ფოტოგრაფია სხვადასხვა სუბკულტურის წარმომადგენლები ნიუ-იორკელი ფოტოგრაფის ემი არბუსის ობიექტივში 2021, 9 ოქტომბერი, 21:10 სკანდალურად ცნობილი ფოტოგრაფის, დიანა არბუსის ქალიშვილი - ემი არბუსი, დედის გარდაცვალების შემდეგ მის კვალს გაჰყვა და სამყაროსთან კომუნიკაციის მთავარ ენად ფოტოგრაფია აირჩია. ემი აღიარებს, რომ დედის სტილმა მის მთელ კარიერაზე უდიდესი გავლენა მოახდინა და მის შემოქმედებაზე უდიდესი კვალიც დატოვა, თუმცა ხელოვანის თქმით, ის მისი გავლენისგან თანდათან გათავისუფლდა და საკუთარი, ყველასგან გამორჩეული სტილიც შექმნა.ემი არბუსი 17 წლის იყო, როდესაც დედამ, დიანა არბუსმა თავი მოიკლა. გოგონამ ცნობილი დედის საქმე განაგრძო და ნიუ -იორკის სურათების ტიპოლოგია შექმნა. ემი დედას ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის მხარში ედგა და ეხმარებოდა, თუმცა ფოტოგრაფიით სერიოზულად გატაცებული თავად არასდროს ყოფილა, მეტიც, გარკვეული პერიოდი ის ყოველმხრივ ცდილობდა ფოტოგრაფია თავისი ცხოვრებიდან გამოერიცხა, ვინაიდან ის მუსიკოსობაზე ოცნებობდა.თუმცა, დროთა განმავლობაში ფოტოგრაფიამ ის თავად იპოვა. ახლა, უკვე როგორც ცნობილი ფოტოგრაფი ემი იხსენებს: "და იმ მომენტში, როდესაც კამერა კვლავ ხელში ავიღე ვიგრძენი, რომ საბოლოოდ, სახლში ვიყავი". მთელი 80-იანი წლების განმავლობაში შემოქმედი კამერით ხელში ნიუ-იორკელების ყველაზე საყვარელ უბანში, გრინვიჩ ვილიჯში მოგზაურობდა და საინტერესო პერსონაჟებს თითო - თითო აგროვებდა.დღესდღეობით, ემი არბუსი ნიუ - იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები ნიუ - იორკის საჯარო ბიბლიოთეკის კოლექციაში და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია დაცული. გთავაზობთ ემის ფოტოებს სერიიდან "ქუჩაში 1980-1990", სადაც როგორც რიგითი ნიუ-იორკელი გამვლელები, ასევე სხვადასხვა სუბკულტურის წარმომადგენლები, და იმ პერიოდის ვარსკვლავები არიან აღბეჭდილი. მოკლედ, დანარჩენი თავად ნახეთ!398 1-ს არ მოსწონს |