x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ დამარცხდა სააკაშვილი 2012 წლის არჩევნებში?

imageისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე ვრცელი პოსტით ცდილობს გაანალიზოს და პასუხი გასცეს სამ ძირითად საკითხს:image- რამ განაპირობა 2012 წელს სააკაშვილის მარცხი?

- რა განაპირობებს სააკაშვილის მიუღებლობას მოსახლეობის ნახევარზე მეტში (ან 2/3-ში)?
- რა გავლენა შეიძლება იქონიოს მისმა შიმშილობამ არჩევნების მეორე ტურზე?
imageსააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, ვესტერნიზატორი, მისიის განცდით გამსჭვალული პოლიტიკოსი და ეფექტური სახელმწიფო აპარატის შემქმნელი მმართველი. ამავე დროს, მისი მმართველობა ხასიათდებოდა ავტორიტატიზმის მკაფიო ნიშნებით. ოპონენტები მედავებიან „რანაირად ჯდება ვესტერნიზაციასა და მოდერნიზაციაში გირგვლიანის საქმე? ციხეებში არსებული მდგომარეობა? გელაშვილის ჩემა?...“ ა.შ. და ა.შ.
imageეს საკითხის არასწორად დასმაა. ყოველივე ზემოთქმული არ ჯდება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ჩარჩოებში, თორემ მოდერნიზაცია და ვესტერნიზაცია არ მოითხოვს აუცილებელ პირობად დემოკრატიზაციას და კანონის უზენაესობას. ამ კითხვაზე პასუხები ირიბად თავად სააკაშვილსაც აქვს გაცემული. მას არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის მისაბაძი მაგალითი ათათურქი და სინგაპური იყო. სააკაშვილის მომხრეებში არაერთხელ გაიგებდით მემარჯვენე დიქტატორის - ავგუსტო პინოჩეტის ქება-დიდებასაც. ათათურქმა „რკინის ხელით“ გახადა ჩადრები ქალებს, კაცებს თავიდან მოხსნა ფესკები, არაბული ანბანი ლათინურით შეცვალა, რკინისავე ხელით განახორციელა ქვეყნის სეკულარიზაცია, განათლების სისტემიდან გამოდევნა რელიგია და შეიტანა დასავლური საგანმანათლებლო სივრცის საუკეთესო მიღწევები. ათათურქი „ნიშნავდა“ კვაზი-ოპოზიციის ლიდერებს და თუ მათ ზედმეტი მოუვიდოდათ, შემდეგ „ხსნიდა“ ან იჭერდა კიდეც. ათათურქის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრედ დარჩა მისი მარჯვენა ხელი ისმეთ ინონუ და ასე იარა თურქეთმა ათწლეულები, აზიიდან ევროპისაკენ. მისი ამოსავალი მიზანი იყო თურქეთი თანამედროვე სახელმწიფოდ და დასავლური ცივილიზაციის ნაწილად გადაქცევა. აქ გეოგრაფიულ დასავლეთში ნუ აგვერევა ცივილიზაციური დასავლეთი. მაგალითად, იაპონია შორეულ აღმოსავლეთშია, მაგრამ ის დასავლური სამყაროს ნაწილია. იმავე რკინის ხელით და ავტორიტარული მმართველობით შედგა სინგაპურის მოდერნიზაცია და ვესტერნიზაცია. ჩილეც მსგავსი მაგალითა, ხოლო განვითარებადი სამყაროდან ასეთები არიან აფრიკული ქვეყნები - ბოტსვანა და რუანდა. აქ აფრიკაზე ნუ ავიმრიზებით, ბოტსვანა საქართველოზე თითქმის ორჯერ მდიდარი ქვეყანაა. იქ ქვეყანას მართავს ოქსფორდდამთავრებული ოჯახური დინასტია, აქვთ წესრიგი, ეფექტური მმართველობა და ცდილობენ ტრაიბალიზმიდან ერი, ხოლო ტომობრივი ჯგუფებიდან საზოგადოება შექმნან. აქვთ ხელშესახები წარმატებებიც.
