x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მალხაზ ჯაგაშვილის მიზნები - პერსპექტიული ჩემპიონის ინტერვიუ
image

.

მალხაზ ჯაგაშვილი - საქართველოს 5 გზის ჩემპიონი, აზერბაიჯანში გამართული საერთაშორისო ტურნირების სამგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი ტაილანდურ კრივში (სასომხეთი), შავი ზღვის თასის სამგზის გამარჯვებული, ორგზის თბილისის მერიის თასის მფლობელი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. არის საქართველოს ნაკრების წევრი. ეს ყველაფერი 16 წლის ასაკში შეძლო. წინ დიდი გეგმები და შესაშური მოტიცავია აქვს. მცირე ასაკის მიუხედავად, წარმატებები ბევრია, თუმცა მის ტრაგიკულ ცხოვრებას თუ გადავხედავთ, აშკარაა, ყოფითი სირთულეები და ოჯახური ტრაგედია მოტივაციასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარა.


მალხაზ ჯაგაშვილი: „კრივში სრულიად შემთხვევით მოვხვდი, ჩემი მეგობრები ვარჯიშობდნენ და ვინაიდან დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, გულის გადასაყოლებლად გამასეირნეს და დარბაზში მივედით. ეს იყო ჩემი პირველი შეხება კრივთან. ბევრი კარგი სპორტსმენი დამხვდა, სიტუაციაც ძალიან მომეწონა. 5 წლის ვიყავი და მომინდა მეც მევლო, სწორედ მას შემდეგ დავიწყე სიარული. ახლაც მახსოვს, თამაზი მასწავლებელი დიდი ყურადღებით მომექცა, ბევრი მესაუბრა, ყველაფერი გასაგებ ენაზე ამიხსნა. ნელნელა შემაყვარა ეს საქმე.


- პირველ ასპარეზობას როგორ გაიხსენებ, რა განცდა იყო?

- ვარჯიშის დაწყებიდან სამ თვეში თბილისში ახალბედა სპორტსმენების ტურნირი გაიმართა და მეც მივიღე მონაწილეობა. აქედან მედლითა და დიპლომით დავბრუნდი, რამაც მეტი სტიმული მომცა. სხვა სპორტსმენებსაც რომ ვაკვირდებოდი, უფრო მეტად მომწონდა ეს პროცესი. თვენახევრის შემდეგ, ღია რინგი ჩატარდა თბილისში და ისიც სერიოზულ მოგებად დამამახსოვრდა. ასევე იყო დედოფლისწყაროში ჩატარებული პირველი ბრძოლა. მახსოვს, წალკელ მეტოქეს შევხვდი, საგულშემატკივროდ ბევრი მაყურებელი იყო მოსული. ეს ჩემთვის ყველაზე უფრო ემოციური დღე იყო. ჩემს გამოსვლასაც ბევრი გულშემატკივარი ელოდა და მათი ყველა შეძახილი მესმოდა. ახლა რომ ვიხსენებ, ამ დღეს ყველაზე მეტად ჩამიჯდა გონებაში, რომ წარმატებული მოკრივე გავხდე და ბევრს მივაღწიო. ამ გამოსვლამ ძალიან დამაფიქრა, ყველაფერი გავაანალიზე და პერსპექტივამ ძალიან მომხიბლა. დიდი ბედნიერებაა მაყურებლის წინაშე გამოსვლა.


- წარმატებები ბევრია, ეს დიდი შრომის ფასად მიიღწევა, თუმცა სათანადო პირობები ხშირად არ გაქვთ...

