x
კულტურა და ემოცია
image

დღესდღეობით ემოციას განმარტავენ, როგორც ცნობიერ გონებრივი რეაქციას, რომელიც სუბიექტურად, როგორც ძლიერი გრძნობა ისე განიცდება, ყოველთვის ყავს ობიექტი და სხეულში ფიზიოლოგიურ და ქცევით თვისებებს იწვევს. ემოციები განსხვავდება ერთმანეთისგან: თვისებით, რაოდენობით, სიღრმით, ხანგრძლივობით, ინტენსიურობით, გააზრებით, გენეტიკური წარმოშობით, სირთულით, გამომწვევი პირობებით, ფუნქციებით, ორგანიზმზე ზემოქმედებით. ფსიქიკური პროცესებით, რომლებთანაც ისინია დაკავშირებული.

ემოციათა სამყარო კარგად გამოხატავს ადამიანთა შორის განსხვავებას. განსხვავებანი თვალშისაცემია არამარტო ინდივიდუალურ, არამედ ინტერკულტურულ დონეზე. თითოეულ კულტურაში სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ და გამოხატავენ ემოციებს.აუცილებელია დავაკონკრეტოთ რა იგულისხმება ცნება “კულტურაში„, რადგან ტერმინი „კულტურა„ ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. ამერიკელი სოციოლოგების ა. კრიობერის და ი. კლაკჰონის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 1871 წლიდან, როდესაც ცნობილმა მეცნიერმა ე.ბ. ტაილორმა კულტურის ცნების პირველი მეცნიერული განსაზღვრება ჩამოაყალიბა, 1919 წლამდე ამ ცნების სულ 7 დეფინიცია იყო. 1920–1950 წ–მდე კი ამ ცნების 157 განსაზღვრება დათვალეს. 1963 წელს კრიობერმა და კლაკჰონმა ხელახლა გამოსცეს თავიანთი ნაშრომი, რადგან პირველი გამოცემიდან გასული ათი წლის განმავლობაში გაჩნდა კულტურის ცნების ახალი განსაზღვრებანი. ამ ნაშრომში სცადეს განსაზღვრებათა კლასიფიკაცია და დეფინიციათა 6 ძირითადი ჯგუფი გამოჰყვეს: აღწერილობითი, ისტორიული, ნორმატიული, ფსიქოლოგიური, სტრუქტურული და გენეტიკური. ჩვენთვის საინტერესო, ფსიქოლოგიური განსაზღვრებანი, თავის მხრივ 4 ჯგუფად იყოფა– აქცენტით გარემოსთან ადაპტაციაზე, სწავლების პროცესზე, ჩვევათა ჩამოყალიბებაზე და „წმინდა ფსიქოლოგიური“. ასეთს მიეკუთვნება ფსიქოანალიტიკოს გ. როხაიმის განმარტება „ კულტურად მივიჩნევთ ერთობლიობას ყველა შედეგიანი რეაქციისა და ყოველივე იმისა, რაც თრგუნავს იმპულსებს და მათი გაუკუღმართებული რეალიზაციის შესაძლებლობას“. თუმცა ჩვენ „ კულტურის“ სამუშაო განსაზღვრებად კ.კლაკჰონის მიერ მოცემულ 12 განსაზღვრებათაგან ერთ– ერთს ავირჩევთ: „ კულტურა არის აზრთა, გრძნობათა და რწმენა– წარმოდგენათა სახე“ . ამჯერად ამ დეფინიციის ერთ ასპექტს– გრძნობებს, უფრო სწორად კი– ემოციებს შევეხებით.