image
აი ეს უნდოდა სააკაშვილს და შეძლებდა კიდეც, მაგრამ ოთხმა მთავარმა ფაქტორმა შეუშალა ხელი:
image
ა) არც ერთ ზემოხსენებულ წარმატების მაგალითს კისერზე არ აწვა და გასრესვას არ უქადდა ისეთი დიდი საფრთხე, როგორც საქართველოს შემთხვევაში რუსეთი იყო. ეს უკანასკნელი სააკაშვილის და საქართველოს წარმატებას საკუთარ ეგზისტენციურ საფრთხედ აფასებდა. საფრთხე იყო როგორც საშინაო, ასევე საგარეო თვალსაზრისით. ქვეყნის შიგნით რუსეთის ხელისუფლებას ეშინოდა რევოლუციის. რუსეთს არათუ დასავლეთად არ მიაჩნია თავი, არამედ მისი ევრაზიანიზმისთვის ცივილიზაციური დასავლეთი არის მთავარი საფრთხე. ამიტომ, თუ რევოლუციით ხელისუფლებაში მოსული ვესტერნიზატორი სააკაშვილი შეძლებდა სინგაპურისებრი წარმატების მიღწევას, რატომ არ გავრცელდება ეს პროცესი მის უახლოეს სამეზობლოზე და საბოლოოდ რუსეთშიც? ამიტომ, ცივილიზაციათა ამ ომში, სააკაშვილის შესაძლო წარმატების ჩაფუშვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შედეგად, 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილისა და საქართველოს განვითარება ძალიან შეირყა, დასავლეთის ძალაც შესუსტდა რეგიონში. ამ დარტყმიდან საქართველო მას შემდეგ ვეღარ გამოვიდა, ხოლო 2008 წლამდე განვითარების ტემპი იყო სრულიად შოკისმომგვრელი.
რუსეთს ურჩევნია, რომ წარმატების პრეცედენტი შექმნას არა ვესტერნიზატორმა სააკაშვილმა ან თუნდაც ფაშინიანმა, არამედ ორიენტალური ავტორიტარიზმის სახემ - ილჰამ ალიევმა. და აი, ალიევის წარმატებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოშიც იქონია გავლენა დემოკრატიის დასუსტებაზე.
საქართველო საფთხეს ქმნიდა საგარეო ასპარეზზეც: თუ ქვეყანა ნატოში გაწევრიანდებოდა, აღიდგენდა ტერიტორიულ მთლიანობას და ჩამოშორდებოდა რუსულ გავლენას, ამას ექნებოდა დომინოს ეფექტი. მოსკოვი არამხოლოდ კავკასიას, არამედ ცენტრალურ აზიასაც დაკარგავდა ადრე თუ გვიან. ამიტომ, სააკაშვილი 2008 წელს მოსკოვმა გააჩერა;
ბ) ვისაც პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრება არ მოსწონდა, უნდოდა დემოკრატია, არ სურდა რომ სახელმწიფოსი შეშინებოდა, ის დღესაც ანტიმიშაა და „მესამე ძალებზე“ ხმის მიმცემთა რიგებს ავსებს. ეს ხალხი, ძირითადად, ურბანულ ელიტებს მიეკუთვნებიან. ადამიანის უფლებათა ნაწილში არის მეორე კატეგორიაც: სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის მანძილზე პენიტენციური სისტემა ამა თუ იმ ფორმით გაიარა სამასი ათასზე მეტმა ადამიანმა, ანუ, დაახლოებით, საქართველოს ყოველმა მეთორმეტე მოქალაქემ. ზუსტად ვერ დავთვლით რამდენმა სამართლიანად, რამდენმა უსამართლოდ, მაგრამ უსამართლობის ხვედრითი წილი უმნიშვნელო ნამდვილად არ იყო.
