არქანჯელო ლამბერტი, კათოლიკე მისიონერი ლევან მეორე დადიანის შესახებ. "სამეგრელოს აღწერა"
დადიანი საკვირვებელ პოლიტიკას ადგას თურქეთის მიმართ.იგი კარგად იცნობს თურქეთის მტარვალობას და აგრეთვე იცის, რამდენი სამეფო მოუსპია მის მტარვალობას, რამდენი მომიჯნავე ქვეყანა დაუპყრია. თურქეთმა, რომ მისი სამთავროც არ გასრისოს დადიანი ცდილობს მეგობრობა დაიმსახუროს თურქეთის, მაგრამ ისე კი, რომ ამით, მთავრის ღირსებას არა მოაკლდეს რა. ასეთი მეგობრობის დასაცავად დადიანი ყოველ წელიწადს სულთანის ვეზირებს საჩუქრებს უგზავნის და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სულთანს ხარკს აძლევს. ამნაირად დადიანი თავისი ნებით გახდა თურქეთის მოხარკე, ხოლო მთავრის ღირსებას ისე შეუბღალავად იცავს, რომ არასოდეს არავითარ ბრძანებას თურქეთიდან მოსულს ის არ ასრულებს.
მეორე პოლიტიკური ხერხი, რომელსაც ხმარობს დადიანი თურქეთის მიმართ, ის არის, რომ ცდილობს დაარწმუნოს თურქები, რომ სამეგრელოზე უფრო ღარიბი და უბედური ქვეყანა დედამიწაზე მეორე არ მოიძებნება.ამისათვის, როცა თურქეთიდან ელჩები მოვლენ, დადიანი საზღვარზე თავის კაცებს დაახვედრებს, რომლებსაც ნაბრძანები აქვთ, გვერდი აუხვიონ კარგ პირდაპირ გზებს. მშვენიერ და კარგ ადგილებს და გამოატარონ ციცაბო კლდეებზე, ტალახიან გზებზე, დაბურულ ტყეებით და ცუდი ადგილებით; მდინარეებში გასვლის დროს უნდა ამოერჩიათ უფრო ღრმა ფონი, ღამით უნდა დაებინავებინათ რომელსამე ღარიბი გლეხის სახლში, სადაც ლოგინად დაეგოთ მხოლოდ თივა და საჭმლად ეშოვნათ ყველი და მწვანილი.
ელჩები ფიქრობდნენ, რომ მთავრის სასახლეში როცა მივალთ, მაშინ მაინც კარგად მოგვასვენებენო. მაგრამ მთავარი აქაც ახირებულად დახვდებოდა: დამჯდარი ხის ქვეშ, ძველ ხალიჩაზე, ღარიბულად ჩაცმული მიიღებდა ელჩებს. გარშემო მრავალი მხლებელი ჰყავდა, მაგრამ ყველანი ცუდად ჩაცმულნი. აქ რომ მიიღებდა ელჩებს და მოისმენდა სულთანის წერილის შინაარსს, მიუჩენდა მათ მოსასვენებლად, უფრო ხშირად ერთ დიდ ფიცრულ სახლს, თითქმის უკაროს და უსახურავოს, რომელშიც კაცი ერთ კუთხესაც ვერ იპოვიდა, რო წვიმის დროს თავი შეეფარებინა. საჭმელად ყოველ დღეს მიართმევდნენ თხის ხორცს, რაც შეიძლებოდა უარესს. პური ცოტაა ამ ქვეყანაში და ელჩებსაც ისე გამოზოგვით მიართმევდნენ ხოლმე, რომ ისინი შიმშილსაც ვერ იკლავდნენ. რაც შეეხება ღვინოს, თუმცა ელჩებს დიდი სურვილი ჰქონდათ თავისი კანონი დაევიწყნათ და წინააღმდეგ ამ კანონისა, დაელიათ ყურძნის წვენი, მაგრამ ისეთ საძაგელ ღვინოს მიართმევდნენ ხოლმე, რომ ძალაუნებურად მტკიცედ უნდა დაეცვათ თავისი კანონი და წყურვილი მარტო წყლით დაეკმაყოფილებინათ.
ყველა ამ ღონისძიებას ლევანი ხმარობდა იმისთვის, რომ კონსტანტინოპოლში ცუდი აზრი ჰქონოდათ ამ ქვეყნის შესახებ და ხონთქარს აზრადაც არ მოსვლოდა არც ხარკის მომატება და არც მისი დაპყრობა