ასტროლოგია რატომ არის 2021 წელი ასეთი მძიმე, რისთვის ემზადება სამყარო და როდისთვის გვპირდებიან პლანეტები ვითარების გაუმჯობესებას - ასტროლოგის პროგნოზი 2021, 16 სექტემბერი, 13:11 2020 წელს სამყარომ კაცობრიობას პანდემიის სახით დიდი გამოწვევა შესთავაზა, რომელიც უკვე მეორე წელია, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს მასშტაბურად უტევს. რატომ არის 2021 წელი და განსაკუთრებით, ბოლო თვეები ასეთი მძიმე, როცა კოვიდინფექციის სხვადასხვა შტამით ამდენი ადამიანი ავადდება და ასეთი მაღალია ვირუსით დაღუპულთა რიცხვი. ამ კითხვაზე მედიკოსებს თავის პასუხი აქვთ, საინტერესოა ასტროლოგების აზრიც. მართლაც პანდემიით გამოწვეული პრობლემებით და ამ ადამიანური ტრაგედიების ფონზე, რისთვის ემზადება სამყარო და რისთვის ამზადებს კაცობრიობას. ამასთან, პლანეტათა განლაგება ცის კაბადონზე როდის გვპირდება ვითარების შემსუბუქებას როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე AMBEBI.GE-ს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე ესაუბრა. "მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ რთული პერიოდი, რომელიც დედამიწაზე 2020 წელს დაიწყო, ის რთული პლანეტარული განლაგება, რამაც ეს პანდემია გამოიწვია, უკვე დაშლილია და ახლა ერთგვარი შლეიფი გვაქვს სახეზე. დღეს რაც ხდება, ეს ყველაფერი დროებით ხასიათს ატარებს და აუცილებლად ჩანაცვლდება ბევრად ნათელი, პოზიტიური პერიოდით, რომლისთვისაც კაცობრიობის მზადება, გარკვეულწილად, ზუსტად ახლა მიმდინარეობს (თუ გავიხსენებთ წინა საუკუნეს, ე.წ. „ესპანკა“ (ესპანურ გრიპი) სწორედ მე-20 საუკუნის ოციან წლებში მძვინვარებდა და შემდეგ, უცბად, უკვალოდ გაქრა, რაც ასევე მსგავსი რთული პლანეტარული კომბინაციის შედეგად იყო წარმოქმნილი). ეპიდემიის დასასრულს მთელი პლანეტა მოუთმენლად ველით და მისი შედეგებიც, ყველა ქვეყანას შეეხო, თუმცა, ასტროლოგიურად, თითოეულ მოვლენას შეიძლება მოეძებნოს განმარტება, რომელიც კოსმოსში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებას აგვიხსნის", - აცხადებს ქეთი ვაწაძე. ასტროლოგის თქმით, პანდემიის დაწყების პერიოდში, სატურნი და პლუტონი თხის რქის ნიშანში იყო შეერთებული. ამავე დროს, სატურნი კვადრატს ქმნიდა კუროში მყოფ ურანთან, რამაც განაპირობა ის არაპროგნოზირებადი მოვლნები, რომლებიც გაურკვეველი ტრაექტორიით განვითარდა. "ურთულესია ურანის მოქმედების შედეგების წინასწარ განსაზღვრა. პლუტონი ტრანსფორმირების პლანეტაა, გარდასახვის, რომლისთვისაც ხშირად, ბოლომდე დაშრეტა, ენერგეტიკული განულება, სიკვდილიც კი მისაღებია სრული გაახლებისთვის და ახალი ძალით ცხოვრების გასაგრძელებლად, ფენიქსივით თავიდან დასაბადებლად. პლუტონის სოციალურ პლანეტა - სატურნთან შეერთებამ ადამიანებში და ბუნებაშიც წარმოქმნა ტრანსფორმირების აუცილებლობა. გამოიწვია საკმაოდ მტკივნეული, ლეტალური შედეგებიც - არა მხოლოდ კოვიდის გამო გაზრდილი სიკვდილიანობა, არამედ ხანძრები, წყალდიდობები - ეკოლოგიური კატასტროფის შემთხვევები, რომლებიც ჯაჭვური რეაქციის სახით, უმცირეს ბიოლოგიურ არსებებსაც შეეხო", - აღნიშნავს ასტროლოგი. მისივე თქმით, 2020 წლის 17 დეკემბერს, თხის რქის მმართველმა სატურნმა მერწყულის ზოდიაქოში გადაინაცვლა (მერწყული თავისუფლების, ავანგარდის, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, მომავლის ხედვის ნიშანია), სადაც დღემდე იმყოფება იუპიტერთან ერთად. - ამ გადანაცვლებამ განსაკუთრებული გავლენა იქონია როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაზე. სატურნის (აკრძალვა, შეზღედვა) მერწყულში (თავისუფლება, გლობალური მოვლენები) გადასვლამ გამოიწვია აკრძალვებისა და საზოგადოებრივი ჩარჩოების შექმნა, რისი მომსწრეც გავხდით მასობრივი კარანტინების, იზოლაციებისა და კომენდანტის საათების შემთხვევებში. იგივე მაჩვენებელი