

-ვნახე როგორც მკურნალობ…-ჩაიცინა ქალმა ცინიკურად.

-ეს მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, -ექიმს თითქოს თავადაც გაუკვირდა, ასეთი გენიალური არგუმენტი რამ მომაფიქრაო, სიამაყით დაჭიმა სახე, -ალბათ, არც გსმენია, რას გიხსნი?

-ჰმმ…-ისევ ჩაიცინა ელამ, - შესაძლოა გაუნათლებელი ვარ ფსიქიატრიაში, ძვირფასო გიჟების ექიმო, მაგრამ სულელი არ ვარ, მკურნალობის მეთოდებს და მძინარე გოგონასთან უნებართვო ალერსს შორის სხვაობას ვხედავ…

-ეს სწორედ რომ მკურნალობის მეთოდია!

-არა, არ არის… შეგვიძლია მის კანონიერ მეუღლეს ვკითხოთ, გახსოვხ ხომ მისი არსებობა?…

-შენ ამას არ იზამ… იცი, რომ მას ვჭირდები…

-ქმარი უყვარს… ხშირად იმეორებს, რომ უყვარს თავისი ქმარი…

-მას ყველა უყვარს, -ნერვიულად აიქნია კაცმა ხელი და მაშინვე ინანა, - ავადაა…

-ასე გგონია?

-ასეა…

ელა გამაღიზიანებლად იღიმოდა.

***

„არც ერთი სამყაროა იდეალური.

მათ შორის არც ჩვენი.

ჩვენი განსაკუთრებით.

არც ბედნიერება არსებობს.

ჩვენ ვაჯერებთ საკუთარ თავს რომ რაღაც პატარ-პატარა მოვლენები ჩვენს ირგვლივ ბედნიერს გვხდის

გვინდა, რომ ასე იყოს…

…და ჯიუტად ვირწმუნებთ საკუთარ თავს და ვარწმუნებთ გარშემომყოფებსაც – რომ კარგად ვართ…

არ ვართ კარგად!

არც კი ვიცით, რას ნიშნავს ვიყოთ კარგად.

მე ავად ვარ…

ყველა ფიქრობს რომ ავად ვარ, რადგან მათნაირი არ ვარ.

ავად მართლა ვარ…

მაგრამ არა იმიტომ, რომ „თავი ვამპირი მგონია“…

იმიტომ, რომ მართლა ვარ…

ავად ვარ, რადგან არ შემიძლია მზის სხივებით დავტკბე ან ვიგრძნო ადამიანური საკვების გემო, მაგრამ მაინც ვჭამ, რომ ქმარს გაუხარდეს.

მიყვარს ქმარი.

დარდობს ჩემზე.

ელაც.

და ის გიჟების ექიმიც, რომელიც გამუდმებით მიმტკიცებს რომ უბრალოდ ფსიქოლოგია… ვიცი რომ არაა…

ვგრძნობ.

ის არ დარდობს ჩემზე.

ამასაც ვგრძნობ.

და საერთოდ, ბევრ ზედმეტ რამეს ვგრძნობ, ისეთებს, რაც არ მინდა რომ ვიგრძნო და რომელთა შეგრძნებაც მე აუტანელ ტკივილს მაყენებს…“

-ეს სოფიამ დაწერა?

-ვფიქრობ, უფრო ნიმ…

-ელა…

-დიახ…

-ეს რატომ დაწერა….-თქვა ბიჭმა საწოლზე ჩამოჯდა და შეეცადა ელას თვალთახედვის არეალიდან საკუთარი ცრემლები მოეშორებინა.

-არ ვიცი, ალბათ, მოიწყინა. გამოკეტილია. უნდა გაასეირნოთ…

-ასე გგონია?

-დიახ…

-ხალხთან ურთიერთობა მისთვის კარგი გგონია?-ბიჭმა დაკუჭულ რვეულის ფურცელს კიდევ ერთხელ დახედა და საკუთარი ცრემლები დააწვეთა, -მისი ექიმი ფიქრობს, რომ…

-ჭირსაც წაუღია ეგ ექიმი… ვის ადარდებს რას ფიქრობს?

-უნდა წავიდე…

-ბევრ ცრემლს ნუ დაღვრით, ძლიერი უნდა იყოთ, გოგონას გვერდით ძლიერი საყრდენი დასჭირდება, მყარი ყავარჯენი უნდა იყო მისთვის და არა მორყეული ეს გახსოვდეს!

-გმადლობ ელა…-ბიჭმა შუბლზე აკოცა ქალს და სახლიდან გავიდა.

***

-სოფია…

-ნი ვარ…

-ნი…

-ჰო…

-სამსახურიდან დავეთხოვე…

-დიდი ხნით?

-რამდენი ხნითაც გენდომება შენი დროის ჩემთან გატარება…

-სამუდამოდ დაეთხოვე?-გაიღიმა გოგონამ და თამბაქოს ღერს გაუკიდა.

-შენ თუ მოისურვებ – ჰო…

-არა… არ შეიძლება. ელა სადაა?

-ისიც დავითხოვე…

-რამდენი ხნით?

-რამდენი ხნითაც მე…

-რისთვის?

-შენთან მეტი დროის გატარება მსურს. ძველებურად…

-ხომ იცი რომ ასე ვერ განმკურნავ, ეს უკვე სცადე…

-შენს განკურნვას არ ვცდილობ, მინდა ასეთიც მიყვარდე, რამდენჯერაც საჭირო გახდება იმდენჯერ შეგიყვარებ თავიდან…

-სოფია გამოიგლოვე?

-ელადაც რომ ქცეულიყავი ელად მეყვარებოდი…

-მოხუცი და ბურთი ელა რომ ვიყო გეყვარებოდი?-ისტერიკულად გადაიხარხარა გოგონამ.

-კი.

-არ მჯერა…-აგრძელებდა მულტფილმის გმირი ბოროტი ჯადოქრისებრ სიცილს.

-სულ ტყუილად…

-ექიმიც დაითხოვე?

-ჰო…

-და ფიქრობ მარტო გამიმკლავდები?

-თუ ნებას დამრთავ, ვცდი…

-კარგი…

***

ერთი კვირა? იქნებ მთელი თვე? ნისთვის სულერთი იყო… მისთვის საუკუნეებიც წამივით გაირბენდა. მაგრამ მისი ქმრისთვის არ ვიცი რა დრო გავიდა. რაღაც დრო ნამდვილად გავიდა. ბედნიერი და ტკბილი დრო იყო. ღამის ცხოვრებასაც თითქოს შეეგუა. 180 გრადუსით შემოატრიალა თავისი ცხოვრება და მთლიანად, მთლიანად ნის მიუძღვნა ან შეიძლება ითქვას, მას რაც სოფიასგან დარჩა.

თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ბედნიერების ილუზია გაძლიერდა. გოგონას სახეზე შეშლილი მეცნიერის თუ ბოროტი ჯადოქრის სიცილი კეთილმა, თვალებაციმციმებულმა ღიმილმა შეცვალა.

მზის ჩასვლის შემდეგ ხშირად სეირნობდნენ, სტუმრობდნენ კაფეებს და ბარებს, თეატრებს… იქცეოდნენ ისე, როგორც ტიპური ბედნიერი წყვილები. მაგრამ სხვებისაგან განსხვავებით მათი დღე ღამე იყო და პირიქით… დღისით ეძინათ. ნი ქმრის სიყვარულის ხათრით მიირთმევდა ხოლმე ადამიანების საკვებს, თუმცა როგორც თავად აცხადებდა მის გემოს ვერ გრძნობდა. მისი სხეული ქმრის მოტანილი სისხლით საზრდოობდა. ყოველშემთხვევაში, მას ეგონა რომ სწორედ ის წითელი სითხე, რომელიც გამჭვირვალე პარკებში ესხა და მაცივარში ელაგა მის სხეულს გამოფიტვის ნებას არ რთავდა.

მიუხედავად ყველა უცნაურობისა, რაც მათ თავს ხდებოდა, თითქოს ყველაფერი დალაგდა და ნიც უფრო ადეკვატური გახდა. ყოველგვარი ნერვული ელემენტები გაქრა. ქმარი გამუდმებით ფიქრობდა აქამდე სად ვიყავიო. მაგრამ ისიც იცოდა, რომ არაფერია მუდმივი და ეს ბედნიერი ცხოვრების ილუზიაც ოდესმე დაიმსხვრეოდა. იცოდა რომ დაიმსხვრეოდა, მაგრამ მთავარი იყო როდის… მთავარი იყო რაც შეიძლება გვიან. მთავარი იყო ახლა არა. და არც უახლოესი ათასი წელი.

***

მათი დილა გათენდა. მოსაღამოვდა და ნიც საწოლიდან ფეხაკრეფით წამოდგა. მძინარე ქმარს შუბლზე აკოცა, საბანი შეუსწორა და ოთახებში აბოდიალდა. ელექტრო ჩაიდანი ჩართო. ქმრის საყვარელ ფინჯანში ყავა მოამზადა. ეს ფინჯანი ძველი იყო. ჯერ კიდევ სოფიამ აჩუქა ნის ქმარს. ათასჯერ მაინც დანარცხებულა იატაკს და მხოლოდ პატარა ბზარი ჰქონდა და ციცქნა ნამსხვრევი აკლდა. ჩაეღიმა. მაცივარი გამოაღო და სისხლის ერთი პაკეტი აიღო (მაცივარში ერთი თარო სრულიად ნის საკვებისთვის იყო დათმობილი). ცალ ხელში ყავის ფინჯნით, ცალში კი-სისხლის პაკეთტით დაბრუნდა საწოლში. ქმარს უკვე ეღვიძა. უფრო სწორად – იშმუშნებოდა:

-გაიღვიძე ძვირფასო? – გაუღიმა ქალმა.

-ჰო…

-ყავა მოგიმზადე…-ფინჯანი გადასცა და აკოცა.

-გმადლობ…

ქალი საწოლში დაბრუნდა.

-ლოგინში ჭამა ყოველთვის უფრო გემრიელია.

-რა თქმა უნდა…

გაიცინეს ორივემ.

ქმარს სახეზე რაღაც ნოსტალგიურმა ტალღამ გადაურბინა. მხოლოდ ერთი წამით, თუმცა ნის მახვილ თვალს არც ეს ერთ წამი გამოჰპარვია. ერთ წამში კაცის თავში ათასმა მოგონებამ ამოხეთქა ვულკანივით. გაახსენდა სოფია და მასთან გატარებული დღეები, რომლებიც როგორც წესი, ყოველთვის დილით იწყებოდა. ყავა საწოლში. ყავის დალევის შემდეგ ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ და შემდეგ სამსახურებში მიდიოდნენ. ახლაც თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო მცირე ცვლილებებით…

მაგრამ, ეს თითქოს პატარა ცვლილებები კაცს რაღაცნაირად ასევდიანებდა.

უჭირდა ეყურებინა, როგორ სვამდა მის გვერდზე წამოწოლილი ცოლი წითელ სითხეს შავის ნაცვლად, თანაც პოლიეთილენის პაკეტიდან. უჭირდა ისიც რომ დღე საღამოს იწყებოდა. და რომ მის საწოლში იწვა ნი… და არა სოფია. ნი სულ სხვა ადამიანი იყო, სხვა არსება, სხვა ფიქრებით.

სევდა.

-ძველ დროს მისტირი?-ჰკითხა ნიმ ისე რომ ქმრისთვის არც შეუხედავს.

-საიდან მოიტანე?-შეიცხადა კაცმა.

-ვგრძნობ…

-სისულელეა, ბედნიერი ვარ…-უთხრა კაცმა, გადმობრუნდა და ცოლს ჩაეხუტა. თან გაუკვირდა ერთი წამით წარსულზე ფიქრი როგორ შემატყო, რა კარგად მიცნობსო.

არადა, ოდესღაც ყველაფერი კარგად იყო. ამჟამინდელს ჰგავდა. უფრო სწორად, სწორედ რომ ამჟამინდელი მდგომარეობა იყო წარსულს მიმსგავსებული. დამახინჯებული ძველი დრო. რომ არა ის კოშმარული ღამე… რომ არა ერთი მახინჯი სიზმარი სოფიას ძილში… მათი იდილიური ცხოვრება არ დასრულდებოდა. არ იქნებოდა მოგონებებს დამსგავსებული სიყალბე. კაცი თავს ისე გრძნობდა, თითქოს ის ბოროტი ჯადოქრის მახეში გაბმულიყო, ჯადოსნური სარკის საშუალებით პარალელურ, თითქმის სრულიად იდენტურ, მაგრამ შემობრუნებულ სამყაროში „გადაცხოვრებულიყო“ უნებლიედ, და ახლა ამ სამყაროსთან შეგუებას ცდილობდა.

ამას შეძლებდა. იცოდა რომ შეძლებდა. უყვარდა სოფია. სულ ერთი იყო, რომ ის ახლა ნი გახდა. ელაც რომ გამხდარიყო მაინც ეყვარებოდა. იმ კოშმარული ღამის შემდეგ უფრო მეტად შეუყვარდა. თავიდან გაუჭირდა, მაგრამ ახლა არა. შეეგუებოდა. ყველა ყველაფერს ეგუება. ისიც შეეგუება. შეეგუება, რომ ნი ვამპირია, რომ მას საკვებად სისხლი სჭირდება. და როდესაც მაცივარში დაპაკეტებული ყალბი სისხლი (უფროსწორად გაბლანტებული ბროწეულის წვენი ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ვიტამინით გამდიდრებული) გამოილევა, თუ საჭირო გახდება შიმშილის დასაძლევად საკუთარი მაჯიდან ჩამოუსხამს საკუთარ ცოლს ნამდვილ სისხლს მის საყვარელ ოდნავ შელახულ ფინჯანში. თანაც იმდენს რამდენიც საჭირო გახდება, თუნდაც საბოლოოდ სისხლისგან დაიცალოს! არ ადარდებს. მისთვის სულერთია. უყვარს ცოლი. სისხლის მსმელი, მონსტრი ცოლიც უყვარს.

***

ადამიანების ცხოვრებაში ყველა დღე, საათი და წამიც კი მნიშვნელოვანია. სწორედ ერთმა ღამემ, საათმა, თუ წამმა “გადააცხოვრა” ნის ქმარი ჯადოსნურ, სარკისებრ შებრუნებულ სამყაროში. იმ ღამეს ნის კოშმარი ესიზმრა. ყველაფერი ისევე იყო როგორც საშინელებათა ჟანრის ფილმებში ხდება ხოლმე. მაგრამ ეს ფილმი არ ყოფილა, რეალობა იყო. მწარე და შეუცვლელი. ვერც ტელევიზორის სხვა არხზე გადართვას შეძლებდი, ვერც მის ფანჯრიდან მოსროლას და ვერც გამოღვიძებას. ეს უბრალოდ ასე იყო და მორჩა. უნდა შეგუებოდი.

წვიმდა და ელავდა. ქარიც იყო და ცაც ტყდებოდა. ბიჭი ფანჯრის შემოჯახუნებამ წამოახტუნა თბილი საწოლიდან. სოფია ფანჯარასთან მოკუნტული იჯდა და ნერვიულად იხრებოდა წინ და უკან. ხმას არ იღებდა. ოთახში ბნელოდა. ბიჭმა ნათურა აანთო. გაშრა. ცოლს ყელზე სისხლი ეცხო. ფანჯრის ნამსხვრევებში ნერვიულად ტოკავდა. შეეშინდა. ცოლთან მივარდა ჩაიმუხლა და ჭრილობას დახედა. ნაკაწრს ჰგავდა. მისი თვალები კი – თითქოს, უფრო მუქი ვიდრე ადრე. რაღაც გაფერმკრთალებული და შეშინებული იყო, ცოლი ასეთი არასოდეს ენახა. იმ ღამით სოფია ნიდ გადაიქცა. ქმარმა გოგონა კლინიკაში წაიყვანა.

