x
მეტი
  • 15.04.2024
  • სტატია:134328
  • ვიდეო:352492
  • სურათი:508411
გიმოგზაურია წალკაში?
„გაფიცებ, წალკაში რა გინდოდა?“ - მესინჯერში მომწერა მეგობარმა მას შემდეგ, რაც „ფეისბუქზე“ წალკაში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები გამოვაქვეყნე და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბევრგან დავჩექინდი ჰეშთეგით - #ესწალკაა.


ცოტა მეწყინა, ვიფიქრე, როგორ შეიძლება ასეთი ლამაზი, საინტერესო და ამხელა პოტენციალის მქონე რეგიონზე ასე ზერელედ ლაპარაკი-მეთქი, მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ საქმე ინფორმაციის ნაკლებობასთან უფრო გვქონდა და აღშფოთების ან ბრაზის გამოხატვის ნაცვლად, ამ მიმართულებით გააქტიურება ვარჩიე.


დაშბაშის კანიონი


image


წალკის მუნიციპალიტეტის ყველაზე მიმზიდველი, მთავარი სანახაობა წალკის კანიონია. უშუალოდ კანიონამდე მისასვლელი, დაახლოებით, ორი კილომეტრის სიგრძის ბილიკი სულ ახალი მოწყობილია და ქვაფენილით, საფეხურებითა და მოაჯირებით არის გამართული. ბილიკის საშუალებით ჩანჩქერზე ფეხით ჩასვლასა და ამოსვლას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. პირადად მე, ფეხით ბევრი სიარული არ მიყვარს, ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როცა აღმოჩნდა, რომ დანიშნულების ობიექტამდე, ადგილობრივი ტრანსპორტით გადაადგილების შესაძლებლობაც მქონია. გზის ნაწილი ფეხით გავიარე, დარჩენილი მონაკვეთი კი სპეციალურად გამოყოფილი მანქანით დავფარე. უკანა გზაზეც, აღმართზე ამოსვლისას ამავე ტრანსპორტით ვისარგებლე, განსხვავებით, ჩემი ყოჩაღი მეგობრებისგან, რომლებმაც ფეხით დაბრუნება არჩიეს. კანიონზე ამ ეტაპზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ჩანჩქერის თავზე უკვე გადაჭიმულია 240 მეტრის სიგრძის მინის ხიდი, რომლის შუაგულში დაკიდებულია კრისტალის ფორმის კონსტრუქცია, სადაც კაფე-ბარი გაიხსნება. იგეგმება ზიპლაინის მოწყობაც.



image


image


ტრადიციული და თანამედროვე სტილის სასტუმროები


image


კანიონის პოპულარიზაციამ სასტუმრო ბიზნესის განვითარების საჭიროებაც გააჩინა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თავისი მდებარეობიდან გამომდინარე წალკიდან სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში საინტერესო მარშრუტების დაგეგმვაც არის შესაძლებელი, აქ ღამის გათევა გონივრული გადაწყვეტილებაა. ქალაქსა და სოფლებში არაერთი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს. მათი ნაწილი ევროკავშირის დაფინანსებითა და ორგანიზაცია CENN-ის ჩართულობით განვითარდა. დამსვენებლებს სასტუმროების შერჩევა თავიანთი მოთხოვნებისა და გემოვნების გათვალისწინებით შეუძლიათ. მაგალითად, ვისაც კოტეჯის ტიპის ღამის გასათევი ხიბლავს, სასტუმრო „მაია“ მოეწონება. წარმოიდგინეთ, დიდ, მწვანე ეზოში მდგარი ორი ხის კოტეჯი, ეზოში ხელოვნური მინი-ტბით, იმიტაციური კანიონითა და ხეხილით. სანამ ჩემი მეგობრები კოტეჯებს ათავლიერებდნენ ან იქვე, ხიდან მოკრეფილ ვაშლს აგემოვნებდნენ, მე საქანელაზე წამოვწექი. ძალიან მინდოდა, ცოტა ხნით არავის გავხსენებოდი და იქვე დამეძინა. უკვე გითხარით, რომ სასტუმროს შერჩევა დამსვენებლის გემოვნების გათვალისწინებით არის შესაძლებელი.


image


ჩემს სურვილებზე მორგებული სასტუმრო HOME+ აღმოჩნდა, რომლის ოთახები თანამედროვე სტილით არის მოწყობილი და სიმართლე გითხრათ, ინტერიერით ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრებსაც არ ჩამოუვარდება. მისი დათვალიერებისას ჯგუფში მყოფმა ჩემმა მეგობრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს უფრო საჩემო იყო.