ემოციათა თანამედროვე კვლევებისს საფუძველს ემოციათა გამოხატვის კროს–კულტურული შესწავლა წარმოადგენს (განსაკუთრებით მიმიკის). მიმიკური გამომსახველობის შესწავლა გვაჩვენებს, რომ არსებობს სახის გამომეტყველებების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც უნივერსალურია და გვხვდება ყველა კულტურაში. ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი მათ ბიოლოგიურ განპირობებულობაზე მიუთითებენ. ემოციათა მიმიკური გამომსახველობის უნივერსალურობის შესახებ კვლევები, გარკვეულწილად ჩარლზ დარვინის ნაშრომებს და მის „ევოლუციის თეორიას“ უკავშირდება თუმცა ფილოსოფოსები მრავალი საუკუნის განმავლობაში მსჯელობდნენ სახეზე ემოციათა გამოხატვის უნივერსალურობის შესაძლებლობის შესახებ დარვინმა ნაშრომში „ემოციათა გამოხატვა ადამიანებთან და ცხოველებთან“ ივარაუდა, რომ ემოციათა სახეზე გამოხატვა თანდაყოლილია და ევოლუციური ადაპტაციის შედეგია. დარვინი ამტკიცებდა, რომ, ადამიანები ერთნაირად გამოხატავენ ემოციებს სახეზე კულტურული და რასობრივი განსხვავებების მიუხედავად. თუმცა ამავე დროს ცნობილმა ანთროპოლოგებმა მარგარეტ მიდმა და რეი ბერდვისტელმა დაამტკიცეს, რომ ემოციები შეიძლება არ იყოს უნივერსალური. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ემოციის გამოხატვის ათვისება ხდებოდა ენის მსგავსად. და რადგანაც ენები განსხვავდება, ამიტომ სხვადასხვა კულტურაში ემოციას სახეზე სხვადასხვანაირად გამოხატავენ.


უნივერსალურობის შესახებ კამათი 1960–იან წლებამდე გაგრძელდა, სანამ პოლ ეკმანმა და უოლის ფრიზენმა, და მათგან დამოუკიდებლად კეროლ იზარდმა არ ჩაატარეს მეთოდოლოგიურად კორექტული გამოკვლევები. ამ კვლევებს ახლა უნივერსალურობის კვლევები ეწოდება. ისინი ჩატარდა როგორც ინდუსტრიულ, ისე დამწერლობის არმქონე კულტურებში. დადგინდა, რომ არსებობს 6 ბაზისური უნივერსალური ემოცია: ბრაზი, შიში, დარდი, სიხარული, ზიზღი და გაოცება. თუმცა ბაზისური უნივერსალური ემოციების არსებობა არ ნიშნავს, რომ კულტურები არ განსხვავდებიან ემოციათა გამოხატვის, აღქმისა და განცდის ხერხებით. პირიქით, კულტურები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ემოციის ყველა ასპექტზე. შეგვიძლია განვიხილოთ ერთი მაგალითი: ამერიკელი ანთროპოლოგის მონათხრობი ვიჰაკაში (მექსიკის შტატი), მისტეკების ტომთან ცხოვრების პერიოდიდან: „ჩემმა მისტეკმა მეგობრებმა სანადიროდ დამპატიჟეს. იღბლიანი ნადირობა არ გამოვიდა, სულ ორიოდე პატარა ციყვის მოკვლა მოვახერხეთ. დღის ბოლოს ჩემს მეგობრებს მივყვებოდი მთისკენ. ისინი ჩემზე საკმაოდ წინ მიდიოდნენ. როდესაც მთის მწვერვალს მივაღწიე. დავინახე, რომ ისინი ხის ძირას რაღაცას შემოხვეოდნენ და გაცხოველებით ლაპარაკობდნენ. მივუახლოვდი, და დავინახე, რომ ერთ–ერთ მათგანს ხიდან ფუტკრის სკა ჩამოეგდო. გაპობილი სკიდან ფიჭა, თაფლი და ფუტკრის ჭუპრები მოჩანდა. ჩემი მეგობრები სკის შიგთავსს, ჭუპრების ჩათვლით, პირისკენ მიაქანებდნენ. უეცრად ერთ– ერთი მათგანი ადგა და თქვა:„ დაიცადეთ, ჩვენ არ ვიქცევით თავაზიანად.“ ის დაიხარა, აიღო ფიჭის, თაფლის და ჭუპრების მოზრდილი ულუფა და მე მომიბრუნდა:„ აი ეს შენ, ჯონ.“ მივხვდი, რომ უარის თქმი არაფრით არ შეიძლებოდა. ღრმად ჩავისუნთქე, ჩემი ულუფა პირში ჩავიდე და გადავყლაპე. ერთი წლის შემდეგ ერთგვარი რევანში ავიღე, როდესაც რამდენიმე მათგანი ჩემთან სახლში სადილად დავპატიჟე.სიურპრიზის სახით ხახვის წვნიანი მოვამზადე, რაც ვიჰაკაში არასდროს შემხვედროდა. როდესაც კერძი სუფრაზე მივიტანე, შევამჩნიე, რომ სტუმრები არ ჩქარობდნენ ჭამის დაწყებას. შემდეგ შევნიშნე, რომ ერთ–ერთმა თავისი ულუფა მაგიდის უკან გადაღვარა. როდესაც ვკითხე, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, ჯერ გაჩუმდნენ, ბოლოს კი ერთმა ზიზღით თქვა, რომ ხახვს საშინელი სუნი აქვს და დიდი რაოდენობით მისი ჭამა ადამიანს ასულელებსო.“

ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად განსხვავებულად გამოხატავენ ერთ–ერთ ბაზისურ ემოციას– ზიზღს. ჯონი, თავისი კულტურიდან გამომდინარე მოიქცა, არ შეიმჩნია ზიზღი, დაძლია თავისი ემოცია და მიირთვა შეთავაზებული კერძი. მისტეკმა მეგობარმა კი არ დაფარა თავისი ემოცია და უარი თქვა ხახვის წვნიანზე, რომელიც მასში ზიზღს იწვევდა. თუკი ერთ კულტურაში ზიზღის ემოციის გამოხატვა შემოთავაზებული საკვების მიმართ არ არის თავაზიანი, მეორე კულტურაში გამოხატვა უფრო თავისუფლად ხდება.

ეკმანმა და ფრიზენმა შემოგვთავაზეს ემოციათა გამოხატვის კულტურული კონცეპტი. მათი ვარაუდით, კულტურული განსხვავებები განპირობებულია გარკვეული წესებით, რომლებიც გვკარნახობენ როგორ უნდა გამოვხატოთ უნივერსალური ემოციები. ეს წესები განსაზღვრავენ თითოეული ემოციის გამოხატვის შესაბამისობას ამა თუ იმ სოციალურ გარემოებებთან. ამ წესების ათვისება ადრეულ ასაკში ხდება და განსაზღვრავს გამოხატვის განსხვავებულობას სიტუაციების მიხედვით. დროთა განმავლობაში კი ეს წესები ავტომატური ხდება. შეგვიძლია განვიხილოთ ეკმანისა და ფრიზენის ექსპერიმენტი, რომელიც იკვლევდა გამოხატვის წესებს კულტურების მიხედვით და შეისწავლიდა მათ როლს ემოციათა გამოხატვის კულტურული განსხვავებულობისას. ამერიკელ და იაპონელ ცდის პირებს აყურებინებდნენ ფილმებს, რომლებიც იწვევდნენ ძლიერ სტრესს და ამ დროს მათი სახის გამომეტყველებას იწერდნენ ვიდეოზე. ექსპერიმენტი ორ სიტუაციაში ტარდებოდა. პირველ სიტუაციაში ცპ–ებს უბრალოდ აძლევდნენ სტიმულს (აჩვენებდნენ ფილმს), მეორე შემთხვევაში კი ოთახში შედიოდა ასაკითა და სტატუსით უფროსი ექსპერიმენტატორი და სთხოვდა კიდევ ერთხელ ენახათ ფილმი, ამჯერად მისი თანდასწრებით. ცდისპირების რეაქციებს ამჯერადაც იწერდნენ. ჩანაწერის ანალიზმა აჩვენა, რომ პირველ შემთხვევაში ამერიკელებიც და იაპონელებიც ერთნაირად გამოხატავდნენ ემოციებს, მეორე შემთხვევაში კი, როდესაც კულტურის წესები მოქმედებდა, იაპონელები იღიმებოდნენ, რათა შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ მათზე ასაკითა და სტატუსით უფროსისთვის (მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიურ ემოციებს განიცდიდნენ). აქედან გამომდინარე, ემოციათა გამოხატვა სახეზე ექვემდებარება ორმაგ გავლენას: უნივერსალურ, ბიოლოგიურად ჩანერგილ ფაქტორებსა და კონკრეტული კულტურისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ წესებს. როდესაც წესები არ მოქმედებენ, სახეზე ემოციათა უნივერსალური გამოხატვა ჩნდება, მაგრამ სოციალური გარემოს მიხედვით გამოხატვის წესები გავლენას ახდენენ და ანეიტრალებენ, აძლიერებენ, ასუსტებენ, ზღუდავენ ან ნიღბავენ უნივერსალურ გამოხატვას. ეს მექანიზმი ხსნის, თუ რატომ განსხვავდებიან ადამიანები ემოციების გამოხატვისას, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ემოციათა გამოხატვის ერთი და იგივე ბაზა აქვს.