ცარიელ ოთახში სინათლისგან გზააბნეული ღამურა კედლებს ეჯახებოდა.

ჭრილობა რომ დაუმუშავეს და შეუხვიეს, სოფიამ შინ დაბრუნება ითხოვა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. სახლში რომ დაბრუნდნენ საწოლში მოიკუნტა და მიითიშა. კაცი დილით მისმა კივილმა გააღვიძა. გოგონა საბნის ქვეშ იმალებოდა და ისტერიულად ითხოვდა ოთახის ჩაბნელებას. ქმარი ცოლის ნებას დაჰყვა. ქალი საბნიდან შეშინებული კნუტივით აცახცახებული რომ გამოძვრა, ხელი დამწვარი ჰქონდა. ირწმუნებოდა მზემ დამწვაო. სწორედ მაშინ გააჟღერა პირველად თავისი ფანტაზია, თითქოს ვამპირი ყოფილიყოს. ამტკიცებდა რომ იმ ღამით მასთან ვამპირი მივიდა და უკბინა, რომ სწორედ იმ ნაკბენის გამო გარდაიქმნა.

აქედან დაიწყო მათი ცხოვრების ურთულესი ეტაპი. ყველაფერი ცუდად იყო. გოგონა აცხადებდა რომ შიოდა, მაგრამ არაფერი აკმაყოფილებდა. ამტკიცებდა სისხლი მჭირდებაო. ქმარმა თითი დაისერა და გოგონას რამდენიმე წვეთი სისხლის ალოკვის ნება მისცა. დამშვიდდა. შემდეგ ფსიქიატრი მოძებნა. რომელმაც გოგონას ქცევებს შიზოფრენია უწოდა. თქვა რომ ცუდი სიზმრიდან გადმოყოლილი ამბავი სოფიას ტვინს ურევდა და ყალბ მოგონებებს უნერგავდა. ჭრილობა ყელის არეში და დამწვარი ხელიც ფანტაზიებს მიაწერა და თქვა რომ გოგონამ გაუცნობიერებლად ეს ყველაფერი საკუთარ თავს თავად დაჰმართა.

ბედნიერი წყვილი ერთ ღამეში უბედურ წყვილად იქცა…

***

ზამთარი მოვიდა. გარეთ საგრძნობლად ციოდა, მაგრამ ნი ისევ თხელი კაბებით დასეირნობდა ღამის ქალაქში. მისი სიფრიფანა, ფერადი სარაფნები გამვლელთა გაოცებულ სახეებს ვეღარ ითვლიდა. მიცვალებულისფერი, მკრთალი კანი კი – ლამპიონთა მბჟუტავ შუქზე თვალისმომჭრელად ელავდა. ვის ადარდებდა ხალხი? ნისთვის ისინი ბრბო იყო. ისეთივე ბრბო, რომელთაც ცოტახნის წინ ჩაუარეს. ზამთრის სუსხიან ღამეს რამდენიმე ხორცის ნაჭერს შუა ქალაქში კარვები გაეშალა, რაღაცას აპროტესტებდა და შიმშილობა გამოეცხადებინათ. არ იცოდა ნიმ რას აპროტესტებდა ხალხი, თუმცა სულ ერთი იყო, ყველას ფეხზე ეკიდა, მათ შორის იმ ღიპიან, საგულდაგულოდ ჩასუქებულ კაცებსაც ვინც ეს ხალხი ააბუნტა და ჩააწვეთა დესტაბილიზაციის იდეა.

-ჰმმ, ჰომო საპიენსი, მათთვის არაფერი შეცვლილა… ისინი ისევ ისეთები არიან როგორებიც მათი მაიმუნს მიმსგავსებული, გამოქვაბულში მცხოვრები მშობლები იყვნენ… ისევ ვიღაც ბელადის ხუშტურებზე დახტიან… -გაიცინა გოგონამ.

ეს შიმშილისგან და სიცივისგან ჩამომხმარი ხალხი ნისთვის პოტენციური საკვები იყო (და არამხოლოდ გოგონას რასისთვის, ისინი საკვები იყვნენ ყველასთვის ვინც მათზე ოდნავ მეტად აზროვნებდა, ის ვისაც მათი მართვა შეეძლო). მათ არ გააჩნდათ ნათელი გონება, არც ცალკეულად წარმოადგენდნენ რამეს. ისინი უბრალოდ ხალხი იყვნენ.

მიკრობები. ვირუსები. ჭანჭიკები.

და ისინი ყველას ფეხებზე ეკიდა…

მათ შორის ნისაც….

სოფიას ალბათ შეეცოდებოდა, მაგრამ ნის – არა. ნიმ იცოდა, რომ ყველაფერი რაც შენს თავს ხდება შენი ბრალია. იცოდა, რომ დედამიწა არ იყო გარდამავალი ტერიტორია ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის, რომ სწორედ დედამიწა იყო ჯოჯოხეთი და ყველა იმას იღებდა რაც დაიმსახურეს. მან იცოდა, რომ თავისი ვამპირად ქცევა სიგიჟე არ იყო. სიგიჟე მხოლოდ გონებაჩლუნგების მოგონილი ტერმინი იყო, ყველაფერი განსხვავებულის და მათივე მინიატურულ ჩარჩოში მოქცეული გონებისთვის გაუგებარი რამის ასახსნელად. ხალხი ფიქრობდა რომ ისინი ინდივიდები და რთული პიროვნებები იყვნენ მასისაგან გამორჩეული, მაგრამ მაინც ყველა კითხვის პასუხად განმარტებას ითხოვდნენ. გიჟებს კი (როგორც ისინი ნისნაირ გონებაგახსნილ არსებებს მოიხსენიებდნენ) არაფრის განმარტება და გამარტივება, დაღეჭვა და პირში ჩადება არ სჭურდებოდათ – ისინი ყველაფერს უსიტყვოდ გრძნობდნენ.

შესაძლოა, თავდაპირველად, ღმერთებს სულაც არ სურდათ დედამიწის ჯოჯოხეთად ქცევა, მაგრამ ხალხმა ღმერთები დახოცეს და…

…და უღმერთო სამყაროში კი დემონები ბატონობენ…

ნის უყვარდა თავისი ქმარი. უყვარდა თავისი ფსიქიატრი და ელაც. არ ფიქრობდა, რომ ისინი ხალხი იყო.

ნის ადამიანები უყვარდა.

-მინდა ელა და ექიმი დაბრუნდნენ…

-ჩემთან მოგწყინდა?

-არა.

-აბა?

-შენ სამსახური გაქვს, უნდა იმუშაო, მთელი ცხოვრება ჩემი ძიძა ვერ იქნები…

-და თუ მომწონს ასე ცხოვრება?

-არ მოგწონს, ეგუები…

გოგონა წინ გაიქცა და ცაში მოფრთხიალე არსებას აედევნა.

-შეხედე იქ ღამურაა! მინდა ღამურა! ყველა ვამპირს უნდა ჰყავდეს თავისი ღამურა… მეც მინდა ღამურა! მინდა!

-მოგიყვან ღამურას…-გაუღიმა ქმარმა.

-არ მინდა სხვა ღამურა! ეს მინდა…-ატირდა გოგონა.

თუ კი ვამპირების რასის წარმომადგენელთ ნერვული სისტემა გააჩნიათ, ნიმ საკუთარი თავისივე ცრემლში აბანავა.

ისტერიკა.

„მინდა, მინდა ეს ღამურა მინდა!“

„მინდა, მინდა ეს ღამურა მინდა!“

„მინდა, მინდა ეს ღამურა მინდა!“

„მინდა, მინდა ეს ღამურა მინდა!“

ქმარი შეეცადა გოგონა გულში ჩაეკრა და ასე დაეწყნარებინა, მაგრამ მან ხელი ჰკრა და ასფალტს დაანარცხა. სიფრიფანა გოგონასთვის შეუფერებელი სიძლიერის დარტყმით. როგორც გიჟებს სჩვევიათ ხოლმე…

გოგონას ისტერიული ტოკვა მამაკაცს გულს უკუმშავდა. შეეძლო აეტანა ცოლის სიგიჟე, მაგრამ მის ტანჯვას ვერ აიტანდა. მოქმედების დრო იყო. ღამურა უნდა დაეჭირა. სხეულს შიგნიდან ეცინებოდა.

„სიგიჟე გადამდებია!“

„სიგიჟე გადამდებია!“

„სიგიჟე გადამდებია!“

დახტოდა და ხელებს ცაში იქნევდა. სულელი ბავშვივით, მინდორში მოფარფატე პეპელას რომ აედევნება ხოლმე.

თუმცა, ეს ხომ სარკისებრი სამყარო იყო?

სამიზნე კი – ღამურა…

პეპელას ბადით აედევნებოდი აი, ღამურა კი რა ძალით უნდა დაგეჭირა?

ბოლოს, სულის კივილმა რაღაც მანქანებით მიწიდან ქვა ააღებინა და ცაში ასროლინა.

მოხვდა.

ღამურა მიწას დაენარცხა და აფართხალდა.

გოგონა აკივლდა:

-მოკალი! მოკალი, შენ როზმარი მოკალი!

-როზმარი?

სახელიც დაურქმევია…

-მოკალი! მოკალი, შენ როზმარი მოკალი!

-მოკალი! მოკალი, შენ როზმარი მოკალი!

-მოკალი! მოკალი, შენ როზმარი მოკალი!

-მოკალი! მოკალი, შენ როზმარი მოკალი!

ბიჭი ღამურას მიუახლოვდა და ხელში აიყვანა. მისი ფრთა დამტვრეულ ქოლგას ჰგავდა.

-არ მომიკლავს, ფრთა ვატკინე…- უთხრა გაყინულ ასფალტზე ნერვიულად მოძრავ ცოლს, რომელსაც თვალები ხელებით დაეფარა და არ სურდა მკვდარი „როზმარის“ დანახვა. ხელები ჩამოაშვებინა და პეშვში ფრთამოტეხილი თაგვი ჩაუსვა.

ნი გაბედნიერდა.

დამშვიდდა.

ღამურას მიუალერსა, სახეზე მიისვ-მოისვა.

„როზმარი… ცოცხალი ხარ… ციცქნა გოგო… როზმარი… როუზ… პატარავ…“

შინ რომ დაბრუნდნენ ფრთა შეუხვიეს.

მალევე გამოჯანმრთელდა.

საბოლოოდ კი – ფარდის საკიდზე დაიდო ბინა.

იმ დღის შემდეგ ნის ქმარმა ელა და ექიმი დააბრუნა, თავად კი – სამსახურს დაუბრუნდა.

***

-ელა..

-დიახ ქალბატონო…

-შენ შვილები გყავს?

-სამი მყავდა…

-იცი, მე არასდროს მეყოლება, ვამპირები უშვილონი ვართ…

-გეყოლებათ ქალბატონო, უშვილოებსაც უჩნდებათ ხოლმე სასწაულებრივად ბავშვები.

-მკვდარს რომ გაეჩინოს გაგიგონია?

-ეგრე არც ვამპირების არსებობის მჯეროდა თქვენთან შეხვედრამდე ქალბატონო… სამყარო უცნაური რამაა, სიურპრიზებით სავსე…

-მე როზმარი მყავს…

-დიახ, უკვე გავიცანი ქალბატონო…

-შვილი რომ მყავდეს ალბათ ამაზე ძლიერ ვერ მეყვარებოდა, არ მგონია თუ შემიძლია, ამაზე მეტი სიყვარული… როზმარი ჩვენი ბავშვია, ყველა ვამპირს უნდა ჰყავდეს ღამურა… ქმარმა მომიყვანა…

-ვიცი ქალბატონო, უყვარხართ თქვენს ქმარს…

-მეც მიყვარს…

-იცის ქალბატონო…

***

-ელა…

-გისმენთ, ბატონო…

-როგორაა სოფია?

-ჩაეძინა…

-ვიცი, დავხედე… ზოგადად, როგორაა?

-რა გითხრათ ბატონო? იმ ღამურაზეა დედობრივი სიყვარულით შეპყრობილი. სულ იმ ღამეზე ლაპარაკობს თქვენ რომ დაუჭირეთ.

-გახსენებაც არ მსურს… ისე შემეშინდა… ალბათ, გადავეჩვიე მის ისტერიკას. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა… მერე ეს ღამურა გამოჩნდა… ფილმში რომ ვყოფილიყავით, ან წიგნში იმ ღამეს ჭექა ქუხილი და წვიმა იქნებოდა… მინიმუმ თოვლი მაინც… მაგრამ – არა… მოწმენდილი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც არ ყოფილა… არც მელანქოლიურად მოღრუბლული… უბრალოდ ცა იყო. ჩვეულებრივი ცა ელა, გესმის? ჩემი ცხოვრება კოშმარული სიზმარი არაა… არც წიგნი და ფილმია, რეალობაა, რომელიც კლავს! მკლავს! გვკლავს…

-ვწუხვარ ბატონო…

-ვიცი ელა ვიცი, მეც…-ამოიოხრა კაცმა, სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა და თამბაქოს ღერს ნერვიული ხელის კანკალით გაუკიდა… არ ჰგავდა იმ სიგარეტს ადრე რომ ეწეოდა ხოლმე. სუნიც სულ სხვანაირი ჰქონდა, უფრო – ცოცხალი და თითქოს მოტკბოც კი… ელას ნესტოებს ეამა… გააახალგაზრდავა.

-მარიხუანა?

-მორალის წაკითხვას თუ მიპირებ აზრი არ აქვს…

-სიმართლე გითხრათ, მინდოდა გაყოფა მეთხოვა…-ჩაეცინა ქალს.

-სერიოზულად?-გაიღიმა ბიჭმაც, -ვა ელაა…-ტუჩი მოკუმა გაოცების ნიშნად და სხვანაირი სიგარეტი ქალს გაუწოდა…

-რთულია ჯოჯოხეთში სიფხიზლე ბატონო…

***

ოთახში ფრთხილი ნაბიჯებით გაპრანჭული კაცი შემოლასლასდა:

-გამარჯობა ნი…

-გამარჯობა ექიმო…-უპასუხა გოგონამ ისე რომ მისთვის ზედაც არ შეუხედავს, კარისაკენ ზურგშექცევით, საწოლზე ჩამომჯდარს კალთაში ღამურა ეჯდა და თითებით უღიტინებდა.

-მიცანი?

-რა თქმა უნდა გიცანი, თქვენი გულისცემის ხმა სამი კვარტლის მოშორებითაც კი ისმის გიჟების ექიმო, სხვაში ვერ ამერეოდით…

-რა საჭიროა ეს თქვენობითი მიმართვა, მგონი საკმაოდ დავახლოვდით ამისთვის, ასე არ ფიქრობ?

-არა…

-ბოდიში…

-არაუშავს…-გოგონამ თავი ასწია და კაცს გახედა, - იცით, ქმარმა ღამურა მაჩუქა…

-მართლა?-ირონიულად ჩაეცინა ექიმს, -შეიძლება გავიცნო? რა ჰქვია…

-დიახ, როზმარი ჰქვია…

-გოგოა?

-არ ვიცი, ვერ ვგრძნობ… პირველი შვილი ყოველთვის გოგო მინდოდა ექიმო. ხომ იცით, მე ვერასდროს შევძლებ… მოკლედ მინდა რომ როზმარი გოგო იყოს… ალბათ, არის კიდეც… გოგოსავით გამოიყურება, გოგოსავით ლამაზია არა? როგორ გგონიათ ექიმო? განა შეიძლება ასეთი აციმციმებული, მობრიალე თვალები ჰქონდეს კაცს?

-ვფიქრობ დიახ, თუ ის შეყვარებულია, რატომაც არა?

-სისულელეა! როზმარი გოგოა!