- ბოლო წლებში ბევრი რამ გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც არ გვაქვს შესაბამისი პირობები, რომ უკეთესად მოვემზადოთ. ჩვენი მეტოქეები ბევრად უკეთეს გარემოში იზრდებიან, თუმცა, ხშირად მაინც ვჯობნით. დედოფლისწყაროში სპორტსმენებისთვის უკეთესი სივრცეები რომ იყოს, მეტი სპორტსმენი მოემზადებოდა. მიუხედავად პირობების არარსებობისა, მცდელობას არ ვაკლებთ და ძალღონეს არ ვიშურებთ შედეგის მისაღწევად. საჭირო ინვენტარს საკუთარი ხელით ვქმნით, უფრო მეტ დროს ვხარჯავთ და შედეგს ვაღწევთ... გულწრფელად გითხრათ, მწვრთნელი ხელს ძალიან გვიწყობს. სხვა პედაგოგი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, კრივში ამდენ ხანს არ დავრჩენილიყავი. გარდა პროფესიული თვისებებისა, თამაზი მასწავლებელი ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაშიც გვეხმარება. სპორტის მიღმაც ბევრ საკითხზე გვესაუბრება და თითოეულ სპორტსმენს გვერდით გვიდგას. ყველა ხერხით ცდილობს ეს სახეობა სიღრმისეულად შეგვაყვაროს. მთავარი ისაა, რომ ამ საქმეს სიყვარულით აკეთებს. უზომოდნ უყვარს სპორტი და თითოეული ჩვენგანი. ცდილობს, წარმატებული სპორტსმენების გარდა, კარგი ადამიანებიც გამოვიდეთ. მისთვის დარბაზი იგივე სახლია, თუ გაცდენა უწევს, ნერვიულობს, ყოველთვის ცდილობს გვერდით გვედგეს.


- მშობლების თანადგომა მოზარდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ კი ისინი ნაადრევად დაკარგე... როგორ შემორჩა შენს მეხსიერებას ისინი?

- მახსოვს, მამა სულ მამხნევებდა, დარბაზშიც ხშირად მოდიოდა და მგულშემატკივრობდა. მოსწონდა ჩემი გეგმები და ცდილობდა ხელი შეეწყო. გული ბევრჯერ დამწყვეტია, რომ მშობლები ვეღარ მიყურებენ და ვერ იზიარებენ ჩემს წარმატებებს. მართლა ძალიან მაკლია მათი მხარდაჭერა. როცა დარბაზში მშობელი ესწრება და ორთაბრძოლას უყურებს, მეტი მოტივაცია აქვს სპორტსმენს. ჩემს შემთხვევაში რთულია გავაცნობიერო, რომ ისინი ვეღარ დამესწრებიან და ვერ გამაძლიერებენ. ახლა დეიდა და ბიძა მესწრებიან ხოლმე, როცა ისინი დარბაზში მეგულება, თავს მარტო აღარ ვგრძნობ. სამწუხაროდ, არც დედმამიშვილი არ დამრჩა და ახლა ისინი არიან ჩემი ჯახი. მათ გარდა არავინ მყავს.


დედოფლისწყაროში 4 წლის ასაკიდან გადმოვედი, მანამდე კარდენახში ვცხოვრობდით. დედას ფილტვების პრობლემა ჰქონდა, ხშირად ავადმყოფობდა. მამას წნევა აწუხებდა. ჯერ 26 წლის დედა დამეღუპა, შემდეგ 36 წლის ასაკში მამა და ამას ისიც დაემატა, რომ 1 თვეში ბებია დავკარგე. მაგრამ, ამ ტკივილმა გამაძლიერა და საოცარი ძალა მომცა. სერიოზულად დავფიქრდი და საკუთარ თავს დავუსვი კითხვა - რა მინდოდა ცხოვრებაში და რის მისაღწევად უნდა მებრძოლა, რომ არ დავცემულიყავი?... არ მინდა ოჯახურმა ტკივილმა დამასუსტოს. მინდა, ადამიანებს დავუმტკიცო, რომ ტკივილი გვაძლიერებს. ჩემი მაგალითი კი მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდეს სხვებისთვის.


