უძველესი ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში ქმნიდა ქანდაკებებს: ეს ძირითადად ცხოველთა და პირველყოფილ ღვთაებათა გამოსახულებებია. ძველი აღმოსავლეთის ხელოვნებაში ქანდაკებას სრულიად განსაკუთრებული ადგილი ეჭირა: მოქანდაკეები კოლოსალურ ქანდაკებებს ქმნიდნენ, რომლებშიც სახელმწიფოს ძლიერება და სიდიადე იყო განსახიერებული, ისინი აგრეთვე გარდაცვლილთა ნიღბებს აკეთებდნენ და შემდეგ საოცარ ცოცხალ, მეტყველ პორტრეტებს ქმნიდნენ. სასახლეების და ტაძრების კედლები უმშვენიერესი რელიეფებით იყო მორთული. ძალზე განვითარებული იყო აგრეთვე მცირე ზომის ქანდაკებაც.
ძველი ბერძნების ქანდაკების საყვარელი თემა გმირების, ოლიმპიუი თამაშების გამარჯვებულების და ღვთაებების გამოსახულებები იყო. ამ ეპოქაში ქანდაკება ადამიანის სხეულის სილამაზეს, მოქნილობას, სრულყოფილებას ასხამდა ხოტბას. ადამიანის ფიგურა ძალზე რეალისტურადაა გადმოცემული, პროპორციები ულამაზესია, მოძრაობები ცოცხალი და ბუნებრივი. ძველ რომში ქანდაკებაში პოპულარული იყო პორტრეტი. აგრეთვე იმპერატორების და იმპერატორების და ღმერთების საზეიმო გამოსახულება. შუა საუკუნეებში საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიაში მრგვალი ქანდაკება არ იყო გავრცელებული, სამაგიეროდ ეკლესიებს ხშირად რთავდნენ რელიეფებით. აღორძინების ხანის უდიდესმა მოქანდაკემ მიქელანჯელომ მრგვალი შედევრი შექმნა . მათ შორის ყველაზე ცნობილია დავითი, რომელიც ქალაქ ფლორენციის სიმბოლო გახდა, ასევე მოსეს ქანდაკება, ჰერცოგ მედიჩების სამარხის ქანდაკებები და მრავალი სხვა. XIX საუკუნეში ქანდაკებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ფრანგმა ოგიუსტ როდენმა. რომელთანაც მუშაობდა იაკობ ნიკოლაძე. XX საუკუნეში ტექნიკის შესაძლებლობების გაფართოებასთან ერთად ქანდაკებას ჰორიზონტიც გაუფართოვდა. გაჩნდა ახალი მასალები, ახალი ფორმები, ახალი ხედვა. ქანდაკება ძალზე პოპულარულია თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, განსაკუთრებით – მონუმენტური ქანდაკება. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქანდაკება ე.წ. როდოსის კოლოსი იყო, იგი საბერძნეთში კუნძულ როდოსზე, ნავსადგურის შესასვლელთან იდგა . ქანდაკება მზის ღმერთს ჰელიოსს განასახიერებდა და სიმაღლით 37მ. იყო. სამწუხაროდ, საოცარი ქანდაკება არცთუ გამძლე აღმოჩნდა და მიწისძვრის შედეგად დაინგრა. როდოსის კოლოსი მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებადაა მიჩნეული.