-კარგი, ასე იყოს… -მამაკაცმა იქვე ახლოს მდგარი სკამი იატაკზე ხმაურიანად გამოაჩოჩა და გოგონას წინ დადგა. მოკალათდა. აშკარა უხერხულობის დაფარვას ცდილობდა, მერე საზურგეზე გადაეყრდნო, მოხრილი ფეხი მუხლზე გადაიდო, თამბაქოს ღერს გაუკიდა და გოგონას ყველა მოძრაობის შესწავლა დაიწყო.

-გეშინიათ ექიმო არა?-ჰკითხა გოგონამ და მზერა ღამურადან პირდაპირ ფსიქიატრის თვალებს მიაპყრო.

-რისი უნდა მეშინოდეს?-ჩაეღიმა კაცს…

-არ ვიცი, იქნებ ჩემი? ან როზმარის?-გოგონა ნელი ნაბიჯებით, ფეხშიშველი წამოდგა საწოლიდან და ფარდის საკიდს შიშით მიუახლოვდა, ღამურა ზედ დაკიდა და სწრაფად გამოეცალა ფანჯარას. ექიმმა ფეხი ჩამოსწია და გოგონას მზერა გააყოლა.

-არა, არ მეშინია…

-ცრუობ!-უყვირა ნიმ და მის ორ ფეხს შორის მუხლებზე დაემხო, თან შეშლილი, ღიმილიანი მზერით დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში. თან ზედა ტუჩისცალ მხარეს ზემოთ სწევდა და ნიშნის მოგებით იღიმოდა. მან იცოდა, რომ რაღაც ზედმეტს გრძნობდა, იცოდა რომ ვიღაცის ბნელ შავ წერტილს შეეხო და ფლობდა მას. თანაც ვის შიშს გრძნობდა? გიჟების ექიმის, რომელსაც არ ჰქონდა უფლება ფობიებით ყოფილიყო შეპყრობილი. თანაც როგორი ფობიით? სრულიად უწყინარი საყვარელი არსების ფობიით. ნი სხეულს შიგნიდან ხარხარებდა, გარეთ კი მხოლოდ ირონიული ღიმილით შემოიფარგლა. სახე ექიმის სახეს ზედმეტად მიუახლოვა, ზუსტად ისე როგორც წინათ, გრძნობდა კაცის გახშირებულ, გამთბარ ამონასუნთქს, აძაგძაგებულ გულისცემასაც და მიმქრქალ თვალებსაც, რომელშიც ქვრებოდა სინათლე და ყველა ფიქრი, თუ გრძნობაც, რომელიც ოდესღაც დიდი შრომისა და თავგანწირვის შედეგად საგულდაგულოდ მიეჩქმალა არათუ გონების ბნელ კუთხეში არამედ სხეულს გარეთაც კი, ახლა ნისთვის ნათელი და გასაგები იყო. გრძნობდა. ხედავდა, როგორ კარგავდა „ძლიერი“ ექიმი საკუთარ სხეულზე კონტროლს, როგორ აღარ ემორჩილებოდა მას საკუთარი „შინაური ცხოველი“ და როგორ ჩამოუვარდა ქვედა ტუჩი, ნი იმასაც კი გრძნობდა, რას ამბობდნენ კაცის ტვინის ჭიები და ყველა ხმაურში მხოლოდ კივილი ისმოდა „აკოცე!“ მაგრამ ნის არ სურდა უგემური, არაფრის არომატიანი ექიმის ტუჩების კვლავ დაგემოვნება და მხოლოდ ეს თქვა, -შენ ყოველთვის გეშინოდა მღრღნელების!-მერე ფეხზე წამოიჭრა და საწოლზე აფრინდა. ხტუნვა დაიწყო, როგორც შაქრიანი საკვებით აღგზნებულმა ბავშვმა. თან ჭერში იყურებოდა და თითქოს არ არსებული მუსიკის ჰანგებს თავს აყოლებდა. არ არსებული მუსიკის ფონზე ნამღერი ტექსტის საყვარლობებზე კი ეღიმებოდა.

კაცმა შვებით ამოისუნთქა. არც დაჰკვირვებია, ისე შეიმშრალა ღია ფერის კოსტუმის სახელოთი ოფლი შუბლზე.

ნიმ შეამჩნია და გაიფიქრა ლაქად დარჩებაო, თუმცა არაფერი უთქვამს და საწოლზე ხტუნვით ტკბობა განაგრძო.

ცოტა რომ დამშვიდდა, მამაკაცმა ნერვიულად გახსნა პატარა, ლეპტოპის ჩანთა, რომელიც „საქმიანი კაცივით“ აეკიდებინა ხოლმე და რომელშიც ლეპტოპის გარდა ყველაფერი ჩაელაგებინა. რაღაც ფურცლები მაგიდაზე ამოაწყო.

-ნი, მინდა ამ სურათებს დახედო და მითხრა რას ხედავ მათზე…

ნი გაჩერდა, ორ ფეხზე სიმყარის დაცვას შეეცადა, დოინჯი შემოირტყა და სრული სერიოზული სახე მიიღო თან თვალები აათამაშა.

-სერიოზულად?

-დიახ, რატომ გიკვირს…

-შენც მშვენივრად იცი, რომ მანდ არაფერი ხატია, დამპალო! ჩვეულებრივი აბსტრაქციაა… არაფერია და შენ გსურს რაღაც დავინახო! რომ ჩემი სიგიჟის კოეფიციენტი გამოთვალო მაგ შენს გამოთაყვანებულ თავში!

საწოლიდან ჩამოხტა და მაგიდაზე განლაგებულ ფურცლებს მივარდა, ყველა ხელში აიღო.

-გინდა რომ გიჟი ვიყო არა? -გაიღიმა თბილად, -გეშინია სხვა სიმართლის, ჰო, რა თქმა უნდა, თქვენ მარტივ არსებებს ყოველთვის გეშინიათ იმ სიმართლის რომელსააც ვერ ხსნით და არ გესმით… ეს თქვენი მოკვდავი რასა ერთი დიდი საცოდაობა ხართ…-გოგონამ გადაიხარხარა, -მერე პირველ ფურცელს დახედა სადაც ვერაფერი დაინახა მაგრამ ამაყად თქვა რომ იქ პატარძალს ხედავდა…

-და ჰო, ამ საცოდავ რასაში, ყველაზე ბანძი, საწყალი, სუსტი და მიუსაფარი კაცები ხართ! ცოდოები…-გოგონას ცრემლი მოადგა, -თქვენ ხომ საკუთარი სხეულის ყველა ორგანოც კი არ გემორჩილებათ? ამიტომაც ცდილობთ საკუთარ სქესს უწოდოთ ძლიერი, ალფა მამრები და საკუთარი მიუსაფარობის და სისაწყლის დაფარვას ქალებზე თავის გაღმერთებით ცდილობთ… ჰმმ… არადა, საკმარისია ჩვენი შიშველი მუხლი დაინახოთ და…-გოგონამ პენუარი ზემოთ აიქნია და საკუთარი შიშველი მუხლი პირდაპირ ცხვირწინ უტრიალა ექიმს.-…და აი ეგ…-მიანიშნა ექიმს საკუთარ შარვლის უბეზე.

-პატარძლის დანახვით არ ვარ საკმარისად გიჟი არა? კი ბატონო, გაგიმძაფრებ შეგრძნებებს… აი, აქ ვხედავ პატარძალს სიძის მოჩეხილი თავით ხელში….-თქვა და ფურცელი მოისროლა, -აი აქ კი ვხედავ სისხლის მწოველ მონსტრს, და ხელში გიტარა უჭირავს… -ეს ფურცელიც მოისროლა და ოთახებში სირბილი დაიწყო, -ათას სისულელეს „ხედავდა“ აბსტრაქციებში და ოთახებში უმისამართოდ აფრიალებდა. ბოლოს გაჩერდა:

-აი აქ კი – თქვენ გხედავთ… და ჩემს თავს… თქვენი თავი ჩემს ფეხებს შორისაა მოქცეული და გითხრათ რას აკეთებს?-ახარხარდა გოგონა.

-ნი გთხოვ შეწყვიტე…

-არა! -დაუყვირა და შეშლილი მზერა მიაპყრო. ეს ნი არ იყო არც სოფია ჩვეულებრივი დემონი იყო. აი, ის სუკუბუსი რომელიც ამ ქალის გაცნობის დღიდან შეუჩნდა ექიმის სიზმრებს და რომელიც, ექიმს სულს სწოვდა (თუ კი ის არსებობდა), წვეთ-წვეთად და ნელ-ნელა… შემაძრწუნებლად. ო, როგორ სძულდა საკუთარი თავი როცა ყოველგვარ კონტროლს კარგავდა… და ის ყოველთვის კარგავდა, როცა ამ ქალს ხვდებოდა… უკანასკნელი ენერგია მოიკრიბა, ჯიბიდან ნემსი ამოიღო, ზურგს უკან დამალა და სცადა გოგონას მიახლოებოდა. მან მიუშვა. მაგრამ რაღაც მანქანებით ნემსი კაცის სხეულს შეერჭო ქალის ნაცვლად. მისთვის სამყარო გაბუნდოვანდა და გაიბლარა. ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ მოეჩვენა, რომ სულ რაღაც სამოც კილოგრამამდე ქალმა, ის ბავშვივით აიტაცა ხელში და საწოლზე დააგდო. დიდი იმედი ჰქონდა, რომ ეს მის მიერ ნემსის ჩხვლეტით გამოწვეული ფანტაზიის ნაყოფი იყო, შეთხზული ზღაპარი, ანაც ლამაზი სიზმარი, დამპყრობელი სუკუბუსის გარეშე. უნდოდა რომ ასე ყოფილიყო. იცოდა რომ ასე იყო. ვერ შეძლებდა ნაზი ფარფატა პეპელა ჰაერში ლეკვის აფრიალებას.

ვერასდროს…

მიუხედავად იმისა, რამდენად მცირე გაბარიტებისაც უნდა ყოფილიყო ლეკვი.

პეპელა ამას ვერ შეძლებდა.

ვერასდროს.

ვერც ნი შეძლებდა, ვერც სოფია და ვერც ნებისმიერი სხვა პიროვნება რომლადაც ეს სიფრიფანა არსება „გარდაიქმნებოდა“, თუნდაც ვამპირი ან „შტანგისტი“ ყოფილიყო.

ვერა და ვერ!

***

ექიმის დიდი სურვილითა და მონდომებით, ელა „სეანსებს“ სრულიად ჩამოაშორეს და მკაცრად გააფრთხილეს რაც უნდა მომხდარიყო ექიმის ყოფნისას სამზზარეულოს არ გასცილებოდა. ჰოდა, იმდღესაც ასე იჯდა სამზარეულოში თმაგაწეწილ შეშინებული და ფრჩხილებს იკვნეტდა როდესაც ნი შეფარფატდა:

-ელა… ჩემო საყვარელო ელა… -მივიდა, ჩაეხუტა და კალთაში ჩაუჯდა პატარა, საყვარელი ბავშვივით, თან მის უზარმაზარ ბორცვებს ეფერებოდა ხელებით, -ნუ ნერვიულობ ელა… მე კარგად ვარ… რა საყვარელი ხარ…-უთხრა და ლოყების ჩქმეტა და მათი ჩაკოცნა დაუწყო.

-არ ვნერვიულობ ქალბატონო, უბრალოდ განვიცდი, ის კაცი რომ გაშინებთ….-გოგონას გაეცინა.

-ო, ელა, ელა… შე საყვარელო ფუმფულა დათუნია… ნუთუ მართლა გჯერა, რომ ის გაპრანჭული კაცი შემაშინებს?

-არ ვიცი ქალბატონო, -დედობრივი მზრუნველობით გადაუსვა ქალმა გოგონას თავზე ხელი.

-არა ელა, პირიქითაა. მე ვაშინებ… და როზმარიც… მას მღრღნელების ეშინია იცოდი? დიად ექიმს ციცქნა სისაყვარლეების ეშინია, -გადაიხარხარა გოგონამ, - ყოველთვის ეშინოდა… ბავშვობიდან… ნეტავ, შეგახედა როდესაც როზმარი მის თვალთახედვას სცდება როგორ გაურბის ჩემგან მზერა მისკენ. არაფერს დამიშავებს ელა, ის კაცია… მარტივი არსება. თანაც, მგონი შევუყვარდი…

-და თქვენ ქალბატონო?

-რა მე?

-თქვენც შეგიყვარდათ ექიმი?

-არა, მე მძულს!-გაბრაზდა ეს როგორ მკითხეო და წამოდგა ფეხზე, -მე ქმარი მიყვარს ელა!

-დიახ, ვიცი ქალბატონო, მაპატიეთ.-თავი ჩაქინდრა ქალმა.

გოგონას შეეცოდა, ვაწყენინეო იფიქრა და მის მუხლებთან ჩაიჩოქა, თავი მუხლებზე დაადო და აბუტბუტდა:

-მაპატიე ელა…

-რისთვის მთხოვთ პატიებას ქალბატონო?

-მოგატყუე ელა, არ მძულს ექიმი…

-არაუშავს ქალბატონო, სიძულვილი კარგი როდია? ვისთვის მოუტანია სიკეთე?

-არც სიყვარულია კარგი ელა…

-სიყვარული კეთილია ქალბატონო, სიძულვილს არ ჰგავს…

-სხვანაირად მიყვარს ექიმი ელა… თან რომ გძულს და თან გიყვარს ეგრე, -თავი ასწია და ქალს თვალებში ჩახედა, -გყვარებია ეგრე ელა?

-მყვარებია ქალბატონო…

-ქმარი ელა?

-დიახ, ქალბატონო, ქმარი მიყვარდა ეგრე…

-და გძულდა კიდეც?

-მძულდა ხანდახან ქალბატონო…

-რისთვის?

-განა კაცის სიძულვილისთვის მიზეზის გამოლევა შეიძლება?

-სიყვარულისთვის?

-არც სიყვარულისთვის, და მაგ სიყვარულისთვისაც მძულდა…

-მე ქმარი მიყვარს ძალიან ელა…

-ვიცი ქამბატონო, მასაც უყვარხართ…

-არ ვიცი ელა… ვითომ?

-უფრო ძლიერი სიყვარულის შესახებ არც მსმენია და არც წამიკითხავს ქალბატონო…

-მიყვარხარ ელა!-უთხრა, და ჩაეხუტა ისე ძლიერად, რომ ქალს ეგონა ამოსუნთქვას ვეღარ შეძლებდა.

-მეც ქალბატონო, საკუთარი შვილებივით… -გაუღიმა ქალმა და რამდენიმე წვეთი ცრემლი, საკუთარი აზრით მალულად, გოგონას თმაში ჩაღვარა.

-ნუ ტირიხარ ელა, არ ვარ ავად… ოდესმე დარწმუნდები…

-თქვენი მჯერა ქალბატონო.

მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ გოგონა ისევ ელას კალთაში მოკალათდა, და მის მკერდს დაუწყო მოფერება. მაგიდაზე უწესრიგოდ დაყრილი ნუშის მარცვალი აიღო ორ თითს შორის მოაქცია და დიდი ინტერესით დააკვირდა:

-არ ვარ ელა გიჟი, -თითები მოუჭირა და გატეხა, ქალი შეცბა, -ვამპირი ვარ…

-ექიმი წავიდა?-ჰკითხა გაოგნებულმა ქალმა.

-ექიმს სძინავს…-წაიღიღინა გოგონამ. ქალს კი ათასმა აზრმა გაუელვა თავში, აფორიაქდა მაგრამ მაინც მშვიდი ხმით იკითხა, -შეიძლება დავხედო?

