x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137450
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
ტრანსფორმაციული ლიდერობის თეორია
image


„ლიდერობა“ არაერთი მეცნიერების საკვანძო ტერმინოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელია, თუმცა მას განსაკუთრებული როლი ენიჭება შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში ორგანიზაციის ეფექტურად მართვის კონტექსტში. დარგის ჩარჩოში ლიდერობა განიმარტება, როგორც ცალკეულ პიროვნებებსა და ჯგუფებზე გავლენის მოხდენის უნარი, რომელიც უზრუნველყოფს მათი ძალისხმევის წარმართვას ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. კარგი ლიდერი ორგანიზაციის წარმატების საძირკველია. სწორედ ამიტომ მკვლევრები ცნებას სიღრმისეულად შეისწავლიან და გვთავაზობენ ლიდერობის მრავალ თეორიას. მოცემულ სტატიაში მიმოვიხილავ ერთ-ერთ მათგანს - ტრანსფორმაციული ლიდერობის თეორიას.

ტრანსფორმაციული ლიდერობის თეორიას 1980-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ის „ახალი ლიდერობის“ პარადიგმის ნაწილია. აღნიშნული დიდ ყურადღებას უთმობს ლიდერობის ქარიზმატულ და აფექტურ ელემენტებს. ტრანსფორმაციული ლიდერობის პოპულარობა თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობას უნდა მივაწეროთ, ვინაიდან ცვლილებებისა და გაურკვევლობის დროს ადამიანებს ყველაზე მეტად შთაგონება, საკუთარ ძალებში რწმენა, შინაგანი მოტივაცია ესაჭიროებათ. სწორედ ამ ელემენტებზე დგას ტრანსფომარციული ლიდერი.

ტრანსფორმაციული ლიდერობა არის პროცესი, რომელიც ადამიანებში ცვლილებას, ტრანსფორმაციას იწვევს. იგი ეხება ემოციებს, ეთიკას, ღირებულებებს, სტანდარტებსა და გრძელვადიან მიზნებს. ტრანსფორმაციულ ლიდერობაში გამოკვეთილია მიმდევართა მოტივაცია, მათი საჭიროებები და მათდამი უაღრესად ჰუმანური დამოკიდებულება.


ტრანსფორმაციული ლიდერი შთააგონებს მიმდევრებს, თანამშრობლებს, რომ გააკეთონ უფრო მეტი, ვიდრე მათგან ჩვეულებრივ მოელიან. მაშასადამე, ლიდერი ინსპირაციას აძლევს ინდივიდს, იყოს „თავისი თავის საუკეთესო ვერსია“, შეძლოს შეუძლებელი და განაცვიფროს ირგვლივმყოფნი საკუთარი შესრულებით. ტრანსფორმაციული ლიდერობა მხოლოდ თითოეულ პიროვნებაზე გარდამტეხი გავლენის მოხდენას არ გულისხმობს, ის ბევრად სცდება ცალკეული თანამშრომლის განწყობებსა და ქცევას და უფრო დიდ მასშტაბებზე - ორგანიზაციაზე, ორგანიზაციულ კულტურაზეც ვრცელდება. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს მიმდევართა როლიც, რომლებიც ცვლილებების პროცესში ასევე წამყვანი აქტორები არიან.

ისტორიაში ტრანსფორმაციული ლიდერის მაგალითები მრავლად მოიძებნება. ერთ-ერთი კაშკაშა ფიგურა მაჰათმა განდია, რომელმაც მილიონობით ადამიანს იმედი და მოტივაცია გაუჩინა და ამ პროცესში თავადაც შეიცვალა. განდი არაძალადობრივი პროტესტის მამაა. ის მეტად სამართლიანი ლიდერი იყო და ეს თვისება ტრანსფორმაციული ლიდერის გამორჩეული ღირებულებაა. ვინაიდან ტრანსფორმაცია, მეტამორფოზა ორგვარი შეიძლება იყოს - პოზიტიური და ნეგატიური - აქტუალურია, დავსვათ კითხვა: ყველა ცვლილების მომხდენი ლიდერი ტრანსფორმაციულია? მაგალითად, შეიძლება ადოლფ ჰიტლერი ტრანსფორმაციულ ლიდერთა რიცხვს მივაკუთვნოთ? ცხადია, არა. მკვლევრებმა შემოიტანეს ტერმინი ფსევდოტრანსფორმაციული ლიდერობა და ის გამოიყენეს ისეთ ლიდერებთან მიმართებით, რომლებიც სხვებს იყენებენ, მხოლოდ საკუთარი თავით არიან დაკავებულნი და ძალაუფლებაზე მეტად ორიენტირდებიან, ვიდრე ზოგადსაკეთილდღეო ცვლილებებზე.

სტატიის დასასრულს მსურს, შემოგთავაზოთ ჩემი საყვარელი ტრასფორმაციული ლიდერის მარტინ ლუთერ კინგის გენიალური სიტყვები: „თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქეცი, თუ ვერ დარბიხარ - იარე, თუ სიარულის ძალაც გამოგელია – იფორთხე, ოღონდ არასოდეს შეწყვიტო წინსვლა.“

0
201
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ცუხიშვილი
მარიამ ცუხიშვილი
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0