დღეს ძალიან მიღებულია, რომ სააკაშვილს ლანძღავენ და მას მიუღებლად აცხადებენ ძალადობათა გამო, მაგრამ ადამიანის უფლებათა საკითხი არასდროს წყვეტდა არჩევნების ბედს საქართველოში. ეს ისევ ელიტების სადარდებელ თემად რჩება. სტალინისტები და კომუნისტური ნოსტალგიით გამსჭვალული ხალხი, რომ მიშას პირსისხლიანობაზე ლაპარაკობენ, ესე იგი აქ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე. აი ამას უკვე შემდეგ - „გ“ პუნქტში შევეხები;
imageგ) ალბათ გემახსოვრებათ სააკაშვილის გამოსვლა, მატარებელი დაიძრა და ვინც მოასწრებთ შეახტით, თორემ დარჩებით უკანო; იქვე იყო ჩასარეცხებზე და ჩარეცხილებზე საუბარიც. მოდერნიზაციის მატარებელი მართლა დაიძრა და მანამდე შანსის არმქონე უნარიან ადამიანებს სოციალური მობილობის შესაძლებლობა გაუჩნდათ. მარტო განათლების სისტემა რომ ავიღოთ: ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა და კორუფციის მოსპობამ დაბალი შეძლების ოჯახებიდან გამოსულ სტუდენტებს სწავლით თავის დამკვიდრების საშუალება მისცა; ნაცვლად კვლევითი ინსტიტუტებში ჩაბუდებული საბჭოთა ელიტური კლანებისა, ფული მიეცა რუსთაველის ფონდს, სადაც ეს კლანები და კლანებისგან გარიყული თავისუფალი ადამიანები შეჯიბრებითობის რეჟიმში აღმოჩდნენ ერთმანეთთან; მასწავლებლის და პროფესორის ხელფასს, მეტ-ნაკლებად, ხელფასი დაერქვა და სხვ.
ასე იყო ბევრ სხვა სფეროშიც. მაგალითად, შეიქმნა საბანკო სისტემა და ათასობით ახალგაზრდა ბანკებში დასაქმდა. ტურიზმის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარებამ კრეატიულ ხალხს საკუთარი ბიზნესების დაწყების საშუალება მისცა; პენსია, მეტ-ნაკლებად, დაემგვანა პენსიას და პენსიონერი სოფლის „ყველაზე მდიდარი“ მოსახლე გახდა და ა.შ.
ვერ ვიტყვით, რომ „ბლატი“ და ნეპოტიზმი ამოიძირკვა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, მერიტოკრატიული საწყისები ამუშავდა. ქვეყანა შენდებოდა, ეკონომიკური ზრდა 10-12%-ს აღწევდა, მაგრამ ამასობაში ძალიან დიდი (ფაქტობრივად უმრავლესობა) იყო იმ ხალხის რაოდენობა, ვინც „მატარებელს ვერ შეახტა“. ქვეყანა შენდებოდა, მაგრამ მათ არაფერი ეხებოდა. უფრო პირიქით, მათთვის მხოლოდ ფასებმა იმატა. სამედიცინო პრობლემა ადამიანისთვის განაჩენს, ზოგჯერ სასიკვდილო განაჩენს წარმოადგენდა. მიშა მათი პრეზიდენტი არ ყოფილა და ისინი მისი ყურადღების მიღმა რჩებოდნენ. მიშას მოდერნიზებული ხალხი უხაროდა, მათთვის ქმნიდა შესაძლებლობებს, ხოლო „მატარებლის მიღმა“ დარჩენილები მისთვის გუშინდელი საქართველო იყო. ეს თავადაც აღიარა თომა ჩაგელიშვილის ფილმში, რომ იქმნებოდა სიმდიდრე, რომელსაც ხალხს არ ვუნაწილებდითო; ჩვენ ხალხს ვაძლევდით ანკესს თევზის დასაჭერად, მაგრამ ბევრს არ შეეძლო თევზჭერა, ამიტომ მათთვის პირდაპირ თევზი უნდა მიგვეცაო. მართალია. ეს იყო ელექტორალური მარცხის და მისდამი აგრესიის ყველაზე მთავარი წყარო. ამ ხალხმა ვარდების რევოლუციის საქართველოში თავისი ადგილი ვერ იპოვა და შეუქცევადი გახდა მათი მარგინალიზაცია, რის პირდაპირ პროპორციულად იზრდებოდა მათი აგრესია ვარდების ხელისუფლებისადმი. ამის დაბრუნების შიშია მიშას მიუღებლობის მთავარი წყაროც.
