x
image
თამილა გურაშვილი
" დრო ისე სწრაფად გარბის, ცხოვრებას ვერ ასწრებ..." - სოფიკო ჭიაურელი

image

“მე 21 მაისს გავჩნდი, ელენეობას, ამიტომაც დედას უნდოდა, ჩემთვის ელენე დაერქმია. მამა ჩამოვიდა და თქვა, რა ელენე, რის ელენე, დედაჩემის სახელი სოფიო უნდა დავარქვათო.
იყო ერთი ბჭობა და ბაასი. ამასობაში ერთი თვის გავხდი და სახელი ისევ არ მერქვა. ბოლოს მამამ დაწერა ქაღალდებზე “ელენე” და “სოფიო”, ჩაყარეს ქუდში და ჩამაყოფინეს ხელი. ამომყვა “სოფიო”.
მგონი ერთადერთი პიროვნება ვარ და გინესის წიგნში შესატანი, რომ თვითონ დავირქვი სახელი ერთი თვის ასაკში”.
- „თუ რაიმეს ჩავიფიქრებ, უნდა შევასრულო. მეშინია კიდეც ამის, რადგან რაღაცნაირად იოლად გამომდის ყველაფერი: ყველაფერი, რაც ჩავიფიქრე, ავასრულე. ისეთი გრძნობა მაქვს რომ ღმერთი ჩემთანაა..."
- "ბედნიერება მაშინ გაქვს, როცა გიყვარს. და სანამ გიყვარს, ბედნიერი ხარ. როგორც კი სიყვარული მიდის, მასთან ერთად მიდის ბედნიერებაც".
image
- “…ყველას თავისი ჯვარი აქვს, ყველას. და თითოეული ვალდებულია, ზიდოს ეს ჯვარი. არა გულდამძიმებით, არამედ სიხარულით…”
- ის იყო უჩვეულოდ ფეიერვერკული და ამავე დროს სადა.
არ ჩამოსულა დიდების ზენიტიდან, მაგრამ რიგითი ქალივით (თუ უფრო მეტად არა) ირჯებოდა – კერავდა, რეცხავდა, აცხობდა, ალაგებდა, აშენებდა, უვლიდა – ოჯახსაც, თეატრსაც.
ატარებდა მძიმე ჯვარს და ეს ჯვარი უხილავი იყო სხვათათვის – ის ყველას ბედის ნებიერი ეგონა…
ის იყო ს ო ფ ი კ ო და დარჩება ს ო ფ იკ ო დ.!
.- დაიბადა ფიქრის გორაზე, იმ სახლში, რომელიც მ ი ხ ე ი ლ ჭიაურელმა ააშენა ... გაახილა თვალი და დაინახა ქალბატონი, რომელიც შემდეგში ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ მეოცე საუკუნის მსოფლიოს ათ საუკეთესო მსახიობ ქალს შორის დაასახელა, თუმცა ვ ე რ ი კ ო ს არც მაშინ აკლდა აღიარება.
- ”ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო.…
დ ე დ ა ჩემთვის იყო დ ე დ ა და სხვა არაფერი.
ასე გრძელდებოდა ჩემთვის დიდხანს… ეს გავაცნობიერე მერე, მე თვითონ რომ გავხდი მსახიობი, როცა დავინახე, როგორ აფასებდნენ. მაგრამ ნამდვილად ბოლომდე გავაცნობიერე მაშინ, როცა ის აღარ იყო ამქვეყნად…“
- ”დედა, მალე მოხვალ? – ეს კითხვა დღემდე თან მდევს… გასტროლებზე სულ თან დამათრევდა ბოშასავით, მაგრამ გასტროლებზეც რა ხდება? ისევ რეპეტიციები, სპექტაკლები...
მათ სახლს არაერთი სახელგანთქმული ადამიანის სტუმრობა ახსოვს...
- „დედა ჰყვებოდა, რომ შეეძლოთ გათენებამდე ლექსები ეკითხათ, ესაუბრათ ხელოვნებაზე და ნადიმი გაემართათ. წარმოგიდგენიათ, ნადიმი! მაგიდაზე კი მხოლოდ შავი პური და წყალი იდგა."
image
- ”სტუმრებს იღებდნენ დიდ ოთახში, იქ, სადაც ახლა თეატრი გვაქვს. მაშინ სახლი ორსართულიანი იყო, მესამე მე დავაშენე შემდეგ. ...
- სანამ პატარები ვიყავით, სტუმრებთან არ გვიშვებდნენ, არადა ისეთი საინტერესო ხალხი მოდიოდა...
... მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე მე აღარ მინდოდა იქ შესვლა. რაღაც სიამაყემ გაიღვიძა ჩემში, რატომ არ მიშვებდნენ? ჰა, არ გინდოდათ, მეყურებინა? ახლა მე არ მაინტერესებს. თან ვინც კი ჩვენთან მოდიოდა, ყველა თვლიდა, რომ ვერიკოსა და მიშას შვილი მსახიობი უნდა გამოსულიყო და ყველა იმას მთხოვდა, მოდი გვიმღერე, იცეკვე, ან ლექსი წაგვიკითხეო.
უჰ… ვერ ვიტანდი ამას… ის კი არა, ინსტიტუტში რომ გადავწყვიტე ჩაბარება, დედაჩემმა მითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეგიძლია, ერთი ლექსი მაინც წამიკითხეო.
ხომ არ გაგიჟებულხარ, რა ლექსები უნდა გიკითხო-მეთქი. გრიალ-გრიალით გავედი გამოცდებზე და ჩავირიცხე…“
image
მოსკოვის კინოინსტიტუტში მეორე კურსზე იყო, გ ი ო რ გ ი შენგელაიაზე რომ გათხოვდა. თუმცა მათი დიდი რომანი აქ, თბილისში დაიწყო.
- "ჩვენ ტოლები ვიყავით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. 5 წელი, უბრალოდ, „დავდიოდით“, კინოში, მეგობრებთან სტუმრად…
19 წლისანი დავქორწინდით. მე ვიყავი უბედნიერესი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა და დედა გავხდი. მერე შეგვეძინა მეორე ვაჟი, ყველაფერი კარგად მიდიოდა.
ის იღებდა კარგ ფილმებს, მე ვთამაშობდი თეატრში, მიღებდნენ კინოში. მაგრამ წლების შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში უთანხმოებამ იჩინა თავი.
ჩემს ცხოვრებაში დააკაკუნა მეორე დიდმა სიყვარულმა –
კ ო ტ ე მ… ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაში, არ მოქმედებს არანაირი კანონი, მე მეწერა, რომ ორჯერ მეყვარებოდა…“
- ”კოტეს მანამდეც ვიცნობდი, ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები თეატრში, მაგრამ… „ურიელმა“ დაგვღუპა…
ყველაფერი სპონტანურად მოხდა, მას ცოლი ჰყავდა, მე – ქმარი…
ყველა ჩვენს წინააღმდეგ იყო, საკუთარი შვილებიც კი,
მერე და მერე, როდესაც ჩვენი ახლობლები დარწმუნდნენ, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან სერიოზული იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა.
30 წელი ვიცხოვრეთ მე და კოტემ სიყვარულსა და თანხმობაში.. მასთან ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ის იყო ფაქიზი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი. ტყუილად ჰქონდა დონჟუანის სახელი გავარდნილი, მე ეს არ მაღელვებდა, ეს ხომ ჩემს ერამდე იყო…
როცა დავქორწინდით, მეგობრებმა საჩუქრად ღუზა მოუტანეს, ნამდვილი, თუჯის. რომ ოჯახურ ცხოვრებაში, ბოლოს და ბოლოს, ჩაეშვა ღუზა…“
image
- ”… საერთოდ, მაქსიმალისტი ვარ. ვთქვი, გადმოვხტები პარაშუტით-მეთქი და გადმოვხტი კიდეც.
ცხადია, 65 წლის ასაკში ამის დაწყება საკმაოდ გვიანია. მე და კოტე ქობულეთში ვისვენებდით. კოტესაც უნდოდა გადმოხტომა, მაგრამ გადავაფიქრებინეთ, მე კი გადმოვხტი. მთელი პლაჟი მიყურებდა და ტაშს მიკრავდა.
წარმოიდგინეთ, ასკილოიანი სოფიკო მოფრინავს ჰაერში, მარტო იმის მეშინოდა, ვაითუ პარაშუტმა ვერ გამიძლოს-მეთქი…“
- ”სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი ვერიკოს, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. ...
მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან.
ჩემი პირველი როლი, ჰარა „ბაფთიან გოგონაში“ – ეს იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი არ მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან.
„ურიელ აკოსტაშიც“ ვცდილობდი, გავქცეოდი მის აჩრდილს, მაგრამ ვერ მოვახერხე, იმდენად მისთვის იყო ეს როლი.... დედასთან დავმარცხდი და დავმარცხდი რომელია…
მინდა გითხრათ, არ მსურდა ივდითის თამაში, დედამ მაიძულა.