აძლიერებს თავისუფლებისკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობის, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის სურვილს, რაც ასევე გამოკვეთილია მსოფლიო რუკაზე: ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში... ინტენსიურად მიმდინარეობს გამოსვლები დაუსაბუთებელი შეზღუდვებისა და კოვიდპასპორტებზე დამოკიდებული ცხოვრების წინააღმდეგ. იუპიტერის და სატურნის მდებარეობა მერწყულში, კუროს ზოდიაქოში მყოფ ურანთან, ქმნის დაძაბულ ასპექტს, რაც ამწვავებს სიტუაციას ჯანდაცვის სფეროში. გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, ვერ გრძნობს თავს კარგად და ლაღად ვერც მერწყულის და ვერც თხის რქის ნიშანში, სადაც შარშან იმყოფებოდა, შესაბამისად არ იგრძნობა მისი სიკეთისმომტანი გავლენა თითოეულ ჩვენგანზე და ზოგადად, სამყაროზე. რასაც ყველა გაუცნობიერებლად ვგრძნობთ და განვიცდით. თითქოს, იღბალმა ზურგი გვაქცია. ამას ემატება ისიც, რომ როგორც ადრე ვწერდი და ვამბობდი, 2020-2025 წლამდე, აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, სამყაროში ცეცხლის სტიქიის ნაკლებობა გვაქვს. სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს მომატებული სიკვდილიანობისა და მასობრივად დადაბლებული იმუნური სისტემის მიზეზად, რის გამოც, ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს ვირუსთან გამკლავება. ცეცხლის ენერგიის დაბალი მაჩვენებელი განსაკუთრებით ამწვავებს ინფექციურ, ვირუსულ დაავადებებს, ასუსტებს ბრძოლისუნარიანობას და დაავადებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ხარისხს. - და უახლოეს მომავალში სამედიცინო კუთხით რას გვპირდება თითოეული პლანეტა? - როგორი უკმაყოფილოებიც არ უნდა ვიყოთ, რამდენიც არ უნდა ვიჭირვეულოთ და შევეწინააღმდეგოთ რეალობას, სიტუაციის გაუმჯობესებისთვის დრო და კონკრეტული მძიმე ტრანზიტების მშვიდობიანად, გონივრულად გადაგორებაა საჭირო, რაც, სამწუხაროდ, ერთი და ორი სეზონის საქმე არ არის. აუცილებელია ენერგიის დამოუკიდებლად გაძლიერება: ამაღლებული განწყობით; ყვითელი, წითელი, იასამნისფერი, ნარინჯისფერი საკვებით; ჰაერზე, მზეზე ყოფნით, ფიზიკური აქტივობებით, მინერალებთან კავშირით, მედიტირებით, ლოცვით და უარყოფითი ემოციების გამომწვევი ნებისმიერი ინფორმაციის მაქსიმალურად არიდებით, ნაკლები სტრესითა და უიმედობით. რაც უფრო სტრესში, შიშში, აპათიაში ვიმყოფებით, მით დაბალი გვაქვს იმუნიტეტი, შესაბამისად, ნაკლები ძალა გვაქვს დაავადებებთან საბრძოლველად, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს და უნდა შევეცადოთ მაინც, თუნდაც ხელოვნურად, ძალდატანებით ავიმაღლოთ გუნება-განწყობა, შევიქმნათ უფრო პოზიტიური გარემო. ამასობაში, პლანეტათა უკეთესი განლაგებებიც დაგვახმარს საკუთარ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ყველაფრისდა მიუხედავად, ახალ, უკეთეს ეტაპზე გადასვლისთვის მზადმყოფი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში გაძლიერდეს სასიკეთო ძალები. თან, 2021 წლის ბოლოდან, თორმეტი თვით, გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, თავისი თანამმართველობის ზოდიაქოს ნიშანში, თევზებში გადადის და ნეპტუნთან შეერთებით დაგვეხმარება პანდემიური სიტუაციის ბევრად შედეგიანად მართვაში. კოლექტიური ჯანმრთელობის ენერგიაც გაძლიერდება და მეტი შანსი გვექნება, მომდევნო რთული თვეების მარტივად გასავლელად. დღეს, დედამიწა, ადამიანებთან ერთად, ფეხზე წამოდგომისთვის, გაძლიერებისთვის, ჯანმრთელობის ენერგიის აკუმულირებისთვის იბრძვის. იმისთვის, რომ ცხოვრება პლანეტაზე იყოს სავსე ჯანმრთელობით, წარმატებით, ბედნიერებით, გაახლებული სასიცოცხლო ენერგიით. ასევე ნახეთ:როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან
"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზე3247 შეფასება არ არის
|