image
დ) ყველა ზემოხსენებული ფაქტორი შეკრა და „ანტიმიშა პოლიტიკად“ აქცია ბიძინა ივანიშვილმა. მისი პიროვნებაა მიშას მარცხის მეოთხე მიზეზი. ივანიშვილს ზურგს 15-20 წლიანი ფილანთროპული წარსული უმაგრებდა. ის არ ჩანდა არსად, მაგრამ იყო ყველგან. ის გაარემონტა, ეს ააშენა, ამას ოპერაციის ფული მისცა, იმას პენსია დაუნიშნა და სხვ. 2011 წლამდელი ივანიშვილი იდუმალი „წმინდა ნიკოლოზი“ იყო ქართველებისთვის. ადამიანების ცნობიერებაში, მის წარსულს ხინჯი არ მოეძებნებოდა, ხოლო სიკეთე უამრავი. ბევრს ეგონა, რომ ივანიშვილი ჭორვილასავით მთელს საქართველოს არჩენდა; ასევე ბევრი ფიქრობდა რომ ქათმიდან თითო ბარკალი და ბენზინიდან თითო ლარი მიშასი იყო; მგონი თვითონ ივანიშვილსაც ეგონა რომ დენის და გაზის თვითღირებულება სამჯერ და ოთხჯერ იაფი იყო, ხოლო დანარჩენს მიშა იპარავდა. მოკლედ, ივანიშვილს აღმოაჩნდა „ჭარბი ნდობა“, როგორც ამას თავადვე უწოდებდა, და შესძლო ამ ნდობაზე პოლიტიკური კაპიტალის აშენება.
მისმა ფაქტორმა და პიროვნებამ ოპოზიციაც უპირობოდ მის გარშემო შეკრა. შეკრულმა ოპოზიციამ, ივანიშვილის ლიდერობით, ისარგებლა ა, ბ და გ პუნქტებში ჩამოთვლილი ფაქტორებით და მიშა დაშამათდა.
image
საქართველოში საზოგადოებამ პოლიტიკურად ორჯერ დასაჯა ხელისუფლება: 2003 და 2012 წლებში. თუ რამე პროგრესი განიცადა საქართველოს სახელმწიფომ, სწორედ ამ ორ მოვლენას უნდა ვუმადლოდეთ. იმედია კიდევ გავიმეორებთ და არაერთხელ.
შევარდნაძის დროს, მოსახლეობის მთავარი წუხილები იყო შემდეგი: უსაზღვრო კორუფცია, კრიმინალი, უშუქობა, უხელფასობა, უპენსიობა. ამ ფაქტორთა გამო შევარდნაძეზე გამარჯვებულმა სააკაშვილმა, პირველ რიგში მათ მიაქცია ყურადღება. ყოფითი კორუფცია და კრიმინალი მოისპო, დენი მოვიდა, ხელფასები და პენსიები დარიგდა (თან გაათმაგებული). ივანიშვილმაც დაინახა თუ რამ დაამარცხა სააკაშვილი და სამივე ძირითად ფაქტორს მიხედა.
