სისხლის სამართალი ჟურნალისტებმა შეურაცხყოფა მოგვაყენეს, პუტინის მონებს და მოძალადეებს გვიწოდებდნენ 2021, 8 ივლისი, 19:27 დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს.რომლებსაც 5 ივლისს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა ბრალდებოდათ.არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. ტრანსპორტმა მიმტყუვნა, ახალი გადმოწყობილი მქონდა მარჯვენა ხელზე … მივდიოდი იმისთვის, რომ მოძღვარი დავინახე, მინდოდა მისთვის პური მიმეტანა… გამექცა მოტოციკლი, ბოლოს ხელი გამეშვა, ვიგინებოდი და ვყვიროდი - ამის დედა… - მივხვდი, რო ვერ ვაჩერებდი. ამ შევარდნის დროს ოპერატორი წიხლებით შემომახტა… თუ თვლიან ეს ხალხო, რომ მე ვიძალადე და ასე მწირავენ, გამწირონ… საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი…” -თქვა სასამართლო სხდომაზე ზაზა ჭაავამ. მას მარცხენა ხელი არ აქვს და როგორც თქვა სასამართლო სხდომაზე, პრობლემა აქვს ერთ ფეხზეც, რის გამოც გადაადგილება უჭირს. თუმცა რეალურად როგორ იქცეოდა ზაზა ჭაავა ვიდეოში კარგად ჩანს "რაც ჩავიდინე, გულწრფელად ვინანიებ. ვარ ომის მონაწილე, პუტინის მონას რომ გიწოდებენ, გაღიზიანდები, დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა ვარ, ტაძარში ვმსახურობ. ალბათ, ჩემი საახლობლოც იტყვის, რომ მოძალადე არ ვარ, რაც ჩავიდინე იმასაც ვნანობ, მიმალვას არ ვაპირებ. ოჯახი მყავს პატივცემულო მოსამართლე, დამეჩაგრება შვილები“ - თქვა ზაზა მჭედლიძემ, რომელიც სასამართლო სხდომაზე ადვოკატის გარეშე წარსდგა და აღკვეთი ღონისძიების გარეშე თავისუფლებას ითხოვდა მოსამართლისგან. "მე აქციაზე მარტო ვიყავი, ქართველი ადამიანი, 4 შვილის მამა ვარ, არავის მიმართ მუქარა არ განმიხორციელებია, ეკლესიაში შევედი, სანთელი ავანთე. ერთეულმა ჟურნალისტებმა შეურაცხყოფა მოგვაყენეს, პუტინის მონები, მოძალადეები გვიწოდეს, ჟურნალისტებს და ტელევიზიას პატივს ვცემ, მაგრამ ზოგიერთები შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარტო ვიყავი, მდგომარეობიდან გამოვედი და ხელი მოვუქნიე, ჩემ ხელის მოქნევაზე მზად ვარ პასუხი ვაგო, არავისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. აღელვების ნიადაგზე ხელი მოვიქნიე, „კავკასიის" ოპერატორს გადავეფარე, ხალხი დავამშვიდე, რომ ჟურნალისტებისთვის არ დაერტყათ. არც სასამართლოს გავურბივარ და არც ვძალადობ, არც არავისთვის საშიში არ ვარ, რაც ჩავიდინე დანაშაული, არ გავურბივარ და მზად ვარ იმაზე პასუხი ვაგო. ის რომ ხალხთან ერთად ვიყავი, ვიღაცას ვაგინებდი, ვემუქრებოდი, ტყუილია. ქართველი ადამიანი ვარ, მშვიდობიანად ვდგავართ, ვლოცულობთ და პუტინის მონებოო, გვეძახდნენ", - განაცხადა მესამე ბრალდებულმა, მურად დევლარიშვილმა სასამართლოზე. ადვოკატი სასამართლოზე ითხოვდა მის გათავისუფლებას 3 000 ლარიან გირაოს სანაცვლოდ იმის გათვალისწინებით, რომ დევლარიშვილს ჰყავს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მეუღლე, მშობლები, 4 მცირეწლოვანი შვილი და აქვს იპოთეკით დატვირთული სახლი. თუმცა მოსამართლემ არ მიიღო ადვოკატის წინადადება და "რუსთავი 2"-ის, "ტაბულასა" და "ნიუპოსტის" ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე სამივე პირს პატიმრობა შეუფარდა. 214 5-ს მოსწონს
|