x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138447
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ბერძენი ფარაონები

ეგვიპტელი ხალხი ისე ძალიან არასდროს ყოფილა დამცირებული, როგორც სპარსების II ლაშქრობის შემდეგ (ძვ. წ. აღ. 342 წ.): დანგრეული ტაძრები, მიწასთან გასწორებული ქალაქის კედლები, ქვეყნიდან გატანილი უამრავი ღირებული ნივთი, მათ შორის, უძველესი დოკუმენტები...


image


და ამ ყველაფერს, დამპყრობლების მიერ ადგილობრივებისადმი სასტიკი მოპყრობაც ემატებოდა. მაგრამ, მტრის პარპაში უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაში დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ეგვიპტის ჩრდილოეთით გამოჩნდა ძალა, რომელიც სპარსეთს ემუქრებოდა...
ალექსანდრე მაკედონელმა, უდიდესმა მხედართმთავარმა და სახელმწიფო მოღვაწემ, ძვ. წ. აღრ. 334 წელს, ბერძნულ-მაკედონური ძალებით, გელესპონტი (დარდანელის სრუტე) გადალახა და მცირე აზიაში, სირიაში, ფინიკიაში, და პალესტინაში, სპარსების დამარცხების შემდეგ, 332 წლის შემოდგომაზე ეგვიპტეში ჩავიდა.


image


ის დარწმუნებული იყო, რომ სპარსეთთან ბრძოლაში არაერთგზის გამარჯვების შემდეგ, ეგვიპტელები წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ და ასეც მოხდა. სპარსული უღლით გაწამებული მოსახლეობა გამათავისუფლებელს სიხარულით შეხვდა. ეგვიპტის სატრაპი (მმართველი განუსაზღვრელი უფლებებით) ბრძოლის გარეშე დანებდა, ხოლო ქურუმებმა მაკედონელი დამპყრობელი ეგვიპტის ფარაონად და «ამონის (მთავარი ღვთაება, ღმერთი, ძვ. ეგვიპტეში. რედ.) შვილიად» გამოაცხადეს. საპასუხოდ, ალექსანდრე დიდმა საკუთარი თავი აპისს (ღვთაება ძვ. ეგვიპტეში. რედ.) მიუძღვნა და სამეფო შესაწირიც გაიღო. სპარსებისგან განსხვავებით, მაკედონელი პატივს სცემდა ეგვიპტურ ტრადიციებს, ზედმიწევნით ასრულებდა მათ რელიგიურ რიტუალებს, ხოლო ადგილობრივებს ისე ექცეოდა, როგორც თავის თანაბარს და სწორს.

imageმაკედონელის ფარაონად კურთხევა 331 წელს სივაში, ორაკულის ამონის ტაძარში მოხდა. ქურუმებმა ის როგორც მეფე ისე მიიღეს, ტაძარში შეიყვანეს და იქიდან ალექსანდრე დიდი უკვე ტიტულოვანი ფარაონი გამოვიდა.

თანამედროვე სივას ტერიტორიაზე დღემდე არსებობს ტაძარი, რომელშიც მაკედონელის და იდუმალი წინასწარმეტყველის შეხვედრა მოხდა. ამჟამად ის, მხოლოდ ქვიშით დაფარული და მზით გამომწვარი ნანგრევების სახით არის შემორჩენილი. თუმცა, მასზე რთული არ არის ბერძნული არქიტექტურის ელემენტების ამოცნობა, რომელიც, სავარაუდოდ, ტაძრის რეკონსტრუქციის დროს იყო დამატებული. სწორედ ამ ტაძარში უწინასწარმეტყველეს დიდ მხედართმთავარს სამხედრო და პოლიტიკური წარმატება: ტაძრიდან გამოსული ალექსანდრე ბედნიერი და მშვიდი ჩანდა. როდესაც მეგობრებმა ჰკითხეს, თუ რა იყო მისი სიხარულის მიზეზი, მან უპასუხა, რომ ტაძარში მომხდარი ამბის შესახებ, მხოლოდ დედას მოუყვებოდა და მეტს არავის.