image
ა) ცალკე საკითხია, რომ ქართული ოცნების „პრაგმატულ პოლიტიკას“ რუსეთისადმი, რეალურად, „არმენიზაციისკენ“ მივყავართ, მაგრამ რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესიის საფრთხე მათ მოხსნეს;
image
ბ) მოქალაქეებზე პოლიციური სახელმწიფოს წნეხი, ფაქტობრივად, გაქრა. აღარც იმდენი პრობაციონერი გვყავს, არც ციხეში იხოცება წელიწადში 110 ადამიანი და არც სასამართლოს გამოაქვს 99.7% გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა, ეს წნეხი მოიხსნა მოქალაქეებზე და არა პოლიტიკურ ოპონენტებზე. ნაციონალური მოძრაობის ცხოვრება და არსებობა არ არის იმაზე ადვილი, ვიდრე ოცნებისთვის იყო - ოპოზიციაში ყოფნის დროს. ეს მარტო ნაციონალურ მოძრაობას არ ეხება. უსმენენ და უჩხიკინებენ ყველას, ვისაც საზოგადოებრივ აზრზე მათთვის არასასარგებლო გავლენა აქვს ან შეიძლება ჰქონდეს. არ არის პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ მიმართული ბოროტმოქმედება, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა და ქართულ ოცნებას არ ჩაუდენია. ყველაფერი ჩაიდინეს. თუმცა ამას რიგითი მოქალაქე საკუთარ პრობლემად ვერ აღიქვამს, გულუბრყვილოდ ფიქრობს რომ ეს მას არ ეხება;
image

გ) რაც მთავარია, ქართულმა ოცნებამ დაიწყო ენმ-ის ხელისუფლების დროს შექმნილი ეკონომიკური შესაძლებლობების მოსახლეობაზე გადანაწილება. რიგითი ადამიანის გადმოსახედიდან, ავადმყოფობა აღარ არის განაჩენი. ათასობით ადამიანი მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამო აძლევს მათ ხმას; მოიმატა პენსიამაც, შემოიტანეს მთის კანონი, გამგეობებსა და მერიებში რიგებია სოციალურ დაფინანსებებზე; მარცხნისკენ გადაიხარა შრომის კანონმდებლობამ და ა.შ.
image
გარდა ამისა, მიშას მიერ წამოწყებული მოდერნიზაციისა და ვესტერნიზაციის პროექტი იყო ნაძალადევი. არა ქვემოდან ზემოთ წამოსული, არამედ ზემოდან თავსმოხვეული. ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველომ მოდერნიზაცია შეწყვიტა და დაადგა დეგრადაციის, წარსულის მომავალზე გამარჯვების გზას. ხელისუფლება კულტივირებას უკეთებს ყველაფერს რეტროგრადიულს, დაწყებული რეზო ამაშუკელიდან და მეუფე სპირიდონიდან, „გარეჯი საქართველოა!!!“ პოპულისტური ლოზუნგით გაგრძელებული და შავრაზმული ჯგუფების მიერ ხალხის რბევით დამთავრებული. „ბლატი“ დღეს ისევ ცოდნაზე დიდი იარაღია. სახელმწიფო არ საუბრობს არანაირ მიზნებზე და იდეებზე, გვეუბნება რომ თავად არის „ვაჟა“, ხოლო სხვები „ანტივაჟა“. აი ამ ყალბი ნაცინალისტ-პოპულისტური დისკურსებით კვებავს საზოგადოებას და ამ დისკურსებითვე იმარჯვებს.
როგორც ვხედავთ, ხელისუფლება სრულად მოერგო ქართველი ობივატელის ბუნებას. იმათ ბუნებას, ვისაც მოდერნიზაციასა და მაღალ მატერიებზე ფიქრი არც უნდა და არც შეუძლია.
image

ამის საპირისპიროდ დგას ადამიანების ორი ძირითადი ჯგუფი: ერთნი, რომელნიც საკუთარ წარმატებას ვარდების რევოლუციას უკავშირებენ, ხოლო მეორენი, ვინც აანალიზებენ სახელმწიფოს დეგრადაციის მასშტაბებს და აღარ უნდათ ასე გაგრძელება. საზოგადოება ვერ განვითარდა იმდენად, რომ ორი მსხვილი ლიდერის (ბიძინას და მიშას) იქით გააკეთოს „მესამე არჩევანი“. ამ უკანასკნელს ისევ ელიტები, ასე 20-25% აძლევს ხმას, რაც ელექტორალური გარღვევისთვის საკმარისი არ არის. თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობაც ვერ განვითარდა ისე, რომ მიშას გარეშე შეძლოს არსებობა, ხოლო მიშას აქტიური პოლიტიკის გარეშე საკუთარი არსებობა ვერ წარმოუდგენია.