ადგილობრივი სამზარეულოს თავისებურებები


image


დამეთანხმებით, კვება მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ „ედის დაჩაზე“ ვისადილეთ. ედი 23 წლისაა, 16 წლიდან დამოუკიდებლად და ახლა უკვე ევროკავშირის მხარდაჭერით მისი ბიზნესის გაფართოებას ცდილობს. დიდი გეგმები აქვს, უკვე დაფინანსებაც მოიპოვა, სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს და დაგვპირდა, რომ მალე მის ახალ სასტუმროში გვიმასპინძლებს, სადაც დამსვენებლებს განსხვავებულ ტურისტულ მარშრუტებსა და ექსტრემალურ ექსკურსიებსაც შესთავაზებს. ედიმ ეზოში წალკური სუფრა დაგვახვედრა. პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია ფერადი პომიდვრები იყო. ვარდისფერ, წითელ, მწვანე და ყვითელ პომიდვრებთან ერთად, ბადრიჯნისფერი პომიდორი პირველად ვნახე. ედიმ გვითხრა, რომ პროდუქტები ბებიის სათბურიდან ჰქონდა მოტანილი, ისევე როგორც სვანური მარილით შეზავებული მოხარშული კარტოფილი. კარტოფილს წალკის სუფრაზე, მიწაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, წალკელების გულშიც კი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. (თავად ვნახე, როგორ გაუხარდა ერთ-ერთ ადგილობრივს სუფრაზე ცხელ-ცხელი კარტოფილის შემოტანა). ამ პროდუქტის რეალიზაციისგან მიღებული თანხა ადგილობრივების ძირითადი შემოსავალია, ამიტომ აქტიურად ამუშავებენ მიწას, მოჰყავთ კარტოფილი და საქართველოს გარდა, რეალიზებას აზერბაიჯანშიც ახდენენ. ერთ-ერთი მსხვილი მეურნეობა ჩვენც დავათვალიერეთ და კარტოფილის მიწიდან ამოღების პროცესსაც დავესწარით. ჩემთვის უცხო სანახაობა იყო, არ მეგონა, ერთი ღეროს ქვეშ, 7-8 მსხვილი ნაყოფი თუ დამხვდებოდა.


image


ისევ ჩვენს სადილს რომ დავუბრუნდე, ედის სუფრაზე განსაკუთრებული აღფრთოვანება ლობიანებმა გამოიწვია. აშკარად, რაღაც გამორჩეულ ინგრედიენტს შეიცავდა, რომელიც მასპინძელმა ჩემი მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, არაფრით გამიმხილა რა იყო. სტუმრებმა ეჭვი გამოვთქვით, რომ ეს გამორჩეული დანამატი შესაძლოა სვანური მარილი ყოფილიყო, მაგრამ ედიმ მითხრა, რომ ამ ლობიანების საჭმელად წალკაში კიდევ უნდა დავბრუნებულიყავი და არაფრით გამოტყდა.


ადგილობრივების ცხოვრება და მულტიკულტურული გარემო


image


წალკას ეთნიკური მრავალფეროვნება გამოარჩევს. მუნიციპალიტეტში ეთნიკურ ქართველებთან ერთად, სომხები, აზერბაიჯანელები და ბერძნები ცხოვრობენ. შესაბამისად, თითოეული მათგანის ერთობლიობა მულტიკულტურულ გარემოს ქმნის. ისინი ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. სადაც კი ფეხი შეგვიცდა, მინიმუმ, ყავითა და კომპოტით გამასპინძლების გარეშე არსაიდან გამოგვიშვეს. სახლებში მდიდრული ინტერიერი ხიბლავთ, ჭურჭელიცა და ავეჯიც მოვარაყებულ-მოჩუქურთმებული მოსწონთ. გაწკრიალებულ ოთახებში სისუფთავის შენარჩუნების მიზნით, აქ ყველა სახლის კიბეზე დევს ძალიან ბევრი წყვილი ეზოსა და ოთახის ფეხსაცმელი. რაც შეეხება საქმიანობას, მოსახლეობის ნაწილი საოჯახო მეურნეობითა და ტურიზმის სფეროთი არის დაკავებული. ადგილობრივების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზრუნავს. მათი ჩართულობით დაფინანსებული პროექტების 45% სწორედ ქალებზე მოდის. მთავარი ამოსავალი წერტილი ინოვაციურობა, სამუშაო ადგილების შექმნა, მდგრადობა და სიცოცხლის უნარიანობაა, ამიტომ, ვფიქრობ, განხორციელებული აქტივობები წალკას ეკოტურიზმის განვითარებაში ხელს შეუწყობს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ბევრ სარგებელს მოუტანს. სარგებლის ნახვა არა მხოლოდ ბიზნესგანვითარების, არამედ, პიროვნული განვითარების კუთხითაც არის შესაძლებელი. ადგილობრივები სოციალურ საღამოებს ესწრებიან, სადაც ღია, არაფორმალურ გარემოში, სხვადასხვა თემაზე ინტერაქტიულ რეჟიმში საუბრობენ. თემატიკა მრავალფეროვანია - აგრო ტურიზმით დაწყებული, სამკურნალო მცენარეებით, ჭრა-კერვასთან თუ კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული რჩევებით დამთავრებული.


ბონუსი


image


image


წალკაში მოგზაურობისას, დღის განმავლობაში მიღებული ემოციების შემდეგ, თბილისში დაბრუნებისას, ელექტროენერგიის ბოძებზე შემოწნული უზარმაზარი ცარიელი ბუდეები შევნიშნეთ. მალევე გაგვიმართლა და ბუდეების ბინადრებიც ვიხილეთ. ასე ვნახე ცხოვრებაში პირველად, არც მეტი, არც ნაკლები, უზარმაზარი ყარყატები. ცოტა გული დამწყდა, რომ ეს ყველაფერი სახლში დარჩენილმა ოჯახის წევრებმა ვერ ნახეს, ამიტომ, უახლოეს მომავალში წალკაში კიდევ ერთი მოგზაურობა დავგეგმე, ამჯერად, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ამ მხარის ღირსშესანიშნაობებისა და მიმზიდველობის შესახებ ჯერაც არ სმენია. მრავალეთნიკურ, მრავალფეროვან რეგიონში დაშბაშის კანიონი, ულამაზესი ხედები, სტუმართმოყვარე მასპინძლები, გემრიელი ლობიანები და უზარმაზარ ბუდეებში მოთავსებული ყარყატები გველოდება.


ავტორი: ანა მარშანია

1
684
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
684
  
2021, 23 სექტემბერი, 21:26
ბრავო წალკა...
0 1 1