კიდევ ერთ ექსპერიმენტში შერერმა და მისმა კოლეგებმა შეადარეს ევროპელები, ამერიკელები და იაპონელები ემოციათა განცდის მხრივ. იაპონელები აღნიშნავდნენ, რომ სიხარულს, დარდს, შიშსა და ბრაზს ამერიკელებსა და ევროპელებზე ხშირად განიცდიდნენ. თავის მხრივ, ამერიკელებიც მიუთითებდნენ, რომ სიხარულსა და ბრაზს ევროპელებზე ხშირად განიცდიდნენ, თანაც უფრო ინტენსიურად. იაპონელები შედარებით იშვიათად ჟესტიკულირებდნენ ხელებით, ნაკლებად რეაგირებდნენ ხმითა და სახით. ამერიკელები კი ექსპრესიულობის ყველაზე მაღალი დონით ხასიათდებიან. ასევე, ევროპელები და ამერიკელები უფრო ხშირად აღნიშნავდნენ ფიზიოლოგიურ შეგრძნებებს (სხეულის ტემპერატურის ცვლილება, გულისცემა, კუჭის სპაზმი ), ვიდრე იაპონელები.

ბოლო ათწლეულებში დაგროვებულმა ფაქტებმა შესაძლებელი გახადა ჩამოყალიბებულიყო თეორიული ბაზა, რომელიც ახსნიდა ემოციის გამოხატვის მიხედვით კულტურებს შორის განსხვავებებს. აღმოჩნდა, რომ ემოციური სოციალიზაცია მდგომარეობს იმის ათვისებაში, თუ ვის მივიჩნევთ „ჩვენ ჯგუფის“ წევრად და ვის „სხვა“ ჯგუფის. შესაბამისად ხდება შესაფერისი ქცევის ( გამოხატულების ) დასწავლა. მაცუმოტოს მიხედვით, კოლექტივისტური კულტურები მეტად ავლენენ „დადებით“ ემოციებს „თავისიანების“ მიმართ, ვიდრე უარყოფითს, რადგან ასეთი კულტურისთვის მნიშვნელოვანია ჯგუფის შიგნით ჰარმონია. ნეგატიური ემოციები კი ამ ჰარმონიისთვის საფრთხის შემცველია. ინდივიდუალისტურ კულტურებში კი პირიქით– ნეგატიური ემოციების გამოხატვა უფრო ხშირად ხდება „ჩვენ“ ჯგუფში, ვიდრე პოზიტიურის, რადგან ჯგუფის შიგნით ჰარმონია და ერთიანობა ნაკლებად მნიშვნელოვანია ასეთი კულტურებისთვის. ასევე მისაღებია ისეთი ემოციების გამოხატვა, რომლებიც საფრთხეს შეიცავენ ჯგუფის ერთიანობისთვის.