image
ვიღებთ მოცემულობას, როცა ოცნების მთავარი ალტერნატივა ისევ მიშაა, მაგრამ მიშასადმი მიუღებლობა, ზემოხსენებულ ფაქტორთა გამო, ისევ ძალიან მაღალია. თუმცა, მსხვილ ურბანულ ცენტრებში ენმ-ის გამარჯვებებმა აჩვენა, რომ ამოცანა არცთუ დაუძლეველია. ამ მიმართულებით არსებობს დინამიკა. ოცნების შემდგომ ეროზიასთან, მის შეცდომებთან და ოცნებით დაღლასთან ერთად, მიშას შანსები იზრდება.
image
მიშას საქართველოში ჩამოსვლა ერთდროულად არის სტრატეგიის ნაწილიც და თავგანწირული ნაბიჯიც. ის პოლიტიკოსია მისიის და ისტორიის განცდით. მას სურს ისტორიის სახელმძღვანელოებში შთამბეჭდავად შევიდეს. არაერთხელ, საკმაოდ სანდო წყაროებისგან მსმენია, რომ ომის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ის მზად იყო ახალგორში შესაჭრელად. თუ ეს ასეა, მიშა მზად იყო სუიციდისთვის, რადგან რუსეთი თბილისს აიღებდა და ის, მაღალი ალბათობით, ვერ გადარჩებოდა. მაგრამ 2008 წლის სექტემბერში ის ხედავდა რომ მისი ისტორიული მისია მოკლეს და თავადაც ერთგვარი გმირული სიკვდილი უნდოდა. კიდევ კარგი, გადაიფიქრა, თორემ რუსეთის მიერ თბილისის აღებით ქვეყანა დაიღუპებოდა და ასეთი სიკვდილიც კი დიდი ეგოიზმი იქნებოდა, ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქვს სერიოზული საფუძველი ეს ვთქვა, მაგრამ ისტორიულ წყაროს ამ ეტაპზე ვერ მოვიტან.
ასეა ახლაც, რვა წელი საზღვარგარეთ, ფაქტობრივად, უფუნქციოდ ყოფნის შემდეგ, ის მზად არის ან დაბრუნდეს პოლიტიკაში ან მოკვდეს და ეს იყოს წამებულის სიკვდილი. ბოლომდე, გონების დაკარგვამდე იშიმშილებს, ეჭვი არ მეპარება. მგონია რომ პატრიარქსაც შეუგზავნიან და აქ უკვე არ ვიცი რას იზამს, პატრიარქზე უარის თქმას ჩათვლის უფრო მომგებიან ნაბიჯად თუ იმის წარმოჩენას რომ პატრიარქი მასზე ზრუნავს და ის „პატრიარქის შვილია“? ვნახოთ...
image
რატომ იშიმშილებს გონების დაკარგვამდე და რატომ შეუგზავნის თავად ოცნება პატრიარქს? იმიტომ რომ ოცდაათი დღის განმავლობაში მოშიმშილე, პატიმრობაში მყოფი და გონება დაკარგული ყოფილი პრეზიდენტი ბევრისთვის ვეღარ გასაღდება სისხლიან ჯალათად. ის იქნება მსხვერპლი და აი ამას ეძებს მიშა. ფანატიკოს ანტიმიშისტებს ესეც ვერ მოულბობს გულს, მაგრამ ასეთ მიშას აქვს შანსი „მესამე არჩევანის“ მხარდამჭერთა ხმები მასობრივად მიიღოს და ამით უზრუნველყოს მეორე ტურებში ენმ-ის გამარჯვება. მეორე მხრივ, სწორედ იმავე მიზეზით, ოცნებას არ აწყობს მიშას მსხვერპლობა და ამიტომ მგონია რომ შეუგზავნიან პატრიარქს და მიშას დააყენებენ დილემის წინაშე - პატრიარქთან გაუცხოვება საჯაროდ გამოაცხადოს თუ დაჰყვეს პატრიარქის გულში ჩაკვრის ცდუნებას?
image
30 ოქტომბრამდე შიმშილობის და გონების დაკარგვის გზა არის ძალიან საშიში გზა მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მას აქვს მისია და ამისთვის სიკვდილიც შეუძლია.
