კახეთი პარტიაგამოცვლილები დედოფლისწყაროში - ვინ და რატომ „მოგზაურობს“? 2021, 23 სექტემბერი, 19:11 „პატრიოტთა ალიანსის“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია დატოვა შალვა ხორნაულმა. ის სოფელ არხილოსკალოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია. ხორნაულმა „ქართული ოცნების“ კანდიდატი 2017 წელს არჩევნებში დაამარცხა და სოფლის დეპუტატი გახდა დედოფლისწყაროს საკრებულოში. სახელისუფლებო კანდიდატზე 6%-ით მეტი მხარდაჭერა მიიღო. ამჯერად ირმა ინაშვილის პარტიის სია და 5 მაჟორიტარი კანდიდატი დედოფლისწყაროს არჩევნებიდან მთლიანად მოიხსნა. თუმცა, ხორნაული არც ისე აპირებდა მონაწილეობას. დეპუტატი ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსიდან“ კმაყოფილი მიდის, თუმცა ბოლო დროს მათი პასიურობა არ მოსწონს. თვლის, რომ გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს. „აღარ ვარ ალიანსში. ვფიქრობ საკმარისია ის გზა, რაც გავიარე. 1976 წლიდან ვიყავი ჩაბმული მეტ ნაკლებად. ამომრჩეველსაც სწყინდება ერთი და იგივე სახეები, დროა ახალგაზრდებს დავუთმო ასპარეზი. ახალგაზრდები წამოვიდნენ უმჯობესია, მე ჩემი ავტორიტეტი მირჩევნია ნებისმიერ თანამდებობებს. არავის ვათქმევინებ - „გაუტკბა საკრებულოში ყოფნა და კიდევ კენჭს იყრისო“ - აღნიშნავს შალვა ხორნაული.
„ქართული ოცნებიდან“ დედოფლისწყაროს საკრებულოს მოქმედი წევრი ბესიკ ქავთარაძე, რომელიც წინა არჩევნებზე პარტიული სიის 11-ე ნომერი იყო, ამჯერად, კენჭს დამოუკიდებლად იყრის. ის სოფელ ზემო ქედის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. „ლელო“-ს პარტიულ სიაში მეორე ნომრად მოგვევლინა მრავალპარტიაგამოცვლილი ლევან ჯამალაშვილიც. რომელიც ირაკლი ალასანიას პარტიიდან 2016 წელს დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს და პარლამენტარობას უმიზნებდა. ჯამალაშვილი თავად ალასანიამ წარადგინა, თუმცა მისი ბიოგრაფიიდან ნაცმოძრაობა ამოშალეს და საზოგადოებას მისი CV ჩასწორებული სახით გააცნეს. მთელი დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მასშტაბით ჯამალაშვილმა მხოლოდ 540 ხმა მიიღო, რაც 1, 87%-ია. რას შეჰმატებს ლელოს დედოფლისწყაროს ორგანიზაციას ჯამალაშვილის გადასვლა, ამას არჩევნები აჩვენებს. თუმცა, ბოლო არჩევნების შედეგებს თუ დავეყრდნობით, ლელო-ს რეიტინგი იმხელა არ არის, რომ მათ დედოფლისწყაროს საკრებულოში ორი მანდატი მოიპოვონ. ამდენად, ჯამალაშვილი ხაზარაძის პარტიიდან დედოფლისწყაროს საკრებულოში შეძრომას რამდენად შეძლებს, ეს რთულად წარმოსადგენია. ამ პოლიტიკური ძალისთვის ერთი წევრის გაყვანაც სათუოა, ამიტომ პარტიულ სიაში მეორე ნომერი გამსვლელად ვერ ჩაითვლება. „ევროპული საქართველოს“ სიის მესამე ნომერი გიორგი რობიტაშვილი პარტიიდან წავიდა, მოძველებული, კომუნისტური მენტალიტეტის უწოდა და დედოფლისწყაროში „გირჩი 2“ დააფუძნა. ასე რომ, ბოკერიას პარტიიდან წამოსული გიორგი რობიტაშვილი ამჯერად ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გვერდით დადგა, რომელიც თავის მხრივ ისევ ნაციონალური მოძრაობის გვერდითაა. თავის დროზე 5 ნომერთან ასოცირდებოდა ხსენებული რობიტაშვილიც. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რობიტაშვილი ბოკერიას პარტიიდან ერთხელ უკვე იყრიდა კენჭს დედოფლისწყაროს საკრებულოში მოსახვედრად და მაშინ სულ 169 ხმა მიიღო. 56 შეფასება არ არის
|