ინდივიდუალისტური კულტურისთვის დამახასიათებელია პოზიტიური ემოციების გამოხატვა „სხვა“ ჯგუფისადმი, ხოლო ნეგატიურის დათრგუნვა, რადგან თავად „ჩვენ“ და „სხვა“ ჯგუფების განსხვავება ნაკლებადაა ხაზგასმული. კოლექტივისტურ კულტურაში კი მიღებულია „სხვა“ ჯგუფისადმი უარყოფითი ემოციების გამოვლენა, რათა უფრო ზუსტად და თვალსაჩინოდ განისაზღვროს „ჩვენ“ ჯგუფი და ხელი შეუწყოს მისი ერთიანობის შენარჩუნებას თუ გაძლიერებას.

ამ თეორიას ამტკიცებს კვლევები, რომლებიც შეისწავლიდნენ ემოციის გამოხატვის კულტურიდან გამომდინარე წესებს ა.შ.შ.–ში, პოლონეთსა და უნგრეთში. ცდის პირები აფასებდნენ 6 ბაზისური ემოციის გამოვლენა რომელ სიტუაციაშია უფრო მისაღები: 1) როდესაც მარტოა 2) როდესაც „ჩვენ“ ჯგუფის წევრებთანაა( ახლობლები, მეგობრები ) 3) თუ „სხვა“ ჯგუფის წევრებთან ( უცნობებთან, სახალხოდ).

პოლონელები და უნგრელები მიუთითებდნენ, რომ „ჩვენ“ ჯგუფში მიუღებელია ნეგატიური ემოციების გამოხატვა და ეს უნდა მოხდეს „სხვა“ -თა წინაშე. ამერიკელები კი პირიქით მიიჩნევენ, რომ ნეგატიური ემოციები „ჩვენ“ ჯგუფში უნდა გამოავლინო და პოზიტიური „სხვა“ ჯგუფში. საინტერესოა პოლონელების ხაზგასმა, რომ ნეგატიური ემოციების გამოხატვა მარტო ყოფნის, მარტოობის დროსაც კი ნაკლებადაა მისაღები.

ინდივიდუალური და კოლექტიური კულტურები ასევე განსხვავდებიან სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობის განცდის მხრივ. უოლბოტისა და შერერის ექსპერიმენტებმა გამოავლინა, რომ სირცხვილი კოლექტივისტურ კულტურებში დროის ნაკლებ მონაკვეთში განიცდებოდა, ითვლებოდა ნაკლებად ამორალურად და თან ახლდა სიცილი ან ღიმილი, რაც განასხვავებს ინდივიდუალისტური კულტურებისგან. ამავდროულად, სხვადასხვა კულტურა სხვადასხვანაირად ახდენს სიტუაციის ან მოვლენის ასოცირებას ფარულ შინაარსთან. ფარულ შინაარსში იგულისხმება ფსიქოლოგიური აზრი, დატვირთვა, რომელიც დაკავშირებულია აშკარა შინაარსთან, რომელიც, თავის მხრივ, სიტუაციასა თუ მოვლენას უდევს საფუძვლად. აშკარა შინაარსი კი რეალური მოვლენა ან სიტუაციაა ( მეგობრებთან შეხვედრა ან დაკრძალვა ). შესაბამისობა ფარულ და აშკარა შინაარსებს შორის ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად ვერ განისაზღვრება. თუკი ერთ კულტურაში სიკვდილის აშკარა შინაარსი ასოცირებულია ახლობელი ადამიანის დაკარგვასთან და დარდთან ფარულ შინაარსში, მეორე კულტურა ფარულ შინაარსად უფრო მაღალ სულიერ საფეხურსა და მიზნებს განიხილავს, რაც ასოცირებულია სიხარულთან. ასე რომ, ერთი და იგივე მოვლენა შეიძლება ასოცირებული იყოს განსხვავებულ ფსიქოლოგიურ თემებთან, რის გამოც განსხვავებული, შესაძლოა საპირისპირო ემოციებიც აღიძრას.