-რა თქმა უნდა, -გოგონამ გატეხილი ნუშის მარცვალი პირში ჩაიდო და უგემურად გაღეჭა, -ნუ ღელავ ელა, არ მომიკლავს, მართლა სძინავს…-ნაჭუჭები მაგიდაზე დააწყო და სამზარეულოდან გავიდა.

***

სახლში დაბრუნებულ ქმარს უცნაური სცენა დახვდა.

საკუთარ საწოლში ცოლის პირად ფსიქიატრს ეძინა, სოფია ექიმს გვერდით ეწვა, იდაყვი საწოლზე ჩამოეყრდნო, თავი კი დაყრდნობილი იდაყვის ხელზე. გათიშული კაცი ზურგზე იწვა, გულზე როზმარი ეჯდა, რომელსაც გოგონა თითით ეთამაშებოდა. ქმარს სიტყვაც არ უთქვამს ისე გავიდა სამზარეულოში:

-ელა, როგორ ფიქრობ ეს ნორმაა?

-რას გულისხმობთ ბატონო?

-განა ეს შეიძლება იყოს მკურნალობის მეთოდი ელა, -კაცი ჩამოჯდა, თან ქალის მზერას მორცხვად არიდებდა სახეს, -ჩემს საწოლში სხვა კაცს სძინავს ელა, ჩემი ცოლი კი მის გვერდით წევს და მის გულზე დასმულ საკუთარ მოშინაურებულ ღამურას ეთამაშება, ეს ნორმაა?

-არ ვიცი ბატონო, ფსიქიატრიაში ვერ ვერკვევი, -ელამაც აირიდა კაცის მზერა და ელექტროჩაიდნიდან ყავა ჩამოასხა, კაცის წინ მაგიდაზე დადო და გაიღიმა, -იცით, დღეს, სოფიამ სულ ორი თითით (საჩვენებელი და ცერა), კერკეტი ნუში გატეხა…

-ელა, შენი აზრით ჩემს ცოლს ის ექიმი უყვარს?

-სოფია გამუდმებით იმეორებს ქმარი მიყვარსო, ბატონო…

-და ხომ შეიძლება ის ექიმიც უყვარდეს? თავისებურად… ვამპირულად…

-თქვენ გჯერათ, რომ ის მართლა ვამპირია?

-არ ვიცი ელა, ჩვეულებრივი ადამიანი რომ არაა ვამჩნევ…

-რომ უყვარდეს რამეს შეცვლის თქვენთვის?

-თუ გგონია, მისი გატაცება ცოლს გადამაყვარებს ცდები…

-არც მიფიქრია…

-იცი, ექიმის შეცვლა რომ შევთავაზე მითხრა ეს მომწონსო…

-ხომ არ უთქვამს მიყვარსო?

-მითხრა, მაგრამ საკუთარი მზერით, მას ბავშვობიდან ვიცნობ… სულ რომ ბანჯგვლიან მაქციად გადაიქცეს მასში სოფიას სულ ვიპოვი… ვერ მომატყუებს…

-თქვენი მოტყუება არასოდეს უცდია…

-ვიცი…

ქალმა ბოლთის ცემა დაიწყო, მერე შეჩერდა და ბიჭს ჰკითხა:

-ნებას დამრთავთ რაღაც ვთქვა?

-რა თქმა უნდა…

-იქნებ შეწყვიტოთ ნიში სოფიას ძებნა და შეიყვაროთ ნი, როგორიც არის ახლა და არა ისეთი როგორიც ადრე გიყვარდათ. შეიყვარეთ ქალი, რომელსაც სულითხორცამდე უყვარხართ თქვენ და რა მნიშვნელობა აქვს უყვარს თუ არა სხვაც? ც… ხვდებით რას ვგულისხმობ? ც… და არა თქვენც, ისი“ც“… თუნდაც ასე იყოს… მერე რა? შეიყვარეთ ცოლი მთელი თავისი სიგიჟით, ეს ასეთი რთულია?

-არა ელა, რთული არაა… პირიქით…

-მარტივია?

-არა. უცნაურია…

-ანუ?

-უცნაურია, გიყვარდეს სოფია, ნიც, და მთელი მისი სიგიჟეც… იცი, ერთხელ ამ გამოთაყვანებულების ექიმმა მითხრა რომ ფსიქიატრი მეც მჭირდებოდა. იქნებ მართლა მჭირდება? იქნებ ნი კი არა მე ვარ გიჟი და პირიქით მგონია?

-ასეც რომ იყოს ვის ადარდებს?

-არ ვიცი, ელა, მე რომ ვიყო ნის ადგილზე ის როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილზე შემიყვარებდა გიჟს, ან რას იზამდა სოფია შინ დაბრუნებულს ვიღაც ქალის მკერდზე მოთამაშე რომ დავენახე?

-ბევრს ფიქრობთ, ბატონო, დროს კარგავთ…

-რომელ დროს?

-თქვენს დროს… ნისთვის დრო უსასრულოა, მისთვის სულერთია… ყველა წამი უყვარს. ყველა საუკუნე.-ქალი სკამზე ჩამოჯდა, -იცით, სოფიას არ ვიცნობდი, მაგრამ მგონია, რომ თუ თქვენ სხვა’ც შეგიყვარდებოდათ, მას ნიც შეიყვარებდა…

-ქალსაც?

-დიახ, ბატონო, როდესაც ადამიანის მიმართ ე.წ. ქიმიას გრძნობ სულერთია მისი სქესი მაშინ, შენ გიყვარდება ადამიანი და არა მისი სასქესო ორგანო, ეს ვის ადარდებს? განა როცა სოფია შეიყვარეთ მისი სახე შეიყვარეთ, ან თმა, ან ხელის მტევნები, არა ბატონო ამას ვერ დამაჯერებთ, თქვენ სოფიას სული შეიყვარეთ, სწორედ იმიტომაა, რომ გიყვართ ახლა ნიც და ვამპირიც და როგორც თავად ამბობთ, ბანჯგვლიან მაქციაშიც სოფიას დაინახავდით, იცით რატომ? სწორედ, იმიტომ რომ, თქვენ მისი სული შეიყვარეთ და არ მოიწონეთ სხეული. ესაა მთავარი მიზეზი სულიერი კავშირის და სიყვარულისა, არ აქვს მნიშვნელობა ჭურჭელს, ისევე როგორც ხარისხიანი ღვინის შემთხვევაში, თუ თქვენ გიყვართ ის, გიყვართ ნებისმიერი სასმისიდან იქნება ეს ფეხიანი ფუჟერი თუ უბრალოდ გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი… ამ ქალის სულიც ხარისხიანი ღვინოსავითაა ბატონო, თქვენ ის მუხის კასრში შეიყვარეთ და ახლა როდესაც ძირს დაიქცა იატაკიდანაც გიყვართ და იატაკიდანაც ცდილობთ მის ალოკვას… რომელიმე ჯადოქარს რომ თიხის ქოთანში ჩაეკეტა – ის თიხის ქოთანიც ისევე გეყვარებოდათ, როგორც ნი შეიყვარეთ…

-შენ რა რომანტიკოსი ყოფილხარ ელა…

-სხვათაშორის, იმ კაცს ვერ დაადანაშაულებთ თქვენს საწოლში ძილისთვის, როგორც მივხვდი მას ნის დამამშვიდებლით გათიშვა სურდა, ნიმ კი როგორღაც შეუბრუნა განზრახვა და თავად გათიშა… იცით, მე მაგ კაცს ვერ ვიტან, თვითკმაყოფილ ნაძირალას ვხედავ მასში და მსურს აწ უკვე ჩემს ერთ-ერთ ქალიშვილთაგანს ჩამოსცილდეს და თავის გზაზე იაროს…

მაგრამ…

…უნდა გენახათ რა ბედნიერი იყო თქვენი ცოლი, როდესაც მასზე გამარჯვებული შემოფარფატდა სამზარეულოში. მისი დამცირება მას აბედნიერებს. და თუ ეს სიყვარულის ერთ-ერთი სახეობაა დაე იყოს ბატონო, უყვარდეს… იკვებოს მისი ტანჯვით… სისხლით… თუნდაც, სულითაც… თუ ეს მას ბედნიერებას მოუტანს რატომაც არა?

-ელა, …

-გისმენთ ბატონო…

-მოვწიოთ?

-მხიარული სიგარეტი?

-ჰო…

-მოვწიოთ! რატომაც არა?..

ბიჭმა თხელ ქაღალდში თამბაქო და ოდნავ მწვანე თამბაქო შეახვია, ჯერ თვითონ მოქაჩა ნაფაზი, შემდეგ ქალს გაუწოდა და უთხრა:

-იცი, ელა, დედაჩემი შენ რომ ყოფილიყავი ბედნიერი ვიქნებოდი…

-ვიქნები…-უთხრა ქალმა და ბიჭს შუბლზე აკოცა.

***

ელა ოთახს ალაგებდა, როდესაც საწოლის ქვეშ საგულდაგულოდ დაჭმუჭნული ფურცლის ნაგლეჯები იპოვა. სამზარეულოს მაგიდაზე გაშალა. შეაწება. წაიკითხა. ეს ლექსი იყო. სავარავუდოდ ნის ლექსი. სევდიანი და მტკივნეული. თუმცა, ალბათ მოეწონა. თვალები აუწყლიანდა. ცრემლები დასცვივდა და ისედაც შელახული ფურცელი უფრო მეტად შერყვნა. რაღაც ცრემლის მსგავსი ცხვირიდანაც წამოუვიდა, მაგრამ ოთახისკენ მომავალი ნაბიჯების ხმამ სწრაფადვე გამოაფხიზლა და ეს ბლანტი ცრემლი უკანვე შეისუნთქა და ჩუმად გადაყლაპა.

კარის ზღურბლთან ექიმი იდგა.

-შენ რა, ტირი?-ჰკითხა ირონიულად.

-შენ ვინ გეკითხება?

-არც მაინტერესებს… -თქვა და თვალები გამაღიზიანებლად გადაატრიალა კაცმა, – ნის ვეძებ, ოთახში არაა…

-არც აქაა…-უთხრა ქალმა და ნაწერი კაბის ქვეშ დამალა…

-სადაა?

-ქმართან, რომელიც უყვარს…-იგივე ტონით უპასუხა ქალმა და გამოკვება საკუთარი ეგო გაღიზიანებული, დაბოღმილი ექიმის თვალებით, რომელმაც უბრალოდ გაიღიმა. ამ ღიმილში ღიმილის გარდა ყველაფერი იგრძნობოდა, ის უკვე დიდი ხანი იყო რაც კარგავდა კონტროლს საკუთარ ემოციებზე და ვეღარ ფარავდა ძველებურად. ქალს ეს ისევე მოსწონდა, როგორც სოფიას…-ნის როდიდან ეძახი?

-ასე მოსწონს…-თქვა კაცმა და თამბაქოს ღერს გაუკიდა, იმ თამბაქოს ღერს რომლის სუნიც ელასთვის ბოლო დროს უფრო მეტად ამყრალდა ვიდრე ოდესმე, -სად წავიდნენ?

-შენი საქმე არაა ცოლ-ქმარი სად წავა…-თან ცდილობდა სამზარეულოში ეფუსფუსა, -და ჰო, აქ ნუ ეწევი…

-ადრე არასდროს დაგიშლია…

-ადრე სოფია გიცავდა, ის აქ არაა, და როცა ის აქ არაა შენ აქ არავის სჭირდები… თან, თუ სწორად მახსოვს დღეს სეანსი საერთოდ არ გაქვთ…

-თავისუფალი დრო გამომიჩნდა და…

-და აქ გამოიქეცი?-გააწყვეტინა ქალმა, -როგორც გითხარი აქ არავის სჭირდება შენი “დამატებითი საათები”, რაშიც გიხდიან ის დრო გაატარე, დანარჩენ დღეებში კი უბრალოდ “დაახვიე”… მაგ შენს თავისუფალ დროს მეგობრებთან წადი მეზობლებთან… ოჯახი არ გყავს? ტუ გინდა ჯანდაბაშიც წასულხარ მაგრამ აქ ნუ მოდიხარ!

-რაღაც ვერ ხარ ხასიათზე, გათამამებულხარ კიდეც, თავი დედამისი ხომ არ გგონია, ან შენი სახლი? ჩვეულებრივი დაქირავებული მოსამსახურე ხარ…

-ვიცი, ისევე როგორც შენ, -გაუღიმა ქალმა და კიდევ ერთხელ გამოიკვება კაცის დაფარული სიბრაზით, -და შენგან განსხვავებით მე პირნათლად ვასრულებ იმ მოვალეობებს რაშიც მიხდიან!

-კაბის ქვეშ რა დამალე?

-რატომ არ წახვალ აქედან?

-მომწონს აქ ყოფნა და შენი გაღიზიანება, თანაც არ მგონია სასიყვარულო წერილს მალავდე, ვფიქრობ ნის დღიურის ნაგლეჯია და ეს შენზე მეტად მე მეხება…

-მისი დღიურის ნაგლეჯებზე რა იცი?

-მისი ექიმი ვარ…

-არ მითქვამს შენთვის, როგორც ვიცი არც მის ქმარს უთქვამს…

-ჰო, ბევრ რამეს მიმალავთ… არ მჭირდება თქვენი დახმარება მის სამკურნალოდ, თავად ვიპოვე რამდენიმე…

-რამდენიმე?

-კი, რამდენიმე…

-მის ქმარს რამდენი აჩვენე “რამდენიმედან”?

-არცერთი…

-შენთვის თუ უთქვამთ რომ ნაბიჭვარი ხარ?

-ბევრჯერ…

-არ ცდებოდნენ, არცერთხელ…

-შესაძლოა…-კაცმა გულწრფელად ამოიოხრა და საბოლოოდ შეწყვიტა ემოციების დაფარვა, -არც მის ქმარს უჩვენებია ჩემთვის ის რაც იპოვა, მე რატომ უნდა მეჩვენებინა მისთვის?

-იმიტომ რომ ის ქმარია და აქვს უფლება იცოდეს რას წერს თავისი შეშლილი ცოლი სახლში ქაოსურად მიმოფანტულ ფურცლებზე…-აყვირდა ელა.

-მე, როგორც მის მკურნალ ექიმს უფლება მაქვს რაღაცები ჩემსა და პაციენტს შორის დავტოვო…

ახლა ორივე ყვიროდნენ და ერთმანეთს ათას საძაგლობას ეუბნებოდნენ. საბოლოოდ ყვირილი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა და კაცმა გაიმარჯვა. ელას კაბის ქვეშ შეიჭრა და მოიპოვა ესოდენ ფასეული ლექსი გიჟისა, რომლისადმი უცნაური გრძნობებიც თავად გიჟების ექიმსაც სწორედ სიგიჟეს უქადდა. წაიკითხა რა ექიმმა ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი ბოლო ასო, უმალვე იგრძნო სინანული. მაშინ მიხვდა რომ საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, მიხვდა რომ პირველად დაარტყა ქალს, ამასთანავე დედის ასაკის ქალს და, ამან სევდა მოჰგვარა, გული ატკინა, შეაძულა საკუთარი არსებობა. თავი დახარა, ფურცელს მთელი ძალით ებღაუჭებოდა და უფრო მეტად აზიანებდა, ისედაც შელახულ ნაკუწს დღიურად წოდებული რვეულისა, თან იატაკზე მჯდარი ჩაფსკვნილი ქალის ზიზღიან მზერას თავს არიდებდა. მთელი ძალით მოხუჭა თვალები, ისე, რომ ეგონა საკუთარი ქუთუთოებითვე ამოითხრიდა გუგებს, მაგრამ ასე არ მოხდა. წერილს ხელი უშვა, მუხლებზე დაეცა და ქალის შელახული ღირსების აღდგენას მისი აჩეჩილი კაბის გასწორებით შეეცადა. ელამ ერთი კარგად შემოარტყა, მამაკაცმა ურეაქციოდ განაგრძო მისი “დახმარება” რამაც ელა მეტად გაათამამა და ახლა ორივე ხელით კაცის ცემა დაიწყო. კაცმა უთხრა გეყოსო და სკამზე დაჯდომაში დაეხმარა. ელა მაშინვე დაწყნარდა.

