აჭარა მოზარდის მტკიცებით მამა მასზე სექსუალურად 2 წლის განმავლობაში ძალადობდა 2021, 12 აგვისტო, 8:59 აჭარაში 15 წლის გოგონა მამას გაუპატიურებაში ადანაშაულებს. არასრულწლოვანი ამბობს, რომ მასზე მშობელი წლების განმავლობაში ძალადობდა.მამამ საკუთარ სახლში არასრულწლოვანი შვილი გააუპატიურა, შემდეგ კი ემუქრებოდა, რის გამოც მოზარდი სახლიდან გაიქცა და ქუჩაში ცხოვრობდა. საბოლოოდ გოგონამ დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია "იალქანს" მიმართა. "იალქანის" ხელმძღვანელის, თიკო აბაშიძის ინფორმაციით, მამა შვილზე სექსუალურად 2 წლის განმავლობაში ძალადობდა, რის შესახებაც ახლობლებმა იცოდნენ, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ. თიკო აბაშიძე ამბობს, რომ ისტორიებს მომხდართან დაკავშირებით თავად მოზარდი ყვება და ნათესავების შიშით თავდაპირველად ის სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობდა. როგორც ირკვევა, მოზარდი გოგონას დედა თურქეთშია გათხოვილი და სხვა ოჯახი ჰყავს. დაზარალებული ამჟამად მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფარშია გადაყვანილი. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 10 აგვისტოს გაიმართა. სხდომა დახურული იყო. გამოძიება ბრალდებულს შვილის მიმართ სექსუალურ ძალადობას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარასა და ოჯახში ძალადობას ედავება. დახურულ სხდომაზე გასაჯაროვდება ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც სექსუალური ძალადობა უნდა დაადასტუროს, ან უარყოს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. 408 2-ს მოსწონს
|