ზედმეტსახელად „სმაილას“ მეძახიან, სულ ვიღიმი და მეგობრებმა ასე შემარქვეს. ვცდილობ, ჩემი პრობლემა და ტკივილი თავზე არავის მოვახვიო და ყველასთან პოზიტიური ვიყო. იშვიათად ვარ მოწყენილი. ბედს შევეგუე!... მიმაჩნია, რომ ადამიანს რაც აწერია, თავს ვერ აარიდებს. დედას ვგავარ, ისიც სულ პოზიტიური იყო, ხალისიანი და მუდამ მომღიმარი. სამწუხაროდ, დედასთან ურთიერთობის რაიმე კონკრეტული ეპიზოდი ჩემს მეხსიერებას არ შემორჩა, რადგან ის უფრო პატარა ასაკში დავკარგე. ბევრი თვისებით მამსგავსებენ. ხშირად დავდივარ მშობლების საფლავზე, ვასუფთავებ და სანთელს ვანთებ.


დედის როლს ჩემს ცხოვრებაში დეიდა ასრულებს, ისიც ძალიან მგულშემატკივრობს. მხარს მიჭერს ჩემს მიზნებში. არ არის წინააღმდეგი, რომ სამხედრო საქმეს გავყვე. ამბობს, რომ კარგია, თუმცა რისკია. დედაჩემის ძმაც მხარში მიდგა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი შექმნა და პატარა შვილები ჰყავს, ყველანაირად ცდილობს ყურადღება მომაქციოს.


image


საბედნიეროდ, ნათესავების გარდა, კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან გვერდში მიდგანან. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი მეზობელი ივანე გიგოლაშვილი, რომელიც ხელს მიწყობს, ხშირად დავუფინანსებივარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ათი წელია მის მხარდაჭერას ვგრძნობ, ყველანაირად ცდილობს სპორტს არ ჩამოვშორდე და განვვითარდე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას ამ თანადგომისთვის.


- თავის სარჩენად მცირე ასაკიდან ფიზიკური შრომა მიწევს. ყველანაირი სირთულის სამუშაოზე წავსულვარ, რომ საკუთარი ფული მქონოდა. შრომა არასოდესაა სათაკილო და არ მეზარება მუშაობა.


- როგორ ფიქრობ, მავნე ჩვევები უფრო პოპულარულია, თუ ჯანსაღი ცხოვრება?

- მიმაჩნია, რომ სიგარეტი „სამარიაჟო“ არ არის და ცდებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ასე ფიქრობენ. ქუჩას და მეგობრებს რაც შეეხება, ამას ჩემზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. იციან, რომ ვვარჯიშობ, ჯანსაღი ცხოვრების უპირატესობას ვაღიარებ და ცდილობენ გამიგონ. ჩემს ირგვლივ მწეველები არ იყვნენ და ალბათ ამიტომაც, ცუდი გავლენის ქვეშ არ მოვქცეულვარ.

- ფეხბურთის მოედანზეც მახსოვხარ...

- კი, ფეხბურთიც ძალიან მიყვარს, კარგად ვთამაშობდი, მაგრამ შემდეგ რაიონული გუნდი დაიშალა და ამიტომ მოვიკოჭლე. ბოლო ხანს კრივი უფრო მომწონს. ახლა მეთორმეტე კლასში ვსწავლობ და მინდა ჩემს პედაგოგებს დიდი მადლობა ვუთხრა, რომ ყველანაირად ხელს მიწყობენ, მგულშემატკივრობენ. ძლიერი მოსწავლე არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, სხვა კუთხით ვასახელო ისინი. სწავლის გაგრძელებაზე არ ვფიქრობ, უფრო ჯარისკაცობაზე ვოცნებობ. ძალიან მინდა სამხედრო საქმეს გავყვე. უზომოდ მომწონს ჯარის ცხოვრება. ესეც თამაზ ყარაგვეზაშვილის დამსახურებაა. მან შემაყვარა ჯარი. საქართველოს ისტორია კარგად ვიცი, ბევრი გმირი გვყოლია, ბევრი სასახელო ადამიანია. მეც მინდა სამშობლოს ვემსახურო, მისაბაძი ვიყო. ბავშვობიდან ეს ფიქრები მიზის თავში და სულ ამაზე მეფიქრება. იმედი მაქვს ეს ოცნება ამიხდება და ღირსეულად ვემსახურები ჩემს სამშობლოს.

0
88
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0