ასევე შესაძლებელია ერთი და იგივე ფარული შინაარსი ასოცირებული იყოს სხვადასხვა აშკარა შინაარსთან. მაგალითად: საფრთხე, რომელიც ემუქრება პირად კეთილდღეობას, შეიძლება იწვევდეს ფსიქოლოგიურ თემას, რომლის საფუძველიც შიშია. ერთ კულტურაში ეს უფრო მეტად დაკავშირებულია მოგზაურობასთან და გადაადგილებასთან, ხოლო მეორეში– უცხო ქალაქში ღამე უკაცრიელ ქუჩაში მოხვედრასთან. ორი განსხვავებული აშკარა შინაარსი ორივე შემთხვევაში იწვევს შიშის ემოციას ფარული შინაარსების თანხვედრის გამო.

არსებობს სხვა მიდგომაც იმის აღსაწერად, თუ როგორ მოქმედებს კულტურა ემოციონალურ განცდაზე. რიგი მკვლევარები, კიტაიამასა და მარკუსის ხელმძღვანელობით, ფუნქციონალისტურ მიდგომას იყენებენ და განიხილავენ ემოციას, როგორც გარკვეულ „სოციალურად საერთო სცენარებს“, რომლებიც შედგება ფიზიოლოგიური, ქცევითი და სუბიექტური კომპონენტებისგან. ეს სცენარები ყალიბდება იმის მიხედვით, თუ როგორ ითვისებენ ინდივიდები იმ კულტურის ნორმებს, რომელშიც დაიბადნენ და ურთიერთქმედებენ. აქედან გამომდინარე, ემოცია არეკლავს იმ კულტურულ გარემოს, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ და ვითარდებიან. ამ შეხედულების მიხედვით, კულტურა ახდენს ემოციის ფორმირებას. რადგანაც სხვადასხვა კულტურას სხვადასხვა იდეალები და რეალობა გააჩნია, ემოციის განცდაც განსხვავებული ხდება.

ბევრი ავტორი, რომელიც ფუნქციონალისტურ მიდგომას ემხრობა, ეჭვქვეშ აყენებს ემოციის უნივერსალურ, ბიოლოგიურად ჩანერგილ ასპექტებს. მათ მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება ემოციასა და კულტურას შორის არსებული რთული ურთიერთმიმართება განვიხილოთ, როგორც „ბიოლოგიურად ფიქსირებული“ ყველა ადამიანისთვის. ასეთ ფუნქციონალისტებს მიაჩნიათ, რომ ემოციის უნივერსალურობაზე საუბარი მეთოდოლოგიურად არასწორია და ამ კონცეპციის დამადასტურებელი მონაცემები ზოგიერთი მკვლევარის ექსპერიმენტული თუ თეორიული ცრურწმენის შედეგებია.

ემოციებზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თავად სიტყვა „ემოცია“ ყველა ადამიანისთვის ერთი და იმავეს შეიძლება არ ნიშნავდეს. მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჯეიმს რასელის (2003) მიერ ჩატარებული მიმოხილვა ემოციის კონცეპტების შესახებ, რომელიც ემყარება ანთროპოლოგიურ და კროს–კულტურულ ლიტერატურას. მან მიუთითა იმ განსხვავებებზე, რომლებიც წარმოიქმნება სხვადასხვა კულტურაში ემოციის განსაზღვრის დროს. პირველ რიგში, რასელი აღნიშნავს, რომ ყველა კულტურას არ გააჩნია სიტყვა „ემოციის“ შესაბამისი ტერმინი. ის არ აქვთ ტაიტელებსა (აბორიგენი პოლინეზიელი ხალხი) და მიკრონეზიაში მაცხოვრებელ ხალხს–იფალუკებს. როგორც ჩანს, ამ კულტურებში ემოციებს ჩვენგან განსხვავებულად აღიქვამენ. სავარაუდოა, რომ მას იმდენად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, როგორც ჩვენ, ანდა იმას, რასაც ჩვენ ვცნობთ ემოციად, აღინიშნება სხვანაირად, არ ითარგმნება და მხოლოდ სუბიექტურ გრძნობებს არ განეკუთვნება. ამ შემთხვევაში ემოციის მათი კონცეპცია საგრძნობლად განსხვავებული იქნება.