გადმოცემის თანახმად, ალექსანდრემ თავის თანამებრძოლებს უთხრა, რომ გარდაცვალების შემდეგ, ისურვებდა, რომ მისი ნეშტი ან მისსავე დაარსებულ ქალაქში (იმ დროს ეგვიპტეში ალექსანდრიას მშენებლობა უკვე დაწყებული იყო. რედ.) მიებარებინათ მიწისთვის, ან სივაში, იქ სადაც, მსოფლიო ბატონობა უწინასწარმეტყველეს.

ძვ. წ. აღრ. 324 წელს, თითქმის მთელი მსოფლიოს დაპყრობის შემდეგ (იმ დროს მსოფლიო არც ისე დიდი იყო. რედ.), ალექსანდრე მაკედონელი ბაბილონში ჩავიდა და არაბეთის ლაშქრობისთვის დაიწყო სამზადება. როგორც თავად ამბობდა, არაბეთის დაპყრობის შემდეგ, ის ინდოეთიდან – ეგვიპტემდე, საზღვაო სანაპიროს გაკონტროლებას შეძლებდა. მაგრამ, არაბეთის ლაშქრობის დაწყებამდე, 5 დღით ადრე, ავად გახდა და 10 დღიანი ციებ-ცხელების შემდეგ, ძვ. წ. არღ. 323 წლის 13 ივნისს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეგვიპტეში დიდი პომპეზურობით ჩაიტანეს გარდაცვლილი მხედართმთავრის და ეგვიპტის ფარაონის ნეშტი. თუმცა, ის თუ სად უნდა დაეკრძალათ, ჯერ გადაწყვეტილი არ იყო. თავად ალექსანდრეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალექსანდრიაში უნდოდა სამუდამო განსასვენებილი რომ ჰქონოდა. მაგრამ, ქალაქის მშენებლობა დასრულებული არ იყო და ანდერძის აღსრულება იმ დროს, შეუძლებლად მიიჩნიეს. პერდიკამ (მაკედონელის უახლოესი მეგობარი და მისი ვაჟის რეგენტი) მისი გადასვენება მშობლიურ მაკედონიაში გადაწყვიტა. მაგრამ, პტოლემემ გააცნობიერა, რომ მისი მომავალი სახელმწიფოს პრესტიჟი, რომლის შექმნასაც ის ეგვიპტეში გეგმავდა, უსაზღვროდ გაიზრდებოდა, თუ დიდი მაკედონელი, რომელიც საკულტო საგანივით მოქმედებდა ადამიანებზე, ამ ქვეყანაში იქნებოდა დაკრძალული. ამიტომ, ის მნიშვნელოვანი სამხედრო ესკორტის თანხლებით, სამგლოვიარო პროცესიას სირიაში დაეწია და ალექსანდრე მაკედონელის ცხედარი ისევ ეგვიპტეში დააბრუნა.

პავსანის (ალ. მაკედონელის პირადი დაცვა) გადმოცემით, ალექსანდრე დიდი ჯერ მემფისში, ძვ. ეგვიპტის სამეფო ქალაქში დაკრძალეს და დაახლოებით, 40 წლის შემდეგ, პტოლემე II ფილადელფოსმა ის ალექსანდრიაში გადაასვენა.


image

ალექსანდრე (III) მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ, მაკედონიის მეფე ჯერ ფილიპე III არიდაიოსი (ძვ. წ. აღრ. 323 – 317 წწ.), ხოლო შემდეგ, ალექსანდრე IV (ძვ. წ. აღრ. 317 - 309 წწ.) გახდა. მათი მმართველობის დროს, პტოლემე ეგვიპტის სატრაპი იყო, ხოლო კანონიერი მემკვიდრეების გარდაცვალების შემდეგ, მან თავი ეგვიპტის მეფედ გამოაცხადა, რითაც ეგვიპტის ფარაონების ახალ – პტოლემემეების დინასტიას ჩაუყარა საფუძველი. ოფიციალურად ეს ძვ. წ. აღრ. 305 წელს მოხდა, თუმცა მისი მმართველობის წლების ათვლა არა ტიტულის მიღებიდან, არამედ, 324/323 წწ-დან იწყება.

პტოლემების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი დედოფალი კლეოპატრა იყო.

imageimageimageimageimageimageimage






0
323
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0