image
პ.ს. ეს ორი დღეა ისე ავტყდი, მეშინია 30 ოქტომბრამდე მიშას პოლიტიკური ბიოგრაფია არ შემომეწეროს: ))
image
ამის შემდეგ ბექა კობახიძე წერს:
image
გუშინ და დღეს ორი დიდი პოსტი დავდე სააკაშვილზე, რომლებიც ასეულობით ადამიანმა წაიკითხა. მორწმუნე ნაცები ქოცობას მაბრალებენ, მორწმუნე ქოცები (ან მორწმუნე ანტინაცები) ნაცობას. ეს ხალხი ტომობრივ გაერთიანებათა წევრები არიან და ოდნავ განსხვავებული მოსაზრებაზეც "სუკის აგენტის" კატეგორიაში გათავსებენ. ეს ოთხი სურათი მაგალითისთვის დავსქრინე, თორემ ათასეულები არიან...
3
268
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
268
  
2021, 16 ოქტომბერი, 9:35
საუბრები კოალიციურ მთავრობებზე არის ტყუილი და ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. გადახედეთ პარტიებს,გაბნეული ნაციონალებით არის სავსე სხვადასხვა პარტიები და მათი შეერთებით ისევ ის ნაცეთი იქნება,რაც 2012 წლამდე იყო. ეს იცის ხალხმა და ამიტომაც ირჩევს ქოცეთ,იმიტო კი არა რო კარგები არიან,ნაცებს არ დააბრუნებენ.
ქოცებსაც აქვთ თავისი მიღწევები და ეს ადამიანის თავისუფლებას ეხება. რასაც დღეს კადრულობენ ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი,მიშას დროს უბრალოდ ვერ გაბედავდა და ვინ გაბედა თავი გაუტეხეს. დიდი ფული ჩაიდო სოფლის მეურნეობაში და ეს არის მთავარი მიღწევა ქოცეთის. ისტორიულად საქართველო არის მიწათმოქმედთა ქვეყანა და ამის უგულველყოფა არის დანაშაული. მიშამ გააკეთა ქალაქები,მაგრამ იქ თურქული პროდუქტით უმასპინძლდებოდა ტურისტს. ადამიანებმა ვენახის გაჩეხვა დაიწყეს. ღვინის სამშობლოში ვენახებს ჩეხდნენ ადამიანები და ეს რა დანაშაული არ არის? გაიხედეთ გარეთ ეხლა,გამოდით მაგ სოც ქსელებიდან და დაინახავთ,რამდენი ვენახი ჩაიყარა და რამდენი ხეხილის ბაღები გააშენა ადამიანმა.ეს არის ანკესის მიცემა და იმ თევზის დაჭერა,რომელიც უნდა და არა მიშას ეპოქაში რო იყო ისეთი. თუ ადამიანი უნარიანია,მას აქვს შესაძლებლობა მიიღოს შემოსავალი და წამოიწყოს თავისი საქმე. ამას წინათ სოფელში ვიყავი,ამდენი ტექნიკა არ ყოფილა,თითქმის ყველა მოსახლესს თავისი ტრაქტორი ყავს.ეს არის იაფიანი კრედიტების დამსახურება,რომელიც სახელმწიფო პროგრამაა და თანადაფინანსებას აკეთებს სახელმწიფო. რაც ყველაზე მთავარია,გადახედეთ ქოცების პარტიულ სიას და შეისწავლეთ,ვინ არიან და რანაირი ოჯახებიდან არიან გამოსულები. თუ სსრკ ელიტებზე გვაქვს საუბარი და მათ შვილებზე,ეგ ნაცეთში მოიკითხე ჯიგარო.