...ძალიან მინდოდა თავის დროზე კლეოპატრას თამაში, მაგრამ . სულ დედა მედგა თვალწინ, მივხვდი, რომ მის ხატებას ვერ ავცდებოდი და არ ვითამაშე…"
image
-"....მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დედა კრიტიკულად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, როგორც არტისტის მიმართ.
...ერთხელ კი, სტუმრების თანდასწრებით, დალია სადღეგრძელო და განაცხადა: „დიახ, დღეს უკვე სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ ს ო ფ ი კ ო უფრო დ ი დ ი არტისტია, ვიდრე მე“.
იცით, როგორ იმოქმედა ამან? ის კი არა, რომ გამიხარდა, რაც თქვა, პირიქით, შემზარა, ამ სიტყვებში იგრძნობოდა ესტაფეტის გადმოცემა, დედა ემშვიდობებოდა პროფესიას და მე მივხვდი, რას ვნიშნავდი მისთვის…
რამდენი ხანია, დედა გარდაიცვალა და დღემდე არ მიხლია ხელი ტრილიაჟის იმ ყუთისთვის, სადაც მისი სუნამოები, ფერუმარილი ინახება.... დრო და დრო ვხსნი, შევიგრძნობ მის სუნს და ისევ ვხურავ. მენატრება დედა, მისი სუნი. როცა ტრილიაჟს ვაღებ, დედა მიბრუნდება…“
- ”როგორ საშინლადაც უნდა მეთამაშა, მამა აღფრთოვანებული იყო, გენიალურიაო, - ამბოდა. მაღმერთებდა, რომ მხედავდა, თვალებიდან სიხარულის ცრემლები ცვიოდა...”
დიახ, ხასიათითაც და ტალანტითაც დ ე დ ა – თავიდან ფეხებამდე მსახიობი იყო, ყველა ფიქრითა და საზრუნავით. ცხოვრებისეული არაფერი ეხებოდა, არანაირი ყოფითი პრობლემა არ აწუხებდა.
მ ა მ ა ყველაფერში ნ ი ჭ ი ე რ ი იყო. რეჟისორი, მოქანდაკე, მხატვარი, მსახიობი. ყველა ინსტრუმენტზე კარგად უკრავდა, და როგორ მღეროდა?! კარუზოს ამსგავსებდნენ. ერთი უბედურება სჭირდა მარტო, სტალინი უყვარდა ძალიან... დედა დასცინოდა ხოლმე ამ სიყვარულს...”
image
- ”მახსოვს, 15 წლის გოგო ვიყავი, ჟ ე რ ა რ ფილიპი რომ ჩამოვიდა მოსკოვში., „წითელი და შავი“ ჩამოიტანეს და პრემიერა იყო, მამამ იმ წუთას წამიყვანა მოსკოვში, გავგიჟდი, რომ დავინახე, მამამ მიმიყვანა მასთან: ჩემი გოგოაო, გადამეხვია. არ მეგონა, რომ ოდესმე მას ხელით შევეხებოდი… ეს რა იყო ჩემთვის, იცი? ჟერარ ფილიპი, ცოცხალი ჟერარ ფილიპი…
ჯულიეტა მ ა ზ ი ნ ა პირველად მოსკოვში, სტუდენტობისას ვნახე. ინსტიტუტში მოვიდა, ნახა ჩვენი საკურსო ნამუშევრები, ძალიან მოეწონა, გვაქო სტუდენტები.
მერე გავიდა დრო, უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, გასტროლებზე ვიყავი ლენინგრადში. უცებ მირეკავს ლენინგრადის კინოკავშირის განყოფილება, ჯ უ ლ ი ე ტა მაზინა არის ჩვენთან სტუმრად და გვინდა, რომ თქვენ გაუძღვეთ მასთან ინტერვიუსო.
გამიკვირდა, ლენინგრადში ისეთი მსახიობები არიან, მე რატომ უნდა ავიღო ინტერვიუ-მეთქი. არა, თვითონ მაზინამ თქვენ გახსენათო.
რომ შევხვდი, მივხვდი, ნანახი ჰქონდა ფარაჯანოვის „საიათნოვა“ და ამიტომ ვახსოვდი.... და მე ავიღე ინტერვიუ ჯულიეტა მაზინასგან...”
image
- ”ბედმა გამიღიმა, ყველა ფილმმა, სადაც კი ვითამაშე, უდიდესი წარმატება მომიტანა. პირველივე ფილმმა- „ჩვენი ეზო“ ოქროს მედალი მომიტანა მოსკოვის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე.
სომხების სამ ფილმში ვითამაშე და სამივე ფილმმა მომიტანა რამდენი პრემია, იცი? სომხეთის სახალხო არტისტობა მომანიჭეს., ... მარტო „არევიკმა“ 4 პრემია აიღო, „საიათნოვაზე“ აღარაფერს ვამბობ....