-მაპატიე, თავი დავკარგე, -უთხრა დასჯილი ბავშვივით თავჩაქინდრულმა ექიმმა დედისტოლა ქალს.

-დაჯექი…

-ასე არასოდეს მოვქცეულვარ…-უთხრა კაცმა და ქალის წინ, სკამზე ჩამოჯდა, -მაპატიე ელა, არ ვიცი რა დამემართა…

-სიგარეტი მომეცი…

გაკვირვებულმა და ცოტათი გათამამებულმა მამაკაცმა თამბაქოს კოლოფი და სანთებელა მაგიდაზე დააწყო, -მეგონა მოწევა არ შეიძლებოდა…-გაიღიმა და სიტუაციის განმუხტვას შეეცადა…

-შენთვის არც შეიძლება…

-ხომ მოვწიე?

-აღარ მოწიო!

-იცი დედაჩემს ჰგავხარ…

-რატომღაც არ მიკვირს… ამ სახლში ყველას დედას ვგავარ… ამ სახლში ყველანი პატარა ბავშვები ხართ და დედის მზრუნველობა ალერსი და ეგეთები გჭირდებათ… აქ ყველას დედა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შვილი ოთხი მყავს…-ცოტა ხნით გაჩუმდა, თამბაქოს ღრმა ნაფაზი დაარტყა, ამოიოხრა და საკუთარი სიტყვა შეასწორა, -სამი…

-ერთი გარდაგეცვალა?

-თავი მოიკლა… ფიქრობდა რომ ეს სამყარო მისთვის ზედმეტად ბნელი იყო და სხვა სამყარო სჭირდებოდა…

-შიზოფრენია. ამიტომ დათანხმდი სოფიასთან ცხოვრებას… მას გახსენებს არა?

-ალბათ…

-მაპატიე, რომ შენი კაბის ქვეშ შევძვერი…

-არაუშავს, დიდი ხანია ეს არავის გაუკეთებია, ცოტათი მომეწონა კიდეც…-თვალი ჩაუკრა ქალმა.

-უკეთესი საცვლები რომ ჩაგეცვა, იქნებ არც ისე იშვიათი ყოფილიყო…

ორივემ გულიანად გაიცინეს. ელა ადგა და ზედა თაროდან ვიღაც უცხოელი მამაკაცის სახელწაწერილი, ლამაზად გათლილი ბოთლი ჩამოიღო:

-დალევ, ექიმო?

-როგორც წესი…

-არ სვამ, მაგრამ ახლა დალევ…

-ჰო…

მაგიდაზე ორი ბროლის ჭიქა დააწყო და ალკოჰოლით შეავსო.

-იცი რატომ არ ვაჩვენე არცერთი ფურცელი მის ქმარს?

-რატომ?

-ყველა მათგანში ეწერა რომ ვუყვარვარ… ვიფიქრე არ ღირდა…

-იქნებ არც ისეთი ნაბიჭვარი ხარ როგორიც მეგონე?

-იქნებ…

-კარგად მოქცეულხარ…

-გმადლობ… ყოველთვის კარგად ვეღარ ვიქცევი… წეღან…

-არაუშავს, დაივიწყე, -გააწყვეტინა ქალმა, -ვიცი რატომაც დაკარგე თავი… შენც გიყვარს…

-ეს რაღაც უფრო სხვაა…

-ეგაა… მასაც უყვარხარ…

-თვითონ გითხრა?

ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა, ჭიქა გამოცალა და ისევ ალაპარაკდა:

-მაგრამ ქმარიც უყვარს…

-ჰო, ვიცი…

-ის ავადაა ექიმო…

-და ჩვენც დაგვაავადა… ყველა…

-ასეა სამყარო მოწყობილი, არაფერს გაძლევს უფასოდ…

-იცი ელა, სასაცილოა ეს ყველაფერი, პირველად რომ შემიყვარდა გოგო, მაშინაც ასეთივე უიმედო იყო ჩემი მდგომარეობა…

-პირველად როდის შეგიყვარდა ექიმო?

-სამი წლის ასაკში… საბავშვო ბაღში…

-მასაც სხვაც უყვარდა?-ჰკითხა ქალმა დედობრივი ღიმილით.

-დაახლოებით…

-და შენც?

-კი, მეც და თავისი ქმარიც… მასწავლებელი იყო…

ორივემ გაიცინეს.

-რთულ ქალებს არჩევ ექიმო…

-უნებლიედ ძვირფასო ელა, უნებლიედ…

***

როდესაც ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა, ექიმი უკვე წასულიყო, მაგრამ საკუთარი სუნი მაინც დაეტოვებინა:

-ელა დღეს რა დღეა?-იკითხა გოგონამ წარბის აწევით.

-მგონი ოთხშაბათი უნდა იყოს…

-აბა ექიმს აქ რა დაეკარგა?

-რას გულისხმობთ ქალბატონო?

-ელა, თავს ნუ იშტერებ, ექიმი რატომ იყო დღეს ჩვენთან მის სუნს ვგრძნობ…-ეს სიტყვები ქმარს გულში ხანჯალივით შეესო. სოფია, თუ ნი, სულერთია ელაც რომ ყოფილიყო, საკუთარი ცოლი ხმამაღლა ამბობდა რომ სხვა კაცის სუნს გრძნობდა სახლში. ნეტავ ჩემს სუნს თუ გრძნობსო გაიფიქრა თუ არა გოგონამ უპასუხა კიო.

-რა კი ნი?

-ვგრძნობ…

-რას?

-შენს სუნს… ელას სუნსაც და საერთოდ ყველასას…

-შენ რა..

-კი, შენს ფიქრებსაც ვკითხულობ!-არ დაასრულებინა გოგონამ.

-ეს რამე ახალია?

-არ ვიცი, ხანდახან გამომდის…

-დიდი ხანია ჩვენს თავებში იქექები?-გაბრაზდა ბიჭი..

-არა-მეთქი ხომ გითხარი, უნებლიედ გამომდის ხოლმე… ზოგჯერ… მეძინება… თენდება…

სამზარეულოში ორი ყბაჩამოგდებული სილუეტი ილანდებოდა, ნი კი ღიღინ-ღიღინით რაღაც „ვამპირული“ სიმღერისა საწოლისკენ „მიცეკვაობდა“…

-ელა…

-არაფერი მითხრათ ბატონო, თავადაც შოკში ვარ…

-ეს როგორ არის შესაძლებელი?

-არ ვიცი ბატონო…

-აქამდე ასე მოქცეულა?

-არა, ბატონო, ჩემთან არა…

-ნუთუ მას მართლა შეუძლია რომ…

-არ დაასრულოთ ბატონო ეგ წინადადება, -იცრემლებოდა ელა და მავედრებელ თვალებს ანათებდა ყმაწვილკაცს, -არ თქვათ არაფერი ბატონო….

მაგიდასთან ჩამოსხდნენ და უსიტყვოდ გაუკიდეს მხიარულ სიგარეტს… იმ უცხოელი კაცის სახელიანი ბოთლიდანაც გამოწურეს მთელი სითხე ბოლო წვეთამდე და მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ:

-ელა ის კაცი მართლა იყო დღეს აქ?

-დიახ ბატონო…

-რა უნდოდა არ უთქვამს?

-არა ბატონო… აქეთ ვიყავი და პაციენტის მონახულება გადავწყვიტეო თუ რაღაც მსგავსს ბოდავდა…

-სიცრუე!

-დიახ ბატონო…

-უყვარს მასაც ელა, არა?

-დიახ ბატონო, ასე ჩანს…

-უყვარს და უყვარდეს, ხომ არ სძულს?-გაიცინა კაცმა, მაგრამ უჭირდა ელას ამ სიცილის ნამდვილი სახის დანახვა. ვერ გაერჩია სასაცილო სიგარეტის ეფექტი იყო, ირონია თუ გულწრფელი სიცილი. თითქოს სამივე იყო. სამივე და ამავდროულად სევდანარევიც. მამაკაცის თვალის გუგებზე წითლად მოხატული ხეები გაითხაპნა, გაიბლარა და დასველდა თითქოს… ან იქნებ ელას თვალები თავად იყო დასველებული და ნისლში გახვეული, იქნებ დაწვრილებულიც და დაძაბულიც? ელა საგონებელში ჩავარდა და ერთი გულიანად გაიცინა.

-ბატონო, ახლა არ ვიცი არის თუ არა დრო, მაგრამ მაინც ამის დროა ასე მგონია, რადგან ეს სოფიას ეხება და ჩვენ ყველანი სწორედ სოფიამ შეგვყარა…

-ელა, ეცადე ნაკლებად რთული წინადადებებით მელაპარაკო.

-მას შვილი უნდა!

-თვითონ გითხრა?

-არა…

-აბა საიდან მოიტანე?

-კიდევ ერთი ნაგლეჯი ვიპოვე…

-მომეცი.-ელამ ნაგლეჯი მაგიდაზე დადო და ბიჭისკენ ერთი თითით მიაცურა.

როდესაც ვაჟმა ფურცელი წაიკითხა ყურებამდე გაღიმებული ბაგეები მსგავსად თეატრის მომღიმარი ნიღბისა, მოეშვა და სახე წამის მეასედებში მტირალა ნიღბად ექცა. ელამ დაინახა როგორ გააღო ბიჭის სხეულის კარი სევდამ და შევიდა მასში. განა გასვლა როდის მოასწრო, ასე სწრაფად რომ დაბრუნებულაო ფიქრობდა ელა.

-ბატონო…

-ის უშვილოა ელა… მისი თითოეული კვერცხუჯრედი მკვდარია და უნაყოფო. მან ეს არ იცის ელა… მან არ იცის..

-იცის ბატონო… გრძნობს…

-ელა!

-ის, ყველაფერს გრძნობს ბატონო!-ელა ფეხზე წამოდგა და საჩვენებელი თითით და სლოკინით დაამოწმა საკუთარი სიტყვები.

ელა საკუთარ საძინებელში გავიდა, უნდოდა ბევრი ეტირა, რადგან ახსენდებოდა საკუთარი ქალიშვილი რომელიც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, სოფიას მსგავსად გადაიჩეხა უფსკრულში. ახლა კი ელა კარგავდა მეორე ქალიშვილს, „ნი გარბოდა დიდი დაძინების ქარაფისკენ“ საკუთარი ნებით რათა გადაჩეხილიყო მასში მოხუცი ელა კი ვერ ეწეოდა არ შეეძლო ელას ასე სწრაფად სირბილი, არც ახლა და არც მაშინ! ელაც გარბოდა, მაგრამ ელას სირბილი საკუთარი ქალიშვილების ელვისსისწრაფესთან შედარებით არაფერი იყო. ელა ძველი ჟიგული იყო, გოგონები კი ბუგატი და ფერარი. მიჯაყჯაყდა ელა უფსკრულის პირას და დაინახა ორი გადაჩეხილი მანქანა. ორი გადაჩეხილი მკვდარი ქალიშვილი. ელამ ძალღონე მოიკრიბა, „ჟიგულის გაზის პედალს მიადგა“ და გადაეშვა დიდი დაძინების ქარაფში… ჰაერში ფარფატისას სატერფულზე ფეხი გაეშვა და თითქოს კატაპულტით სადღაც ცისკენ გაისროლეს. ელას საწოლში ფართხალით გამოეღვიძა.

-სიზმარი ყოფილა…

არადა ოთახისკენ მომავალი ფიქრობდა მთელ დღეს იტირებდა საღამომდე და ვერ შეძლებდა ძილს ვერცერთი წამით. შეცდა. მას არ უტირია არცერთი წამით. სამოსგაუხდელად ჩასძინებოდა.

ახლად გაღვიძებულმა კაბის უშნო ჯიბეში ინსტიქტურად ჩაიცურა ხელი, იქ კი ის ფურცლის ნაგლეჯი დახვდა… ამოიღო და კიდევ ერთხელ ხმამაღლა წაიკითხა.

„მე ვერასოდეს ვიქნები დედა..

ჩემი მუცელი ნელნელა ლპება

ყოველი ქალის ცრემლი და სევდა

ჩემს სხეულშია, მათ ნაცვლად მე მჭამს…

ნააბორტალი დედების ცოდვა

ჯოჯოხეთს მიწყობს მე უმიზეზოდ…

ყოველი ქალის, დედის და ბავშვის,

ყოველი კაცის, ძაღლის თუ კატის

ცოდვა და ბოღმა, ღალატის ტრფობა,

წუხილი, დარდი, გრძნობები ბანძი…

ახლა ჩემშია, სხვებს არ ერჩიან,

ჩემს სხეულს ადნობს, ამძიმებს, ალპობს,

თან პასუხსაც სთხოვს სამყაროს გამო…

ექიმი ამბობს

ნუ ავტეხ ამბოხს…

ნუ ავტეხ ამბოხს…

ნუ ავტეხ ამბოხს…

ნუ ავტეხ ამბოხს?!

ღმერთებს არ ვერჩი, თვითონ მერჩიან!

და ყველას ნაცვლად “შიზოიდს” მსჯიან…

ვის დავაკლდები?

როზმარის? – არა…

მას ხომ სადღაც შორს დედა ჰყავს, ალბათ…

მე კი უკვდავი და უბედური

ვერასდროს შევძლებ, მიწოდონ დედა!“

დაასრულა რა ლექსის კითხვა ასევე ხმამაღლა წაიბურდღუნა:

-ეჰ, ჩემო მშვენიერო, შეშლილო გოგონავ, იქნებ ოდესმე ცნობილი პოეტიც კი გამხდარიყავი… ახლა ხომ სწორედ ასეთი ურითმო ლექსებია მოდაში?

-მაგას ვერლიბრი ჰქვია ელა, - წაიბურდღუნა გოგონამ ელას საძინებელი ოთახის დახურული კარის მეორე მხრიდან. ქალი ჯერ შეცბა, შემდეგ კი შერცხვა იმის გამო, ასე ხმამაღლა რომ უწოდა გოგონას გიჟი. ელა საწოლზე წამოჯდა და ჩაფიქრდა, სულ ერთი წამით გაიფიქრა, იქნებ გიჟი კი არა მართლაც ვამპირიაო… სწორედ ამ დროს, მისი ოთახის კარი ქარიშხლის სიმძლავრით რაღაცამ შეამტვრია და ქალის კალთაში აღმოჩნდა სოფია… ან ნი… დამახრჩობელი, გამგუდველი ძალით კისერზე შემოხვეული ხელებით და ზურგზე შემოტმასნილი ფეხებით. ეკვროდა ელას სოფია როგორც პატარა შიმპანზე დედას, ისტერიულად იხრებოდა წინ და უკან და მხოლოდ ერთ წინადადებას იმეორებდა:

„ვიცოდი რომ გჯეროდა!“

„ვიცოდი რომ გჯეროდა!“

„ვიცოდი რომ გჯეროდა!“

„ვიცოდი რომ გჯეროდა!“

***

დღეები იმაზე მონოტონური და ჩვეულებრივი იყო ვიდრე ოდესმე.

ელა ყოველთვის სახლში იყო.

ბიჭი ძირითადად ფხიზელი და სამსახურში.

ან არაფხიზელი და სახლში.

კვირაში რამდენჯერმე ექიმიც მოდიოდა.

წინსვლა არ იყო სოფიას „მკურნალობაში“, მაგრამ ისიც დიდი ბედენა იყო, უკუსვლა რომ არ იგრძნობოდა. ყველა ამაყად მისცემოდა მოჩვენებით ბედნიერებას და ვითომდა „ეგუებოდნენ“ ამ უჩვეულო, თითქოს ახალ, მაგრამ უკვე საკმაოდ მოძველებულ ცხოვრებას.