ბიუჯეტიდან რაიმის დაფინანსების წინააღმდეგი ვარ სულ და არც ეს მთავრობა მეხატება გულზე ამ ყველაფრის გამო,მაგრამ რისიც სჯერათ იმას აკეთებენ. შეიძლება რაღაც არ კეთდება და ვიღაცას ცოდნა აკლია,მარა ცდილობენ. ადგილობრივი არჩვენები ხო იყო და ერთერთი საკრებულოს თავჯდომარე შენი ჭირიმეთი თხოვდა ხალხს ხმის მიცემას,არადა ყველაფერი გააკეთა თავის ერთეულში,გზიდან დაწყებული სარწყავი არხებით დამთავრებული. თან ყველაფერი ხარისხიანად გააკეთა. ყველა ადამიანის გასაჭირი გულთან მიაქვ
2021, 16 ოქტომბერი, 9:01
რაც შეეხება ადამიანებს ღარიბი ოჯახებიდან,ეგეთი იყო 2003 წლისთვის 90%. ახალგაზრდებს გამოუცხადეს მხარდაჭერა,უფულოს დიდი ფული აშოვიეს ან დიდი თანამდებობები შეთავაზეს,გაუზარდეს მადა და გახადეს მათზე დამოკიდებული. სანამ ხელისუფლებაში იყვნენ აგულავედნენ და 2012 წლის მერე გაუხსნეს არასამთავრობოები. ამ ხალხისთვის მიშა კარგი იყო და ბევრი ფულის შოვნის მოტივით დგანან ნაცების გვერდზე,არა საქართველოს გადასარჩენად.

პუტუნი და რუსეთი ახსენე,მათ სურთ მიშას დარი არაადეკვატური პიროვნება,ვისაც საკუთარი სახელის განდიდება აქვს მიზნად. ნაციონალების პერიოდში ბევრჯერ იხეირა რუსეთმა ამით და თუ მობრუნდნენ კიდევ იხეირებენ. შენვე ამბობ,რომ სექტემბერ-ოქტომბერში შეჭრას აპირებდაო,რაც თბილისის აღებით დასრულდებოდაო. ეხლა ასეთი პიროვნება გამოყავთ მსხვერპლად და მისგან გმირის შექმნას აპირებენ,რაც არ გამოუვათ. არავის არ სურს ეგეთი ტიპაჟი,არც მოსახელობის 70% და არც დასავლელ პარტნიორებს. შიმშილობით თუ ცუდად გახდება არ იდარდებს აღნიშნული პროცენტი მოსახლეობის. ჩავხოცავ ხალხს და მერე ვიშიმშილებ,რა უნდა გამომიშვან? დასავლეთიზაციაო და რას ეძახით დასავლეთიზაცია? მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ასეთი გაშმაგებული დაცვა ადამიანის უფლებების და მსოფლიო მიდის აქეთკენ,ხოლო ვიღაც ჩერჩეტი ხალხი საქართველოს უკან აბრუნებს,სადაც ტოტალური დარღვევები იყო ადამიანის უფლებების.
2021, 16 ოქტომბერი, 8:48
ნაძალადევი და თავს მოხვეული არაფერი ვარგა,არც დიდხან გაგრძედება ასე. სწორედაც,რომ თავსმოხვეული უცნაურობებმა გაისტუმრა მიშა და თუ მოაბრუნეს იგივეს იზავს,რადგან ამ ხალხს გააზრების პრობლემა აქვთ. სამასი ათასი პროპაციონერი ახსენეთ და რა გამოდის,სიმდიდრე იქმნებოდა ერთეულებისთვის. როცა ამბობთ,რომ ანკესს აძლევდა მიშა ხალხს და ხალხი ვერ იჭერდა თევზს არის ტყუილი. ანკესს აძლევდნენ,მაგრამ ადამიანებს ეუბნეოდნენ ლიფსიტი დაეჭირათ,ხოლო კალმახზე თევზაობა არ მოსულაო,თუ ვინმე კალმახის ჭერას დაიწყებდა ეგრევე ციხეში უშვებდნენ. უკაცრავად პასუხია და ტრაკგამოხეულმა კეზერაშვილმა რითი იშოვა მილიონები? ბლატით და ხელისუფლებასთან ჯიგრული ურთიერთობით. კორუფცია მოისპოო და ჯერ მარტო ამერიკიდან წამოსული მილიარდი დოლარი სად წაიღეს? ჩადი წეროვანში და ნახე ის სახლები,ეტყობა რამე რო ფული დაიხარჯა მათ აშენებაზე? უამრავი ფაქტია კიდევ,რაც თვალსაჩინო და ხელშესახებია,არ სჭირდება დიდი გენიოსობა ამის დანახვას.
0 1 3