თუმცა კულტურათა უმრავლესობაში ვხვდებით სიტყვას, რომელიც აღნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ემოციას ვუწოდებთ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია, რომ ამ სიტყვას შეიძლება ჰქონდეს ისეთი მნიშვნელობა, რომელიც მას განასხვავებს ჩვენ მიერ გამოყენებულ ტერმინ „ემოციისგან“. მაგალითად: კუნძულ სამოას მაცხოვრებლებს არა აქვთ ემოციის აღმნიშვნელი სიტყვა, მაგრამ აქვთ სიტყვა lagona, რომელიც ახასიათებს შეგრძნებებს და გრძნობებს. ხოლო კვლევაში, რომლის დროსაც იაპონურ ენაში არსებული ემოციის აღმნიშვნელი სიტყვები გააანალიზეს, ემოციის გამომხატველ ტიპიურ სიტყვებთან ერთად (გაბრაზებული), ვხვდებით სიტყვებს, რომლებსაც ამერიკელები არ მიაკუთვნებენ ემოციებს (ყურადღებიანი, იღბლიანი…). აქედან გამომდინარე, ის რასაც ვუწოდებთ ემოციას, არ არის სავალდებულო მოვლენათა იმავე კლასს აღნიშნავდეს სხვა კულტურაში. ასევე შეიძლება მოცემულ ენაში არ იყოს მეორე ენაში არსებული სიტყვის ექვივალენტი. გერმანულ ენაში გვხვდება სიტყვა Schadenfreude, რომელიც აღნიშნავს იმ სიამოვნებას, რომელსაც ადამიანი იღებს სხვისი წარუმატებლობისგან. ინგლისურში ამ სიტყვის ზუსტი ექვივალენტი არ არის. იაპონურში სიტყვა ijirashii- გამოხატავს ემოციას, რომელიც გვეუფლება, როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც არ ეგუება, გადალახავს წინააღმდეგობებს და შექებას იმსახურებს. ზოგიერთ აფრიკულ ენაში კი ვხვდებით სიტყვას, რომლებიც ინგლისურ ენაში აღნიშნულ ორ ემოციას ერთდროულად შეიცავს. იფალუკების ენაზე song- გამოხატავს როგორც ბრაზს, ისევე დარდს. ავსტრალიელი აბორიგენების ენაზე ერთი სიტყვა–gurakadj- მოიცავს საფრთხის, გაუბედაობის და საშინელი შიშის ემოციებს. ხანდახან ასევე გამოიყენება სირცხვილის ემოციის გამოსახატავადაც.

საინტერესოა, რომ ზოგიერთ კულტურაში ემოციის აღმნიშვნელი სიტყვები აღწერს ადამიანთა შორის ან ადამიანსა და საგანს, მოვლენას შორის ურთიერთობას, მიმართებას (სამოა, სოლომონის კუნძულები). ასევე აფრიკული სიტყვა semteende, რომელიც ხშირად ითარგმნება როგორც სირცხვილი, უხერხულობა, გაურკვევლობა უფრო გამოიყენება სიტუაციის დასახასიათებლად, ვიდრე ემოციისა. ანუ თუკი სიტუაცია შეესატყვისება semteende-ს, იგულისხმება, რომ ვიღაც განიცდის იმ ემოციებს, რომლებსაც ეს სიტყვა მოიაზრებს (მიუხედავად იიმისა, თუ რას განიცდის ინდივიდი სინამდვილეში).

ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ სხვადასხვა კულტურაში ემოციური მდგომარეობანი განსხვავებულად განისაზღვრება და იმიჯნება ერთმანეთისგან. გარკვეული სიტყვების არსებობა ან არარსებობა გვაჩვენებს, თუ რას ენიჭება მნიშვნელობა მოცემულ კულტურაში. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ემოციის კონცეფციები არამარტო გამომდინარეობს კონკრეტული კულტურიდან, არამედ მისივე საშუალებით თითოეული კულტურა ცდილობს ჩამოაყალიბოს და განსაზღვროს საკუთარი ემოციური სამყარო.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯაბიძე მარიამი
გუჯაბიძე მარიამი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0