ვისაც საბჭოთა სკოლაში უვლია, ან იმ დროს, სასადილიში კოტლეტი დაუგემოვნებია, დამეთანხმება, რომ უგემრიელესი იყო. დღემდე იმას ვამბობ, რომ სკოლის ბუფეტში ყველაზე არომატულ, რბილ და ხრაშუნა კანიან კოტლეტს ამზადებდნენ და ამას, სკოლაში სწავლის პერიოდშიც ვამბობდი, როდესაც დედა კოტლეტს აკეთებდა... და ერთხელაც, მთხოვა, რომ სკოლის კოტლეტი სახლში წამომეღო. მეორე დღეს კოტლეტი უკვე სახლში იყო და მას «ექსპერტიზა» ჩაუტარდა. ხოლო, დასკვნა ასეთი იყო: ჯერ ერთი — ის ნამდვილი არ იყო, რადგან ქათმის ხორცით იყო გაკეთებული. ხოლო, «ნამდვილი კოტლეტი», იმ დროს გავრცელებული აზრით, აუცილებლად, საქონლის და ღორის ხორცის უნდა ყოფილიყო. და მეორე — კოტლეტი მწვანილს არ შეიცავდა. რაც შეეხება ამ ინგრედიენტს, იმ პერიოდში, ყველა სკოლა გოსტის (რუსული: GOST) მიერ დადგენილი სტანდარტით მარაგდებოდა და მნიშვნელობა არა ჰქონდა, ის ციმბირში იყო, თუ მზიან საქართველოში, რომელიც თითქმის მთელს რუსეთს, მწვანილით ამარაგებდა... და მიუხედავად იმისა, რომ ის არც «ნამდვილი» იყო და მწვანილიც არ ჰქონდა, მაინც ძალიან გემრიელი იყო!
აქ კი სწორედ «იმ» კოტლეტის მომზადების საიდუმლოს გაგიმხელთ, რომლის გემო დღემდე ბევრს ახსოვს:
იმით დავიწყოთ, რომ კოტლეტს ჩვეულებრივი წესით, ანუ ცხიმში არ წვავდნენ — ამის საშუალებას მასშტაბები არ იძლეოდა. ამიტომ, კი არ წვავდნენ — ღუმელში აცხობდნენ. გარდა ამისა, საიდუმლო არ არის, რომ საბჭოთა კოტლეტში დიდი რაოდენობით პური იყო, რადგან ხორცის ეკონომიას აკეთებდნე. თუმცა, აქ ერთ კულინარიულ ხრიკს იყენებდნენ: პურს წყალში კი არა, ხორცის ბულიონში ალბობდნენ, რაც მას უფრო წვნიანს ხდიდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კოტლეტის ფარშის მოსამზადებლად, სსრ კავშირის სასადილოებში, ყოველთვის ჭვავის პურს იყენებდნენ და კიდევ, ფარშში კვერსხს არ ამატებდნენ, რადგან ის კოტლეტს აშრობს. კვერცხის ნაცვლად, უბრალოდ, ფარშს დიდ ხანს ზელდნენ, რომ მასიდან ჰაერი სრულად გამოსულიყო.
ახლა კი, ლეგენდარული კოტლეტის რეცეპტზე გადავიდეთ:
ინგრედიენტები
საქონლის ხორცი — 500 გრ.
ღორის ხორცი — 500 გრ.
ხახვი — 200 გრ.
ჭვავის ან შავი პური — 250 გრ.
კვერცხი — 2 ცალი (სურვილის შემთხვევაში)
მარილი — 2 ჩ. კ.
პილპილი — გემოვნებით
საფანელი
(ორიგინალურ რეცეპტში მწვანილი არ არის)
მომზადება:
I. ჩაალბეთ პური. ზემოთ ხსენებული, ბულიონის ნაცვლად, შეგიძლიათ რძე ან ბოსტნეულის ნახარში გამოიყენოთ და ვიდრე პური ლბება, გაატარეთ ხორცი.
II. გაწურეთ პური და ხორცსაკეპ მანძანაში გაატარეთ > დაამატეთ ფარშს პური, მარილი და პილპილი > ყველაფერი კარგად გადაურიეთ და დაამატეთ კვერცხი > ფარში იქამდე ზილეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
III. გადააკარით თასს პოლიეთილენის აპკი და 30 წუთით შედგით მაცივარში > გამოღების შემდეგ, ერთხელ კიდევ გადაზილეთ > ხელები დაისველეთ და კოტლეტების ფორმირება დაიწყეთ > ამოავლეთ საფანელში.
IV. გამზადებული კოტლეტი, შეგიძლიათ ღუმელში გამოაცხოთ ან ზეთში შეწვათ.