ყველაფერი ისე იყო როგორც იყო!

ერთხელ, ელამ დაინახა, როგორ აწოვებდა ნი ძუძუს ღამურას. იმ წამს იფიქრა რომ ტირილით გასკდებოდა, მაგრამ არა… მან გონება მოიკრიბა და სასწაულებრივად შეძლო თავის შეკავება. ეს სურათი საკუთარი გონების ბნელ კუთხეში დაასაფლავა, რათა მოგვიანებით, საკუთარ საწოლში საბნის ქვეშ შემძვრალს უსაფრთხო ტერიტორიაზე ამოეთხარა და დაეტირებინა.

ნის გაუღიმა და ბროწეულის შესქელებული წვენი გაუწოდა ჭიქით.

-მოოგშივდებოდათ ქალბატონო…-გოგონას მისთვის არც შეუხედავს ისე გადაუხადა მადლობა. ის საკუთარ „ბავშვს“ დასცქეროდა ბედნიერი დედის ღიმილით. ელას მოეჩვენა რომ გოგონა იმაზე ფერმკრთალი იყო ვიდრე ოდესმე.

როდესაც ნის ექიმი ესტუმრა ელა ქურდივით შეიპარა ნის საძინებელში და ძველ ალბომებში მისი ფოტოების ქექვა დაიწყო. ერთი ამოარჩია და კაბის ჯიბეში ჩაიტენა. დანარჩენები თავიანთ ადგილებზე დააბრუნა.

სამზარეულოში დაბრუნებული ელა სოფიას ფოტოებს იხსენებდა, თან ჭურჭელს ამშრალებდა. თითქოს იმ ფოტოებზე გამოსახული გოგონა მართლაც ჰგავდა ნის მაგრამ არც იმდენად…

საათს რომ დახედა, მიხვდა ექიმი დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო, მაგრამ არსად წასულა. ამიტომ ფეხაკრეფით მიუახლოვდა სტუმრების მისაღებ ოთახს და რადგან ჩამიჩუმიც არ ისმოდა კარი ფრთხილად შეაღო.

არაფერი განსაკუთრებული.

არაფერი ისეთი რაც აქამდე არ მომხდარა.

ნაცნობი სცენა:

ექიმს პიჯაკი გაეხადა და სკამზე მიეკიდა, პერანგი ღრმად შეეხსნა, დივანზე ფეხიფეხზე გადადებული ჩამომჯდარიყო, პირში სიგარეტგაჩრილი თავი უკან გადაეგდო და ეძინა. თამბაქოს ღერი თითქმის ბოლომდე ჩამწვარიყო, მაგრამ არცკი ჩამოფერფლებოდა, თითქოს თავის თავშეკავებულობას და ხასიათს საკუთარ პირში განთავსებულ ღერებსაც გადასცემდა და ისინი ვერ ბედავდნენ გულმოდგინედ დასუფთავებული სახლის დაბინძურებას, ანდაც ძველი, ანტიკვარული ავეჯის ამოწვასა და დაზიანებას. გოგონა ემბრიონის პოზაში მოკუნტული იწვა და ექიმის მუხლებზე ედო თავი, საკუთარ თმაში კი ღამურა გაბლანდულიყო. ყველას ეძინა. მხოლოდ ეს მახინჯი თაგვი „შარიშურობდა“. ელამ მაგიდიდან საფერფლე აიღო და „ბეწვზე მიუსწრო“ ექიმის ანთებულ ღერს. ჩააქრო. ცდილობდა არ ეხმაურა, მაგრამ ყველა გააღვიძა.

-არ მინდოდა თქვენი გაღვიძება ქალბატონო…

-არაუშავს ელა…

-უბრალოდ… ეს .. სიგარეტი… სიგარეტის ჩაქრობა ისევ დაგავიწყდა, -მწყრალი თვალებით შეხედა ელამ ექიმს, - მეშინია ერთხელაც, ყველანი არ ამოვიბუგოთ…

-ნუ გეშინია ელა…-უთხრა გოგონამ ღიმილით… -არაფერი მოგვივა…

-იმედი მაქვს მართალი ბრძანდებით ჩემო ქალბატონო, მაგრამ ბუნება მაქვს ასეთი… მაპატიეთ… ფრთხილი ვარ…

ელა სამზარეულოში გავიდა. ექიმი ფეხდაფეხ გაჰყვა. ნიმ ძილი გააგრძელა.

-რა გემართება მოხუცო?

-არაფერი…-ცდილობდა კაცისთვის არ შეეხედა, რადგან სურდა მისდამი მხოლოდ ზიზღი ეგრძნო, მაგრამ როდესაც თვალებში უყურებდა კარგავდა ამ ერთადერთ სასურველ გრძნობას და ბევრი სხვა „კეთილშობილი“ გრძნობები ებადებოდა. ეს კი ელას გულს ურევდა.

-ყოველთვის რატომ ერევი?

-არ ვერევი…

-როგორ არა, ერევი… ხომ იცი რომ ის ჩემს კალთაში მშვიდი და ბედნიერია, რატომ ცდილობ დაანგრიო ეს ფურთხით ნაშენები სიმშვიდე?

-ის შენს კალთაში ისეთივე მშვიდი და ბედნიერია, როგორიც ჩემსაში. – შეყოყმანდა, მაგრამ მაინც დაამატა, - და იცი რას გეტყვი? იცი როდისაა ყველაზე კარგად? თავისი ქმრის გულზე მიკრული! ნუ გგონია, რომ შენ ხარ „მხსნელი“… არ ხარ! ჩვენ ცალ-ცალკე ვერაფერს გავხდებოდით, ჩვენი კომბინაცია ხდის მას ბედნიერს!

-ელა ნუ ბოდავ რაღაცას, მას მე ვუყვარვარ…

-ჰოო, ისევე როგორც ჩვენ და ის მახინჯი თაგვიც ფრთებით, - სახე დამანჭა ელამ და ხელებით ღამურის იმიტაცია გააკეთა. სახესთან ახლოს მიტანილ ხელის მტევნებს ისე იქნევდა, რომ მამაკაცს გაეღიმა.

-იცი, ელა ძალიან საყვარელი ხარ, როდესაც ცდილობ ჩურჩულით მეჩხუბო… და ეს ღამურის მიბაძვაც „შენია“… -მამაკაცმა ღიმილი სახიდან მოიშორა და ფსიქოთერაპევტის სიმშვიდით ჩაეკითხა, -ელა ახალგაზრდობაში მსახიობობა ხომ არ გიცდია?-თან ცერა თითით ნიკაპის ქექვა დაიწყო თითქოს ჩაფიქრებულაო.

ელამ პასუხად მხოლოდ მწყრალი მზერა სტყორცნა.

ექიმმა კი ძლივს გასაგონად ჩაიბუტბუტა:

-თუმცა, ეს იმდენი ხნის წინ იყო არც გემახსოვრება…

ელამ ექიმს ჩაის კოვზი თავში ჩაუკაკუნა, დოინჯი შემოირტყა:

-იცი რა?

-რაო?

-წადი შენი!.. -გაუღიმა ელამ გესლიანად და საქმეს მიუბრუნდა.

სიჩუმე საუკუნესავით გაიწელა. მერე მამაკაცი სკამზე ჩამოჯდა და თავი ჩაქინდრა:

-ვიცი, რატომაც აკეთებ ამას…

-რას ბოდავ… ბებერი მიწოდე და იმიტომ ჩაგარტყი…

-ამას არ ვგულისხმობ… ეგ არ მტკენია… ყველა ჯერზე როცა გვძინავს… ერთად… შენ… შენ რაღაცას იმიზეზებ და წყვეტ ამ წუთებს… -ელა წამით გაჩერდა, მაგრამ უკან არ მოუხედავს.

-შენ ფულს ძილში არ გიხდიან…

-ვიცი, ელა… და შენც იცი რომ ეს მას სჭირდება…

-შენც გჭირდება…

-ჰო.. მეც.. და მაინც, შენ ყოველ ჯერზე ცდილობ შეწყვიტო…

-პირში ანთებული ღერი გედო!

-ვიცი, მაგრამ ეს არ ყოფილა ნამდვილი მიზეზი, შენ მასზე დარდობ… არ გინდა რომ ასე გვნახოს…

-ასეც რომ იყოს, მერე რა? მე ორივე მიყვარს და შენ ვერ შეძლებ ისინი ერთმანეთს დააშორო!

-ეს არასდროს მიცდია…

-როგორ არა… გიცდია. თან არაერთხელ, როდესაც მისი საგიჟეთში წაყვანა გსურდა…

-ეს ადრე იყო ელა…

-არ გენდობი… სახელი გაქვს გატეხილი…

-შენ ისინი გიყვარს… ორივე…

-მიყვარს, რა არის ამაში გასაოცარი?- იკითხა ელამ წყრომით და შემობრუნდა. მიაჩერდა მამაკაცს, რომელიც მაგიდის გადასაფარებელზე მოხატულ ყვავილეის კონტურებს აყოლებდა თითს.

-და მე?

-შენ ვერ გიტან! მესამე პირი ხარ…

-ტყუი! მეც გიყვარვარ და ეს ნერვებს გიშლის… „ლატენტურად“ გიყვარვარ… რაღაც შენებურად…

-რა სისულელეა… შენ ვერ გიტან!-დოინჯი შემოირტყა ელამ და წარბები აზიდა.

-რა ცუდი მატყუარა ხარ მოხუცო, ცუდი მსახიობი იქნებოდი, - თქვა ექიმმა და გაფართოებული, წყალჩაგუბებული თვალები ელასაკენ მიაპყრო.

ელა ატირდა. უხმოდ. ჩუმად. უცრემლოდ. თავისთვის, თავისში. ასე ტირილი წლების შრომის შედეგად ისწავლა. დრომ ასწავლა. „გიჟ“ ქალიშვილებთან ურთიერთობამ. ექიმს გაეღიმა, თვალის უპის დამანჭვამ ლოყებზე ცრემლები ჩამოღვარა. ელას მოეჩვენა რომ ის ცრემლები ზედმეტად ცხელი იყო. თითქოს ოხშივარი ასდიოდათ და მამაკაცს ლოყებს უწვავდა, ელას კი – გულს. ვერც კი გააანალიზა, როგორ მიუახლოვდა მისი კაბის კალთა კაცის ლოყებს. როდესაც გონს მოეგო, ექიმის ლოყები უკვე შეემშრალებინა.

-„თავი დაიწვი“ მოხუცო…-წაიჩურჩულა ბიჭმა…

-მოკეტე!-უპასუხა ელამ და მისი სახე გულზე მიიკრა.

ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ექიმი წამოდგა და უხმოდ დაიძრა კარისკენ.

-შენი აზრით, სად მიდიხარ?

-სახლში?-გაუკვირდა ბიჭს, -არ მინდა მის ქმარს გადავეყარო…

-მოგიწევს… სალაპარაკო მაქვს თქვენთან, ორივესთან…

***

სოფიას ქმარი დაბრუნდა. დიდად არც მას ესიამოვნა ექიმის დანახვა მაგრამ ზრდილობიანად მიესალმა და სოფია მოიკითხა. შაბლონური საუბრის შემდეგ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა:

-სანამ ამინდზე დაიწყებთ საუბარს გეტყვით რომ რაღაც რიგზე არაა…-თქვა ელამ. ეს არ იყო ახალი ამბავი, მაგრამ ორივემ ყურები ცქვიტეს „ახალი ცუდი ამბის“ მოლოდინში.

-რა ხდება ელა?-იკითხა ექიმმა.

-ის კარგად არაა…

-ვიცით, -კვლავ უპასუხა ექიმმა და თვალები აატრიალა, -აქ ამისთვის ვარ.

-გაჩუმდი!-ჩაერთო ნის ქმარი, -რა ხდება ელა…

-დღეს, სრულიად მოულოდნელად, როდესაც მას „სისხლი“ მივუტანე, მომეჩვენა, უფრო სწორად არ მომეჩვენა შევამჩნიე რომ მისი კანის ფერი დღითიდღე მკრთალდება…

-ამით რისი თქმა გინდა?

-არ ვიცი… -ქალმა ჯიბიდან ფოტოსურათი ამოიღო და მაგიდაზე დადო. ფოტოზე გამოსახული ნი ჯერ კიდევ სოფია იყო. მხიარული ღიმილით იმზირებოდა ფოტოგრაფისაკენ და წითელი ტუჩსაცხით იწონებდა თავს. – სხვანაირია… ადრეც ღია კანი ჰქონდა, მაგრამ ასეთი ღია არა… იქნებ ექიმს ვაჩვენოთ?

-ახალი ექიმი ამ სახლში არ მჭირდება…-გაიბღინძა ბიჭი. ექიმს ხმა არ ამოუღია. ფოტოს უყურებდა და გონების ძალით ცდილობდა გაეხსენებინა შეგრძნება ნის ლოყებზე თითების ათამაშებისას რომ ეუფლებოდა ხოლმე. ის ყოველთვის ცივი იყო. ცივი, მაგრამ არა გვამურად გაყინული. იცოდა ექიმმა გვამური სიცივე. სტუდენტობისას არაერთხელ ჰქონია გვამებთან შეხება. ნი კი… ნი არ იყო გვამურად ცივი… მას უბრალოდ სასიამოვნოდ გრილი კანი ჰქონდა, რომელთან შეხებაც ყოველთვის იწვევდა ეკლების დაყრას ექიმის კანზე.

-ის არ არის მკვდარი!-თქვა ექიმმა მოულოდნელად…

-რა თქმა უნდა არ არის!

-მინახავს გვამები, -დაიწყო ექიმმა საუბარი, - თან არაერთი, შევხებივარ და გამიკვეთავს ისინი, მათი კანის ფერიც ვიცი… ნი ცოცხალია…

-მას სოფია ჰქვია და ვიცი რომ ცოცხალია, არავის სჯერა რომ ის ვამპირია, თუ ამას გულისხმობ, -თქვა გოგონას ქმარმა, -არ ვიცი რის თქმას ცდილობ, მაგრამ შეწყვიტე… თუ ის ავადაა უნდა ვუმკურნალოთ…

-ასეა, – თქვა ელამ… და რადგან ერთადერთი მედიცინის მუშაკი აქ შენ ხარ რას იტყვი გვამთმცოდნევ? რამ შეიძლება გამოიწვიოს მისი კანის ასეთი ავადმყოფური სითეთრე?

-ჰემოგლობინი!-წამოიყვირა ექიმმა ისე, თითქოს ახალი ველოსიპედი გამოეგონოს…

-ეს როგორაა შესაძლებელი, ის ხომ ფაქტობრივად ბროწეულის წვენით „იკვებება“?-იკითხა ქალმა.

-ეგ საკმარისი არაა, ის უბრალოდ მშიერია. მას ჰგონია რომ ის ვიტამინებით „გაძეძგილი“ სითხე აკმაყოფილებს, მაგრამ სხეულს კვება სჭირდება, უნდა ვთხოვოთ, ვაიძულოთ ნორმალურად იკვებოს…

-რთული იქნება, -თქვა ბიჭმა, -მაგრამ არის ამაში რაღაც ლოგიკური, გილოცავ არც ისეთი უტვინო ყოფილხარ როგორიც მეგონე.

***

ნი თავის საწოლზე იჯდა, მკერდი მოეშიშვლებინა და ღამურას საკუთარი მკერდიდან სისხლით კვებავდა, ისევე როგორც დედა ჩვილ ბავშვს. ამ სცენის დანახვისას ელას სუნთქვა შეეკრა მაგრამ სცადა ეს არ შემჩჩნეოდა. მსგავსი შეგრძნება დაეუფლათ ნის და ნიზე შეყვარებულ ორივე მამაკაცსაც, რომლებიც ელას ფეხდაფეხ მიჰყვნენ ოთახში…

-ოჰოო, აი ეს მესმის… სრული შემადგენლობით ხართ!