ფარაჯანოვმა გადაწყვიტა, რომ მე გადავეღე საიათნოვას როლში – თუ სოფიკო არ ითამაშებს, მე არ გადავიღებო.
მართლაც გადაიღო და ...მარტო საიათნოვა კი არა, ე ქ ვ ს ი სახე ვითამაშე. გამოვიდა რაღაც სასწაული…
მე ერთ რამეს ვერ ვპატიობ ჩემს თავს. ფარაჯანოვმა „შუშანიკის წამების“ სცენარი მე მომიძღვნა... რომ წავსულიყავი და „შუშანიკის წამება“ სომხეთში გადაგვეღო, მაშინ ნამდვილად ჩამქოლავდნენ. მაგრამ დღეს ვერ ვპატიობ ჩემს თავს, რომ ეს არ გავაკეთე...
image
- ”ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, როგორია თქვენი დღეო. მე ვუპასუხე, რომ ვდგები, ვიღებ რძის აბაზანას, შემდეგ მოდის პედიკურშა, მერე ვისვენებ, მიკითხავენ გაზეთებს, მივდივარ თეატრში, ძილის წინ კი ვიღებ შამპანურის აბაზანას-მეთქი.
მან ყველაფერი დაიჯერა, ერთი შამპანურის აბაზანამ შეაცბუნა.
მე კი… თვალს ვახელ თუ არა, ფიქრს ვიწყებ, რა ვაჭამო დღეს ბავშვებს, გადასახდელია ტელეფონის, სინათლის ფული, მოვლენ მუშები, რეპეტიციები…
მე ჩემს თავზე ავიღე ძალიან ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ – სახლი, ოჯახი, შვილიშვილები, თეატრი, რემონტი, მშენებლობა…
ვიცი, ხვალ რომ გადავბრუნდე, ცხოვრება არ დამთავრდება, მაგრამ ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდება, სანამ ისინი გამოფხიზლდებიან და გაინაწილებენ იმ მოვალეობებს, რომელსაც მე მარტო ვზიდავ ახლა.”
- “დრო ისე სწრაფად გარბის, ცხოვრებას ვერ ასწრებ. სადღაც, 40 წლის შემდეგ მივხვდი, რომ დრო გარბის…"
ღმერთმა გვაჩუქა სიცოცხლე - ეს დიდებული რამ;. მე არ მესმის, როდესაც ამბობენ, აი, მე რომ ახალგაზრდა ვიყო…
მე არ მსურს უკან დაბრუნება. ცხოვრებაში იმდენი რამ იყო და ისევ თავიდან? არ არის საჭირო.
....საერთოდ ვერ ვგრძნობ საკუთარ ასაკს. როდესაც მეუბნებიან, რამდენი წლისაც ვარ, არ მჯერა ამ ციფრების, თითქოს ჩემზე არაა ლაპარაკი…“
image
- ...სოფიკომ აღადგინა ერთ-ერთი ბრწყინვალე სპექტაკლი, რომელშიც ვერიკო ანჯაფარიძე თამაშობდა – „ურიელ აკოსტა" და თავისი სახლი თეატრად და მუზეუმად აქცია, რომელსაც დედის პატივსაცემად „ვ ე რ ი კ ო" უწოდა.
სოფიკომ ასი ქალის ბედი, ასი ისტორია, ასი დაუვიწყარი სახე შექმნა – სასაცილო და ტრაგიკული, მგრძნობიარე და ამაღლებული...
image
...სოფიკო ჭიაურელის გმირი ქალები ყოველთვის განსაკუთრებულები იყვნენ, ძალიან სხვადასხვაგვარები: უბრალონი, არისტოკრატები, ტრაგიკულები, მხიარულები თუ კომიკურები....
...2007 წლის 17 ოქტომბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ, ს ო ფ ი კ ო ჭიაურელის ვარსკვლავი გაიხსნა.
ეს მისი გამოსათხოვარი ბენეფისი იყო. სოფიკომ სცენაზე ორნახევარი საათი გაძლო – იცინოდა, ამხიარულებდა მაყურებელს, ჰყვებოდა თავის თავზე, თავის ლეგენდარულ წინაპრებზე.
არ შეიმჩნია, რომ სცენაზე დასადგომად მაქსიმალური ძალისხმევის მოკრება დასჭირდა, რომ ეს მაყურებელთან დამშვიდობება იყო....
დღეს, 21 მაისს, ს ო ფ ი კო ჭ ი ა უ რ ე ლ ი 84 წლის გახდებოდა." - ლალი გოგუაძე.
0
148
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0