-ძვირფასო შენთან თხოვნა გვაქვს, -დაიწყო ელამ საუბარი, - ვიცით რომ შენ ეს არ გჭირდება, მაგრამ…

-კარგი ელა…

-რას გულისხმობ?-დაიბნა ქალიც და მისი თანმხლები მამაკაცებიც.

-შევჭამ! შემოიტანე შენი ვაშლის ნამცხვარი, დილიდან რომ აკეთებდი…

სამივეს ქვედა ყბა ერთნაირი სისწრაფით მოსწყდა ზედას, თუმცა გაოცების და გამოძიების დრო არ იყო. სამივე მოსწყდა ადგილს და სამივემ თითო თეფშით თითო ვაშლის ნამცხვარი შემოიტანა. სამივემ საკუთარი ხელით ლუკმა-ლუკმა აჭამეს გოგონას და სიხარულს ვერ მალავდნენ.

-ხომ იცით, რომ ამას აზრი არ აქვს… გემოც კი არ აქვს…

-ვიცით, მაგრამ ვცადოთ. -სთხოვა ქმარმა.

-ძალიან გახდი, სხეულს ვიტამინები სჭირდება, მაცივარში ნადებ სისხლში საკმარისი არაა.-ჩაერთო ექიმი.

ელა ხმას არ იღებდა. უბრალოდ აწვდიდა გოგონას კოვზით ნამცხვრის ფხვიერ ლუკმებს და ათას სისულელეზე ფიქრობდა.

იმ დღის შემდეგ ნი ყოველდღე ჭამდა თითო ულუფას თითო მათგანის ხელიდან, მაგრამ მისი კანის ფერი იგივე რჩებოდა, უფრო მეტიც ელას აზრით უფრო ღიავდებოდა.

ერთხელ, სოფიამ ელას ჰკითხა იყო თუ არა ის ბედნიერი.

-არ ვიცი ჩემო ქალბატონო ეგ სიტყვა რას ნიშნავს…

-ამბობენ, პირობითი ცნებააო და ყველასთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავსო, ამის გჯერა ელა?

-არ ვიცი ქალბატონო, თქვენ გჯერათ?

-მე არაფრის მჯერავს ელა, რასაც „ამბობენ“…

-და თქვენ როგორ ფიქრობთ ბედნიერი ხართ?

-ხანდახან ვარ, ხანდახან ვერა…

-რატომ?

-ალბათ იმის მცდელობა რომ ბედნიერი იყო უფრო მოსაბეზრებელია, ვიდრე უბედურად ყოფნა…

-მე მაბედნიერებს, როდესაც შენ ჩემს მომზადებულ კერძებს სინჯავ…

-კიდევ?

-როდესაც იღიმი ჩემო ქალბატონო, ძალიან გიხდება და მავსებს ბედნიერებით…

-შენც დაღლილი ხარ ელა, ჩვენ ყველანი დაღლილები ვართ მცდელობებით თავი ბედნიერად ვიგრძნოთ…

-შენ რა გაბედნიერებს, ჩემო ქალბატონო?

-ცოტა რამ…

-და მაინც?

-უნდა დავიძინო ელა, დამტოვე და დღეს ექიმი გააგდე, არ მაქვს მისი თავი….

ელამ გოგონას უსიტყვოდ დაუკრა თავი და სამზარეულოში გავიდა სადაც უკვე იჯდა გაგდებული ექიმი და რომელსაც ყველაფერი ესმოდა.

-რაო ელა, გაბედნიერდი ჩემი გაგდების შესაძლებლობით?

-თავადაც მიკვირს რომ ვერა… რა დაემართა ნეტავ?

-ვინ იცის, რას გაუგებ შიზოიდებს?

-ასე ნუ უწოდებ, -გაბრაზდა ელა.

-რატომ? გიჟია… ავადმყოფი… და თავის ჭკუაზე გვატარებს, ამის უფლებას კი ჩვენ ვაძლევთ!

თქვა გაბრაზებულმა ექიმმა ელა გვერდზე გასწია და გოგონას საძინებელში შეიჭრა. საბან გადააძრო ჩაძინებულს, მუქი ფარდები საკიდებიდან ჩამოგლიჯა და ფანჯარა გააღო. საიდანაც სინათლის სხივი შემოიჭრა. ნი ისტერიულად აკივლდა და საწოლის ქვეშ ელვის სისწრაფით შეძვრა.

ღამურა ფანჯრიდან გაფრინდა.

ნი დეპრესიამ მოიცვა და მთელი კვირა საწოლის ქვეშ გაატარა.

ექიმი დაიკარგა.

ელა და გოგონას ქმარი კი საწოლთან ჩამომჯდარნი ატარებდნენ დღეებს ან ღამეებს, თავადაც ვერ გაეგოთ ხელახლა დაკიდებული მუქი ფარდების მიღმა რა ხდებოდა.

ნი იწვა უხმოდ, მუცელზე საწოლის ქვეშ და სვამდა შესქელებულ ბროწეულის წვენს.

ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო და თქვა მოიყვანეთ ის გიჟების ექიმიო. არ იცოდნენ ელამ და გოგონას ქმარმა ეს უნდა გახარებოდათ თუ პირიქით.

სოფია საწოლის ქვეშიდან გამოძვრა, მაგრამ დეპრესიული განწყობა არ მოუშორებია. იჯდა საწოლზე და სვამდა სისხლს პაკეტიდან…

რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ ექიმი ელამ საკუთარ სახლში მთვრალი და საკუთარ ნარწყევში გათიშული იპოვა.

სცადა მისი გაღვიძება მაგრამ რთული აღმოჩნდა. ერთი ციცქნა ქალი იყო და თავადაც ვერ მიხვდა როგორ შეძლო ახოვანი ექიმის სააბაზანოში შეთრევა. იატაკზე განთხმულს ჯერ სამოსი გახადა, მერე პირი მობანა, ბოლოს კი მთლიანად დაბანა. მისი ტანსაცმელი ნაგვის ურნამდე ორი თითით მიიტანა და შიგ ჩატენა. მამაკაცი კი ლოგინამდე მიათრია. მაცივარში ნაპოვნი არაფრისგან სასწაულებრივად წვნიანი მოამზადა და მის საწოლთან ჩამოჯდა. ჩაეძინა.

-ელა?

ქალი ექიმის გაოცებულმა ხმამ გამოაფხიზლა.

-ელა ეს მართლა შენ ხარ?-ატირდა მამაკაცი.

-მე ვარ…

-აქ რა გინდა ელა?

-გეძებდი…

-შენს გარდა არც არავინ მეძებდა… არც მეგობრები არც თანამშრომლები… თუმცა ვის ვატყუებ მეგობრები არც მყავს, ყველას ვძულვარ ერთი გიჟი პაციენტის და მისი მომვლელის გარდა.

-გეყოს სენტიმენტალური სცენები, -გაუწყრა ქალი, -წვნიანი შეჭამე და გამოფხიზლდი ნის ვჭირდებით…

ექიმმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და საკუთარ ცრემლებჩაღვრილი წვნიანი ბოლომდე შეხვრიპა.

მერე ჰკითხა ნის ამბები და ელამაც უამბო.

ასეთი უსუსური არასოდეს ყოფილა, არასოდეს ყოფილა სხვისი მოსავლელი და საზრუნავი, არასოდეს მოუშარდავს შარვალში, არასოდეს სძინებია საკუთარ ნარწყევში, ლოთიც არასოდეს ყოფილა, ალკოჰოლი ყოველთვის სძულდა, ალკოჰოლიკებიც, არც კი ებრალებოდა ისინი… ახლა კი… ახლა კი ყველა იმ საზიზღრობაზე უარესი იყო თავად რაც კი რამ ოდესმე სძულდა. შერცხვენილი იყო ელასთან და რაც მთავარია საკუთარ თავთანაც.

-ელა, მე ასეთი არ ვარ… რაც შენ ნახე…-დაიწყო თავის მართლება.

-დამშვიდდი, არავინ ვართ „ასეთები“ რაღაც წერტილამდე… მაგ წერტილში ხარ და თავი ხელში აიყვანე. დავივიწყოთ ეს ყველაფერი და მივხედოთ შენს პაციენტს, რომელსაც ახლა ყველა ვჭირდებით!

როდესაც საძინებელში შევიდნენ ცოლ-ქმარს ჩახუტებულებს ეძინათ. ამ სცენამ ელა გააბედნიერა. ექიმი – არც ისე.

ნუ გავაღვიძებთო უთხრა ქალმა მამაკაცს და სამზარეულოში შეიყუჟნენ ჩურჩულით საუბარსა და ყავის წრუპვას შეუდგნენ.

***

თითქოს ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. როგორც წესი, ექიმი და გოგოს ქმარი ერთმანეთს არ ეჩეხებოდნენ, მაგრამ იმ დღეს ელა საყიდლებზე გასულიყო და შინ დაბრუნებულს კიდევ უფრო გასაოცარი სცენა დახვდა. გოგონა დივნის ცენტრში იჯდა, და ორივე მხარეს მის მხარზე თავჩამოდებულ მამაკაცებს ეძინათ. გოგონას არ ეძინა -იღიმოდა. ოთახში შესული ელა რომ დაინახა ჩურჩულით ჰკითხა:

-ელა გახსოვს რომ გეუბნებოდი ცოტა რამ მაბედნიერებს-მეთქი?

-დიახ, ქალბატონო, -ჩურჩულითვე უპასუხა ქალმა.

-ბედნიერი ვარ, როდესაც თქვენ სამს ერთ მუშტად შეკრულს გგრძნობთ…

ელამ გაუღიმა და ფეხაკრეფით გაიპარა სამზარეულოში პროდუქტების ამოსალაგებლად. ნიც მას მიჰყვა, ისე რომ მამაკაცები არ გაუღვიძებია. დატოვა ერთმანეთზე თავმიდებულები და ავაზასავით ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. ელასთან გავიდა და სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა. უყურებდა ქალი როგორ საქმიანობდა და ესეც ღიმილს ჰგვრიდა. უყვარდა როდესაც მზრუნველობას გრძნობდა. ბავშვივით იყო, რომელიც სულ ყურადღების ცენტრში ყოფნას ითხოვდა.

-იცი, რატომ გამოვძვერი საწოლის ქვეშიდან?

-არ ვიცი ქალბატონო…

-შენ გამო…

-რას გულისხმობთ ქალბატონო, -გული აუჩქროლდა ელას, თუმცა მის გადასაფარად ფუსფუსი არ შეუწყვეტია…

-როდესაც როზმარი გაფრინდა და მე შვილი დავკარგე მეგონა მოვკვდებოდი. შენ იცი, რომ მე ყოველთვის მინდოდა თავი დედად მეგრძნო, მაგრამ დროზე ადრე მოვკვდი და ეს ვერ მოვასწარი, ის „ფრთებიანი თაგვი“ კი, რომელსაც შენს ფიქრებში ამ სახელით მოიხსენიებდი ერთადერთი არსება იყო, ვინც ამის საშუალებას მაძლევდა. მისმა დაკარგვამ კი დეპრესიაში ჩამაგდო. დეპრესიაში მყოფმა შენზე დავიწყე ფიქრი, წარმოვიდგინე რას ფიქრობდი და განიცდიდი შენ მაშინ… შენც ხომ დაკარგე შვილი? ნამდვილი შვილი. მუცელში ჩასახული, იქ განვითარებული და დიდი ტკივილით სამყაროს მოვლენილი. გაზრდილი და შეყვარებული. შენი შვილი ხომ მოკვდა? შენ ეს იცი, იცი რომ მას ვეღარასოდეს ნახავ და იცი რომ რაც უფრო იშვიათად დახედავ მის ფოტოს, უფრო დიდია შანსი მისი სახის გახსენებაც კი ვერ შეძლო ერთ დღეს. ამ ყველაფრის ფონზე კი… შენ ცოცხალი ხარ. არსებობ. გიყვარს ახალი ადამიანები, ზრუნავ მათზე. შენ ჩვენზე ზრუნავ, ყველა ჩვენგანზე. ექიმზეც კი… ხომ მოაბრუნე ერთხელ საიქიოდან. (ჰო, ვიცი ელა სადაც იპოვე და როგორც, ისიც ვიცი რომ ზედმეტად ხშირად ფიქრობ მაგ დღეზე და ნათლად ვხედავ მის სახლსაც შენი თვალებით, მე შემიძლია გითხრა სად რა უდევს საკუთარ ბინაში მას, მიუხედავად იმისა, რომ შენც იცი იქ არასდროს ვყოფილვარ). ასეა ელა. შენზე ფიქრმა მაიძულა მეზრუნა და მეფიქრა ყველა თქვენგანზე, შენმა გამძლეობამ და ძალამ მიბიძგა დეპრესიის ჩამოშორებისაკენ. ბოლოს და ბოლოს, შენი შვილი ამ სამყაროდან გაქრა, ჩემი ნაშვილები ღამურა კი უბრალოდ სადღაც გაფრინდა. უმისამართოდ და ვინ იცის უკეთეს ადგილზეც კი… მე მივხვდი რომ თქვენ არ დაგიმსახურებიათ ასეთი ცხოვრება და რომ ჩემ გამო თქვენი ცხოვრება ახლა თქვენიც კი აღარაა და ის მთლიანად მე ვშთანთქე. საწოლის ქვეშიდანაც გამოვძვერი და ჩემი ნაჭუჭიდანაც და ვიცი როგორ აღარ ვიყო ეგოისტი ელა. ვიცი როგორ უნდა მოგანიჭოთ თავისუფლება. ისიც კი ვიცი, რომ სისხლს არ მასმევთ… ნამდვილ სისხლს. აი, ამიტომაა ჩემი კანი ასეთი ღია ფერის… ამიტომ ვხმები და ვჭკნები… ყველაფერი ვიცი ელა. და თუ რამე არ ვიცი – ვგრძნობ… მტკივნეულად ბევრ რამეს ვგრძნობ. იმასაც კი ვგრძნობ როდესაც ბიჭები მკოცნიან რაზე ფიქრობენ და მიხარია, რომ სხვა ქალებზე არა…

ელა დაიბნა. ატირდა და ენა გადაყლაპულივით მხოლოდ ზლუქუნებდა. არაფერი უთქვამს. მის თავში ისეთი აურზაური და არეულობა ხდებოდა რომ გოგონამ ვერაფრის გამორჩევა შეძლო.

ფიქრობდა საკუთარ ქალიშვილზე. ცდილობდა მისი სახის გახსენებას. ბოლოს რა უთხრა. ნიმ საიდან იცოდა ყველაფერი. ექიმის შემთხვევა. სისხლი. ვამპირი. ფერმკრთალი. ასეთი მშვიდი? ნი.. სოფია? ბიჭები რაზე ფიქრობდნენ ნის კოცნისას? და უამრავი სულელური ფიქრი ამოტივტივდა გონებაში, ერთმანეთს შეეჯახნენ და გადაიხლართნენ, ელა კი მხოლოდ ტიროდა. ბოლოს შვებით ამოისუნთქა და გოგონა გულში ისე ჩაიკრა თითქოს საკუთარი დიდი ხნის უნახავი და მეტად მონატრებული ქალიშვილი იყო.

ნიმ ეს როლი კარგად მოირგო და გაინაბა.

***

ხშირად ხედავდა ელა როგორ ეძინათ სამივეს ერთად ერთ საწოლში და გოგონა ყოველთვის შუაში იწვა. ხან ეძინა, ხანაც არა. ელას იმ დღის დიალოგის შესახებ ბიჭებისთვის არ უამბნია, თავადაც არ იცოდა რატომ. ალბათ, იმიტომ რომ მათი გონება კიდევ ერთხელ არ აერია. ნის კი ბროწეულის წვენში ჩუმად უწვეთებდა ხოლმე საკუთარი გადახსნილი ვენიდან სისხლს. აინტერესებდა თუ შეამჩნევდა, ან მართლა მოაფერიანებდა თუ არა გოგონას ნამდვილი სისხლი. ეშინოდა კიდეც ამ ყველაფრის და ნატრობდა რომ არაფერი შეცვლილიყო. მაგრამ გოგონა მართლა უკეთ გამოიყურებოდა.

-მადლობა ელა, -უთხრა ერთხელ ნიმ ელას.

-რისთვის ქალბატონო?

-ხომ იცი, შენი სისხლისთვის, -წაიჩურჩულა, რომ გვერდზე ოთახში ერთმანეთზე უნებლიედ ჩახუტებულ და მიძინებულ მამაკაცებს არაფერი გაეგოთ.

ელას აღარც კი გაჰკვირვებია გოგონას სიტყვები.

-არაფრის ჩემო ქალბატონო…-უთხრა ქალმა და გოგონას ციცქნა ხელები დაუკოცნა.

-მათ ეტყვი?

-არ ვიცი…

-არ უთხრა…

-რატომ ჩემო ქალბატონო?

-არ ღირს, შეეგუვნენ რომ გიჟი ვარ… გიჟად შემიყვარეს. რთული იქნება ხელახლა ვამპირად ჩემი გაცნობა მათთვის.

-მათ შენ ყველანაირი ეყვარები ქალბატონო…

-ასეა… ამიტომაც არ ღირს მათი აღელვება..

-თქვენი ნებაა…

-უცნაური ქალი ხარ ელა, შემჩნეული მაქვს რომ ხანდახან ფამილარული ხარ ჩემთან და შენობით მომმართავ, მაგრამ ფორმალურიც ხდები ხოლმე… ახლა დავფიქრდი ამაზე. როდის როგორი ხარ? როცა მეთანხმები შენობით მომმართავ თუ თქვენობით? და როდესაც არ მეთანხმები, მაგრამ ჩემს ნებას დაჰყვები ხოლმე?

-არ ვიცი ქალბატონო, უნებლიედ…

-ამაზე უნდა ვიფიქრო, - თქვა გოგონამ და ოთახებში ისტერიული მოძრაობა დაიწყო…

„აი, ისიც ძველი გიჟი ნი, ნეტავ მართლა გიჟი ყოფილიყო…. ან იქნებ არის და მე მაჯერებს რომ – არა. გიჟებს ხომ აქვთ მსგავსი უნარი?“ ახსოვდა ელას როგორ უყვებოდა ხოლმე ექიმი სხვა გიჟების დარწმუნების და შთაგონების უნარებზე. დაფიქრდა ამაზე და კვლავ საგონებელში ჩავარდა. არ იცოდა უნდა ეთქვა თუ არა მამაკაცებისთვის იმ ექსპერიმენტის შესახებ რაც თავისი „მოკლე ჭკუით“ ბიჭების დაუხმარებლად მარტომ ჩაატარა.

***

ელა ხედავდა, როგორ უბედურდებოდა ორი მამაკაცი ერთი ქალის სიყვარულით, ხედავდა, როგორ უძნელდებოდათ მათ ასე ცხოვრება. ოდესღაც სძულდათ ერთმანეთი, ახლა კი ერთ საწოლში ეძინათ და ინაწილებდნენ ნის სხეულსა თუ სულს.

არასოდეს გამოუხატავთ საკუთარი წუხილი და სევდა ამის შესახებ. უბრალოდ ეგუებოდნენ მაგრამ ელა გრძნობდა, ის დედა იყო მათთვის.

დედა კი ყოველთვის ყველაფერს გრძნობს. ახლა მიხვდა ელა, რას გულისხმობდა ნი იმ სიტყვებში მაშინ, როდესაც ამბობდა, რომ გრძნობდა ისეთ რამეებს რაც წესით არ უნდა ეგრძნო, გრძნობდა იმას რისი გრძნობაც არ უნდოდა. ის ამბობდა რომ გრძნობდა ისეთ რაღაცებს რაც ტკივილს აყენებდა.

ელასათვის ეს შეგრძნება ჰგავდა იმ შეგრძნებას, როდესაც საყვარელი მამაკაცი გკოცნის, მაგრამ გრძნობ, რომ შენ არ გკოცნის. სხვას ჰკოცნის. ვიღაცას. არ გინდა რომ დაიჯერო, ფიქრობ გეჩვენება. თავს ირწმუნებ რომ ეს მხოლოდ შენი ისტერიული ეჭვიანობის ბრალია, მაგრამ არა! მართალი ხარ.

ამ დროს, კაცი რომელიც გიყვარს, გკოცნის და ეს უნდა გაბედნიერებდეს, არ გაბედნიერებს. თავს გაზიზღებს, რადგან გრძნობ, რომ ის ამ დროს საკუთარ ფანტაზიებში სხვას ჰკოცნის…

ამას განიცდიდა ელა. დიდხანს განიცდიდა. როდესაც შეამჩნია, რომ ამ ტკივილს ვერ გადაიტანდა და მარტო ვერ შეძლებდა ეზიდა ამხელა ბარგი, გადაწყვიტა ყველაფერი მხარბეჭიანი, ოდესღაც სიცოცხლით სავსე (ახლა კი მუდამ მოდუნებული, მინავლებული) მამაკაცებისთვის გაემხილა. გაემხილა საიდუმლო, რომელიც სულს და ძვლებს უღრღნიდა.არ შეეძლო მარტოს ტანჯვა. ადამიანებს ხომ ყოველთვის, ყველაფერში გვჭირდება დახმარება. ელას კი დახმარება ტანჯვაში სჭირდებოდა. მარტო მოკვდებოდა. თავდაპირველად ფიქრობდა რომ დაე, მომკვდარიყო თუ ეს ბავშვებს იხსნიდა, მაგრამ საბოლოოდ მიხვდა, რომ ამ ჯერ კიდევ შეუბუმბლავ ბარტყებსს დედა ჩიტი სჭირდებოდათ, ელა სჭირდებოდათ. ცოცხალი ელა და არა მისი ცხედარი.

გადაწყვიტა რთული ნაბიჯი გადაედგა. გადაწყვიტა აღარ შეენახა გიჟი გოგოს (რომელიც ირგვლივ ყველას აგიჟებდა) საიდუმლო.

დილა იყო. ნამდვილი დილა. ადამიანების დილა და არა ის დილა რომელიც ამ სარკისებურ სამყაროში და ამ სახლში ქცეულიყო დილად. არა ბნელი დილა, არამედ ნათელი და მზიანი. ეს ის დრო იყო, რომელსაც ვერ იტანდა სოფია და როდესაც მას წესით უკვე უნდა სძინებოდა. თუმცა, ამ სამყაროში ხომ არაფერი ექვემდებარება წესებს, მათ შორის არც ნი.

ნი მუქი, ჩაბნელებული ფარდების წინ იდგა იმ ოთახში, რომელსაც ოდესღაც „ლოჯი“ უწოდეს. სანამ სოფია იყო, ნის უყვარდა ეს ოთახი, რადგან სახლის ყველაზე ნათელი წერტილი იყო. უზარმაზარფანჯრებიანი ოთახი, აღმოსავლეთის მხარეს. ნიდ ქცევის შემდეგაც უყვარდა. ხშირად იდგა ღამის წყვდიადში მის წინ, ოდნავ გადასწევდა უკუნისფერ ფარდას და გაჰყურებდა ხოლმე მთვარიან ცას.

-იცი, ელა ხანდახან, როდესაც დღე მენატრება, წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ეს მთვარე მზეა…-ეუბნებოდა ხოლმე გოგონა ელას, ელა კი გულში სევდაჩაღვრილი, სახეზე მხოლოდ ღიმილს აიფარებდა ხოლმე.

ახლა კი, როდესაც ნამდვილი დილა იყო, ნი კი ფანჯარასთან ისე იდგა თითქოს მთვარის „შეჭყიტინებას“ აპირებდა, ელას გულმა რეჩხი უყო. მომენტალურად გაშრა ოთახის შემოსასვლელ კარში და ყველა სიტყვა გონებაში გაეყინა.

-დილა მშვიდობისა, ელა, -გაუღიმა გოგონამ, გაყინულმა ელამ მხოლოდ თავი დაუკრა, -ვიცი რატომაც მოხვედი, ვიცი რომ ვეღარ უძლებ, ისიც ვიცი რომ შენ ყველა გიყვარს და გინდა ყველამ ჩვენი წილი ბედნიერება ვიპოვოთ, -დახარა თავი და ფარდის ბოლოს დაუწყო სრესა თითებით, - მე ძალიან კარგად მესმის, რომ მათ ორივეს ვტანჯავ, -გახედა გაშლილ დივანზე ერთმანეთთან უნებლიედ მიხუტებულ მამაკაცებს, -ისიც მესმის რომ დღის და ღამის არსებები ვერ შეძლებენ ერთად და ბედნიერად თანაცხოვრებას, ეს ხომ მხოლოდ ზღაპრებში ხდება, სადაც მზეს მთვარე უყვარს და ვარსკვლავებს შობენ…. რეალურ ცხოვრებაში კი… აქ ყველაფერი სხვანაირადაა, აქ არაფერია მარტივად. არც ცხოვრება, არც არსებობა… ცისარტყელაზე წასვლაც კი გვეძნელება და არ გვინდა… საერთოდ რა გვინდა ელა? მე ვიცი, რომ მათ ცხოვრებას ვწამლავ, თუმცა ღმერთები (თუ არსებობენ) დამემოწმებოდნენ, რომ ეს არასდროს ყოფილა ჩემი სურვილი. პირიქით, ყოველთვის მათი ბედნიერება მსურდა…-ნის ხმაში ვიბრაციამ იმატა და ის ნაზი ჩურჩული, რომლითაც ცდილობდა ვაჟები არ გაეღვიძებინა, უნებლიედ ხმაურში გადაეზარდა, -და შენი ბედნიერებაც ელა… ვიცი აქ რატომაც ხარ, რაღაც გტანჯავს და მოსვენებას გიკარგავს, გგონია რომ რაღაც დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვი, ახლა კი ჩემი ყურებით თავიდან იწამლავ სულს და სხეულს და ისევ საგონებელში ხარ, ფიქრობ და ცდილობ რომ აღარ დაუშვა მსგავსი შეცდომა, მაგრამ … ელა… შენ არაფერი დაგიშავებია, არც მაშინ… არც ახლა… შენ ყოველთვის კარგი დედა იყავი ელა, მაშინაც და ახლაც… მისთვისაც, ჩემთვისაც, ამათთვისაც და შენი სხვა შვილებისთვისაც… არ გაქვს უფლება ავადმყოფი და გიჟი შვილები მეტად გიყვარდეს ელა, არ გაქვს უფლება ავადმყოფი და გიჟი შვილების გამო შენი დრო და სიყვარული სხვა შვილებს მოაკლო!…-კარის ჩარჩოს მიჯაჭვული ელა დაუფარავად იცრემლებოდა, ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა და მხოლოდ ერთი ფიქრი ჭამდა მის ტვინს „ფანჯარას მოშორდი!“

„ფანჯარას მოშორდი!“

„ფანჯარას მოშორდი!“

„ფანჯარას მოშორდი!“

განუწყვეტლივ გაჰკიოდა ელა საკუთარ სხეულს შიგნით და რაღაც ძალა არ აძლევდა საშუალებას ეს სიტყვები სხეულს გარეთ გადმოეტყორცნა. ცდილობდა. განუწყვეტლივ ცდილობდა, რომ როგორმე ეს სიტყვები ბაგეებს შიგნით მიმხმარი, გადმოეფურთხებინა.

„ფანჯარას მოშორდი!“

-დამშვიდდი ელა, შეწყვიტე გამუდმებით მდინარის საპირისპიროდ ცურვა, მოეშვი… გაწექი წყალზე და გაჰყევი, ზოგჯერ ასე უკეთესიც კია…

გოგონა გაჩუმდა და შემობრუნდა, ვაჟებს დახედა, გაეღიმა… მერე ელას შემოუტრიალდა და მასაც გაუღიმა.

-თქვენ ყველანი ჩემი ტყვეები ხართ, ჩემი სიგიჟის… თქვენ ყველამ გადაწყვიტეთ, რომ მე მზე ვარ და ჩემს გარშემო უნდა იტრიალოთ, ვცადე ამასთან შეგუება, მაგრამ სული (რომელიც არც კი ვიცი მაქვს თუ აღარ) მეხუთება, იმის წარმოდგენით, რომ მე, უკვდავი არსება, რომლისთვისაც 100 წელიც კი წუთებივით გარბის, ვითვისებ და ვიწოვ თქვენს დროს, ძვირფას წლებს, ენერგიას, ნერვებს… და უკვე სისხლსაც… ვეღარ ვუძლებ ელა, არ შემიძლია ვუყურო როგორ კარგავთ ყველანი სიცოცხლის წუთებს მხოლოდ იმისთვის რომ მე მასიამოვნოთ… ვიცი, აქ რისთვისაც მოხვედი ელა, ისიც ვიცი, რომ ვეღარ უძლებ ამ საიდუმლოს, ნუ ღელავ, არ მწყინს… მე არ აგკიდებ კიდევ ერთ, უმძიმეს ბარგს. ამას თავად გავაკეთებ, თავად ვეტყვი და ყველას გაგათავისუფლებთ ჩემი ტყვეობიდან…

ელას თითქოს გულიდან მძიმე ლოდი მოეხსნა, მაგრამ რაღაც ისევ უკარგავდა მოსვენებას. ბიჭები შეიშმუშნნენ და ცალთვალდაჭყეტილებმა გამოხედეს აწ უკვე უსიტყვოდ და მხოლოდ თვალებით მოსაუბრე ქალბატონებს.

ნიმ მათ სიყვარულით გახედა და ტუჩის კუთხით გაუღიმა. თან ჩაილაპარაკა:

-მე, თქვენ ყველანი მიყვარხართ, -ფარდისაკენ შებრუნდა და ჩურჩულით დაამატა, -მაგრამ, ეს სიყვარული კლავს…

ხელის უსწრაფესი მოძრაობით ჩამოგლიჯა საკიდიდან მუქი ფარდა და უკანასკნელად შეხედა მზეს. მხოლოდ ახლაღა შეძლო გაყინულმა ელამ იმ სიტყვების სხეულს გარეთ გადმოყრა და თანაც ისტერიულად:

„ფანჯარას მოშორდი, ჩემო ქალბატონო!“

„ფანჯარას მოშორდი, ჩემო ქალბატონო!“

„ფანჯარას მოშორდი, ჩემო ქალბატონო!“

„ფანჯარას მოშორდი, ჩემო ქალბატონო!“

„ფანჯარას მოშორდი, ჩემო ქალბატონო!“

„ფანჯარას მოშორდი, ჩემო ქალბატონო!“

ადგილიდან მოწყდა, გოგონასკენ გაიქცა და სცადა აალებულ ნის გადაჰფარებოდა, მაგრამ მხოლოდ ის შეძლო, რომ ბებრული ხელები და კაბის ბოლო დაიწვა. იქამდე სანამ ხელს შეახებდა ნი უკვე დაიფერფლა და ოთახში გაიფანტა.

დიდხანს მიმდინარეობდა გამოძიება, იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია ხანძარი მაღალ სართულიან კორპუსში. მეზობლებს კი აინტერესებდათ, სად გაქრა ახალგაზრდა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი.

ელას კი მხოლოდ ერთი საფიქრალი ჰქონდა, რა ეჭმია გულზე ახუტებული ღამურისათვის.

ნი, .

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0